Jump to content

აღწერა ეგრისის ქუეყანისა, ანუ აფხაზეთისა, ანუ იმერეთისა

From Wikisource
ცხორება სამცხე-კლარჯეთისა ვახუშტი ბატონიშვილი - "აღწერა სამეფოსა საქართველოსა"
ავტორი: ვახუშტი ბატონიშვილი
ცხორება ეგრისისა, აფხაზეთისა, ანუ იმერეთისა


დასავლეთ საქართველოს რუკა

აღწერა ეგრისის ქუეყანისა, ანუ აფხაზეთისა. ანუ იმერეთისა

[edit]
სახელისათჳს

ქუეყანისა ამის სახელნი არიან საერთოდ სამი: პირველად ეგრისი, მეორედ აფხაზეთი, მესამედ იმერეთი. რამეთუ ეგრისი ეწოდების ეგროსის გამო, ძისა თარგამოსისა, რომელსა ძმათა შორის თჳსთა ხუდა წილად ქუეყანა ესე, და იწოდებოდა სახელითა ამით, ვიდრე ხოსროვანთ გარდავლინებამდე. ხოლო აფხაზეთი - ლევანის გამო, რომელი, შემდგომად პირველის ლეონისა, მეორე ლევან ერისთაობდა აფხაზეთს ქრისტესსა ღ̃პე, ქართულსა ე̃. ესე ლეონ, შემდგომად ხოსროვანთ გარდაცვალებისა, გამეფდა და დაიპყრა სრულიად ეგრისი, და ამან უწოდა აფხაზეთი სამეფოსა თჳსსა, და მოიღო საერისთოსა თჳსისა სახელი ეგრისსა ზედა. არამედ იმერეთი - ბაგრატიონთა მიერ, რამეთუ, რაჟამს დაიპყრეს სრულიად აფხაზეთი და ყოველი საქართველო, ამათ უწოდეს ქართლს ამერეთი და აფხაზეთს იმერეთი, ანუ იმერნი და ამერნი, უმეტესად შეერთებისათჳს, და აწცა საზოგადოდ უწოდებენ იმერეთსა. ხოლო ესე აფხაზეთი ანუ იმერეთი განიყოფების ადგილებად, და ეს განყოფით ადგილებთა სახელები დავსწეროთ თჳს-თჳსთა რიგთა ზედა. არამედ ოსმალნი და სპარსნი საყოველთაოდ ამ ქუეყანას უწოდებენ ბაშაჩუხს, რომელ არს თავაჴდილი, უქუდობისათჳს, რომელთა ჰბურავთ მცირე რაიმე ნაჭრისაგან ლართა, ვითარცა მდებარედ თავსა ზედა.

ხოლო სიგრძე ქუეყანისა ამისი არს ლიხის მთის თხემიდამ შავს ზღუამდე, და მერმე კიდევ ეგრისის მდინარიდამ ვიდრე ზღუამდე. ხოლო განი ჭოროხის მდინარიდამ ალანის კავკასამდენ და, ლიხის მთის კერძოდ, ფერსათის მთის თხემიდამ რაჭა-სუანეთის კავკასის მთის თხემამდე. და მზღვრის ქუეყანასა ამას: სამჴრით ღადოს მთა ანუ ფერსათი; ჩდილოთ კავკასიის მთა, და მდებარებს ორთა ამათ მთათა შორის, დასავლით უმდებარებს შავი ზღუა; აღმოსავლით მთა მცირე ლიხისა. ხოლო მთა ლიხისა მდებარებს ჩდილოდამ სამჴრით, კავკასიდამ ღადომდე, და არს ტყიან-ნადირიან-ფრინვლიანი, და გაზდიან მდინარენი, ამიერ - ყვირილა, ძირულა, და ჩხერიმელა, იმიერ - ფაწა, ოთხი ფრონენი და შოლა, და არს ქუეყანა ესე ფრიად ტყიანი, რამეთუ იშჳთ არს ველნი, თუ არ ადგილ-ადგილს მცირენი, თჳნიერ საჴვნელთაგან არამედ ტყენი ადგილ-ადგილ ხილიან-ვენახიანი, ჰავითა კეთილ-მშუენი. გარნა ტყის გამო ზაფხულს იმყოფის სიცხე, ვინაჲთგან ძნიად იძვრის ქარნი, და არა გაუძლისი სიცხე, თჳნიერ ადგილთა რომელთამე. ზამთარი თბილი, რამეთუ ვერ ოდეს განჰყინავს მდინარეთა, ვერცა გუბესა, რომელსა ზედა შედგეს უტყჳ ანუ მეტყუელი. არამედ თოვლი დიდი, რომლისა სიმაღლე ოდესმე მჴარი და უმეტესიცა. თუალთა ქუეშე შუენიერება ეგოდენ არა მჩენარობს ტყის გამო, თჳნიერ ადგილ-ადგილთა, რამეთუ, უკეთუ დახედო მაღლის მთიდამ, იხილავ სრულიადს იმერეთს ტყედ და არასადა შენობასა.

მარცვალთათჳს

ხოლო მარცვალნი, რომელნიცა დავსწერენით, ყოველნი ნაყოფიერებენ ფრიად, გარნა ბრინჯ-ბამბას სთესენ იშჳთ და ეგრეთვე ხორბალსა და ქრთილსა, და ღომსა ფრიად მრავლად და გამოიზრდებიანცა მით. და სხუათა მარცვალთა სიმრავლენი იმყოფიან, რამეთუ ერთი მხოლოდ მუშაკად მოქმედი კაცი, მხოლოდ წალდთოხისა მქონებელი, დასახლდების, მოიყვანს საზრდელსა ჯალაბთასა და გარდაიჴდის ბეგარასაცა.

აბრეშუმს აკეთებენ და ქსოენ ლარს არა დიდფასსა, უოქრომკედოსა, და ჴმარობენ სხუებრცა. ეგრეთვე ბამბასა და კანაფთაგან - ტილოსა, არამედ სხუათა ქუეყანათაგანი უმჯობესნი არიან.

ხის ნაყოფთა და პირუტყუთათჳს

წალკოტნი არა არიან აქა, არამედ ვენახის კიდურთა ზედა ხილნი მრავალნი ამისთჳს, რამეთუ ტყეთა შინა მრავლობს ყოველნი. აქა არს ხურმა, წაბლი და ვაშლ-ატამი ქართლზედ მეტი, და სხუანი, რომელნი აღვსწერეთ, მრავლად. ეგრეთვე მტილოვანნი ყოველნივე, რამეთუ მელსაპეპონი და პუნპულა უმუშაკოდ ნაყოფიერებენ. სავარდე არა უწყიან, არამედ ველთა და ტყეთა შროშანნი ვარდითურთ აურაცხელნი და ფშონი. სოკონი მრავალნი სხუადასხუანი, გარნა ნიყვი არს, რომელი აღმოჴდების სპეტაკის ბუდით, მერმე გასქდების, და არს სოკო ნარინჯი მას შინა, ფრიად გემოიანი. პირუტყუნი, თჳნიერ აქლემისა, არიან ყოველნი, და არა ეგდენ მრავალ, ვითარცა სხუათა საქართველოთა შინა. გარნა ცხოვარნი უდუმონი და კუდიანნი, მარადის მშობელნი ტყუბთა, და ოდესმე სამ-ოთხთა, და არცა ჰყავთ არვედ. არამედ ძროხა, კამბეჩი მროწლედ, ცხენი ჯოგად, რამეთუ არა უჴმთ თივა, ვინაჲთგან ზამთარცა მძოვრად არიან, თჳნიერ არგუეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა. ნადირნი ყოველნი, რომელნი აღვსწერეთ, ფრიად მრავალ არიან თჳნიერ ქურციკისა და აფთრისა. ფრინველნი - წერო, ბატი, სავათი, ლაკლაკი, კაკაბი, დურაჯი, ასკატა, სუავი, ხოლო ყაჯირი არა არს აქა, და სხუანი ყოველნი მრავალნი; არამედ სირნი, ჩიტნი და ტრედნი ესეოდენ, რომელ იპყრობს კაცი ერთი წამოსაკრავის ბადით ფ̃ ერთგზის, და სხჳთა მახეებითა - სირთა და ჩიტთა, და სძეს ბეგრათ გლეხთა ტ̃, უ̃ და უფროსნიცა.

თევზთათჳს

მდინარენი არა მრავალნი, არცა ეგოდენ დიდ, არცა თევზთა სიმრავლე მათ შინა, არამედ რიონსა შინა საკურდღლიამდე იპყრობენ ზუთხსა მაისსა, ივნისსა და ივლისსა შინა და, თჳნიერ ამ თთუეთაგან კიდე, არა. სხუანი თევზნი არიან: ლოქო, გოჭა, ბოლო-წითელი, კობრი, მწერი, და წურილნი თევზნი, და კალმახნი მრავალნი. ხოლო ზღჳს კიდეთა შინა იპყრობიან ანდაკია და სხუანიცა. არამედ კირჩხიბი ყოველგან მრავალნი და ფრიად გემოიანნი.

მწერთა და მძრომთათჳს

მწერნი მრავალნი და გაუძლებნი, არამედ ფუტკარი სარგებლობს ფრიად თაფლთა და ცჳლთა სიმრავლითა; და თაფლი კეთილი, რამეთუ ვიეთთა ადგილთა სპეტაკი და შეყინული, სისქით ვითარცა შაქარი, რომელსა უწოდებენ კიპრუჭსა. მძრომნი და გუელნი მრავალნი, არამედ გუელი უწყინარი და უვნო.

კაცთათჳს

ხოლო კაცნი და ქალნი, ვითარცა ვსთქუთ, ეგრეთცა იუწყე, გარნა უშუენიერესადცა და უუჰაეროვნესადცა, ვინაჲთგან გლეხთაცა შვილნი მიგვანან წარჩინებულთა შვილთა. სუფთანი, სამოსელთ გამწყსონი; ეგრეთვე ცხენთა, და იარაღთა, და საჭურველთა; ცქჳტნი, კისკასნი, ენატკბილნი, მსუბუქნი, ფიცხნი, ბრძოლასა შემმართებელნი და ძლიერნი, და არა სულგრძელნი მას შინა და სხუათა შინაცა, უხუნი და მომხუეჭნი, დღეისის მძიებელნი, ხუალისის არა გამომკითხველნი, მომღერალ-მგალობელნი და მწიგნობარნი წარჩინებულნი, და უმეტესნი კეთილჴმოვანნი და სხუათა და სხუათა შემძინებელნი. სარწმუნოებითა და ენით არიან ქართველთა თანა აღმსაარებელნი, არამედ უცქჳტესად მოუბარნი. გარნა უზისთ კათალიკოზი თჳსი, და არა საჩინოდ უწყებული ცხორებიდამ, თუ როდეს განთავისუფლდა. არამედ მწერალი იტყჳს ცხორებისაგანვე: ოდეს განდგა ლეონ და იწოდა აფხაზთა მეფედ, მაშინ მოუძლურებულ იყვნენ ბერძენნიცა; და ამ ლევანის მიერ, ანუ შემდგომთა მისთაგან, განთავისუფლდა თხოვნითა ბერძენთაგანვე, ვინაჲთგან სახელიცა მისი ესრეთვე წარმოაჩინებს, რამეთუ უწოდებენ კათალიკოზსა აფხაზეთისასა, და არა ეგრისისა და იმერეთისასა. ხოლო სხუანი ზნენი იმერთა დავიდუმეთ, ვინაჲთგან შემთხუევით არიან და არა მტკიცითა ანაგებითა.

ქუეყნის აღწერისათჳს

ხოლო აწ ვიწყებთ წერად მთათა, ველთა, ტყეთა და მდინარეთა. არამედ ამ ჟამად, ვინაჲთგან უწოდებენ ცხენისწყალს-ზეითს იმერეთს, აღმოსავლეთის კერძსა, ვიდრე ლიხის მთამდე, პირველად დავსწერთ ამას. და განიყოფის ესე იმერეთი: ვაკედ, ფერსათის კერძოდ, არგუეთად, ოკრიბად, რაჭად და ლეჩხუმად.

რიონის მდინარისათჳს

არამედ აქა ვინაჲთგან უდიდესი ყოველთა მდინარეთა არს რიონი, და ამას მიერთვიან ყოველნი მდინარენი იმერეთისანი, პირველად ვიწყებთ ამას და მერმე მას შინა შემდინარეთა, ცხენის წყლის შესართავიდამ, ვიდრე გლოლა-ღებამდე.

ესე რიონი გამოსდის სუანთა, დიგორისა, ბასიანისა და რაჭის საშორისსა კავკასსა, და დის ესე რიონი: კავკასიდამ გლოლის-წყლისამდე აღმოსავლეთს-სამჴრეთს შუა; გლოლის-წყლიდამ უწერამდე დასავლეთს-სამჴრეთს შუა; უწერიდამ ჴომლის კლდემდე აღმოსავლეთიდამ დასავლეთად, მცირედ ჩდილოს კერძ მიწეულად; ჴომლის კლდიდამ ყვირილის შესართავამდე ჩდილოეთიდამ სამჴრეთად; ყვირილის შესართავიდამ აღმოსავლეთიდამ დასავლეთად, მიწეულად ჩდილოს კერძოდ, და მიერთვის ფოთს ზღუასა; და გამოვლის რაჭას, ლეჩხუმს, ოკრიბას, ვაკესა და სალომინაო-საჩინოს შუა, და განჰყოფს ოდიშსა და გურიას; და სიგრძე აქუს კავკასიიდამ ზღუამდე, ესრეთ გრეხის დინებითა.

ხოლო სიგრძე იმერეთისა არს ლიხის მთის თხემიდამ უნაგირამდე ძუელად, და აწ ქართლის საზღვრიდამ, რომელი აღვსწერეთ, ცხენისწყლამდე, და განი ფერსათის მთის თხემიდამ რაჭა-ლეჩხუმსა და სუანეთს შორის კავკასის თხემადმდე.

ხოლო სახელი მოიგო მდინარემან რიონმან დაბის რიონის გამო, ანუ ონისაგან - "რაი ონი", - ანუ ჩქარად დინებისაგან -"რიონ" იგი ჩქარა დინებამ[ა]ნ, არამედ ბერძენნი უწოდებენ ფასონს. და მოდის სათავიდამ ქუთაის-კახნიაურამდე ფრიად ჩქარად და მსწრაფლად. არცა არს თევზი მას შინა, არცა ფონი, ორ-სამთა ადგილთაგან კიდე. ხოლო კახნიაურს ქუეით დამდორდების, და ბაჟს ქუეით ფრიად მდორე და განიერი ზღუადმდე და უფროს ცხენის წყალს ქუეით განვრცელებული, რამეთუ ვლენან ნავებითა ზღჳდამ ბაჟამდე, და იპყრობენ აქამდე ზუთხსაცა ჟამად.

ცხენისწყლისათჳს

ხოლო ამას რიონს მოერთვის ჩდილოდამ აბაშა-ტეხურის მდინარე, უნაგირას მთის ზეით, ისულეთს. ამას ზეით რიონს, ტყვირს, მოერთვის ჩდილოეთიდამვე ცხენისწყალი. ეს გამოსდის ლეჩხუმისა და სუანეთის შორისს კავკასსა და მოდის აღმოსავლეთს-ჩდილოს შუადამ სამჴრეთს-დასავლეთს შუა. არამედ მდინარისა ამის სახელი არს პირველ მდინარე თაკუერისა, ხოლო ოდეს მოაშთო ცხენნი ანაკოფიიდამ უკმოქცეულის ყრუს სპათა ჲ̃ ჩ̃ (.), ამისთჳს უწოდეს ცხენისწყალი. არამედ წყალი ესე, ვინაჲთგან არა უტევებს ჴიდსა ქვისასა და ხისასა, ამისთჳს შესწვნენ ვაზისაგან და გააბმენ ამიერ კიდით იმიერამდე, და გაუბმენ ვაზისაგანვე საჴელურებსა აქეთ და იქით, და ვლენან ქუეითნი მას ზედა, და ექანების მკიდარებისაგან ფრიად ჴიდი იგი, გარნა უწყიან ოდიშსა შინა ჴშირად ჴიდი ესე, და უწოდებენ ბონდსა.

ლეჩხუმისათჳს

ხოლო ისულეთიდამ ხაზი ცხენისწყლის კიდისა, ვიდრე გორდამდე, არს დასავლის მჴარე ოდიშისა, და აღმოსავლეთის კერძო - იმერეთისა. ხოლო გორდიდამ ვიდრე კავკასამდე არს ჴეობა ლეჩხუმისა, რომელსა უწოდებენ თაკუერად. არამედ მოიგო სახელი ესე გარემოსთა მთათაგან, კუერსავით მდებარისა - იხილე ესე მთა კუერი, - ანუ ციხისაგან ფრიად მაგრისა მუნვე თაკუერისა. ხოლო ლეჩხუმი ეწოდა ხომლის კლდის გამო - ესე არს ლეჩხომი. გარნა ლეჩხუმსა და რაჭას განჰყოფს: გუელის თავის მცირე მთა აღმოსავლიდამ; ჩდილოთ მთა კავკასი, ლეჩხუმსა და სუანეთს შორისი; დასავლით მთა კავკასივე და კავკასიდამ ჩამოსული სამჴრეთად მთა გორდამდე; სამჴრით რიონი და მთა ხომლის კლდიდამ წარსრული დასავლეთად გორდამდე, ამასა და ოკრიბას შორისი. ხოლო ამ ცხენისწყალს მოერთვის, გორდს ზეით, ჩდილოდამ, კავკასის გამომდინარე ჴევი, და ამ ჴევზედ არს ციხე თაკუერი, მაღალს კლდესა ზედა დიდშენი და ფრიად მაგარი. ამ ჴევს ზეით მოერთვის ცხენისწყალს სხუა ჴევი აღმოსავლიდამ; გამოსდის ამასა და ლეჩხუმს შორის მთას, ამ ჴევზედ არს ციხე ორბეთისა, კლდესა ზედა შენი, ფრიად მაგარი. ამ ჴევს ზეით, ლეჩხუმის საშუალს, ცხენისწყლის კიდეზედ არს ციხე კლდესა ზედა შენი, დეხვირი, თავი თაკუერისა, რამეთუ რომელსა უპყრავს იგი, მორჩილებასა მისსა შინა არიან სრულიად. ამის სამჴრით და ცხენისწყლის აღმოსავლით არს ცაგერს ეკლესია დიდშენი, გუმბათიანი. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ლეჩხუმისა და სუანეთისა. ამას ზეით არს მონასტერი, წოდებული მაქსიმე აღმსაარებელისა, და მუნ არს მაქსიმე აღმსაარებელი დაფლული. არს შუენიერ-შენი, კეთილს ადგილს და აწ ხუცის ამარად. მას ზეით, ცხენისწყალზედ, არს კავკასის ძირს მურის ციხე, არვისგან შემუსრვილ-აღებული. მუნიდამ გარდავალს სუანეთს გზა.

ხოლო ამის აღმოსავლით, მთას იქით, არს ჴეობა სხუა ლეჩხუმისა, რომლისა წყალი გამოსდის მასვე კავკასის მთასა და მოდის ეგრეთვე, ვითარცა ცხენისწყალი, და მიერთვის ხომლის კლდესთან რიონს ჩდილოდამ. ამ ჴევს მოერთვიან ამიერ-იმიერიდამ ჴევნი, და არს შენობიან-დაბნებიანი. ამ ჴევის აღმოსავლით არს, მთას იქით, ჭყვისი, მინდორსა კლდე ამოსულსა ზედა, ციხე დიდშენი, მაგარი. ამ ჭყვისის სამჴრით, რიონზედ, არპანს, ძევს ჴიდი, და ამ ჴიდს ზეით და ჭყვისის აღმოსავლით კავკასის მთიდამ, ტოლის დასავლეთად, ჩამოვალს მთა მცირე სამჴრეთისაკენ რიონამდე, და ესე არს გუელისთავად წოდებული. ამ მთის აღმოსავლეთის კერძო არს რაჭა და დასავლის კერძო ლეჩხუმი. არამედ თუმცა არს ლეჩხუმი მთის ადგილად თქმული, გარნა არს ვენახიანი, ხილიანი, მოვალს ყოველნი მარცვალნი, თჳნიერ ბრინჯ-ბამბისა, გარნა სივიწროვისა და კლდიანობისათჳს არა ეგოდენი სიმრავლით. მოსახლენი არიან აზნაურნი და გლეხნი, რამეთუ არა არს მოსახლე, რომელსა არა ედგას კოშკი ქვიტკირისა და შენობანი ყოველნივე ქვიტკირისანი. და არს მთითა და კლდითა ფრიად მაგარი, და კაცნი მუნებურნი მბრძოლნი და შემმართებელნი, ჰაეროვანნი, ტანოვანნი, მჴნენი და მორჩილნი უფალთა თჳსთა, არამედ ბრიყუნი უზნეონი და უწყალონი. პირუტყუნი, თჳნიერ აქლემისა და ვირისა, არიან ყოველნი და არა ეგოდენ მრავალ. გარნა ესე ლეჩხუმი, შემდგომად განყოფისა სამეფოთასა, იყო ტალანი იმერთა მეფისა, და აწ უპყრავსთ ჩიქოვანს, რომელიცა არს დადიანი.

საჯავახოსათჳს

ხოლო კუალად ცხენისწყლის შესართავს ქუეით რიონს მოერთვის სამჴრიდამ საჯავახოს წყალი. ესე გამოსდის ფერსათს, და არს შენობიანი ჴეობა და მოსავლიანი ყოვლითა მარცვლითა, ხილ-ვენახითა, პირუტყჳთა, ნადირითა და ფრინვლითა. ხოლო მზღვრის საჯაოხოს: აღმოსავლით მთა მცირე, ფერსათიდამ ჩამოსული ჩდილოთ კერძოდ, საჯავახოსა და საჩინოს შორისი; სამჴრით ფერსათის მთა; დასავლით ფერსათიდამვე ჩამოსული მთა, გურიასა და საჯავახოს შორისი; ჩდილოთ რიონის მდინარე. ხოლო კუალად ცხენისწყლის შესართავს ზეით სამჴრიდამ მოერთვის რიონს წყალდაფანჩულას ჴევი, სდის საჯავახოს მთას.

გუბის წყლისათჳს

ამას ზეით მოერთვის რიონს ჩდილოდამ გუბის წყალი. გამოსდის ოკრიბასა და ვაკეს მორისს მცირეს მთას, და დის ფრიად ფლატოიანსა და ბარდნალიანს ადგილსა ზედა. ამ წყალზედ არს ფოკე. ამას ზედვე, ამასა და ხონს იქით, ქუტირ-ფარცხანაყანევამდინ, არს გოჭორაური და არს ხონს ეკლესია დიდი, გუმბათიანი, შუენიერ ნაგები. ზის ეპისკოპოზი მწყემსი ვაკისა. ეს იყო ერთობასა შინა ქართლის მთავარეპისკოპოზისა. შემდგომად განყოფისა დასუეს აქა ეპისკოპოზი. ამ გუბის წყალს ეწოდა სახელი ესე გუბედ მიმდინარობისათჳს.

საჩინოსათჳს

ამ გუბის წყალს ზეით მოერთვის რიონს სამჴრიდამ, საჩინოს ჴევი. გამოსდის ფერსათს. ამ ჴევს ეყრების, სებეკას ქუეით, სხუა ჴევი. გამოსდის ფერსათსავე. ხოლო სებეკას არს ციხე შენი კარგს ადგილს.

სალომინაოსათჳს

ამ საჩინოს შესართავს ზეით, საკურდღლიას პირისპირ და როკითს ქუეით, მოერთვის რიონს, სამჴრიდამ, სალომინაოს ჴევი, გამომდინარე ფერსათისა. ამ ჴევსა და როკითს ზეით მოერთვის რიონს, სამჴრიდამ, ამაღლების ჴევი. გამოსდის ფერსათს. ამასზედ არს მონასტერი ამაღლებას დიდი, გუმბათიანი, არს შუენიერს ადგილს, და აწ ხუცის ამარად. ამ ამაღლების ჴევს ზეით მოერთვის რიონს ნოღის ჴევი, მომდინარე ფერსათის მთიდამ სამჴრით. ნოღას ზეით არს ვარციხე. ეს ყოფილ არს ციხე დიდი და დიდშენობა, და გამომდინარობს წყარო შიგ კეთილი.

ხანის წყლისათჳს

ვარციხეს ზეით ერთვის რიონს ხანის წყალი, გამოსდის ფერსათს, მოდის ჩდილოთ და მიერთვის რიონს სამჴრიდამვე. ამაზედ აღაშენეს ოსმალთა ციხე თხმელის ხისაგან ქრისტესსა ჩ̃ღგ, ქარ{თულსა} ტ̃ჟა. ამისთჳს უწოდეს იმერთა თხმელის ციხე, და პირველ ეწოდა ადგილსა ამას ბაღდადი. არამედ შემდგომად აღაშენეს ქვიტკირისა, და დგანან აწ ოსმალნი იენგიჩრით, და არს სავაჭრო ყოველი, გარნა უფროს ტყუენი. ამ წყალზედ, ციხის სამჴრით, ფერსათის კალთას, არს მონასტერი გუმბათიანი, კეთილშენი, და აწ უქმი. ამ წყალზედვე, მთაში, არს კაკასჴიდი, ფრიად მაღალს კლდესა ზედა, და გზა სამცხისა. არამედ მოიგო სახელი წყალმან ამან დაბისაგან მას ზედაშე მყოფისა, რომელსა უწოდებენ ხანსა. ხანის წყლის აღმოსავლით და ყვირილის მდინარის სამჴრით, ფერსათის კალთას, არს დიმი, სადაცა ჰყო პირველმან მეფემან ფარნაოზ ციხე მტკიცე, და აწ არს დაბა.

ყვირილასათჳს

კუალად ხანის-წყლის შესართავს ზეით რიონს მოერთვის ყვირილა, აღმოსავლიდამ. მდინარემან ამან მოიგო სახელი ესე თჳსის ჩქარისა და კლდესა ზედა დინებითა, ვინაჲთგან ჴმოვანებს შორსასმენლად. ხოლო გამოსდის ყვირილა ერწოს ტბას და მოდის ჩდილოდამ სამჴრეთად ჭალამდე, ჭალიდამ ნავარძეთამდე - აღმოსავლეთიდამ დასავლად, გრეხით; ნავარძეთიდამ შორაპნამდე ჩდილოდამ სამჴრით; შორაპნიდამ რიონის შესართავამდე - აღმოსავლიდამ დასავლეთად და მცირედ ჩდილოთ კერძოდ მიწევით. არამედ საჩხერიდამ შორაპნამდე - კლდოვანსა და მაღალს ჴრამოვანსა შინა და შორაპანს ქუეით - ფლატოვანს-ჭალოვანსა შინა. ამ ყვირილასა შინა იპყრობის თევზნი, რომელნი დავსწერეთ, ყოველნი თჳნიერ ზუთხისა, ხოლო საჩხერეს ზეით არს კალმახთა სიმრავლე და სხუა არარაი, და არს სასმისად გემოიანი და შემრგო, და სხუებრ უჴმარი.

წყალწითელასათჳს და ოკრიბის წყალთა

ხოლო ყვირილას, რიონის შესართავს ზეით, მოერთვის წყალწითელა ჩდილოდამ, რომელმან მოიგო სახელი წითლის მიწისაგან, რამეთუ მას ზედა დინებითა წითლდების. ეს გამოსდის გაჭრილის მთას და მოდის ჩდილოდამ სამჴრით. სად მოერთვის ყვირილას, მის ჩრდილოთ ერთვის ამ წყალწითელას, კვაცხუთს ზეით მთაში, ცუცხვათის ჴევი ადმოსავლიდამ დასავლეთად მომდინარე, გამოსდის გოგნის მთასა. ამ ჴევზედ გოდოგანს ზეით არს ცუცხვათის ციხე, რომელი შეთხრით აღიღეს ოსმალთა ქრისტესსა ჩ̃ღკა, ქართულსა უ̃თ, და უპყრავთ აწცა მათ. ამას ზეით, დასავლეთიდამ, ეყრების წყალწითელას მოწამეთას ჴევი, გამოსდის კახნიაურს და მის შორის მთასა. აქა არს მონასტერი უგუმბათო, შუენიერი, კეთილს ადგილს. სხენან აქა ტაგრუცთა შინა მოწამენი ქრისტესნი დავით და კოსტანტინე, მდებარენი აწცა ჴორცითავე, რომელნი აწამნა მურვან ყრუმ. უზის წინამძღუარი.

გელათისათჳს

ამ მთის ჩდილოს კერძოდ და წყალწითელას ადმოსავლით გორის კალთას, არს ეკლესია ყოვლად წმიდის ღვთისმშობლისა, დიდშუენიერი, დიდნაგები და ქმნული შიგნით სოფიის ქენჭითა, გუმბათიანი, კეთილ-შუენიერს ადგილსა. აღაშენა აღმაშენებელმან დავით მეფემან და უწოდა სასუფეველს გენაათი, და აწ უწოდებენ გელათს. აქა არს ყოვლად წმიდის ხატი ხახულის ღვთისმშობელი, ლუკა მახარებლის დახატული, ყოვლად წმიდის ძითვე, და შემკული ძვრფასითა ქვებითა აღმაშენებელისა და თამარ მეფისათი. აქავ არს ვარძიის ჯუარი, შემკული დიდ ფრიად. და არიან ხატნი და ჯუარნი ოქრო-ვეცხლითა და ქვითა შემკულნი ძუელითვე მრავალნი, და ეკლესია შემკული ყოვლითა საეკლესიო წესითა. ჰკიდავს ზღუდის კარი ბჭესა მისსა, რკინისა, აღმაშენებელის მოტანილი დარუბანდიდამ. და ეკლესიის ბჭეს ჰკიდავს კარი მთლად ერთის ვაზისაგან გამოთლილი, უცხოსა ჴელოვნებით ქანდაკებული. ამას შინა დაფლულ არიან აღმაშენებელი, გიორგი, თამარ, ლაშა, რუსუდან, დავით, დავით და სხუანიცა, და აწინდელნი მეფენი შემდგომად განყოფისა იფლვიან იმერთანი. პირველად იყო მონასტერი, შემდგომად ჰყო ბაგრატ საეპისკოპოსოდ. ამას მისცა სამწყსოდ არგუეთის ნახევარი და ოკრიბა, ქუთათლის სამწყსონი.

კუალად არს გელათის პირისპირ, აღმოსავლეთად, მონასტერი გუმბათიანი, დიდშენი, სოხასტერად ჴმობილი. უზის წინამძღუარი. გელათის სამჴრით, აქავ მთაში, არს ქუაბნი, გამოკუეთილნი კლდესა შინა, მრავალნი, განშორებულთათჳს, და აწ ცარიელ არს. გელათს ზეით წყალწითელას მოერთვის, ყურსებს, საწირის წყალი. ეს გამოსდის ნაქერალას მთას და მოდის ჩდილოთ-აღმოსავლეთს შუა. ამ წყალზედ არს ციხე მიტღოკინისა, ვით სახელი, ეგრეთ მტკიცე. ამას ზეით, ამავ წყალზედ, საწირეს არს ციხე. ამის გარემოს ითხრების რკინა, და არს ლითონი მრავლად. ყურსებს ზეით ეყრების წყალწითელას ახალდაბის ჴევი. გამოსდის გაჭრილის მთას და მოდის ეგრეთვე. ამ ახალდაბის წყალს ეყრების ჯონიის ჴევი, ჩდილოდამ. კუალად ყურსებსვე მოერთვის წყალწითელას ოჯოლას ჴევი, ჩდილოთ-დასავლეთს შუადამ. ამის სათავის ზეით არს ჯუარისა ციხე, არა მტკიცე.

ყვირილას მომრთველი საჩხეიძო-არგუეთის წყალი

ხოლო კუალად ყვირილას მოერთვის წყალწითელას შესართავს ზეით, აღმოსავლეთისკენ, ეკლარის წყალი. ეს გამოსდის, ჭალის თავს ზეით, ცუცხვათსა და სჳმონეთს შუას მთას და დის ჩდილოდამ სამჴრით. ამ ეკლარის წყალს ზეით მოერთვის ყვირილას აჯამეთის წყალი, ზდის ფერსათს, მოერთვის სამჴრიდამ ყვირილას. აქ, აჯამეთს, არს სანადირო მეფეთა, აღვსილი დიდ-მცირითა ნადირითა, საქებელი ფრიად, ზამთარ თბილი, ზაფხულის ცხელი, გაუძლები. ამ აჯამეთის წყალს ზეით ერთვის ძევრის წყალი, დაბის ძევრისაგან სახელდებული, გამოსდის საღორისა და ველევის მთას, დის სამჴრით და მოერთვის ყვირილას ჩდილოდამ. ძევრს არს ჴიდი ქვიტკირისა. სუეტთა ზედა წერილ არს: "არა მამამან, ძემან და არა სულმან წმიდამან, ძემან და". იტყჳიან, განძსა მდებარესა დანიშნავს ამით. და ამ ძევრის წყალზედ, ჴიდს ზეით, არიან ქუაბნი დიდ-დიდნი, გამოკუეთილნი, მრავალნი, კლდესა შინა, დასავლით. და არს ქუაბი ერთი დიდ-ფრიად, რამეთუ კაცთა ქმნულად გასაკჳრვებლად. ამ ქუაბსა შინა გამოსდის მდინარე ორი ნაკადული წყაროდ, და არს მას შინა კალმახნი მრავალ. ამ ძევრულას, ამ ქუაბს ზეით, ერთვის ჴევი ქუევრულა. სდის ოკრიბა-მუხურას შუას მთას და მოდის სამჴრეთად. ამ ჴევზედ არს ბერ-ციხე, კლდესა ზედა შენი, მაგარი.

ამ ჴევს ზეით, ძევრულასვე, ეყრების ტყირბულის ჴევი. გამოსდის საღორის მთას და მოდის დასავლეთად. ხოლო კუალად ყვირილას ერთვის, ძევრის წყლის შესართავს ზეით, ჩდილოდამ, ჩოლაბური. ეს გამოსდის ნაჯიხურევის მთას და დის ჭალატყემდე ჩდილოდამ სამჴრეთით, და ჭალა-ტყიდამ აღმოსავლეთიდამ დასავლეთად. ამას, ჭალა-ტყეს ზეით, მოერთვის ზუსა დასავლიდამ, და ყვირილიდამ აქამდე ეწოდების ჩოლაბური კიდეთა ჩალოვანობის გამო, და მას ზეით - ბუჯა. ამ ჩოლაბურს მოერთვის ჩდილოდამ ჩხარულა. სდის თხილთა-წყაროს მთას, მოსდის ჩდილოდამ სამჴრით. ამაზედ არს გო[ფანთო]. კუალად ჩხარს მოერთვის მეორე ჩხარულა. გამოსდის ჩხარის ჩდილოთ კერძოს მთას და მოდის სამჴრით. ამ ჴევზედ არს მთის ძირს ჩხარი. ეს ყოფილა ქალაქი, არამედ აოჴრდა ლევან დადიანისაგან. აწ არს დაბა. არს აქა ეკლესია უგუმბათო, რომელსა შინა ასუენია ჯუარი დიდ-ფრიად. მდებარებს მას შინა ბეჭი მთავარმოწამის წმიდის გიორგისა, მარადის სასწაულთმოქმედი ეს ჯუარი პირველ იყო ყორანთას, შემდგომად სამცხეს, მერმე ატოცს და აწ აქა. ჩხარსვე არს წყარო, ორ-ღარად წოდებული და ქებული. ჩხარს ზეით, ჩხარულაზედ, არს ციხე მაჭუტაური, მთაში. კუალად ჩოლაბურს მოერთვის, ჩხარულას შესართავს ზეით, ღვანკითის ჴევი. ამ ღვანკითის ჴევს ზეით ერთვის ჩოლაბურსვე ზორეთის ჴევი. და ჴემნი ესენი დიან მუნვე და მოდიან სამჴრეთად.

ამას ზეით არს ჭალა-ტყე. არიან მოსახლენი ვაჭარნი სომეხნი და ურიანი, და ვაჭრობენ. ამ ჭალა-ტყის ზეით მოერთვის ბუჯას ზუსა. გამოსდის გარჯილას მთას, მოდის სამჴრით ჩდილოდამ. ამ ბუჯაზედ არს, ქვა-ციხეს მდინარის კიდურზედ, წყარო გამომდინარე, რომელსა გაზაფხულს მოუდგმენ გოდორსა და აღივსების წურილის თევზითა, წყაროდამ გამომავლითა, ვითარ ვერ მოასწრებენ აღმოღებასა. სამ თთუე ოდენ ესრეთ, მერმე არღარა, და უწოდებენ ამას ღრუდოს. ამას ზეით არს ხრეითი, და ხრეითიდამ გარდავალს გზა რაჭას ნაჯიხურევზედ. ამ ხრეითს ქუეით, ბიღას, ითხრების კაჟი ჩახმახისა, ფრიად კარგი. ხოლო ზუსას ერთვის საზანოს წყალი. გამოსდის ხრეითსა და მუხურას შუათს მთას, მოდის ჩრდილოდამ სამჴრეთად. ამ საზანოს წყალზედ არს საზანოს ციხე, კლდესა ზედა შენი, კარგი. არამედ ზუსა გამოსდის გარჯილას მთასა და დის ყამსას ციხემდე ჩდილოდამ სამჴრით, და ყამსას ციხიდამ აღმოსავლეთ-სამჴრეთს შუა, და მიერთვის ბუჯას. ამ ციხეს ზეით, ზუსას მდინარის დასავლეთით, არს ჩიხორი, ქალაქი მცირე. მოსახლენი არიან იმერნი, სომეხნი, ურიანი ვაჭარნი. ამის სამჴრით არს, მთის კალთას, სკანდას, სასახლე მეფეთა და ციხე დიდი, დიდშენი. ამათ ზეით, ზუსაზედ არს დაბა მუხურა, და მას ზეით, მთაში, არს ციხე მოდამნახე, მაგარი კლდითა და შეუალი, შენი გარჯილის მთიდამ ჩამოსულს კლდესა ზედა. მუხურიდამ გარდავალს გზა, გარჯილის მთაზედ, რაჭას.

ხოლო კუალად ყვირილასავე მოერთვის სვირის ჴევი და ლომსიათჴევის ჴევი, ჩოლაბურის შესართავს ზეით. გამოსდის ფერსათს, დის სამჴრიდან ჩრდილოთ. ამ სვირის ჴევს ზეით მოერთვის სამჴრიდამვე ყვირილას ტაბაკინის ჴევი. გამოსდის ფერსათსავე, მოდის სამჴრიდამ ჩდილოთ. ტაბაკინს ამ ჴევს ერთვის გენებერულის ჴევი. სდის ფერსათს. და ტაბაკინს არს მონასტერი, კეთილს შუენიერს ადგილს და აწ უქმად.

შორაპნისათჳს

ამ ტაბაკინის ჴევს ზეით ყვირილას მოერთვის, შორაპანს, აღმოსავლეთიდამ ძირულა, რომელმან მოიგო სახელი მთათა ძირთა შინა დინებითა. ყვირილასა და ძირულას შორის შესართავს შინა არს შორაპანი, რომელი აღაშენა ა̃ მეფემან ფარნაოზ, ქალაქი და ციხე, და ჰყო საერისთოდ, და არს დიდშენობა ფრიადი, ამას ჩდილოთ-დასავალით უდის ყვირილა, აღმოსავლით-სამჴრით ძირულა. აღმოსავალ-ჩდილოთ შუა აქუს კლდე გორა მცირე და გჳრაბი დიდი, ჩასული წყლამდე. ეს შემუსრვილი აღაშენა გიორგი აბაშიძემ. არამედ შეამუსრვინეს მასვე ოსმალთა. მერმე მისცა ზურაბ აბაშიძემ ოსმალთა, და აწ უპყრავთ მათ. დგანან იენგიჩარნი.

ძირულასათჳს

ხოლო ძირულას მდინარე გამოსდის პერანგის მთასა, და ხეფინისჴევის ვერტყვილამდე აღვსწერეთ ქართლზედ, და ხეფინისჴევის ვერტყეილიდამ ხარაგაულამდე დის სამჴრეთს-დასავლეთ შუა და ხარაგეულიდამ შორაპნამდე დის ადმოსავლიდამ დასავლეთად. არა არს ძირულაში თევზი, თჳნიერ კალმახისა, და კალმახი მრავლად. სასმისად არს შემრგო, გემოიანი. ამ ძირულას, შორაპანს ზეით, მოერთვის ფუთს ვარძიის წყალი სამჴრიდამ. გამოსდის ფერსათს. ამ ჴევზედ ვარძიას არს მონასტერი გუმბათიანი, კეთილშენი. ზის წინამძღუარი. ამ ჴევს ზეით ერთვის ძირულასვე მეედნის ჴევი სამჴრიდამ. გამოსდის ფერსათს, მოდის ჩდილოთ. ამასზედ არს მწყერის ციხე, მრავალგზის შემუსრვილი. ამის პირისპირ, ძირულას ჩდილოთ და შორაპნის აღმოსავლით, არს წევას ეკლესია წმიდის გიორგისა, სასწაულთ-მოქმედი. ვარძიის ჴევს ზეით, ძირულაზედ, არს ხარაგეულს ციხე შენი. ამ ციხესთან ეყრების ძირულას ჩხერიმელა აღმოსავლეთიდამ. და ამ ხარაგეულს ზეით ძირულას მოერთვის შროშის ჴევი ჩდილოდამ. ეს გამოსდის ჯარეურთისა და ძირულას შუათს გორაებსა, მოდის ჩდილოდამ სამჴრით. ამას ზეით მოერთვის ძირულასვე კოლბოურის ჴევი. ეს გამოსდის ჭალის აღმოსავლეთის მთასა, მოდის მანდაეთამდე აღმოსავალ-ჩდილოს შუადამ სამჴრეთ-დასავლეთს შუა. მერმე მოუხუევს და მიდის ძირულამდე ჩდილოდამ სამჴრით. ამ კოლბეურის ჴევის შესართავს ზეით ერთვისვე ძირულას ვაშლების ჴევი და ამაშუკეთისა. და ამას ზეით არს ვერტყვილა ხეფინისჴევი.

ჩხერიმელასათჳს

ხოლო ხარაგეულს ზეით არს, ჩხერმელაზედ მლაშე, ჩდილოთ. მლაშეს ზეით, ჩხერიმელაზედვე, არს სამჴრით ჩხერის-ციხე, მაგარი და მტრისაგან აუღებელი. ამ ციხისაგან ისახელა მდინარე ესე ჩხერიმელად, ანუ წყლის ჩხერისაგან კლდესა დინებითა. ჩხერს ზეით არს გზა ქართლს მიმავალი, მოსაკიდელი სივიწროვისათჳს წოდებული, ვახანამდის. მოსაკიდელს ზეით ერთვის ჩხერიმელას ვახანის ჴევი, ფერსათიდამ მომდინარე ჩდილოთ. ვახანს არს ციხე კარგი. ამ ციხის პირისპირ დაბა ქუაბი. ამას ზეით მებოძირი, რომლის ზემოთი დავსწერეთ ქართლზედ, მთას იქითად. არამედ ეს ჩხერიმელა მებოძირიდამ ხარაგეულამდე მიდის აღმოსავლიდამ დასავლეთად.

შორაპნის ზეით ყვირილას მომრთველთა წყალთათჳს

ხოლო ყვირილას შორაპანს ზეით არს მარტოთუბანი. მას ზეით ბოსლები. მას ზეით მოერთვის ყვირილას კაცხის წყალი. ეს გამოსდის საწალიკეს, მოდის ჩდილოდამ სამჴრით. ყვირილის შესართავს ზეით ამ წყალზედ არს კაცხს ეკლესია მაცხოვრისა. გუმბათიანი, დიდ-ფრიად, კეთილშენი. ზის არქიმანდრიტი. ამის დასავლით არს ციხე კაცხისა, მთის ძირად, კლდესა ზედა, მაგარი. ციხის აღმოსავლით არს კლდე ჴრამსა შინა აყვანილი, ვითარცა სუეტი, ფრიად მაღალი. მის კლდის თხემზედ არს ეკლესია მცირე, არამედ ვერღარა აღვალს კაცი, არცა უწყიან ჴელოვნება აღსლვისა, კუალად ამ კაცხის წყალს ზეით ყვირილას მოერთვის აღმოსავლიდამ სუერის ჴევი. გამოსდის კოლბეურის სამჴრით წარსრულს გორაებს და მოდის აღმოსავლიდამ დასავლეთად. ამ ჴევზედ არს ციხე სუერი, არაოდეს ძალით ადებული. ესე დგას კლდესა ზედა და გარეოს მისსა ფრიად დიდ-ჴრამოვანსა. თქმულ არს, ჟამსა ყრუსასა დადგა ციხე არგუეთისა სუერი. ამ სუერის ჴევის შესართავს ზეით, ყვირილის ჩდილოთ კიდურსა ზედა, არს ნავარძეთს ციხე. ამ ნავარძეთს ზეით ყვირილასვე მოერთვის ბჟინევის ჴევი სამჴრიდამ. გამოსდის ბჟინევსვე გორაებს.

მღჳმისათჳს

ამ ბჟინევის ჴევს ზეით, ყვირილის ჩდილოთ კერძ კიდეზედ, არს მღჳმე, კლდე დიდი გამოკუეთილი, და მას შინა მონასტერი უგუმბათო, წითლის ბრწყინვალის ქვით შენი, კახაბერ რაჭის ერისთვისაგან აღშენებული. ქუაბსა შინა დის წყარო დიდი და კეთილი. უზის არქიმანდრიტი. არამედ სუერის წყლის შესართავიდამ მღჳმე-საჩხერემდე, ამ ყვირილას იქით და აქეთ კიდენი არს ფრიად მაღალი კლდე, და არიან მას შინა ქუაბნი მრავალნი, გამოკუეთილნი სახიზრად და შეუალი მტრისაგან, და საკჳრველი, თუ ვითარ უქმნიათ. და დადგა ესენიცა ჟამსა ყრუსასა. ამათ ზეით ერთვის ყვირილას ჯრუჭი ჩდილოდამ. გამოსდის კეცების მთასა, მოდის აღმოსავლიდამ დასავლეთად, მერმე ჩდილოდამ სამჴრით ყვირილამდე. სადა მოდრკების, მუნ ერთვის ამ წყალს დასავლიდამ სხუა ჴევი. გამოსდის საწალიკეკეცებს შუა მთას. ამ ჴევსა და კეცებზედ გარდავლენან გზანი რაჭას. ძუელად ყოფილა ამას ზედა შენობანი, და აწ ოჴერ არს. კუალად ჯრუჭის შესართავს ზეით, ყვირილას სამჴრით კიდეზედ, არს საჩხერე. მოსახლენი არიან იმერნი, სომეხნი, ურიანი ვაჭარნი და ვაჭრობენ. ამ საჩხერის პირისპირს, ყვირილის ჩდილოთ არს, მაღალს კლდესა ზედა, ციხე მოდამნახე, მოზღუდვილი კლდითა, მაგარი და უბრძოლველი მტრისაგან. კუალად ამ საჩხერეს ზეით, ყვირილას კიდეზედვე არს სავანეთს ეკლესია, უგუმბათო, საკჳრველად შენებული, რამეთუ არს მთლად ერთის ქვისა კანკლითურთ. ამ სავანეთს ზეით არს ჭალა. არამედ ჭალიდამ წონამდე არღარა არს შენობა, გარნა პირველ ყოფილა შენობიანი, სადაცა ჩანან ეკლესიანი და ნადაბარნი.

კუალად რიონის შემდინარისა მდინარისათჳს

ხოლო აწ კუალად ვიწყებთ რიონსავე და მას შინა შემდინარეთა. სად ერთვის რიონს ყვირილა, მის ჩდილოდ და რიონის დასავლეთით არს გეგუთი, სადგური ზამთარს მეფეთა. აქა არს მგზავსი შენებული მეჩიტისა, მრავალ-პალატოვანი, დიდნი და მცირენი, თლილის ქვისა; უწოდებენ ციხე-დარბაზს, იტყვან აღშენებასა თურქთაგან ნ̃ზ მეფის გიორგის ჟამსა. ამას ზეით არს, რიონის კიდეზედ, კახნიაური აღმოსავლით. ესეცა სადგური აწცა მეფეთა ზამთარს. ამას ზეით არს ქალაქი ქუთათისი, Manuscript page: R_ რიონის გაღმა-გამოღმა, ჰავითა და წყლითა მშუენი, თუალთა ქუეშ შუენიერი ადგილი, რომელი აღაშენა ა̃ აფხაზთა მეფემან ლევან და ჰყო ტახტი. არს ციხე, და ციხიდამ ჴიდი რიონსა ზედა. აქა არს სასახლე მეფეთაგან, დიდ-შენი შუენიერად, რიონსა ზედა წაკიდებული. ასპარეზი მოზღუდვილი ვარჯად ჭანდრით. მოსახლენი არიან იმერნი, სომეხნი, ურიანი ვაჭარნი. წელსა ქრისტესსა ჩ̃ქჲვ, ქართულსა ტ̃ნდ მისცა ქუთათისის ციხე ოსმალთა სეხნია ჩხეიძემან, და უპყრავთ აწცა მათ. არამედ შემცირდა ფრიად ქალაქი მათგან. აქა აღაშენა ნ̃ვ მეფემან ბაგრატ ყოვლად წმიდისა ეკლესია შუენიერი, გუმბათიანი, სრულიად სოფიის კენჭით შინაგან ქმნული და მარმარილოთა სპეტაკითა, წითლითა და ჭრელითა, და სუეტებითა მისითავ,) და ყოვლითა შემკობილებითა სრული, და ფრიად დიდი. დასუა ეპისკოპოზი, მწყემსი იმერეთისა და გურიისა, თჳნიერ რაჭა-ლეჩხუმისა. ზის აწცა და არღარა ეგდენითა სამწყსოთი. დაფლულ არიან ნ̃ვ მეფე ბაგრატ, ნ̃ზ მეფე გიორგი. არამედ წელსა ჩ̃ქჟბ, ქართულსა ტ̃პ შემუსრეს ოსმალთა, და წარიღეს სუეტნი მისნი და მარმარილონი სამცხეს. თუმცა უჩუენნა სასწაულნი, გარნა არარად შეირაცხეს.

ამ ქუთათისის ჩდილოთ და რიონის დასავლით არს ქვიშილეთს ციხე ფრიად მაგარი, ქვიშილეთს ჩდილოთ არს ჩუნეში. ჩუნეშს ჩდილოთ - გუმათი, გუმათის ჩდილოთ - საყორნე, საყორნის ჩდილოთ არს გოსტიბე, ცხენისწყლის აღმოსავლით კიდეზედ; ამის გაღმა გორდი, და ძეს აქ ჴიდი გოსტიბიდამ გორდს ცხენისწყალზედ. გოსტიბემდე არს ოკრიბა. და კუალად ქუთათისს ზეით, დაბას რიონს ზეით, მოერთვის რიონის მდინარეს აღმოსავლიდამ ძმუისის-მუყელეთის-ჴევი. ეს გამოსდის წმიდის გიორგის მთას, მოდის დასავლეთს-სამჴრეთს შუა. ამ ჴევზედ, ძმუისის მთაში, არს ციხე კლდესა ზედა შენი და მაგარი. ამას ზეით, რიონის დასავლეთით, მთის ძირს, არს ხომლის კლდე, ფრიად მაღალი. მოიგო ამან სახელი ესე სიმაღლით, ხომლის ვარსკულავის სწორობით. ამ კლდეში არს ქუაბი გამოკუეთილი, მტრისაგან შეუალი, მეფეთა საგანძურთ სადები. აქამომდე არს ოკრიბისა, მას ზეით ლეჩხუმისა. ძმუისის ჩდილოთ, მთას იქით, რიონის სამჴრით, არს დღნორს ციხე მაგარი, დიდშენი და შეუალი. აქამდიც არს ოკრიბისა.

რაჭისათჳს

ხოლო ამ დღნორსა ზეით არს რიონზედ არპანი; არპანს ზეით გუელისთავი. გუელის თავს ზეით რიონს მოერთვის ტოლისჴევი. გამოსდის რაჭა-სუანეთის შუას კავკასის კალთას, მოდის ჩდილოდამ სამჴრეთად და მოერთვის რიონს ჩდილოდამ. ამ ჴევზედ, დასავლის კიდეზედ არს, კავკასიდამ ჩამოსულს მთის კლდეზედ, ციხე ტოლა შენი, ფრიად მაგარი. და არს ჴეობა ესე ხილ-ვენახიანი. ამ ტოლის-ჴევს ზეით მოერთვის ბარეულის ჴევი რიონს სამჴრიდამ. სდის წმიდის გიორგის მთას. ბარეულს, რიონის კიდეზედ, არს ციხე კეთილ-შენი. ამ ბარეულს ზეით მოერთვის სამჴრიდამ ზნაკვის-ჴევი. გამოსდის ნაქერალას მთას. ზნაკვას არს ციხე შენი და მაგარი. ამ ზნაკვის-ჴევს ზეით მოერთვის რიონს ჩდილოდამ სადმელის-ჴევი. გამოსდის კავკასს რაჭა-სუანთ შორისს და მოდის ჩდილოდამ სამჴრეთად. სადმელს არს ციხე კლდესა ზედა შენი, შეუალი მტრისა. სადმელს ქუეით ამ ჴევს ერთვის ღვიარას-ჴევი, გამოსდის მასვე კავკასს და დის ეგრეთვე. ტოლისა და ამ ჴემებიდამ გარდავლენან სუანეთს გზანი.

ამ სადმელის ჴევის შესართავს ზეით რიონს მოერთვის ბუგაულის ჴევი სამჴრიდამ. გამოსდის ნაქერალასა და ველევის მთის ქუეითს, ლემანაურის მთას. ბარეულს არს ციხე კარგი და მაგარი. ბარეულს ზეით არს საკეცე. ამას ზეით მოერთვის რიონს სამჴრიდამვე კრიხულას მდინარე, რომელი ისახელა დაბის კრიხისაგან. გამოსდის საღორისა, ნაჯიხურევისა და საწალიკის მთას. მოდის ჩდილოთ კერძოდ. რიონის სამჴრით და კრიხულის აღმოსავლით, ამბროლაურს, ყოფილა სასახლე აწინდელთა მეფეთა, ადგილის შემკობილებისათჳს. ამის დასავლით კრიხულას მოერთვის რიონის სამჴრით ხოტევის წყალი. გამოსდის საღორე-გარჯილის მთას ქუეით, შაორის მცირეს ტბას წყაროდ და ფრიად ცივს. და მოდის გრეხით ჩდილოთკენ. კრიხულასა და ხოტევის წყლის შესართავს ზეით, ხოტევის წყლის აღმოსავლეთით კიდესა, მაღალს გორას კლდესა ზედა არს ციხე კვიტაშვილისა, ფრიად მაგარი. ამ ციხეს ზეით, ხოტევის წყლის დასავლით, არს ხოტევი და ციხე მისი დიდი, დიდ-შენი და სახლობენ აქა ურიანი ვაჭარნი და ვაჭრობენ.

ხოტევს ზეით, ამის წყალსვე, ერთვის აგარის ჴევი. ამ ჴევზედ არს ნიკოლა წმიდა, ეკლესია გუმბათიანი, კეთილ-დიდშენი. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი გლოლას ქუეითის რაჭისა. ამ ჴევის შესართავს ზეით არს შაორი. აქა ყოფილა საზაფხულო სასახლე აწინდელთა მეფეთა ადგილის შუენიერობისათჳს, კეთილ-აგარაკოვანი. კუალად კრიხულას ერთვის, კრიხს ზეით, სხოვის ჴევი, დის სამჴრიდამ ჩდილოთ. ამ ჴევზედ არს ორმო დიდი, ვრცელი და ღრმა, რომელსა შინა დის წყარო, და ვერ განჰყინავს ზამთარს, არამედ ზაფხულის ჰყინავს სრულიად, რომელი ამოულეველი არს, რაოდენცა სუას მრავალმან კაცმან, გარნა თუ შთავიდეს კაცი უცხო, თჳნიერ მუნ მყოფისა, აცივებს წელსა ერთსა. სხოვის სამჴრით და კრიხის პირისპირ, აღმოსავლით კიდურს, მაღალს კლდიანს გორასა ზედა არს ციხე კუარასი მტკიცე. ხოლო კუალად კრიხულას შესართავსა და ამბროლაურ-ხიმშს ზეით მოვიწროვდების რიონი სამჴრიდამ და ჩდილოდამ კლდითა. მუნ ძეს ჴიდი რიონზედ. ჴიდისთავს, კლდის ძირში, არს, რიონის ჩდილოთ კიდესა ზედა, ციხე და უწოდებენ ჴიდისკარს. ჴიდისკარს ზეით რიონის კიდეზე გამოდის კლდიდამ თბილი წყალი, არამედ უჴმარი. მას ზეით არს წესი, დაბა კარგი. აქა იტყჳან ვეცხლის ლითონს. აქავ, რიონის კიდეზედ, არს ნინიას ციხე, კლდესა ზედა შენი. ამას ზეით მოერთვის რიონს სამჴრიდამ ჴევი ბარულა. გამოსდის კეცების მთას, დის ჩდილოთ კერძ. ამ ჴევს ერთვის ჩონისის ჴევი დასავლეთიდამ. ამავ ბარის წყალს ზეით არს მთაში მრავალძალს ეკლესია წმიდის გიორგისა და ჯუარი დიდი ოქროსი, სასწაულთ-მოქმედი. ამას შესწირა შააბაზ ჴრმალი ოქროთ მოოჭვილი, აწცა ძეს მუნ, არათუ სარწმუმოებით, არამედ სცნან, რამეთუ ჴრმალი მისი ჰკიდავს მუნ. ხოლო ჴიდისკარიდამ წავალს მცირე მთა კლდიან-ქარაფიანი ჩდილოთ, ვიდრე კავკასამდე. ამაზედ არს ეკლესია თხემსა ზედა შენი, წმიდის გიორგისა, სასწაულიანი. უწოდებენ მთითურთ ველიეთსა. ამ ეკლესიაზედ გარდავალს გზა სადმელს, თჳნიერ მისა არა სადა, წესიდამ.

ხოლო ბარულას წყლის შესართავს ზეით მოერთვის რიონს ჩდილოდამ მდინარე ლუხუნი, გამომდინარე კავკასისა, რაჭასუანეთს შორისისა, და მოდის სამჴრეთად. ყოფილა ამ ლუხუნის ჴეობაზედ შენობა დიდი, არამედ აწ მტერობისაგან სუანთა არღარა, და ოჴერ არს. ამ ლუჴუნის აღმოსავლით კიდის მაღალს კლდის გორასა ზედა და რიონის ჩრდილოთ არს ციხე მინდა, მაგარი და აუღებელი მტრისაგან, და ვის უპყრავს ციხე ესე, არს ერისთავი რაჭისა. ამ ციხისავე ძირს კოშკი დგას ლუხუნის კიდესა ზედა მცველად წყლისათჳს. ამ მინდას ზეით მოერთვის რიონს ჩრდილოეთიდამ სორის ჴევი. ამაზედ არს მონასტერი უგუმბათო, დიდი, კეთილ-შენი, აწ ხუცის ამარად. ამ სორს ზეით მოერთვის რიონს სამჴრიდამ ჴევი ჴეორი. ამ ჴევმა მოიგო სახელი ღრმა ჴევთა შინა დინებითა. ეს გამოსდის კეცების მთის კალთას, მცირეს ტბასა. პირველ დის აღმოსავლიდამ დასავლეთად, მერმე სამჴრეთიდამ ჩდილოთ, ღრმას ჴრამსა და კლდოვანსა შინა. რიონის შესართავს ზეით ჴეორს ერთვის ბოყვის ჴევი აღმოსავლიდამ. ჴეორის სათავის მცირეს ტბის ქუეით, ჩდილოთკენ, კლდეს გამოსდის წყაროდ დიდი მდინარე, და ამ ორის წყლის შესართავს ქუეით არს შქმერი, დაბა დიდი, უვენახო, უხილო, მგზავსი სხუათა მთის ადგილთა და შუენიერ ზაფხულის ფრიად. კუალად ამ ჴეორის შესართავს ზეით მოერთვის რიონს ჯეჯორის მდინარე. ეს გამოსდის კედელას კავკასსა და დის კუდაროს ჩასავლის კარგა ქუეითამდე აღმოსავალ-ჩდილოს შუადამ სამჴრეთს-დასავლეთს შორის, მერმე მოიქცევის და დის სამჴრიდამ ჩდილოდ რიონამდე და მოერთვის მას სამჴრიდამ. რიონის შესართავს ზეით და ჯეჯორის აღმოსავლით კიდურზედ არს ციხე, და ამ ციხეს ზეით და ჯეჯორისვე აღმოსავლით არს დაბა წედისი, და ციხე მცირე. აქ არს ლითონი რკინისა, და იღებენ მრავალსა.

არამედ ჯეჯორის მდინარეზედ, სამჴრიდამ ჩდილოეთად დინებულზედ, არს დაბნები ვენახოვან-ხილიანი და მოსავლიანი. მას ზეით მოსახლენი არიან ოვსნი, და უვენახო-უხილო, ვითარცა სხუანი მთის ადგილნი. უწოდებენ ამას კუდაროს. გულოვანთას ერთვის ჯეჯორს აღმოსავლიდამ სხუა ჴევი, წონასა და ამის შორის მთის გამომდინარე. ამ წყალში ზის კალმახი: რა მოხარშო, მგზავსი არს ზაფრანიანისა. ხოლო ამ გულოვანთას აღმოსავალ-სამჴრით, მცირეს მთას იქით, არს წონა, ადგილი გარმოხუეული მთებითა და შინაგან ვაკე. აქ არს მცირე ტბა. ამას გამოსდის ყვირილა და მიდის, ვითარცა აღვსწერეთ. არს წონა, ვითარცა სხუანი მთის ადგილნი, და მოსახლენი ოსნი. გარდავალს აქიდამ და კუდაროდამ გზა ქცხილვანის ჴეობასა ზედა, დვანის ჴეობასა ზედა, ქართლში.

ხოლო ჯეჯორის შესართავს ზეით და რიონის სამჴრით არს ონი. სახლობენ ურიანი ვაჭარნი და ვაჭრობენ. ონი ჰავით არს მშუენი და ზაფხულის ცხელი, ორთა მთათა შინა კლდოვანთა ყოფითა. არამედ აგრილებს მდინარე რიონი. ამ ონს ზეით მოერთვის რიონს ღარულას ჴევი სამჴრიდან. გამოსდის კედელის კავკასს. ამაზედ არს შენობა მოსავლიანი, ვითარცა სხუა მთათა ადგილნი. ამან მოიგო სახელი დაბისაგან ღარისა, მუნ რიონის კიდესა დაშენებულისაგან. ხოლო ონის პირისპირ, რიონის ჩდილოთ, მთის კალთასა შინა, მაღლა, არს დაბა ძეგლევი. აქა ეკლესიასა შინა არს ზეთი ჭიქითა და მდუღარებს მარადის და, რაოდენ იღებენ, არ აკლს ჭიქასა მას. ამას ზეით ერთვის საქორიას ჴევი რიონს ჩდილოდამ. ამ ჴევის შესართავთან, რიონის კიდეზედ არს ციხე მაგარი ფრიად. ამას ზეით არს დაბა უწერა, რიონის ორსავ კიდესა ზედა. აქა, რიონის ჩდილოთ, არს ეკლესია სიონი, დიდი. ამ ეკლესიის კამარასა შინა მკიდარებს თმა ერთი ნაწნავი, და იტყჳან თამარ მეფისასასა. აქავ არს მიწა, რომელსა უწოდებენ სასუნებლად, რომელი დავსწერეთ ქართლსაც, არამედ ესე უმეტეს ძალიანი, რამეთუ გარდაფრენილი ფრინველი მას ზედა ჩამოვარდების სუნისაგან. არს ესე ონსაცა, გარნა ესევე უმჯობესი.

ამას ზეით, ჭიდროთას არს ციხე მცირე, რათა ვერ ვიდოდნენ მთის კაცნი თჳნიერ მის ციხისა რაჭას. ჭიდროთას ზეით მოერთვის რიონს აღმოსავლიდამ გლოლის ჴევი. აქა ძეს რიონზედ ჴიდი. ხოლო გლოლის ჴევი გამოსდის გლოლასა და ჟღელეს შორის კავკასსა, და მოდის დასავლეთად. ამ ჴევს ერთვის სხუა ჴევი ორი. ერთი გამოსდის ამასა და დიგორს შორისს კავკასს. არს გლოლა დაბა მგზავსი ციხისა, კოშკოვან-გოდლოვან-ზღუდიანი. შიგ ეკლესია, აღვსილი ოქრო-ვეცხლის ხატითა და ჯუარითა და წიგნებითა, ძუელადვე ხიზნულნი. კუალად გლოლის ჴევის შესართავს ზეით რიონის სამჴრით არს ჭიორა, დაბა მოზღუდვილი და კოშკოვანი გოდლოვანი. ამას ზეით, ჩდილოთ კერძოდ, დაბა არს ღები, ეგრეთვე ნაშენი. ხოლო ჭიდროთას ზეით ეს ადგილნი, რომელნი დავსწერეთ, არიან ვითარცა სხუა მთის ადგილნი, მოსავლით, ნაყოფით, პირუტყვთ, მაგარი, ვიწრო და შეუალი მტერთაგან. სარწმუნოებით ქრისტეანენი, ქართველთა თანა, არამედ უმეცარნი ამისიცა.

რაჭის საზღვართათჳს

ხოლო რომელნი აღვსწერეთ, სახელითგან ყოფანი ვთქჳთ, და აწ ვიწყებთ საზღვართა მათთა. რამეთუ მზღვრის რაჭას: აღმოსავლით კუდაროსა, წონისა და ფაწის მდინარის შორისი მთა, და კავკასი კედელა, და მუნიდამ ჩდილოთ წარსრული კავკასივე, ვიდრე დიგორის კავკასამდე, რაჭა გლოლასა და ჟღელეს შორისი; სამჴრით წონიდამ წამოსული მთა დასავლეთად აღმოსავლეთიდამ, ვიდრე არპანისა და დღნორამდე, გაჭრილი რიონისაგან მუნ. და მთასა ამას საერთოდ უწოდებენ რაჭის მთას, ხოლო განყოფით დღნორს ზეით წმიდის გიორგისას, მერმე გაჭრილს, ნაქერალას, ველევს, საღორეს, გარჯილას, ნაჯიხურევს, საწალიკეს და კეცებს. ამ მთათა ჩდილოთ კერძი არს რაჭისა და სამჴრეთის კერძი - გარჯილა-ნაჯიხურევსაწალიკე-კეცებისა - არს არგუეთისა, და მდინარენიცა ეგრეთვე; დასავლით მზღვრის საღორის მთიდამ დღნორამდე რომელნი მთანი აღვსწერეთ, და მთა გუელის თავისა. ხოლო მათ მთათა დასავლის კერძო არს ოკრიბისა. და არიან მთანი ესენი მაღალნი და განიერნი, თხემთა უტყეონი და კალთათა ტყიანნი, და ზამთარს დიდთოვლიანნი, სადაცა ვერ ივლის ცხენი, და ზაფხულის უთოვლო, წყაროიანი, ბალახიან-ყუავილოვანნი, ნადირიან-ფრინველიანნი. და დაბნები რაჭისანი, ამ მთათა კალთათა მყოფნი, არიან, ვითარცა შქმერი აღვსწერეთ, აგარაკად და მთის ადგილად; და ჩდილოთ მზღვრის რაჭას კავკასი, რომელი განჰყოფს გლოლას, ღებს, ჭიორასა და დიგორსბასიანსა, ლუხუნსა და სუანეთსა, სადმელს, ტოლას და სუანეთსა.

და ამ საზღვართ შინაგან არს რაჭა, ფრიად მაგარი მთითა, კლდითა, ჴრამითა, ჴევითა და ტყითა, შეუალი გარე მტრისაგან. ჰავით არს კეთილმშუენი, ზაფხულის გრილი, ზამთარ თბილი და უქარო, მოსავლიანი, თჳნიერ ბრინჯ-ბამბისა ნაყოფიერებს ყოველნი მარცვალნი, ვენახნი, ხილნი, მტილოვანნი ყოველნი. რიონის კერძოდ ამიერ და იმიერ, სრულიად რაჭას ესრეთ ნაყოფიერებს, არამედ მთათა კერძონი, ვითარცა სხუანი მთის ადგილნი. პირუტყუნი, აქლემს გარდა, ყოველნი, და არა მრავლად. ცხოვარი უდუმო, ღორი - სიცოცხლე მათი. მდინარეთა კალმახნი მრავალნი, სხუა თევზნი არარაჲ, არცა რიონსა შინა. კაცნი ტანოვანნი, მჴნენი, ბრძოლასა შემმართებელნი, ძლიერნი. უსაქციელო-ბრიყუნი, უშუერ-მქცევნი, სხუათა მაოჴარნი, მომხუეჭნი და ძჳრნი. სახლობენ მთავარნი და აზნაურნი. ქალნი შუენიერნი, მქცევნი ეგრეთნივე, რბილნი. პირველად იყო რაჭა შორაპანის საერისთო, მერმე იქმნა თჳთ საერისთოდ, და შემდგომად კახაბერის მოწყუედისა ეპყრათ მეფეთა. მერმე ბაგრატ იმერთა მეფემან მისცა ჩხეიძეს ერისთობა, და აწცა არიან იგინი ერისთავად რაჭას, და არს მესამე სადროშო. ხოლო სახელი მოიგო გარემოსთა დიდროვანთა მთათაგან და შინაგან ღრმის ადგილობისა მიერ: "იხილე, რა ჭაა ადგილი ესე!"

არგუეთის საზღვრისათჳს

ხოლო რაჭის სამჴრით არს, მთას იქით, არგუეთი ანუ მარგუეთი, რომელი იწოდა ქუეყნის ნაყოფიერებისაგან და მარგველობისა მუშაკობისათჳს - მრგველნი მუნებურნი და არა აღმომფხურელნი. ხოლო საზღვარი არგუეთისა არს: აღმოსავლით ქართლის საზღვარი, ლიხის მთის დასავლის კერძო; სამჴრით ფერსათი, მერმე, ხარაგეულს ქუეით, მდინარე ძირულა და შორაპანს ქუეით წყალწითელამდე, ყვირილა; დასავლით წყალწითელა კუახჭირის მთამდე და ჩდილოთ წინთქმულნი მთანი - კეცები, საწალიკე, ნაჯიხურევი და გარჯილა. კუალად ჩდილოთ და დასავლეთად მზღვრის არგუეთს საღორე-გარჯილიდამ ჩამოსული სამჴრითკენ მთა ჩხარამდე და მერმე დასავლით წარსრული კუახჭირამდე, არგუეთსა და ოკრიბას შორისი. და ამ საზღვარს შინაგან არს არგუეთი, ფრიად ნაყოფიერი ყოვლითა მარცვლითა, არამედ ბრინჯს არა სთესენ. ხილნი ტყეთა შინაცა მრავალნი. პირუტყუნი მრავალნი, და არა ქართლისებრ, ვენახი დაბლარი და ღჳნო კეთილი, გარნა ქართლის კერძო ადგილთა - თხელი. ნადირნი და ფრინველნი მრავალნი, თევზნი მდინარეთა არა ეგდენ, არამედ კალმახნი მთათ-კერძოთა მრავალნი, კირჩხიბნი მრავალნი. კაცნი და ქალნი შუენიერნი, მბრძოლნი და იმერეთს უმეტეს სხუათაგან შემმართებელად დიდებულნი, მომჭირნე მუშაკნი, სტუმართ-მოყუარენი. სახლობენ მთავარნი, აზნაურნი მრავალნი. ძუელად იყო საერისთო შორაპნისა, და აწ მთავართა თჳს-თჳსა პყრობითა. არს მეორე სადროშო. ამას შინა დიან მდინარენი ყვირილა, ძირულა, ჩხერიმელა, ჩოლაბური და ამათი შემრთველნი მდინარენი.

საჩხეიძოს საზღვრისათჳს და სალომინაოსა

ხოლო არგუეთის სამჴრით არს საჩხეიძო, პირველად არგუეთადვე წოდებული, მერმე ფერსათის კერძოდ. შემდგომად პყრობითა მთავართა ჩხეიძეთაგან საჩხეიძოდ ისახელა. არამედ განჰყოფს საჩხეიძოსა და არგუეთს ჩდილოთ ჩხერიმელა, ძირულა და ყვირილა, მერმე საჩხეიძოსა და ვაკეს - მდინარე რიონი საჩინომდე. ხოლო აღმოსავლით მზღვრის საჩხეიძოს ფერსათიდამ ჩამოსული მცირე მთა, ჩდილოთ ძირულამდე, ხარაგეულს ქუეით; სამჴრით მთა ფერსათი, ანუ ღადოთ, ანუ ლომსიათ წოდებული. ხოლო დაბისაგან აწ ფერსათად; თხემთა უტყეო, კალთათა ტყიანი, მაღალი და განიერი, ზოგან თოვლიანი და ნადირიანი, ფრინვლიანი, ჩდილოთ კერძო იმერეთისა, სამჴრით კერძო სამცხისა; დასავლით მზღვრის საჩინოსალომინაოს საზღვრის ხაზი, რიონიდამ ფერსათამდე, არამედ სვირს ზეითს, აღმოსავლეთის კერძოს, უწოდებენ აწ ლომსიათ-ჴევს.

და არს ქუეყანა ესე მდინარეთა კიდურნი კბოდოვანი, ფლატოვანი, ჭალიანი; მთის კერძო ვაკე და აყრილ-ტყიანი, ნიგვზნარ-ხილიან-ვენახიანი, ხეთა ზედა ასულნი, რომელსა უწოდებენ მაღლარსა ანუ ბაბილოსა. ღჳნო მრავლად და კარგი. აბრეშუმს აკეთებენ, არამედ არგუეთში უფროს. ბრინჯს არა სთესენ და ბამბას, სხუანი მარცვალნი ყოველნი ნაყოფიერებენ. პირუტყუთა აქა უმეტეს სიმრავლე არგუეთ-რაჭისაგან, რამეთუ ზამთარცა მძოვარნი არიან აჯამეთიდამ გურიამდე. ნადირნი მრავალნი, და აღვსილნი ტყენი მცირე-დიდითურთ. ფრინველნი ურიცხუნი. თევზნი, ფერსათის მომდინარეთა წყალთა შინა, კალმახნი მრავალ და სხუა არარაჲ, და ვაკეთა კირჩხიბნი. კაცნი მგვანენი არგუეთისანი. მსახლობელნი არიან მთავარნი, აზნაურნი. პირველად იყო არგუეთის საერისთო, და აწ პირველი სადროშო.

საჩიჯავაძოსათჳს

ხოლო საჩხეიძოს დასავლით არს საჩინო და მის დასავლით საჯავახო. მზღვრის ამას იგივე მთა ფერსათი, ჩდილოთ რიონი, რომელი განჰყოფს ვაკესა და საჩიჯავაძოს, დასავლით მზღვრის ფერსათიდამ ჩამოსული მცირე მთა ჩდილოთ კერძ, საჯავახო-გურიის განმყოფელი, ვიდრე რიონამდე, და აღმოსავლით, რომელი დავსწერეთ სალომინაოს და საჩიჯავაძოს შორისი ხაზი. არამედ არს ადგილი ესე, ვითარცა აღვსწერეთ საჩხეიძო, და უმეტესადცა ნაყოფიერი და ბარი. კაცნი მათგან ურბილესნი, და სადროშო მათივე. და ორთა ამათ ადგილებთა დიან მდინარენი, რომელნიცა გამოსდიან ფერსათის მთასა.

ვაკის საზღვრისათჳს

ხოლო საჩიჯავაძოს-სალომინაოს, რიონს გაღმით, სამჴრეთით არს ვაკე, და ისახელების მათ ადგილთა სივაკისათჳს. და ამას მზღვრის: აღმოსავლით წყალწითელა ყვირილიდამ კუახჭირის მთამდე; სამჴრით მზღვრის ყვირილა და რიონი; დასავლით ცხენისწყალი და ცხენისწყლიდამ წასული ხაზი ისულეთამდე და რიონამდე; ჩდილოთ კუახჭირის მთიდამ წარსრული ხაზი დასავლით, კახნიაურს ქუეით, ირიბად, ქუთათისის დასავლით, და მაღლარის და ოფიშკვითის აღმოსავლით, და გუბისწყლის სათავის გორაებზედ, ვიდრე გვასტიბის ბოლოდ ცხენისწყლამდე. და არს სამკუთხედ ადგილი ესე. ამას შინა, ცხენისწყლისა და რიონისაკენ, არს საჭილაო, სამიქელაო. და არს ადგილი ესე ფრიად ნაყოფიერი ყოვლითავე, რომელნი დავსწერეთ, თჳნიერ ბრინჯისა. პირუტყუნი მძოვარ არიან ზამთარ-ზაფხულს. ფრინველნი ურიცხუნი. თევზნი არასადა, თჳნიერ რიონისა, კირჩხიბი მრავალ. არასადა არს მდინარე, თჳნიერ გუბისწყლისა, და იგიცა მცირე. იზრდებიან ჭით. არამედ ადგილადგილს ჭათა შინა არს ჭია, რომლისა წყლის სმით გამობერავს ყელსა, და დაეკიდების კაცსა და ქალსა, ვითარცა პარკი დიდი. უწოდებენ ყიყუს. ვენახნი დაბლარნი არიან მრავლად, ხილნი მრავალნი ტყეთა შინაცა. ტყენი აყრილნი, და უწოდებენ ეწერს; და მწერნი არიან არგუეთს, საჩხეიძოს და საჩიჯავაძოსა შინაცა. კაცნი და ქალნი ჰგონე ეგრეთნივე, არამედ უმეტეს მსწრაფლ მოუბარნი, ფრიად მუშაკნი, რბილად მქცეველნი. სახლობენ მთავარნი და აზნაურნი. პირველად იყო საერისთო ციხე-გოჯისა და შემდგომად იქმნა ქუთათისისა, ოკრიბისა თანა. აწ ესეცა პირველი სადროშო.

ოკრიბის საზღვრისათჳს

ხოლო ამ ვაკის აღმოსავალ-ჩდილოთ არს ოკრიბა და არგუეთის ჩდილო-დასავლეთად, რომელი ისახელა თჳსის ადგილობისაგანვე, რამეთუ გარემოთა ადგილებთა თჳსთაგანვე სრულიად მჩენარობს ოკრიბა, და ამისთჳს ითქმოდა: "ოო, ქრება ესე კეთილ-შუენიერ ადგილ არს"! ხოლო ოკრება ესე იმზღვრების: აღმოსავლით მთით რაჭასა და ამას შორისით, ველევ-საღორის მთით, და საღორის მთიდამ წასრულის სამჴრით, ეიდრე ჩხარამდე, მთითა ოკრიბაარგუეთს შორისით; სამჴრით ჩხარიდამ დასავლეთად წასრულის მთით კუახჭირამდე, მერმე კახნიაურის ხაზით რიონამდე; ჩდილოთ ველევი, ნაქერალა, გაჭრილი, წმიდა გიორგის მთანი, ვიდრე დღნორამდე, მერმე ხომლის კლდიდამ წარსრული მთა დასავლეთად, ვიდრე გვასტიბემდე; დასავლით კახნიაურიდამ წარსრული ხაზი, ვიდრე გვასტიბემდე, ოკრიბა-ვაკის საზღვარი. და არს ამათ შინა ქუეყანა, თჳნიერ ბრინჯ-ბამბისა, ყოვლითა მარცვლითა ნაყოფიერი ფრიად, ხილითა, ვენახითა. არამედ ვენახი მაღლარი, ღჳნო მსუბუქი, მხე-გემოიანი. პირუტყუნი არგუეთისაებრ, ფრინველნი და ნადირნი მრავალნი. არს მცირე მთა-გორიანი, ტყიან-ბალახიან-ყვავილიან-წყაროიანი. დის მდინარე წყალწითელა და მისნი შემრთველნი, და ქუთაის ზეით რიონი და მასში შემრთველი ხომლის კლდემდე. თევზნი, თჳნიერ კალმახისა, არარა. კირჩხიბნი მრავალნი. კაცნი და ქალნი ჰგონე ვითარცა ვაკისანი, გარნა უღონო მუშაკნი, ვერ ღონიერნი. არამედ მთავარნი და აზნაურნი მჴნენი, ზნეობიანნი, შემმართებელნი. ეს ოკრიბა რიონის აღმოსავლეთი პირველად იყო არგუეთისა, და დასავლეთისა ნაქალაქევის საერისთოსი, შემდგომად იქმნა ქუთათისის საერისთოსი და აწ - მეოთხე სადროშო ლეჩხუმითურთ, მეფისა თანა მყოფნი. და სახელნი ესენი ადგილებთა ამათ, რომელნი აღვსწერეთ, ანუ ეწოდათ ესრეთ ანუ ეგროსის ძეთაგან და ძის ძეთაგან, ვითარცა სხუათა ადგილებთა. და ვინაჲთგან შევასრულეთ იმერეთი, აწ ვიწყებთ ოდიშს.

ოდიშისათჳს

ხოლო ესე ოდიში ისახელა ორითა სახელითა: პირველად მეგრელნი, რამეთუ ეგროს აღაშენა ქალაქი და უწოდა ეგრი. ამას სწერენ ევროპელნი კოლხიდად, სადიდამ იაზონ წარიღო ოქროს რუნი, ანუ საწმისი. არამედ ჭალაკი იგი აქა არასადა მოიპოების, არცა მატიანე ჩუენი მოიჴსენებს მას, გარნა რამეთუ მას ჟამსა ეგრის-წყალს იქითი, დასავლეთისა, ეპყრათ ბერძენთა, აქა არს ადგილი იგი. ამისთჳს უწოდეს მეეგრელნი. ხოლო ოდიში - განდგნენ რა ეგრისის მდინარის იქითნი და მიერთნენ ბერძენთა, იტყოდიან; "ოდეში იყომე ქუეყანა იგი ჩუენი", და ისახელნენ აწამდე ესრეთ. ხოლო საზღვარი ოდიშისა არს ცხენისწყალი და ხაზი ისულეთამდე, მერმე თაკუერსა და ოდიშს შორისი მთა, კავკასიდამ ჩამოსული სამჴრით და კუალად თაკუერიდამვე წარსრული კავკასი ჩდილოთ, ვიდრე ეგრისის სათავემდე, ოდიშსა და სუანეთს შორისი; სამჴრით მდინარე რიონი, გურიაოდიშს შორისი, და კუალად ეგურის მდინარის შესართავს დასავლეთი შავი ზღუა; დასავლით ზღუა შავივე და კუალად ანაკოფიის მცირე მთა, კავკასიდამ ჩამოსული სამჴრით ზღუამდე; ჩდილოთ კავკასის მთა. ხოლო ცხენისწყლის დასავლეთის კერძო რომელი დავსწერეთ, ოდიშისა არს. და ცხენისწყლის დასავლით არს მუნვე ბანძა და ციხე კეთილნაშენი.

ბანძას ზეით და ცხენისწყლის დასავლით, და მისი მჭურეტი, მაღალს ადგილზედ, არს ჭყონდიდი, ეკლესია გუმბათიანი, დიდშენი, მარტვირისა. ეს აღაშენა ჱ̃ მეფემან აფხაზთამან გიორგიმ და შეამკო ყოვლითა შემკობილებითა საეკლესიოსათა. დაფლული არს მეფე ბაგრატ. ამანვე დასუა მუნ ეპისკოპოზი, და აწცა არს მწყემსი უნაგირის აღმოსავლეთისა ცხენისწყლამდე. ამათთა დასავლით დის მდინარე აბაშა, პირველ სხჳს სახელით წოდებული. შემდგომად, მოიქცა რა ანაკოფიიდამ მურვან ყრუ, აქ დაბანაკებულთა მოაშთო ამან პ̃ ჩ̃ აბაში, და მიერითგან იწოდა აბაშა. ამაზედ არს სახარია, ციხე და სასახლე დადიანისა. ესე სიგრძით არს ტეხურის შესართავამდე. გამოსდის კავკასს, ოდიშსა და სუანეთს შორისს, და დის ჩდილოდამ სამჴრით. არა არს მას შინა თევზი, თჳნიერ კალმახისა.

ამის დასავლით დის მდინარე ტეხური. იწოდა ჩქარად დინებისაგან, რამეთუ შემუსრავს და მტეხარე ჰყოფს ჴიდსა თუ სხუასა რაჲს, გამოსდის მასვე კავკასსა, მიერთვის ისულეთს ჩდილოდამ რიონს. ხოლო ტეხურისა და აბაშას შესართავს ზეით, უნაგირას მთის ძირზედ და ტეხურის დასავლის კიდეზედ, არს შხეთს ციხე დიდნაშენი და სასახლე დადიანისა. ამას ზეით, კიდევ ტეხურისავ კიდეზედ, არს სენაკს ეკლესია გუმბათიანი, კეთილშენი, საყოფელი აფხაზთა კათალიკოზისა. აწ სენაკს ზეით, უნაგირას ძირში, არს ნაქალაქევი, ციხე გოჯად წოდებული. ეს აღაშენა ა̃ მეფის ფარნაოზის ჟამს ქუჯიმ, ქალაქი და ციხე, და ამისი საერისთოვე იყო სრულიად რიონის დასავლეთი სუანეთით. შემუსრა ყრუმ, არამედ იყო კუალად ქალაქი, და შემდგომად მოოჴრდა ქალაქი. აწ არს ციხე კუალად და სასახლე დადიანისა. ხოლო ამ ტეხურის დასავლის კიდურსა რიონიდამ წარმოსდევს მცირე მთა კავკასამდე, ტყიანი და ნადირიანი. ამას უწოდებენ უნაგირას. ამ მთას მზღვრიდენ ოდესმე იმერთა და ოდიშთა საზღვრად და არს ჭყონდიდიდამ უნაგირამდე მთის ძირი სალიპარტიანო. არიან ამ ადგილთა შინა მოსახლენი მთავარნი და აზნაურნი. და არს ქუეყანა ესე მგზავსი ვაკისა და უმეტეს ნაყოფიერი და ტყიანი.

ხოლო ისულეთს, ტეხურის შესადინარს ქუეით, სადაცა ერთვის რიონი ზღუას, აქა არს ფოთი. და ამ ფოთის ჩდილოთ კერძ შესდის ზღუას ხორგის წყალი. მოიგო სახელი დაბის ხორგისაგან, ზღვს კიდესა ზედა შენისა, სადაცა არს სასახლე აფხაზთა კათალიკოზისა. გამოსდის მასვე წინჴსენებულს კავკასს და მოდის აღმოსავლიდამ დასავლეთად. ამავ წყალზედ, მთის ძირში, უნაგირას ჩდილოთ, არს ციხე ჭაქვითი და სასახლე დადიანისა. ხოლო ამ წყლის ჩდილოთ, მთის ძირს, ველსა ზედა არს ხეთას ციხე და სასახლე დადიანისა. ამის ჩდილოთ დის ჭანის წყალი, წოდებული ჭელენჯიხის გამო. გამოსდის მასვე კავკასსა და დის აღმოსავლიდამ დასავლეთად, და მიერთვის ზღუას ხოფს. ამ მდინარის ჩდილოთ კერძოთ, ზღჳს კიდეზედ არს ხოფი. აქა არს ეკლესია გუმბათიანი, კეთილშენი და შემკული. აქ ეკლესიასა შინა მსუენარებს პერანგი ყოვლად წმიდის ღვთისმშობლისა, სასწაულთმოქმედი. ამ წყალზედ, ჩდილოს კიდესა ზედა და ხოფს ზეით, არს ეკლესია ჩაისს, დიდი, გუმბათიანი, კეთილშენი და შემკული. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ამ წყლის სამჴრეთის კერძოსი უნაგირამდე და რიონა-ზღუამდე. ამავ მდინარის ჩდილოთ კერძოდ დიდს ველსა ზედა არს ზუგდიდი, სასახლე დადიანთა, დიდშენი და პალატებიანი, ზღუდე-გოდლიანი.

ამ ზუგდიდის აღმოსავლით, მთის ძირზედ, არს ჭელენჯიხი. ეკლესია გუმბათიანი, დიდშენობა, შუენიერი, კეთილს ადგილს. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ჭანის მდინარისა და დადის მდინარის შორისის ადგილთა, კავკასიდამ ზღუამდე. ამის ჩდილოთ დის მდინარე ეგური, წოდებული დაბის გამო. გამოსდის მასვე სუანეთსა და ოდიშს შორისს კავკასსა, მოდის აღმოსავლეთიდამ დასავლეთად, მიერთვის ზღუას ანაკრიას. ანაკრიას აღაშენეს ოსმალთა ციხე, ქრისტესსა ჩ̃ღგ ქართულსა ტ̃ჟა, აწცა უპყრავთ მათვე. ანაკრიის აღმოსავლით ამ მდინარეზედ არს რუხს ციხე დიდშენი, შიგ წყარო გამომდინარე. აღაშენა ლევან დადიანმან ქრისტესსა ჩ̃ქმზ, ქართულსა ტ̃ლე, შემდგომად შემუსრეს ოსმალთა წელსა ჩ̃ღკე, ქართულსა უ̃იგ, და ამის ქვით აღაშენეს ანაკრია უმტკიცესად. რუხს ითხრების კაჟი ჩახმახისა ფრიად კეთილი და მრავალი. რუხს ზეით, ამ წყალზედ, მთასა შინა არს სააფაციო სათავიდამ.

კუალად ამ ეგურის ჩდილოთ დის დადის-წყალი, წოდებული დადის დაბის გამო. გამოსდის მასვე აღმოსავლეთის კავკასსა, და მოდის დასავლეთად, და მიერთვის ზღუას. ამ დადის-წყლის ჩდილოთ დის ეგრისის წყალი, წოდებული ეგრისის, თარგამოსის ძის, გამო. გამოსდის მასვე კავკასს, დის დასავლეთად და მიერთვის ზღუას ილორს. ხოლო ზღჳს კიდეზედ, ამ წყლის დასავლითს კიდეზედ, არს ილორს ეკლესია წმიდის გიორგისა. ამას უდის აღმოსავლით ეგრისი, დასავლით მდინარე მოქჳსა, და უძეს სამჴრით ზღუა და ჩდილოთ ველი. არს ეკლესია უგუმბათო, მცირე, მდიდარი და შემკული. არამედ სილოვანობის გამო, რათა არა შეირყეს ეკლესია, მოუღიათ ქვა დიდ-ფრიადი, ფიქალი და მას ზედა შენი არს სრულიად ეკლესია. აქ მოიყვანს ჴარს ყოველწლივ ი̃ ნოემბერს, რომელსა დაჰკლვენ და განიყოფენ მეფე დიდებულებითურთ. გარნა არს ფრიად სასწაულთმოქმედი ჭეშმარიტსა ზედაცა. არამედ მოსწუეს ოსმალთა ეკლესია ილორისა ქრისტესსა ჩ̃ღლგ ქართულსა უ̃კა.

ხოლო ამ ეგრისის მდინარესა ზედა, მთასა შინა, არს ეგრი, სადაცა მოვიდა პირველად ეგროს, ძე თარგამოსისა, და აქა აღაშენა ქალაქი და დაიპყრა საზღვარი თვსი. არამედ ამას შემდგომად უწოდეს ბედია, რომელი დასუა ა̃ მეფემან ფარნაოზ ქუჯი ერისთავად რიონის დასავლეთისა, ვინაჲთგან ჰპოვა ბედი. მერმე აფხაზთა მეფის ლევანისაგან განიყო, და ცხომის ერისთავი სხუა, ბედიისა სხუა, აფხაზთა სხუა, თამარ მეფემდე ესრეთ. შემდგომად რუსუდანისა - ოდიშისა დადიანი, და ბედიელი მას აქეთისა, არღარა ცხომისა. აქავ, ბედიას, აღაშენა ნ̃დ მეფემან ბაგრატ ეკლესია დიდ-შუენიერ გუმბათიანი და შეამკო სიმდიდრითა დიდითა ფრიად. ამისთჳს წერილ არს: "ვისაც გენებოს სიდიდე და სიმდიდრე ბაგრატ ნ̃დ მეფისა, გინიხილე ბედიის ეკლესია და მით სცნობ". დასუა ეპისკოპოზი ოდიშისა, და აწცა ზის, და მწყემსი არს აწ დადის-წყლისა და მოქვის-წყლის შუათისა ადგილთა. აქავ მოიღო იგივე მეფე ბაგრატ ზვიადა ერისთავმან და დაფლა.

ხოლო ამ ეგრისის მდინარის დასავლით დის მოქჳს მდინარე ჩდილოდამ სამჴრით. გამოსდის კავკასს და მიერთვის ილორს ზღუას. ამ მდინარესა ზედა, მთაში, არს მოქუს ეკლესია გუმბათიანი, დიდნაგები. აღაშენა თ̃ მეფემან აფხაზთამან ლეონ შემკობითა დიდითა. ზის ეპისკოპოზი მწყემსი კოდორის მდინარისა და მოქჳს მდინარის შორისის ადგილისა. არამედ ეს მდინარე მოქჳსა დის მოქუამდე აღმოსავლიდამ დასავლეთად. ხოლო მოქჳს მდინარის დასავლით დის კოდორის მდინარე. ამ წყალზედ არს ეკლესია დრანდას, მთაში, გუმბათიანი, შუენიერი, დიდშენი. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი კოდორსა და ანაკოფიის შორისისა ადგილთა. არამედ აწ აფხაზთაგან არღარა არიან ორთა ამათ შინა ეპისკოპოზნი. გარნა მდინარე კოდორი დრანდამდის დის აღმოსავლიდამ დასავლეთად, გამომდინარე კავკასიიდამ, და დრანდიდამ ზღუამდე დის ჩდილოდამ სამჴრით. მოიგო სახელი დაბის კოდორისაგან, რომელი არს დრანდას ზეით, ამ წყალზედ, მთაში.

ხოლო ამ კოდორის დასავლეთად დის მდინარე ცხომისა, გამომდინარე კავკასისა, და მოერთვის ზღუას ჩდილოდამ. ამ წყალზედ, მთაში, არს ცხომი, და ისახელების მდინარე ესე ამისგან. იყო ცხომი ქალაქ და საერისთო, და აწ დაბა. ამ ცხომის დასავლით არს ანაკოფია და მდინარე მისი მცირე, გამომდინარე კავკასისა და მომრთველი ზღჳსა ეგრეთვე ჩდილოდამ. ამ მდინარის აღმოსავლით და ზღჳს კიდეზედ არს ქალაქი ანაკოფია. ეს აღაშენეს ბერძენთა. აქავ ერეკლეოს კეისარმან დასუა ერისთავი აფხაზთა, ეგრისის მდინარის დასავლეთისა ზღუამდე. იყო ქალაქი კეთილი, შუენიერი, ზღუასა ზედა წაშენებული, და შემდგომად ბაგრატიონთაგან უმეტეს განდიდებული, რომლისა ზღუასა შინა სუეტნი ორმოცამდე დღესაც ჩანან. არამედ აწ ოჴერ არს; და საზღვარი ოდიშისა და აფხაზეთისა; ამ ანაკოფიის აღმოსავლით ზღჳდამ მთამდე შეავლო ზღუდე დიდი ლევან დადიანმან, აფხაზთა გამოესლველობისათჳს, გარნა აწ უქმად არს.

ხოლო სიგრძე ოდიშისა არს კავკასის თხემიდამ ზღუამდე და ცხენის წყლიდამ ზღუადმდევე, და მეორე - ეგრისის წყლიდამ ანაკოფიამდე. და განი მისი რიონის მდინარიდამ ეგრისის მდინარემდე, და მეორე - ზღჳდამ კავკასის თხემამდე. და არს ჰავითა ესე ოდიში მშუენი. ზაფხულს ზღჳს პირნი და ვაკენი ცხელი და არა გაუძლისი, მთის კერძონი გრილნი, აგარაკოვანნი, კეთილნი. ზამთარ თბილი, არამედ ზაფხულცა სუელი, და ნამიანი, და ნოტიო, გარნა უწყინარუენო, უქარო და უყინვო, დიდთოვლიანი. მოსავალნი მარცვალთა ფრიად ნაყოფიერნი მრავლად, რამეთუ ბრინჯი ნაყოფიერებს ურწყავად. ნარინჯი, თურინჯი, ზეთისხილი, ბროწეული ადგილ ადგილს და სხუანი ხილნი მრავალნი. ვენახნი მაღლარნი, ღჳნო მსუბუქი და კარგი. აქა არს ღჳნო ზარდაგი, ფერისათჳს ეგრეთ წოდებული, ფრიად კეთილი, ძალიანი და ქებული ყოველთა შინა. აქ ჰყოფენ აბრეშუმს უმეტეს მრავლად იმერეთისაგან. პირუტყუნი - ცხოვარნი მცირედ და სხუანი მრავლად, რამეთუ უვისთ ჯოგად, მროწლედ, და თხა, ცხოვარი და ღორი ერთ არვედ. რამეთუ არა უჴმსთ მწყემსი, და მძოვარ არიან ზამთარ-ზაფხულს ბალახთა. ფრინველნი მრავალნი; ფუტკართაგან თაფლი და ცჳლნი მრავალნი, ვინაჲთგან ტყეთა შინა მრავლად არიან. ნადირნი წურილნი და დიდნი ურიცხუნი, თჳნიერ ქურციკისა, და სანადირო მრავალნი და კეთილნი. თევზნი მთის კერძოდ კალმახნი მრავლად, ხოლო ვაკეთა სხუანი თევზნი და კირჩხიბნი ურიცხუნი. ზღუასა შინა იპყრობის ანდაკია და სხუანი ზღჳს თევზნი. მდინარეთ შემდინარეთა ზღუათა შინა უწოდებენ მას ადგილს თუალსა, და არიან ნავსადგურნი. მოდგებიან ნავნი და ვაჭრობენ.

ხოლო არიან კუალად ამავ ადგილებთა შინა ჴევნი და მცირე მდინარენი და წყარონი კეთილ-გემოიანნი, რომელნი სიგრძისათჳს დავიდუმეთ. არიან კაცნი და ქალნი შუენიერნი, არამედ იმერთაებრ არა ტანოვანნი, ჴორციანნი და მწითურნი, გულმწყრალნი მყისად და მსწრაფლნი, ბრძოლათა შინა იმერთაებრ ვერ ქებულნი, ბრძოლიდამ გაბრუნებით ქებულნი. სარწმუნოებითა, რჯულითა, და წესითა, და ქცევითა იმერთათა. სამწყსონი აფხაზეთის კათალიკოზისანი. ენით არიან - დიდნი და წარჩინებულნი ქართულის ენითა, არამედ აქუსთ თჳსიცა ენა, გარნა წამჴდარი ქართულივე, ვითარცა: ღმერთი-ღორონთი, ჩემი-ჩქიმი. და აქუსთ წიგნი ქართულივე და და არა სხუა. ხოლო აწ ეგრისის მდინარემდე უპყრავსთ აფხაზთა, და მას ზეითი სამჴრის კერძო დადიანსა. კუალად ქუეყანა ესე არს ფრიად ტყიანი, მთით ბარამდე, და მცირე ველოვანი. მდინარეთა კიდენი ჭალოვანნი და ვაკეთა აყრილნი ეწერნი, ბარდოვან-ტალახჭანჭრობიანი და ფრიად წვმიანი. ამისგან არს ფრიადი ნოტიობა, გარნა უვნებელი.

აფხაზეთისათჳს

ხოლო ანაკოფიის დასავლეთი არს აფხაზეთი, პირველად წოდებული ეგრეთვე ეგრისი, რამეთუ ვინაჲთგან წილი ეგროსისა არს ზღუამდე, მის გამო ეწოდა ეგრივე. არამედ შემდგომად განდგომისა, დაიპყრეს რა ბერძენთა, მათ უწოდეს აბასა, ხოლო ქართველთა აფხაზეთი. გარნა უმეტეს საგონებელი არს, ძეთაგან ანუ ძის ძეთაგან ეგროსისათა ეწოდა სახელი ესე. ხოლო საზღვარი აფხაზეთისა არს: აღმოსავლით ანაკოფიის დასავლეთით მცირე მთა, კავკასიდამ ჩამოსული ზღუამდე; დასავლით ზღუა და კაპპეტის მდინარე. არამედ სხუანი მზღვრიან ჯიქეთის დასავლეთის ზღუამდე; ჩდილოთ მზღვრის მთა კავკასი, სამჴრით ზღუა შავი. სიგრძე ამისი არს ანაკოფიიდამ კაპპეტის მდინარემდე ანუ ზღუამდე; განი ზღჳდამ კავკასის თხემამდე.

ხოლო ანაკოფიის დასავლით დის აღაცოს წყალი. გამოსდის კავკასს და მიერთმის ზღუას ჩდილოდამ. ამ აღაცოს წყლის დასავლით დის ზუფუს მდინარე, გამოსდის კავკასს, დის სამჴრით, მიერთვის ჩდილოდამ ზღუას. არს ზუფუ მცირე ქალაქისაებრი, სახლი და საყოფელი შარვაშიძისა, რომელი მპყრობლობს აფხაზთა, არავის მორჩილებასა შინა მყოფი. ამ ზუფუს დასავლით დის მუწის-წყალი. გამოსდის კავკასსავე, მოერთვის ჩდილოდამ ზდუას. ამ მუწის-წყლის დასავლით არს ბიჭვინტას ეკლესია დიდი, დიდშენი, კეთილ ფრიად, გუმბათიანი, ზღჳს კიდესა ზედა. ეს აღაშენა იუსტინიანე კეისარმან შემკობითა დიდითა. პირველ იყო საეპისკოპოზო. ჟამსა აფხაზთა მეფეთათა იქმნა საკათალიკოზოდ, და აწ არს საყდარი აფხაზთა კათალიკოზისა, არამედ აწ ხუცის ამარად, ვინაჲთგან აფხაზნი არღარა მონებენ რჯულსა და სარწმუნოებასა (ამას ვგონებ ნიკოფსიად, და ეკლესიასაცა მასზედ აღშენებულსა მისთჳს, ვინაჲთგან ნიკოფსიას დაფლულ არს მოციქული სჳმონ კანანელი). ამის ბიჭვინტის დასავლით დის კაპპეტის მდინარე, დიდი და ჩქარად მდინარე. გამოსდის ესე რაჭის მთას, კავკასსა, გამოვლის სუანეთს, ალანსა და მას ქუეითთა ორს კავკას-შორისთა და მოერთვის აქა ჩდილოდამ ზღუასა.

ხოლო ესე აფხაზეთი შემკული არს ყოვლითა ნაყოფიერებითა და ჰავითა, რამეთუ ნაყოფიერებენ ყოველნი მარცვალნი, ხილნი, ვენახნი, პირუტყუნი და ნადირნი, ფრინველნი და თევზნი მრავალნი. არამედ თხა აქაური ფრიად შუენიერნი, ბალნითა წმინდა და ჭრელ, კანჭმაღალი, ტანად დიდი, რქანი მაღალნი, ვითარ ადლნახევარნი. წუერნი გძელნი, ვიდრე მუჴლთ დაბლამდე. გარნა არს ესე აფხაზეთი ტყიანი, ჭალიანი, ეწროვანი და მცირე-ველოვანი; მთის კერძონი აგარაკოვანნი. ხოლო კაცნი მგვანენი მეგრელთა და უმეტეს ცქჳტნი და ტანოვანნი, წერწეტნი, მპარავნი, ავაზაკნი, ზღუათა შინა მავალნი ოლეჭკანდარებითა, რომელთა შინა შთასხდებიან რ̃, ს̃ და ტ̃, დაუჴდებიან ოსმალთა ნავთა და ლაზ-ჭანთა და უფროსად ოდიშ-გურიასა. არამედ არიან ბრძოლასა შინა მდედრნი, მალ-მიმდრეკნი, ზღუასა შინა მაგარნი და ძლიერნი. სარწმუნოებით არიან ქრისტეანენი, არამედ არღარა რისა მეცნიერნი და ირიცხჳან, ვითარცა კერპნ, ვინაჲთგან არა დაჰფლვენ მკუდართა თჳსთა, არამედ მისითავე სამკაულ-იარაღითა და შესამოსლითა შთასდებენ კუბოთა შინა და შესდგმენ ხეთა ზედა, და უკუეთუ შტვენს მკუდარი იგი ეშმაკისა მიერ, სწამთ განსუენებულად მერმესა მას. გარნა უწყიან ნათესაობა, ცოლი ერთი, მარხუა, აქუთ სასოება მღუდელთა ფრიად. არა იქმნებიან მათ შორის სიძვა, მრუშება, რამეთუ დასწუენ შემცოდეთა. უყუართ სტუმარი და პატივსა უყოფენ, და შეიწყნარებენ ფრიად. ენა საკუთარი თჳსი აქუსთ, არამედ უწყიან წარჩინებულთა ქართული სხდებიან სკამთა ზედა და სჭამენ ტაბლასა ზედა. და არიან ერდგულნი ფრიად თჳსთა მეპატრონეთა და მორჩილნი მისნი.

ჯიქეთისათჳს

ხოლო ამ აფხაზეთს იქით, კაპპეტის წყლის დასავლეთს, ბაგრატიონთ ჟამს აქეთ აქამომდე უწოდებენ ჯიქეთს, არამედ გორგასლის ცხორება უწოდებს ჯიქეთს ამ ჯიქეთის ჩდილოთ კერძოს, კავკასის მთის იქითს კერძს ზღუამდე. და ამ აწინდელს ჯიქეთს მზღვრის: აღმოსავლით კაპპეტის წყალი; დასავლით შავი ზღუა; სამჴრით იგივე ზღუა; ჩდილოთ კავკასი. და არს ადგილი ესე ყოვლითურთ აფხაზეთისა: მოსავლით და ცხოელით, წესით და ქცევითაცა. არამედ კაცნი უმეტეს მჴეცთ მგზავსნი. ყოფილან პირველად ქრისტეანენი, არამედ აწ უცნობელნი მისნი. გარნა იუწყე აფხაზთა და ჯიქთა სამოსელნი, და იარაღნი, და საჭურველნი, ვითარცა ჩერქესთანი, რომელთა ზნეთა ჟამად იმერნიცა ჴმარობენ.

სუანეთისათჳს

ხოლო სუანეთი იმზღვრების ყოვლითგან კავკასიის მთით, და არს რაჭა-ლეჩხუმის ჩდილოთ და ოდიშის აღმოსავლეთით. და მზღვრის სუანეთს: აღმოსავლით სუანეთსა და ბასიანს შორისი კავკასია; ჩდილოთ დიდ-ყაბართ-ჩერქესა და ამას სუანეთს შორისი კავკასია; სამჴრით სუანეთსა და რაჭა-ლეჩხუმს შორისი კავკასი; დასავლით სუანეთსა და ოდიშს-შორისი კავკასი და ალანის საზღვარი. სიგრძით არს რაჭის კავკასის თხემიდამ ოდიშის კავკასის თხემამდე და ალანამდე, და განით რაჭა-ლეჩხუმის კავკასის თხემიდამ ჩერქეზის კავკასის თხემამდე, და რაჭისაკენ ვიწრო, ხოლო ლეჩხუმისაკენ განიერი, და მას ქუეით, ოდიშის კერძოდ, უმეტეს განიერი. ამას უდის საშუალსა მდინარე თჳსი, რომელი იქმნების ბოლოს კაპპეტისა, გამოსდის რაჭის მთას კავკასს და მიდის დასავლეთს-ჩდილოს შორის. ამ მდინარეს მოერთვიან ამიერ-იმიერიდან ჴევნი მდინარენი.

ხოლო რაჭა-ლეჩხუმის სამჴრით არს ლაშხეთი, და ლეჩხუმის სამჴრით და ოდიშის აღმოსავლით არს ეცერი. აქა არს ეკლესია სუეტიად წოდებული, სახიზარი სუეტის ცხოველის სამკაულ-საუნჯისა, რომელსა შინა იტყჳან სუეტის-ცხოველის კანკლის ყოფასა დღესაცა, რომელი მოიღო გორგასალ ინდოეთიდამ, წითლის იაგუნდისა ქმნილი. არამედ საჩინოდ არიან აწცა ხატნი და ჯუარნი ოქროვეცხლისანი და მოოჭვილნი ქვითა, მრავალნი და პატიოსანნი, დიდნი და მცირენი, რომელთა ზედა აქუსთ სასოება და პატივ-სცემენ. არამედ უმჯობესი ხატი უბიათ ძეწკჳთა ოქროსათი და იტყჳან: "უკეთუ აუშვათ, დალეწავს ყოველსავე აქა მყოფსა ხატ-ჯუართა", და ესოდენ უგუნურ არიან თჳსითა უცნობელობითა. არამედ თუ შევიდეს მუნ სასიკუდინო ანუ ტყუე, ვერარაისაღა უყოფენ, გარნა განუტევებენ თავისუფლად. კუალად აღმთქმელსა ანუ მფიცარს მას ზედა დაურწმუნებიან ფრიად.

ხოლო სუანეთი არს მოსავლითა და პირუტყჳთა, ვითარცა აღვსწერეთ დუალი, ანუ აწინდელი ოსეთი, და უმეტესი მწირიცა. სივიწროვით, მთით და კლდით და მდინარეებით ფრიად მაგარი. არამედ სახელი ესე ეწოდა: ოდეს ვერღარა იტევდა ძურძუკეთი კაცთა, ბ̃ მეფემან საურმაგ აჰყარა მუნიდამ და მისცა აქა სავანე და დასხნა სულნი დიდძალნი. ამის გამო იწოდა სავანეთი. არამედ არიან კაცნი დიდ-ტანოვანნი, ახოვანნი, დიდ-მძლედ მუშაკნი, ბართა შინა რაზმთა ვერ შემმართებელნი, მთათა სიმაგრეთა და ციხეთა შინა მაგარნი, სიკუდილის არა მომჴსენენი, ავაზაკნი, მეკობრენი, უწყალონი, ბრიყუნი, უზნეონი. სარწმუნოებით არიან იმერთა თანა ქართულითა და უმეცარნი აწ მისნიცა. ენა თჳსი აქუსთ საკუთარი, გარნა უწყიან ქართულიცა. პირველად იყო ეგრისის საერისთო, შემდგომად დასუეს მეფეთა მისი ერისთავი, და აწ უვისთ გელოვანი, ვითარცა პატრონი მათი, და არიან თჳსად და არღარავის მორჩილებასა შინა.

ალანისათჳს

ხოლო ალანი არს სუანეთის დასავლით და ბედიის ჩდილოთ. აქუს აღმოსავლით კავკასი და საზღვარი სუანთა; სამჴრით კავკასი ბედია-ოდიშს და ამას შორისი; დასავლით კავკასი; ჩდილოთცაკავკასი. უდის შუაში სუანეთის მდინარე. მოსავლით და პირუტყჳთ სცან, ვითარცა სუანეთი. არამედ კაცნი კერპნი, უსჯულონი. გარნა პირველ იყვნენ ქრისტეანენი და აწ კერპნი, და რომელნიმე მოჰმადიანი და მისიცა უმეცარნი. ხოლო კავკასნი, რომელნი აღვსწერეთ ამ ადგილებთა შინა, კედელის კავკასის მთიდამ, ვიდრე ჯიქეთამდე, არიან ეგრეთივე მყინვარენი მთანი, ვითარცა ქართლისანი და ოსეთისანი, სიმაღლით, მყინვარებით და ყოვლითურთ. არამედ სუანეთი და ალანი იყო კავკასისავე წილნი, და მეფეთა ქართველთა თჳთ განიმკჳდრეს, ვითარცა აღვსწერეთ.

გურიისათჳს

ხოლო გურია არა წილი ეგროსისა არს, არამედ ქართლოსისა. გარნა ოდეს გამეფდა ლეონ აფხაზთა, მაშინ ამათ არღარა ინებეს მორჩილება ოძრახოს ერისთვისა, რომელნი იყვნენ ძენი სტეფანოზ ბაგრატიონისანი, ადარნასე და ძე მისი აშოტ. ამათგან განდგნენ და მიერთნენ ლეონს, ვითარცა სახელი აცხადებს "გურიობით განდგომილნი". და ენა მათი, რომელსა უბნობენ, მესხურ და არა იმერთაებრ. არამედ მზღვრის ამას გურიას: აღმოსავლით მთა ფერსათი, სამცხეგურიას შორისი და საჯავახოს შორისი, სამჴრით ჭოროხის მდინარე და მთა მცირე, ფერსათიდამ ჩამოსული დასავლით, აჭარა-გურიას შორისი; ჩდილოთ რიონი გურია-ოდიშს შორისი და დასავლით შავი ზღუა. ხოლო რიონის თუალზედ, სამჴრეთის კიდესა ზედა, არს ფოთის ციხე, რომელი აღაშენეს ოსმალთა წელსა ჩ̃ღკე, ქართულსა უ̃იგ, ნავსადგურობისათჳს, და დგანან მუნ მჯდომარის ფაშით. აქ ერთვის რიონს მცირე მდინარე, და ამ ფოთის აღმოსავლით, რიონის კიდესა ზედა არს ლანჩქუთი. ამ ლანჩქუთის სამჴრით წარმოვალს მთა საჯავახოს მთიდამ დასავლეთად, და, სადაცა დასწყდების მთა ესე, არს ამ მთის მაღალს თხემსა ზედა ეკლესია ჯუმათს, დიდი, გუმბათიანი, დიდშენი, მჭურეტი ზღჳსა და გურიაოდიშისა. არამედ ზამთარ არს გაუძლისი და ზაფხულ საამო, მშუენი, კეთილ-ჰაოვანი; ზის ეპისკოპოზი, მწყემსი სუფსეის მდინარისა და რიონს შორისის ადგილთა. და არს მთა ესე ჯუმათისა ტყიანი, შენობა-დაბნებიანი, ვენახ-ხილ-მოსავლიანი და ნადირ-ფრინვლიანი.

კუალად ფოთის სამჴრით, ზღჳს კიდეზე, არს ტბა პალიასტომისა, დიდი. ამ ტბიდამ შესდის ზღუას მდინარე ამისივე. აქიდამ შემოვლენან ნავნი და დგებიან ტბასა შინა განსუენებისათჳს. იპყრობის თევზნი სხუადასხუანი მას შინა ურიცხუნი. ამას იტყჳან ნაქალაქევს და შემდგომად მოცულსა წყლისაგან. კუალად ამ ტბისა და ჯუმათის მთის სამჴრით დის მდინარე სუფსეი, გამომდინარე სამცხე-გურიის შუას მთისა, მომდინარე ბახვის-წყლამდე ჩდილოსდასავლეთს შუა, ბახვის წყლიდამ ზღუამდე აღმოსავლიდამ დასავლეთად და მიერთვის ზღუას აღმოსავლიდამ. არს მდინარე კარგი და თევზიანი. ბახვის წყლის შესართავს ზეით არს ციხე ბერიძისა, სამჴრითკენ მას ზეით ჴეობა სურები, ვენახ-ხილიანი, მოსავლიანი; მოსახლენი მჴნენი. სუფსეის სამჴრით და ბაილეთის ჩდილოთ არს გურიანთას ციხე, კლდე-გორასა ზედა შენი. ამის სამჴრით დის აკეთ-ბაილეთის წყალი. გამოსდის სურების მთას, მიერთვის ზღუას აღმოსავლიდამ.

ამ მთის ძირში არს ციხე ასკანისა. ამისვე სამჴრით, მთის ძირში, არს შემოქმედი, ეკლესია დიდშენი, გუმბათიანი, შემკული ყოვლითა. იყო ესე საარქიმანდრიტო, აწ არს საეპისკოპოზო. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი მას ქუეითის გურიისა. აქა დის მცირე მდინარე, გამოსდის სურებსა და ხინოს შუას მთას, და დის გრეხით, მიერთვის ხინოს წყალს ჩდილოდამ. ამ წყალზედ, შემოქმედს ქუეით, არს ოზურგეთი, სასახლე დიდშენი, კეთილ-პალატოვანი, გურიელისა. აქავ სახლობენ ვაჭარნი სომეხ-ურიანი და ვაჭრობენ. ამ ოზურგეთის სამჴრით დის მდინარე ხინოსი, გამომდინარე აჭარაგურიის მთის. მოდის აღმოსავალ-სამხრეთს შუადამ, ჩდილო დასავლეთს შუა, ლეხეურის ციხემდე. მერმე დის აღმოსავლიდამ დასავლეთად, მიერთვის ზღუასა აღმოსავლიდამ. ამ მდინარისა და შემოქმედს შუა არს ციხე ლეხეურისა, მთის ძირს. და მას ზეით მთაში, ამ წყალზე ჴეობა ხინოსი არს მაგარი და მთებრი, არამედ ვენახხილიანი და მოსავლიანი. აქა ხინოს არს ეკლესია გუმბათიანი, კეთილ-დიდშენი, კარგს ადგილს. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ხინოსწყლის სამჴრეთისა ჭოროხამდე

არამედ გურია იყო სრულიად ქუთათლის სამწყსო, ხოლო შემდგომად განყოფისა სამეფოთა, გურიელთაგან დაიდგინნეს სამნივე ესე ეპისკოპოზნი, თჳსისა დიდებისათჳს. ამ ხინოს მდინარის სამჴრით, მთის ძირს, არს აჭვს ციხე კარგი; და ხინოს მდინარის შესართავთან ზღუაზედ არს ალამბარი, სასახლე შენი, გურიელთა, ფრიად შუენიერს ადგილს. კუალად ალამბრისა და აჭვის სამჴრით დის მდინარე ქობულეთისა. გამოსდის ხინო-აჭარის მთასა, მოდის დასავლით, მიერთვის ზღუასა ეგრეთვე. ზღვის პირს ამ წყალზედ არს ქობულეთი, მცირე ქალაქსავით და ნავსადგური ფრიად კეთილი. ამის სამჴრით დის ჩაქვის-წყალი. გამოსდის აჭარის მთას, მოდის დასავლით, ერთვის ზღუას სხუებრთაებრ. ამ წყალზე, ზღჳს კიდეს, არს ციხე ქაჯეთისა, მაგარი, მაღალსა კლდესა ზედა შენი. აქუს გჳრაბი-კლდე, გამოკუეთილი გზად. ამას ზეით არს ამ წყალზე ჩაქვი. და ამ ჩაქვის სამჴრით დის ჭოროხის მდინარე. ზღჳს შესართავზედ და ჭოროხის ჩდილოთ კიდურზედ არს ბათომი, მცირე ქალაქი და ციხე კარგი, აწ უპყრავთ ოსმალთა. ამას ზეით, ჭოროხის ჩდილოსავე კიდესა ზედა, არს ერგე, და ბათომის პირისპირ, ჭოროხის სამჴრეთის კიდეზე, არს გონია, მცირე ქალაქი და ციხე. უპყრავთ ოსმალთა, რომელი აღაშენეს ქრისტესსა ჩ̃ფმზ, ქართულსა ს̃ლე.

ხოლო სიგრძე გურიისა არს სამცხის მთის თხემიდან ზღუამდე და განი ჭოროხიდამ რიონამდე. ჰავით არს კეთილი და მშუენი, ზაფხულის ცხელი. წჳმიანი, სოული, ნოტიო. ზამთარი თბილი, დიდთოვლიანი, ვითარცა იმერეთი, და უყივნო; მთა-გორიანი, აგარაკიანი, ტყიანი და მცირე-ველოვანი. ნაყოფიერებენ ყოველნი მარცვალნი. კუალად აბრეშუმი, ბამბა არა ეგდენ. ცხოვარნი მცირედ, სხუა პირუტყუნი, თჳნიერ აქლემისა, ჯოგად, მროწლედ, მრავალნი, და მძოვარნი ზამთარ-ზაფხულს უმწყემსოთ. ფრინველნი მრავალნი, ხილნი მრავალნი. და ბათომს, გონიას და ერგეს ნარინჯი, თურინჯი, ლიმო, ზეთისხილი, ბროწეული მრავალი და ზღჳს კიდესაცა. ვენახნი მაღლარნი, ღჳნო კეთილი, მსუბუქი და შემრგო, გემოიან-სუნიანი მრავლად. არამედ მდინარეთა წოდებანი არღარა დავსწერეთ, ვინაჲთგან თჳსივე სახელნი აუწყებენ დაბებთაგან.

ხოლო კაცნი და ქალნი მგზავსნი იმერთა ზნითა, ქცევითა, სარწმუნოებითა, რჯულითა. სამწყსონი აფხაზეთის კათალიკოზისანი, შემოსილნი ეგრეთვე და შუენიერებითაცა, არამედ უმეტეს კეკელანი და რბილნი, ენა-ტკბილმოუბარენი, უმეტეს წიგნის სიტყვით (მესხთაებრ), არამედ ქართულისავე ენისანი და არა სხჳსა. ბრძოლასა შინა შემმართებელნი და იმერთა თანა ვერ შემდარენი, უქურდალნი, უავაზაკონი; ვითარცა ოდიშარნი, სტუმრის მოყუარენი და კეთილად შემწყნარენი, კეთილ-მგალობელ-მწიგნობარნი, მშჳდნი, არამედ მყის გულმწყრალნი. გარნა გურიელს ეპყრა ოდესმე აჭარა, ჭანეთი, არამედ არს სამცხისა. ამისთჳს მუნვე დავსწერეთ.

ხოლო რაოდენნი ქუეყანანი ანუ ადგილნი დავსწერენით - მთათა, ბართა ანუ კავკასთა შინანი - საქართველოსანი გარნა თუ აქუთ ზოგთა ენა სხუა, თჳსნი საკუთარნი, არამედ წიგნი არცა ერთსა რომელსავე აქუს, თჳნიერ ქართულის წიგნისა საკუთრად.


ცხორება სამცხე-კლარჯეთისა ვახუშტი ბატონიშვილი - "აღწერა სამეფოსა საქართველოსა"
ავტორი: ვახუშტი ბატონიშვილი
ცხორება ეგრისისა, აფხაზეთისა, ანუ იმერეთისა