ახლაც ვიგონებ მეგობრის საფლავს
Appearance
ახლაც ვიგონებ მეგობრის საფლავს ავტორი: ტერენტი გრანელი |
ახლაც ვიგონებ მეგობრის საფლავს
და სიჩუმეა აქაც და იქაც.
ახლა ღამეა, მე ვწევარ დაბლა
და მაღლა ვიღაც ატირებს სკრიპკას.
და ჩემი ლექსი შეღება სისხლმა,
რა ბრწყინვალეა ცა იქაური.
და ოთახიდან მესმის ფეხის ხმა,
და ოთახიდან მესმის ხმაური.
და ჩაქრა შუქი თავისუფლების,
სიბნელე ირგვლივ დაფენილია.
ნელა მიდიან შავი ღრუბლები,
გარეთ ვიღაცას უყეფს ფინია.
ახლაც ვიგონებ მეგობრის საფლავს
და სიჩუმეა აქაც და იქაც.
ახლა ღამეა, მე ვწევარ დაბლა
და მაღლა ვიღაც ატირებს სკრიპკას.