ახლაც მახსოვს ზოზია
Appearance
ახლაც მახსოვს ზოზია ავტორი: ტერენტი გრანელი |
ახლაც მახსოვს ზოზია,
მისი თეთრი სავანე.
აქ რვა კვიპაროსია
და თერთმეტი სამარე.
მაღლა ვიღაც კაცია,
უფრო ტკივილს განვიცდი.
ახლო დგას აკაცია,
ეს რა ხეა - არ ვიცი.
სევდა მიყვარს და იგი
ჩემთვის მხოლოდ გულია.
მავთულია და იქით
გასვლა აკრძალულია.
ახლაც მახსოვს ზოზია,
მისი თეთრი სავანე.
აქ რვა კვიპაროსია
და თერთმეტი სამარე.