ახლა სადღაც შორს ქრიან ქარები
Appearance
ახლა სადღაც შორს ქრიან ქარები ავტორი: ტერენტი გრანელი |
ახლა სადღაც შორს ქრიან ქარები,
ახლა სადღაც შორს ნელა მიდიან.
ღამეა წვიმის და მწუხარების
და ჩემი საქმე ვერ გამიგია.
აქ ჩნდება ხსოვნა უფრო მზიანი,
მივალ ცეცხლისკენ უფრო გაგებით.
სად არის მაინც ქელბაქიანი?
ან სად არიან ამხანაგები?
ანდა ვინ მოვა, არა მყავს კაცი,
მე თუ დამიხსნის - მხოლოდ უფალი.
როდის იქნება ის დღე ძვირფასი,
როცა ვიქნები თავისუფალი.
ჩემთვის ქვეყანა აბოს გულია
და მენატრება ღია კარები.
და სადღაც მხოლოდ ორი ქალია
და ახლა სადღაც სდუმს აგარელი.