Jump to content

ახლა ჩემს ირგვლივ მეტი ხალხია

From Wikisource
ახლა ჩემს ირგვლივ მეტი ხალხია
ავტორი: ტერენტი გრანელი


ახლა ჩემს ირგვლივ მეტი ხალხია,
მე მაინც ვფიქრობ ცისფერ ღამეზე.
ჩრდილია, ვწევარ და მეშინია,
რომ სახურავი თავზე დამეცეს.

შორი სივრცეა ხეების იქით,
ვწევარ და ისევ წამი გავიდა.
მზიანი დღეა, მაწვალებს ფიქრი
და ზეცას ვუმზერ სახურავიდან.

რას ვიზამ, სიკვდილს ვერ გავექცევი,
ის ფარულია, აი ეს ჩნდება.
ახლა მებრძვიან, ჩემი ლექსები
არ ვიცი, როდის დაიბეჭდება.

რესურსები ინტერნეტში

[edit]