აჰა, ისევე!
Appearance
აჰა, ისევე! ავტორი: ანა კალანდაძე |
ვარსკვლავნი ჩაქრნენ, ცათაფრენა
თითქოს... არსაით!
მოზღვავდა ბნელი, მაგრამ ეს ხმა,
ეს ხმა ვისია?
მარადისობავ, სით მეწევი?
აჰა, ისევე
ცის დასალიერს
მირიადი
დაჩნდა
ვარსკვლავი!
დროთა ველურთა შემობრუნებავ,
ჰა, შენეული მახვილ-ისრები...
ამხედრებულან ისევ ჰუნები,
ქარს მოჰკივიან მინდვრად ისევე!
ქრიან ცხენები არაბ-მონღოლთა,
სისხლიან გზებით მოთქარუნობენ...
აღარ თავდება ჩვენი გოლგოთა,
დროთა ველურთა შემობრუნებავ!