Jump to content

ბულბულის ციხე

From Wikisource
ბულბულის ციხე
ავტორი: გიორგი ლეონიძე


ბულბულის ციხე, ბულბულის ციხე,
ბულბულის ციხე გასაგონია?
შესტყორცნის ჰანგებს უღრუბლო ცისკენ,
მღერის, რაც ჩვენთვის სავარგონია!

ბულბულს რათ უნდა ციხე, მითხარი,
კედლების სისქე, ბორკილის სისქე?
იგი ხომ არი სტვენით მდიდარი,
გვეპატიჟება ცისკრისას ცისკენ!

თუ კაცუნა ხარ, თუ დაჩიავდი,
მაშინ გწამს ბნელის გარდუვალობა;
მაგრამ რათ უნდა ბულბულს წყვდიადი,
მას უყვარს ვარდი, მთვარე, გალობა.

სიტკბოს რაკრაკის ნარნარ ნაკადში,
ვინ არის, ვინა, გულს რომ გვიბანგებს?
რა შეაჩერებს ბულბულის ჰანგებს?
ასი ციხე რომ აუგონ განგებ?

მთებს აამღერებს, ტყეებს და მინდვრებს
ჩარხი მიწისა ტრიალებს ვიდრე...
ბულბულს რათ უნდა ციხე, მითხარი,
შმორი, წყვდიადი, პირქუში ციხე?

დამდუღრებული უნდა სიტყვანი,
დაბროლებული, უმანკო სივრცე.
და ყელში, ყელში ოქროს ძაფები,
ოქროს გულიდან ოქრო რომ მისცეს,

ერთი სიმღერა მხოლოდ ნაქები,
გულმისწრაფებით წასული მზისკენ!..
შეჰხედე ციხეს, თუ ხარ მჭვრეტელი,
დახე, სიმღერამ რა უყო ციხეს?

მისთვის დამდნარა ციხის კედელი
და საძირკველი ოდესღაც მტკიცე.
უკვდავ სიმღერას რა გააჩერებს,
გინდაც ქვეყანა აქციონ ციხედ?..

პატიმარ ბულბულს ვინ დააჯერებს
სიკვდილში? თუ კი გულზე სხივს იხვევს.
არ ეშინია მწარე ეკლისაც,
ოქროს ზვირთებში ხმას გააცურებს,

თუ თვალი ბნელით ამოეგლისა,
მაინც სიცოცხლეს დაადასტურებს.
სიმღერის გამო ვინ გაარისხეს,
ბულბულის ციხე ვის აუგია?

რა აუგია “ბულბულის ციხე”,
მაგრამ ბულბული ვის არ უქია?
ვინ არი მისი შეუსმინარი,
მიწა თუ ცათა ლურჯი მინარი?

თუ არა კაცი შლეგი, თავნება,
უგუნურობის ამპარტავნება!