Jump to content

გადარჩება? - ექიმებს ეკითხება ზოზია

From Wikisource
გადარჩება? - ექიმებს ეკითხება ზოზია
ავტორი: ტერენტი გრანელი


გადარჩება? - ექიმებს ეკითხება ზოზია,
გადარჩება? - გმინავენ ლაზარეთის კედლები.
დაო, შენი ცრემლები ჩემთვის ავგაროზია,
დაო, მჯერა სიცხიანს, სადღაც დავეხეტები.

გადარჩება? - ექიმებს ეკითხება ჩემი და,
მე კი მიახლოვდება სამუდამო ქაოსი.
ვიხედები გარშემო და ამ სარეცელიდან
ყველაფერი შორსაა, გარდა სასაფლაოსი.

უიმედო წუთები თურმე უფრო სწრაფია!..
(სადღაც ზარის რეკვაა. ილესება ისარი).
ჩემი სუსტი სხეული - გაწყვეტილი ძაფია,
ჩემი შემოქმედება - დედამიწის სიზმარი.

ჩემს გარშემო ბურია, ჩემს გარშემო ნისლია,
მოჩვენება შემოდის ღია თვალთა გუგებში.
ყველაფერი ცივია, რაც კი მარადისია!..
აი, სწორედ ამიტომ არ ვიწამე ნუგეში.

გადარჩება? - ექიმებს ეკითხება ზოზია,
გადარჩება? - გმინავენ ლაზარეთის კედლები.
დაო, შენი ცრემლები ჩემთვის ავგაროზია,
დაო, მჯერა სიცხიანს, სადღაც დავეხეტები.

რესურსები ინტერნეტში

[edit]