Jump to content

გაზაფხული (თედო რაზიკაშვილი)

From Wikisource
გაზაფხული
ავტორი: თედო რაზიკაშვილი
1898


გაზაფხული
ჯერ ისევ ყინვა მეფობდა და ბატონობდა ზამთარი; ჯერ ისევ ზამთრის შიშით იჭუჭკებოდა მთა-ბარი. ბარად მტკვრის ველზე ერთად შეყრილიყვნენ: ყინვა, თოვლი და ნამქერი. ზამთარიც იქ იყო და დიდად თავმოწონებული შეჰკვეხოდა თავის ხელქვეითებს.
- რა სულელია ხალხი, რა უჭკუონი და უტვინონი არიან ეს ორფეხა ჭია-ღუები, ადამიანებს რომ ეძახიან! საწყლები! ვითომ იციან კიდეც რამე. ოთხმოცდაათი დღის მეფობა დამიწერეს, მარტო სამ თვეს უნდა იბატონოსო. ის კი არა, თუ მე ოთხ-ხუთ თვესაც არა ვჯერდები. ეს სულ ამ სამხრეთის ბრალია, მზე ახლო ახლავთ და იმისი იმედი აქვთ. ახლა ჩრდილოეთისკენ წავიდნენ, თუ ჩემი დიდების შეტყობა უნდათ, - რა ყინულის ციხე ქალაქები მაქვს გადაჭიმული. აბა ჰკითხეთ ჩრდილოეთის მცხოვრებთა და ჩემი ძლიერების ამბავს ისინი გეტყვიან უტყუვრად.
- ფიცი არ უნდა, დიდებულო მეფევ ზამთარო, - ხრიტინებდა ნამქერი, თითქო ყელზე თოვლი ადგებაო. - მართალსა ბრძანებთ, თქვენ ძალას რაღა ქება უნდა.

  • * *

ამ დროს ნამქერისგან გატიტვლებულ ადგილებისთვის მზეს მოესწრო, და რაც დანარჩენი თოვლი ეფრქვია, გაედნო, მიწაც გაელხო და აეტალახებინა. ამ ალაგებში ენძელას თავი ამოეყო და ზამთრის ბაქიბუქს ყურს არ უგდებდა. ზოგი თეთრი იყო, ზოგი სოსანი, ზოგიც ბაცი წითელი.
- მშვიდობა შენდა, გაზაფხულის სტუმარო, მშვიდობა შენსა მოსვლას. მრავალ წელსაც გვახარებ გაზაფხულის მოსვლასა. გიშველა ღმერთმა, რომ ზამთრისაგან დაჩაგრული გული გამიმხიარულე. - ეუბნებოდა ცალფეხზე მდგომი ღალღა ენძელას და თან თავის გრძელ ნისკარტს მიწაში ურევდა.
- არ გეშინია ზამთრისა, რომ მაგრე გულადად ამოსულხარ? უყურე ამ შენს ახლო მდებარე თოვლსა, რამდენია! ან ნამქერისა არ გეშინია? დაუბერავს ნამქერი, დაჰქროლავს, დაიგრიალებს და ამ შენ ადგილს ყელამდე მიჰყრის. ხომ დაიხრჩვე იმოდენა თოვლისაგან, ხომ გაიჭყლიტე! მე ჩალა ლერწმებში ვიმალები ხოლმე იმის შიშით და ვაფარებ თავსა. მესმის ხოლმე, როგორ ზუზუნებს და ხვივის ნამქერი. მესმის ჭილს რომ ჰკითხავს ჩემ ამბავს:
- აქ რომ ღალღა დაიმალა, მითხარი სად არის, ჭილო შე ეშმაკის კერძო, თასმასავით რომ იგრიხები, მიჩვენე იმის ბინა!
- “არა ვიცირა. ან შენ ვის ეძებ, ან ვინ დაგემალა, - უპასუხებს ჭილი, - არავის ჯაშუში არა ვარ, მე მოსულ-წასულების გზას არ ვუცქერი”.
- მესმოდა როგორ გაჯავრდა, გაბრაზდა და ხრიტინებდა ნამქერი, როგორა ჰგრეხდა ჭილსა და დედამიწაზე აწვენდა.
- მშვიდობით, დაო, მშვიდობით, ფრთხილად იყავ, ზამთარს ნუ ეხუმრები, მე ბევრჯელ მიწვნევია მისგან წვენი, - ეთხოვებოდა ღალღა ენძელას და თავის გრძელი კანჭებით ჭაობებისაკენ მიაბოტებდა.
- მადლობელი ვარ, მადლობელი, ჩემო ღალღა, მეც ამ დროსა ვყვავი და ზამთრისგან გულგატეხილებს იმედს ვუღვიძებ, მოტიტვლებულ, უსიცოცხლო მინდორზე აყვავებულს რომ მნახავენ, თორემ ზაფხულში მე სადღა გამოვჩნდები! მშვიდობით, მშვიდობით, წადი.

  • * *

ზამთარს ქრისტეშობისთვე და იანვარი წასვლოდნენ. თებერვალს მოელოდა. მგონი მოსვლოდა კიდეც. დიდ სიხარულში იყო ზამთარი. სად მთები თოვლით გადაელესა, ხევები ნამქერით აევსო, მდინარეებზე, ხევებზე, ტბებზე ყინულის ბოგირ-ხიდები გაემართა. წყლის პირას მდგომ ბუჩქნარ-ბუწკნარებს თოვლი ყელამდე მოსდგომოდა.
- ფუ, ფუი, - იბერავდა და იფურთხებოდა კატა-ფშატა. - ლამის ამ ნამქერმა თოვლში ამომახრჩოს, პირი და ყელ-ყური სულ თოვლით გამომივსო.
- ეჰ, შე მამაცხონებულო, შენ ყელ-ყურსა სჩივი და მე კი აღარა მკითხავ, ლამის წელი მომწყვიტოს ამოდენა არზანმა. - იძახდა თოვლიდან გამომძვრალი კვრინჩხი და თან იბერტყებოდა. ამ ოხერმა მომიმწყვდია ქვეშ და ზევიდან დამაწვა. სამი თვეა, სული არ შემიქცევია, კინაღამ დამახრჩო.
- სამი დღეა ბალახი თვალით არ დამინახავს, - ბუზღუნებდა კურდღელი, - ვთხრი ფეხით თოვლსა, მინდა გამოვაჩინო ხმელი ჯოყარი მაინც, ვეფლობი შიგ, ლამის მეც დავიხრჩო, თორემ ბალახს კი რას დავუწვდენ. ხის ქერქსღა ვხრავ და იმით ვსაზრდოობ.
ბეღურა ჩიტები საბძლებსა და დერეფნებში იმალებოდნენ. ყვავიც კი მობუზულიყო და საცოდავი ხმით ჩამოსჩხაოდა მბოლავ ბუხრებს. ალბათ სუნი თუ მისდიოდა ცეცხლზე შედგმული საჭმლისა.

  • * *

ადიდოს და გააძლიეროს დიდი და სპეტაკი ქვეყნისმპყრობელი ზამთარი! დღეგრძელჰყოს მბრძანებელი უკუნითი უკუნისამდე - მიესალმა თავდაბლად თავდახრილი თეთრსამოსლიანი თებერვალი ზამთარს.
- აბა რა ამბავი მომიტანე ურჩი ქვეყნისა, ჩემო ყოჩაღო - თებერვალო, ღალატი ხომ არსად შენიშნე, ჩემ ბრძანებას ხომ არ ეურჩებიან, ხომ ეშინიათ ჩემი? რას ამბობენ, წინააღმდეგობას ხომ არსად წააწყდი?
- თქვენი და ღვთის წყალობა ნუ მომაკლოს საშვილიშვილოდ! - თქვენი ყველას ეშინია. ისეთს არავის შევხვედრივარ გზებზე, რომ კანკალს არ აეტანოს და სიცივით ჭიაყელასავით არ მობღუნძულიყოს. ხალხი სულ სახლებში იმალება. შიშით თავს ვერავინა ჰყოფს გარეთ. წუხელ სოფელში ჩამოვიარე, ვახშმობა იქნებოდა, ჯერ ერთ კარებთან მივედი, სინათლე არ გამოდიოდა, შევიხედე, რას დავინახავდი, ყური დავუგდე, კვნესა ისმოდა.
- მოვკვდი სიცივით, - იძახდა თავგანწირულებით ვიღაცა - ნეტა ერთი ღერი შეშა მაინც იშოვებოდეს სადმე, ლამის ბალღები სიცივით დამეხოცონ. წუხელის აკვნის ბავშვი გაფიჩხებულიყო აკვანში. ბევრი ვათბეთ, ვზილეთ, მაგრამ ვეღარ გამოვაბრუნეთ!
- ვაიმე დედავ, ვაიმე, მცივა, მცივა, დამხურეთ ეს საბანი! - წრიპინებდნენ საცოდავად ბალღები.
დედა იმედს აძლევდა: მოითმინეთ, შვილო, მოითმინეთ, სადაც ბევრი გავძელით, შვილო, ცოტაც მოვითმინოთ. საცაა მარტი დადგება და ძვლები გაგვითბებაო.
ახლა სხვაგან ჩავიარე, სინათლე გამოდიოდა, ჭრაქი ებჟუტათ, ერთი მუგუზალი იდვა ბუხარში, სულ იმას შემოხვეოდნენ, ზოგს ფეხები წაეყო ნაცარში, ზოგს გვერდი მიებრუნებია, ზოგნი უბერავდნენ. იქაც ზამთარზე იყო ლაპარაკი.
- რამდენი ზამთარი გვინახავს და ამისთანა უღმერთო ყინვიან ზამთარს არ შევსწრებივართ. კიდევ მადლობა ღმერთს, თუ ცოცხლები გავახწევთ. ზაფხული ღონიერიაო. საცაა გაზაფხული დადგებაო. სადაც მიველ სულ გაზაფხულზე ლაპარაკობდნენ. არ მომწონს ამისთანა ლაპარაკი, მარა როგორ დავაშლევინოთ, არ ვიცი, რა ვუწამლოთ. - ამბობდა თებერვალი.
- სხვა კიდევ რა ამბავი? - იკითხა ზამთარმა.
- არ მომწონს ეს დრო, არ მომწონს, - ნაღვლიანად წუწუნებდა თებერვალი. - სულ რაღაც ურჩობის ხმა ისმის, რაღაც სხვანაირი სუნი ტრიალებს ჰაერში. ჩვენ ჩვენსას ვშვრებით და მინდორს და ტყეს რო ვუცქერი, თითქო ფშვინვენ, თითქო დაცოცხლდნენ, თითქო რაღაცას ემზადებიან. სადაც კი მშრალი ადგილებია, სულ წითელ-ყვითელი ენძელებით ამსილა. წნორები და ტირიფ-დვნალები სხვა ფერზე ბზინავენ. შემოდგომაზე ხეხილებს თითობეწვა კვირტები ჰქონდათ, ახლა გამსილან, დაბერილან, დაჭიკნულან, მზეცა გვღალატობს, სულ მაღლა-მაღლა მიდის და დღე მატულობს. სულ ამ გაზაფხულის ბრალია, გაზაფხულისა! იმას არავისი ეშინია კაცებივით. ოჰ, იმისი ჯავრი!
ამ ამბებზე ზამთარმა შუბლი შეიჭმუხნა, გრძელ თეთრ წვერებს ხელით ასწია და შეუბერა. საშინელება რამ მოხდა: ატყდა საზარელი ქარი და გრიგალი, დატრიალდა თოვლის სვეტი და სხეტი. დაბნელდა მზე, დაიბურა ცა და დაიწყო შესაზარავად სტვენა ქარმა.
თითქო ნიჩბებითა ყრიანო, დაიწყო თოვლის ყრა, გაივსო ქვეყანა თოვლით. გაიჭედა ხევები და ღელეები. მოიყარა ყელამდე ტყე და მინდორი. შეხედა ზამთარმა თავის ნაქნარს, ფრიად იამა. ახლა კი ენძელებიც დაიხრჩობოდნენ, ხეებიც დაიმტვრევიან და ვეღარც ჟიჟო გაბედავს მიწიდან ამოძრომასა!
მოასვენა გული ზამთარმა; ასე ეგონა, ეს არის გაზაფხული ვეღარ მოვაო. გაშალა თავისი თეთრი კარავი და მოსვენებას მისცა თავი. მარა მზეს არ ეძინა, -გაზაფხულის წინამორბედი, თეთრად შემოსილ დედამიწას აჭერდა და შეშინებულ-შემკრთალი თოვლი დედამიწაში ძვრებოდა წყლის ცვრად ქცეული. ზამთრისაგან გაკეთებული ყინულის ხიდ-ბოგირები ინგრეოდა, ტყდებოდა და ხრიალით წყალი მიაქანებდა. თეთრი ფერის მაგივრად მწვანე ფერი ედებოდა არემარეს.
თითონ გაზაფხულიც შორს არ იყო, მოწინავე მახარობლები კიდეც მოსულიყვნენ და გაზაფხულიც თავის ბრწყინვალე ამალით უკან მოდიოდა.
გააღე კარი! მოესმა ხმა ზამთარს, ქეიფში მყოფს, - და თან ძალიან დააკაკუნეს კარი... გააღე კარი! - მოისმა კიდევ.
ზამთარი ამ ხმაზე შეკრთა, ფერი ეცვალა, ხმა ვეღარ ამოიღო, მომაკვდავს დაემსგავსა.
- დამიცალე კარავი, გააღე კარი! - მოისმა კიდევ ხმა და ეს უბრალო ხმა ჭექა-ქუხილად გადაიქცა. თითქო დედამიწა დაინგრაო, მინდორი და მთები სულ იძვროდნენ ამ ქუხილისგან. მოხსნა პირი და დაუშვა შხაპუნა წვიმამ. კაი ხანი ისმოდა ხევების ღრიალი და შორეული ქუხილის რაკრაკი.
როცა ყველა დამშვიდდა, ღრუბელი გადაიყარა, ცამ გამოინათლა და მზემ გამოაშუქა, - ზამთარი აღარსად ჩანდა, აღარც იმისი კარავი. ჭალებში მურყნები საამურად მწვანეთ ბზინავდნენ.
- ჩირთი შემოვიდა, ჩირთი! გაზაფხული მოვიდა, გაზაფხული! - ისმოდა აღტაცებული ხმა სულდგმულთა.
1898 წ.