გათენებისას მერძევე მოვა
Appearance
გათენებისას მერძევე მოვა ავტორი: გიორგი ლეონიძე |
1929 წელი |
გათენებისას მერძევე მოვა,
მას გაეღება პირველად კარი...
გაიშრიალებს ოთახში ყანა,
ოქროს ეჟვნებით წკრიალებს მტკვარი.
ბიბინებს ქართლი ზურმუხტის ზღვათა,
მოფრიალებენ ტყემლის აფრები,
და ფიროსმანი დუქანში ჰხატავს
ჭიქა არაყზე ფრინველს გაფრენილს.
ვიცი, თბილისი ჰხვდება განთიადს,
ღრუბლებს ჰკიდიათ იის ბუჩქები,
ვიცი, რა ცეცხლიც გულში ანთია
და მდიდარი ვარ დასაჩუქრებით.
მიყვარს დილის ცა, ზღვა და ბალახი,
მიწა, მერცხლის ფრთით შემოხაზული
და სადღაც ერთი მცირე ქალაქი, ―
ძველი საძირკვლით მიწას ჩასული...