Jump to content

გრიგოლ მეგრელიშვილის საფლავზე

From Wikisource
გრიგოლ მეგრელიშვილის საფლავზე
ავტორი: გიორგი ლეონიძე


დავიწყებულო,
დამიწებულო,
დანაცრებულო ყრმაო პოეტო,
თათრის ტყვიებით დაძინებულო,
შენი წყლულები გულს შემოენთო!

მხედარო, სისხლით მოჭირნახულევ,
შენი ნავარდი თუ მაქვს ხილული;
აი, სამარეც მოვინახულე,
დიდი ცაცხვებით გადაჩრდილული.

შენც მოგხვდა ხელი ველურ მეკობრის,
გტკივა წყლულები? წყალი გწყურია?
ზედაშე?!
ვაი, მრავალ მეგობრის
სხეული ტყვიით მოკირწყლულია!
ცივ ფარაჯაზე ცრემლი გეცემა,
მომესმის გმინვა გათანგულისა!
ძველი ტკივილის დაორკეცებამ
გახსნა იარა ჩვენი გულისა.

-ღიმილის ბიჭო, შენ აქ რა გინდა,
შთამომავლობამ გმირად გახსენა;
ხომ დაიცალე, ძმაო, სისხლიდან,
ძველი მესხეთის გამოსახსნელად!

ყრმები დავშორდით…მოველ ჭაღარა,
-აღსდექ, - მოგძახის შენი თაობა,
მამულისათვის თუ შეგრჩა-ღა-რა
შემართება და გამბედაობა!

გახსოვს, პირველი ლექსის ალმური,
ის ოქრომკერდი განა დამპალა?
გადაგიმსხვრიეს თუმც სალამური,
გულში გვინთიხარ ყრმობის ლამპარად, -

თანშეზრდილ ძმებს და ტოლ ამხანაგებს,
ვისაც გვსმენია სიმღერა შენი;
შენი აჩრდილი ჩვენს ფიქრს განაგებს,
და ძველებურად ძმობაშიც შვენი!

მაგრამ, სიკვდილმა სიმნი დაცელა,
სიტყვის მუხლს ვეღარ შეეჭიდები;
რაც ვერ მოასწარ ლექსის დაწერა,
იმას მღერიან ხეზე ჩიტები!
ნუ გეშინიან, არ დაკარგულა
შენი რითმების მარგალიტები,
ნამად ვარდებზე ამოქარგულა, -
გმირის სახელი ხალხმა გარგუნა
უძველეს გმირთა მაგალითებით.

შენი ღიმილი გახარებული
ნაკადულებს და წყაროებს შერჩათ;
თათრის ტყვიებით დაცხავებული
ჩვენს წინაპრებთან წახვედი ელჩად...

გაჰქრეს საფლავი!
მეგობრულ ღიმის,
მეგობრის ნაცვლად როგორ ვუყურო?
არ გესმით, ირგვლივ წკრიალებს სიმი,
შეთრთოლდა კიდეც ცაცხვი ფუღურო,
ცეცხლის ხმლიანი დგას სერაფიმი,
ვგონებ, სიმღერამ დაიგურგუროს…
ახ, ცხრამეტი წლის მკვდარო ბულბულო,
ცხრამეტი ტყვიით გადაბუგულო!

გურიის მთებო, მოგისამძიმრებთ,
გაჩუმდა ჩანგი, თქვენ რომ გფერობდათ;
ჩასჭკნა ყვავილი, რომელიც, იქნებ,
მთელ საქართველოს გადაჰფენოდა!

რესურსები ინტერნეტში

[edit]