გული ქარისკენ
Appearance
გული ქარისკენ ავტორი: ტერენტი გრანელი |
ჩანს დღეა თბილი,
თანაც ქარია.
დავყურებ თბილისს
და მიხარია.
და მზიან ამინდს
შვენის წუთები.
მოვა სხვა წამი
და შევწუხდები.
მზე სხივებს გაშლის,
როგორც კრებული.
ვარ ისევ ქარში
გაჩერებული.
და ვნანობ გვიან,
დღეა ანთების
და მზეში კრთიან
შორს გუმბათები.
ირევა ფიქრი,
ცა გაშლილია.
და ბაღის იქით
მთების ჩრდილია.
უფრო ვარ ასე,
გზა მიდის სწორედ.
გული ქარისკენ
გადავისროლე.
ჩანს, დღეა თბილი,
თანაც ქარია.
დავყურებ თბილისს
და მიხარია.