Jump to content

გუშინ ცხელოდა, დღეს სიცივეა

From Wikisource
გუშინ ცხელოდა, დღეს სიცივეა
ავტორი: ტერენტი გრანელი



გუშინ ცხელოდა, დღეს სიცივეა,
მთებზე ნისლია გადაწოლილი.
ჩემი სიცოცხლე ხომ ციმციმებდა,
დღეს მწუხარება მისდევს ზოლივით.

შუქი ეცემა მოღლილ მიწაზე,
შუქი, სიმშვიდის გამომსახველი.
მე მივდიოდი, შენ დამინახე
და შენ იკივლე ჩემი სახელი.

ეს ჩუმი ზეცა და სიცისფერე
იყო მარადის ჩემი ნუგეში.
დღეს დავიღალე და მე ვისვენებ,
ვისვენებ ბაღში და სილურჯეში.

გუშინ ცხელოდა, დღეს სიცივეა,
მთებზე ნისლია გადაწოლილი.
ჩემი სიცოცხლე ხომ ციმციმებდა,
დღეს მწუხარება მისდევს ზოლივით.