Jump to content

დამეხსენი, ჩრდილოელო!

From Wikisource
დამეხსენი, ჩრდილოელო!
ავტორი: აკაკი წერეთელი


დამეხსენი, ჩრდილოელო!
რა მაქვს შენთან საზიარო?
თვით ოხერო, მოუვლელო,
როგორ გინდა მომიარო?
ბუნებისგან დაჩაგრული
განა შესძლებ მეგობრობას?
მოშხამული, ცივი გული
სხვას რას გასწევს, თუ არ მტრობას.
წლიდან წლამდე უცნაურად
გეყინება ტვინი თავში!
უნდა ძალაუნებურად
ეხვეოდე დათვის ტყავში!
-დამეხსენი, ჩრდილოელო!
რა მაქვს შენთან საზიარო?
ნუ, ნუ ჰფიქრობ, ჩემო მწველო,
რომ მფლობელად აღგიარო.