Jump to content

დებისგან ისევ მივიღე ცნობა

From Wikisource
დებისგან ისევ მივიღე ცნობა
ავტორი: ტერენტი გრანელი


დებისგან ისევ მივიღე ცნობა
და მოქანცული ბაღში მოვედი.
ეს არის ფიქრი, ეს არის გრძნობა
და ეს დარდია დაღლილ პოეტის.

ღმერთო! მძიმეა ჩემი სხეული,
რას ვუცდი, ანდა ვის ველოდები.
მე ვზივარ ბაღში გარინდებული
და შრიალებენ ცაცხვის ფოთლები.

დღეს იბადება ასეთი აზრი:
სად არის ძირი ჩემი წამების.
ცარიელია, არავინ არ ზის,
ცარიელია ბაღის სკამები.

და ირხევიან ისევ რტოები
და სადღაც დგანან შორს ალუჩები.
ალბათ ბაღს უფრო აფართოებენ
და მუშაობენ ბაღში მუშები.

დებისგან ისევ მივიღე ცნობა
და მოქანცული ბაღში მოვედი.
ეს არის ფიქრი, ეს არის გრძნობა,
ეს არის დარდი დაღლილ პოეტის.

რესურსები ინტერნეტში

[edit]