დუმილია და მარხავენ ცხედარს
Appearance
დუმილია და მარხავენ ცხედარს ავტორი: ტერენტი გრანელი |
დუმილია და მარხავენ ცხედარს,
რა ვქნა, მინდა, რომ ბრძანებას ვწერდე.
საღამოა და მე ახლო ვხედავ
ეკლესიის დახავსებულ კედელს.
სადღაც ახლა ჟივილია ჩიტის,
მარტო დავრჩი კვლავ, დიდება უფალს.
სამშაბათის საღამოა მშვიდი
და მერცხლები ასკდებიან გუმბათს.
სულში თეთრი სიჩუმეა დღესაც,
რა ვქნა, ისევ უიმედო ვრჩები.
ცისკენ მივალ და მწყურია ზეცა,
რადგან მიწა სამარეა ჩემთვის.
დუმილია და მარხავენ ცხედარს,
ისევ მინდა, რომ ბრძანებას ვწერდე.
საღამოა და მე ახლო ვხედავ
ეკლესიის დახავსებულ კედელს.