დღეს
Appearance
დღეს ავტორი: ტერენტი გრანელი |
ფიქრი და ველი
ქარს უკავია.
დღეს რუსთაველის
ქუჩას გავიარ.
შენ გესმის კვნესა,
და შენ იხრები.
და ვიცი, დღესაც
მე დავიღლები.
უწინ, ოდესღაც,
შენ მაფასებდი.
ახლა? - როდესაც
დღეა ასეთი!
ფიქრი და ველი
ქარს უკავია.
დღეს რუსთაველის
ქუჩას გავიარ.