Jump to content

ელავს ზეცა და ღრუბლები შავი

From Wikisource
ელავს ზეცა და ღრუბლები შავი
ავტორი: ტერენტი გრანელი


ელავს ზეცა და ღრუბლები შავი,
ისევ გაჩნდა მოგონების გრძნობა.
დილა არის, ძლივს მიფრინავს ყვავი,
გრიგალს მივსდევ და მიწევენ მტრობას.


ნელა მივალ და ველია მშრალი,
მთების იქით ჩანს ნაპრალის ბოლო.
მთების იქით ღრუბელია შავი,
წინ მძინარე მინდვრებია მხოლოდ.


გრიგალს მივსდევ, ვარ მწუხარე სახის,
მიმაქვს დარდი, მე არ ვიცი, რატომ?
მინდა იყოს აქ პატარა სახლი, ხალხს
მოვშორდე და ვიცხოვრო მარტომ.


ელავს ზეცა და ღრუბლები შავი,
ისევ გაჩნდა მოგონების გრძნობა.
დილა არის, ძლივს მიფრინავს ყვავი,
გრიგალს მივსდევ და მიწევენ მტრობას.

რესურსები ინტერნეტში

[edit]