Jump to content

ეს დღე შორს წავა, ეს დღე მოკვდება

From Wikisource
ეს დღე შორს წავა, ეს დღე მოკვდება
ავტორი: ტერენტი გრანელი


ეს დღე შორს წავა, ეს დღე მოკვდება,
კვლავ დაიწყებენ თვალები რონინს.
ისევ ერთმანეთს უახლოვდება
სული ჩემი და გალაკტიონის.

და სადმე წასვლა მეც მინდა ეხლა,
და ისევ კივის ზარი სიონის.
დაიგვიანა, რატომ ამდენხანს
არ ჩამოვიდა გალაკტიონი.

და სხვაგვარია ეს ფიქრი დილის,
და ისევ მარტო მივდივარ ბაღში.
გალაკტიონი გაექცა თბილისს,
და მე, ძვირფასო, ისევ აქ დავრჩი.

რესურსები ინტერნეტში

[edit]