ეს სავადმყოფო კუბოს მაგონებს
Appearance
ეს სავადმყოფო კუბოს მაგონებს ავტორი: ტერენტი გრანელი |
ეს სავადმყოფო კუბოს მაგონებს,
სიკვდილზე ფიქრი აქ უფრო მღალავს.
გამომელია მართლა ძალ-ღონე,
გამომელია სიცოცხლის ძალა.
ჰა, თორმეტია, ეს დღე ბერდება,
დღეა მზიანი და არის კვირა.
ვატყობ ეს გული დღეს შეჩერდება,
დღეს ვიმყოფები სიკვდილის პირას.
ვსუნთქავ და წამი მიმაქვს წვალებით,
ვწევარ ლოგინში მუხლმოდრეკილი.
მზიანი დღეა, და სათვალებით
შემოდის ჩემთან თეთრი ექიმი.
დღეა და ახლო ყივის მამალი,
თან გაყვითლება იწყეს თვალებმა.
და მოიტანეს შუშით წამალი,
მე მეზარება წამლის დალევა.
ამ წამებს მოაქვს სხვა დაფიქრება,
ასეთი წამი არ იყო დღემდე.
და როგორც არის, ისე იქნება
ქვეყანა ჩემი სიკვდილის შემდეგ.
ეს სავადმყოფო კუბოს მაგონებს,
სიკვდილზე ფიქრი აქ უფრო მღალავს.
გამომელია მართლა ძალ-ღონე,
გამომელია სიცოცხლის ძალა.