Jump to content

ეს ქარი ვიღაც დაღუპულს ეძებს

From Wikisource
ეს ქარი ვიღაც დაღუპულს ეძებს
ავტორი: ტერენტი გრანელი


ეს ქარი ვიღაც დაღუპულს ეძებს,
ჰქრიან თვეები ცხელი ზაფხულის.
და ვხედავ მაღლა, რომ სოველ ჭერზე
კაცის სახეა გამოსახული.

გარეთ დგას მუხა გადაზნექილი,
რაღაც ლოდივით დამეცა გულზე.
ვწევარ და ახლა მოდის ექიმი,
ვწევარ და ახლა მაღლა ჭერს ვუმზერ.

რა ვქნა, არ ვიცი, დღეა მზიანი
და ქვეყნის ბედი ქარს უკავია.
ვინმე დაღლილი ადამიანი
იქ, რუსთაველის ქუჩას გაიარს.

და ქარი ვიღაც დაღუპულს ეძებს,
ჰქრიან დღეები ცხელი ზაფხულის.
და ვხედავ მაღლა, რომ სოველ ჭერზე
კაცის სახეა გამოსახული.

რესურსები ინტერნეტში

[edit]