ექსკურსია ცისკენ
Appearance
ექსკურსია ცისკენ ავტორი: ტერენტი გრანელი |
ისევ სიშორის ცეცხლი მიზიდავს,
არ მინდა გული სამარეს მივცე;
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.
იქ უხილავი მხარე მიცდიდა
და ნისლიანი უსაზღვრო სივრცე;
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.
იმ პლანეტებზე ფიქრი მიმძიმდა
და გაგიჟებას ველოდი ისევ;
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.
ისევ სიშორის ცეცხლი მიზიდავს,
არ მინდა გული სამარეს მივცე;
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.