ვარდი (დავით მაჩაბელი)
ვარდი ავტორი: დავით მაჩაბელი |
1852; ჟურნალი ცისკარი #4 |
ერთსა კუთხეს, წალკოტს, ტურფა ნერგი, კორტზედ დანერგული,
ნაკადულის წინა შტონი, ერთად ბუჩქად აღმოსული,
გაზაფხულით გაუფურთქვნის, აღჰყვავდების, წყაზრად სრული
ეს არს ვარდი: ყვავილს მეფად, მოლექსეთგან დასახული.
მას მიჰხედავთ გაფურჩქვნილსა, დილის ნამით დანამულსა;
ვით მტირალსა ტრფიალისთვის, სევდით ნისლით დაფარულსა.
ტრფონისაგან ფერმიხდილსა, ქარისაგან შერხეულსა
თავდახრულსა მწვანეთ შუა, მორცხვსა რასმე ძოწეულსა.
კვლავ მიჰხედეთ მას, მღიმარეს; როს მკრთოლუარებს მხიარლად,
ვით ირისობს მრავალ ფერად, მზისა შუქსა ზედ მიდგმულად.
ყვავილთ მეფას, მწვანით მოსილს; ვით ეგზნების მეწამულად.
ბროლ-ლალს ერთად შეჯგუფულსა, ფეროვნებით შეფრქვეულად.
ვით გარემო მას, გარდაშლის, ახალ ნორჩნი აშვენებენ:
ჯერეთ ჩჩვილნი მწუანოსნობენ; ზოგნი მცირედ ძოწს იპობენ;
სიჩჩვილესა მოკრძალებით, ვით მჭურეტელთა აჩვენებენ;
ქალწულებით ამაყობენ; სიკეკლუცეს აწონებენ.
ნიავთაგან მომღერალნი სურნელებას მიმოჰფენენ.
ფურცელთ შრიალთ, წყაროს წკრიალს, ერთხმად ჟღერას შეაწყობენ.
ქვეშ მომდინარს ნაკადულში, ვით სარკეში ელვარებენ:
უმზერიან თვისს შვენებას; მხიარულათ ნარნარობენ.
მთრთოლარებენ, მკმოლვარებენ, მკრთოლვარენ მრავალ ფერად:
ზურმუხტის ფრად, იაგუნდად, ლალად ალის დასამღერად;
ქვეშ მწვანილნი და ყვავილნი ნიავითა ღელვენ მჭევრად;
ზედ აჩრდილსა ვარდი შავად ხატავს დიახ შვენიერად,
ვით ერთს ბუჩქად, მსგავსად ერთი სამეფოსა, ყოვლადობენ;
მრავლად შტონი, ვითა ტომნი, განწყობილნი მოსაგრობენ;
ზედ ეკალნი, შუბოსანნი ვით მხედარნი, ბანაკობენ,
ბულბულისა სამესისხლოდ რავდენს რაზმთა განაწყოენ!..
ვით მხმილავად, ვარდის მცველად, მღვიძარობენ, გუშაგობენ.
შემხებელთა გმერენ შუბთა; სიკვდილი ჰსურსთ მოსისხლობენ;
მარად ვარდი, კეკლუცთ მსგავსად, ხშირად მხმილავთ აცთუნებენ;
თვით გასცემენ თვისს შვენებას: დაფარულად აშიკობენ.
შტვენს ბულბული მთელს ღამესა; გმინავს, უკრთობს ვარდსა ძილსა;
სულმილეულს უსულს დასძახს; ველსა მოჰფენს ხმასა ტკბილსა;
ხან ნიავიც ჟღერას მისძახს, ხან მაღლად ჰყეფს, ხან შტვენს ზილსა;
მას მგზნებარე გული უმღერს, შეშლით იწყებს ხან სიცილსა.
ვარდსა მგრძნობსა, მისსა მსმენსა, გულსა სევდა შეეპარა:
ტრფობისაგან გაფერმკრთალდა, სიხარული მიეფარა
ცისკარს, ვითმცა, განუღიმა; ავრორასთან ცრემლი ღვარა.
კუპიდონმა გულს ისარი განაწონა; მთლად დაბზარა.
ვის არა ჰსძლევს ტრფობის ძალა: ვარდსა თმენა დაემალა.
ბულბულს მიჰყუა; მოიზიდა მისი ტრფობა მოივალა...
ძლივს შეერთდა იგი ბულბულს! ძლივს სევდისგან მოიცალა!
ზედ დაჰხარის მას ბულბული: ხმა მწვედ ტურფად აღიმაღლა!
ვარდზედ მჯდომელის ბულბულის, ვინმოსთვლის განლიგებასა.
ეკალთა უგრძნეს: უკუდგნენ, ემონენ ვარდის ნებასა.
მის ორის ტურფის სიმწყაზრის რა ბრძენი ასწერს ქებასა
ვარდი ჰგავს სათნოებასა, ბულბული განათლებასა!
თვისი კუთხე განანათლეს და შეამკეს ცათა დარად..
ღვთის მადლი ყველგან მიჰფინეს: ზღვად, ჭალაკად, მთად და ბარად..
მუნ ღელავს ტკბილი გალობა: აღმოსავალით და ბღვარად.
კვლავ ხელოვნება, ვაჭრობა განავრცეს მუნ გასაკმარად.
წარხდნენ ჟამნი და განცდანი ესივნენ ვარდსა სარებლად:
ყვავი დასჩხავის აშიკად; ჰკრეფს კაცი შეუბრალებლად;
სიბერეც სიკეკლუცესა უჭკნობს მას გაუხარებლად,
კვლავ ქარიშხალთა მოჰბერეს ფურცელთ ცად გასატანელად.
აგლიჯა ვარდმა ბულბული ქარმან, მძაფრიად მქროლელმან;
წაართვა მცნება, გრძნობა, ხმა, მას ღმერთმა, მეხთა მსროლელმან;
კვლავ ჰბერავს ქარი, ვარდსა სძრცვნის; მან რა ჰქმნას, ძრწოლით მშრომელმან..
მთლად განაბნია ჰაერში იგი მის, მდევნელ-მწყრომელმან.
ბულბული, ძეძვზედ იმალვის, სისხლისა ცრემლთა მფრქვეველი.
ჰსჭვრეტს ვარდსა ქარით განბნეულს; სტანჯავს ზეცა და ქვეველი,
უკვირს, ფარვანებრ ვერ არის თავის სამთელში, დამჭველი..
იგლოვს, რომ ტანჯულს ცოცხალსა ელევის გლახ საყვარელი
უკანასკნელი ფურცელნი ვარდისა, გაყვითლებულნი
გასცვივდნენ, დაჭკნენ, განიბნენ, დროთი მოუძლურებულნი..
ირძევინ მდურვით მართ შტონი, გამხმარნი, გაშიშვლებულნი.
გუშინ კრთოლვიდნენ დიდებით; დღეს ვით შეიქმნენ ვებულნი!
ელის ახალსა გაზაფხულს ფესვი, ღვთით დამკვიდრებული..
რავდენს მაგალიტს გვააზრებს ვარდი, ჯერ აყვავებული;
მერმე გამხმარი, შიშველი, ყოვლის ფრით გამქისებული..
ქვეყანასა ჰგავს, რომელი არს კეთილ განათლებული.
ვარდის სიშიშვლე არა ჰგავს, ქვეყანას ბიწით გამქრალსა?.
როს გარყვნილობის გრიგალი არყევს სიბრძნესა და ძალსა,
სათნოებისა ყვავილსა აღფხვრის და მიჰფენს ბნელს ალსა,
ჭეშმარიტს სდევნის სოფიზმა, აბნელებს ზნეს და სწავლასა!.
ვით განათლება თვინიერ სათნოებისა მქისდების..
მისგან ქვეყნაც თვინიერ სათნოებისა შიშვლდების:
ბრჯუვდების, სდების, მდაბლდების, იწყვლის, იმუსრვის, ბრმავდების,
ყოვლი კეთილი მოეცრცვის; ვიდრე ახლად აღჰყვავდების!.
თ. და. მაჩ.
ს. თამარა შენს 1851-ს მაისის 15-სა.