Jump to content

ვდგავარ ქვეყნის წინ, როგორც მლოცველი

From Wikisource
ვდგავარ ქვეყნის წინ, როგორც მლოცველი
ავტორი: ტერენტი გრანელი


ვდგავარ ქვეყნის წინ, როგორც მლოცველი,
ვითმენ წამებას, სხვაგვარ დროს ველი.
ჩემი ფიქრები ზეცას უვლიან,
სხეული უკვე დაღალულია.

და მოვა ღამე - გლოვის ნიშანი,
მალე გაივლის ეს ქარიშხალი.
გულია ისევ მსოფლიოს ღერძი,
თანამედროვე ცხოვრება მებრძვის.

შორს იძირება რაღაც საგანი,
არც იმედია, არც გასაქანი.
ვდგავარ ქვეყნის წინ, როგორც მლოცველი,
ვითმენ წამებას, სხვაგვარ დროს ველი.

რესურსები ინტერნეტში

[edit]