Jump to content

ვეფხისტყაოსანს

From Wikisource
ვეფხისტყაოსანს
ავტორი: გიორგი ლეონიძე


ხელში აგიღებ... გაკოცებ,
კიდევ ჩაგკოცნი...
         ჩაგცქერი;
წიგნი კი არა, ― ჟრჟოლა ხარ,
ჩამოქაფული ჩანჩქერის.

წიგნი კი არა, ― ბაღი ხარ,
ოქროს ცვარჩამოწვეთილი;
გაშლილი ბაირაღი ხარ,
ლექსის ფრთა გაუცვეთელი!

წიგნი კი არა, ― დილა ხარ
ქართველი ხალხის ნათელი.
გულის ფესვებში გინახავ,
გულში ხარ გამონათალი.

ქაღალდზე გწერენ... სიტყვების
ნაცვლად ლალები სხდებიან;
გბეჭდვენ ―
ნიშნები სტამბური
ვარდებად აყვავდებიან.

გკითხულობენ და გმღერიან
ლხენით გულ-დამარცხებული;
შენგან ჰყავს ხალხის სიცოცხლეს
სიკვდილი დამარცხებული!


უთენებელი ბნელეთის
შენ ერთი გვყავდი მთეველი;
სიმდიდრე ბევრი წაგვართვეს,
შენ დაგვრჩი წაურთმეველი!

შენ არ გჭიროდა სახიზრად
გამოქვაბულთა წყვდიადი.
არწივის ფრთაში ჩასაფრდი,
ქოხის ნაცარში ბრწყინავდი.

გწვავდნენ და არ იწვებოდი,
ცეცხლში დიდების მხვეჭელი.
ვერც ქარიშხალი გფანტავდა,
ხეების ამომგლეჯელი.

შენ ხმალის ღარზედ ეწერე,
ანდერძი ოქროხმოვანი:
”სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა
სიკვდილი სახელოვანი!”


წიგნო, წინ მიუძღვებოდი
ხალხს უკვდავების ნაღარით;
შენ გწერდა დიდი რუსთველი,
თავს ოქროგადანაყარი.

შენ გწერდა ცისკრის კამკამი,
ხევთა ხმა ზვავის ზრიალი;
შენს კალამს ორბი ჰზიდავდა,
ტყავს ― ვეფხი თანაზიარი.

შენ გწერდა ქალის წამწამი,
ვაჟკაცის მკერდი გმირული,
შენ ხალხი გწერდა მხედარი,
ბრძოლით გულამოკირული.

შენ ჩვენი სიჭაბუკე ხარ.
გული არ დაგიძველდება,
სიმღერა, დილას ნამღერი,
შვიდასი წელი გრძელდება!

აახმაურე სამშობლო
კარისკარ ჩამოიარე;
ზოგს პურმარილზე შეესწარ
და ზოგს უხვევდი იარებს.

მიჯნურს, გულადუღებულსა,
სიცოცხლეს დაუელვარებ;
ლაშქარს უსარდლებ სარდალი,
ხელში ხმალს აძლევ მღელვარეს.

სიყვარულს სიყვარულითა,
ძმობით ძმას ეპასუხები,
დიდ ჭირში დაგვაფოლადებ,
დავდგებით, როგორც მუხები.


შენ ხელსატაცი სიტყვა ხარ,
დიდია შენი სახელი;
მთების სიბრტყენი გადასჭერ,
სამშობლოს გარეთ გახველი.

შენი სიბრძნე და ოცნება
გულში აქვთ გამოკვანძილი;
ჩამოურიგდი ქვეყანას,
როგორც დიდი მზის ნაწილი.

კარებს გიღებენ ტკბილ სტუმარს
ქალაქები და სოფელი,
სიმღერა გულში ნათქვამი,
გახდი მსოფლიოს მფლობელი.

გაქანდი, ოქროსფრთიანო,
გასცდები ქვეყნის ნაპირსა,―
შენ, დედაჩემის მზითევო,
ფარ-ხმალო მამა-პაპისა!

რესურსები ინტერნეტში

[edit]