ვიგონებ ალერსს და დღეებს განვლილს
Appearance
ვიგონებ ალერსს და დღეებს განვლილს ავტორი: ტერენტი გრანელი |
ვიგონებ ალერსს და დღეებს განვლილს
და ეს იღბალი გრიგალს ჩაბარდა.
იქ, სადღაც ქმარზე დაფიქრდა ქალი,
იქ, სადღაც გვიან შეირხა ფარდა.
შენ ეს ფიქრები ისევ ცეცხლს გიჩენს,
თუმცა იმედი ხომ დაგებადა.
მე ჩემი გული ამოვიგლიჯე
და გულის ნაწილს ჰაერში ვფანტავ.
დროა გრიგალმა მაღლა აგწიოს,
როგორც ოცნება დიდი ნაღველის.
არ უნდა ფიქრი, რომ გალაკტიონს
მე ჩამოვართვი მეფის სახელი.
ეს იყო მხოლოდ მეტის მოცემა,
კორიანტელი ახალ დარდების.
მე ისევ მიყვარს ჩემი ოცნება,
მე ისევ მიყვარს ცა ლაჟვარდების.