Jump to content

ვინა ჰთქვა საქართველოზე...

From Wikisource
ვინა ჰთქვა საქართველოზე...
ავტორი: ნიკოლოზ რაზიკაშვილი
1885 წელი


ვინა ჰთქვა საქართველოზე:
„ეგ არის ლომი კვდებაო,
ჩაუხდა ბედის ვარსკვლავი,
მალე მზეც გაუქრებაო,
თავს დაჰტრიალებს ყორანი
დაჰჩხავის ზედიზედაო!?“
თვალთამც დაჰბზარვენ ყორანნი,
გამაგრდი, ქართვლის დედაო!
ბევრმა გვიქადა გლოვაცა,
ბევრმა იუბნა ესაო,
ბევრმა გვიკრიჭა კბილები,
ჩუმად ფრანგული ჰლესაო.
ცუდად წაუხდათ ქადილი,
ვერრას გამოჰრჩენ ვეფხვსაო,
ლეკვები წამოეზარდნენ,
მტრებზედ ილესენ ბწკლებსაო.
გამოდით, ქართვლის შვილებო,
ერთად შევნივთდეთ ძალები,
წავიდეთ მტერზედ რისხვითა:
ბევრი გვიმართებს ვალები,
დაე, სულ გავწყდეთ, რა ვუყვათ,
დაე, დამიწდეს მკლავები:
დედანი დაგვიტირებენ,
ცრემლებს დაჰღვრიან ქალები,
საფლავს არ შეძრწუნდებიან
ჩვენთა წინაპართ ძვალები.