Jump to content

ზნენი და ჩვეულებანი საქართველოსანი

From Wikisource
მკითხველთათჳს სიტყუა რაჲსათჳს არს შრომა ესე ვახუშტი ბატონიშვილი - "აღწერა სამეფოსა საქართველოსა"
ავტორი: ვახუშტი ბატონიშვილი
საქართველო - ივერია -გიორგია


ზნენი და ჩვეულებანი საქართველოსანი

[edit]
[წინასიტყვაობა]

[13] ღმერთმან სიბრძნითა თჳსისა მოწყალებისათა, გამოუთქმელითა და მიუწდომელითა, დაბადა კაცი. და ვითარითა მოწყალებითა რამეთუ მიწისაგან შექმნა ცხოველად, სულიერად, სიტყჳერად, უკუდავად და განაშუენა იგი სახოვნებითა და განაბრწყინვა იგი მადლითა თჳსითა უბრწყინვალეს მზისა, და ვარსკულავთა, და მნათობთა, და შეუმკო ქუეყანა ყოვლისა შუენიერებითა: მრავალთა ნერვთა მყვავილოვანებითა და სურნელთა ფშოთათა, და მდინარე-წყაროთი მომდინარეთა, და უმეტეს ზღუათა სივრცელითა, და მას შინა მრავალთა ჭალაკთა მშუენთა, და ცხოელთა და თევზთა სხუადასხუა გუართა სისავსითა, და ჴმელთა ზედა პირუტყუთა და ნადირთა, და მჴეცთა განთჳთვებულითა, და მფრინველთა უმეტეს გუართა სიმრავლითა და კეკლუცობითა და მშტვენარებითა სასმენელობათათა, კუალად ვარსკულავთა მნათობთა ბრწყინვალებითა; განათუ ამითიცა არა ჴმა ჰყო, არამედ სხუა უქმნა უმაღლეს ქუეყნისა, ვითარცა დალიჭი სამეუფო და უუშუენიერესი ყოველთავე ამათ ქმნულთა, - იგი არს სამოთხე; და დაჰბადა მას შინა ადამ და კუალად მოწყალებითავე გუერდისა მისისაგან უქმნა შემწედ ევა, და დაადგინა სამოთხესა მას შინა უკუდავი, უზრუნველი, ნებსითი და უვნებელი, და დაუმორჩილა მას ყოველნი ქმნულნი ცასა ქუეშენი, ვითარცა მისთჳს ქმნულნი სრულიადი; და დაადგინა მეუფედ მათ ზედა, რათა დაიცვას მცნება მისი და შემდგომად მიიღოს უკუდავი, უკანასკნელი, უდიდესი კუალად დიდება ღვთისა. არამედ მტრისა ბოროტის მაცთურისაგან ურჩებითა ცთომისა მიზეზისათა გამოვარდა სამოთხით და მოეძარცვა მადლი და ბრწყინვალება ღვთისა, და დაშთა ლიტონი კაცი და შეიმოსა, [14] მადლისა და ბრწყინვალებისა წილ, ფურცელი ლეღჳსა, ესე იგი არს სიზრქე, სიმძიმე და გემოვნება. და შემოუჴდა ნდომა ანუ წადილი, ვითარცა კაინ მოკლა ძმა თჳსი აბელ. ამიერითგან იწოდნენ ძენი ღვთისანი და ძენი კაცთანი, ესე იგი არს ძენი გულისთქმისანი და ნდომისანი, და ძენი სულიერისა ღვთისა ტრფიალებისანი. და ვიდრე ნოეს ღრღვნისამდე ესე ესრეთ. ხოლო შემდგომად ძეთა ნოესთა, რომელნი ვიდოდნენ კუალთა ძეთა გულისთქმისა და ნდომისათავე, შესძინეს დატევება დამბადებელისა ღვთისა თჳსისა და ქმნეს ნივთიერნი ღმერთნი: კერპნი უსულონი, უტყუნი და ყრუნი, და თაყვანისცემდენ მას, ვიდრე სრულიად ქუეყანა, ნათესავი ადამისი და ტომნი ნოესნი. ხოლო ესე ქართველთა ტომნი, ვითარცა გვაუწყებს მატიანე ჩუენი, იყვნენ ყოველთა ტომთა და ნათესავთა უუბოროტესნი და უუღთოესნი.

ზნეთათჳს

არამედ ვინაჲთგან აღვსწერეთ ტომობა და ჩამამავლობა ქართველთა ნოეს ძის იეფთაეს თესლისაგან, ვიდრე ქართლოსისა და ძმათა მისთამდე, და განყოფილებანი მათნი და ძეთა მათთა, აწ ვიწყოთ ძუელიდამ ახლადმდე საქართველოსათა ზნეთა, ჩუეულებათა და წესთა მათთა პირველ განყოფილებისა და შემდგომად განყოფილებისა. რამეთუ წესნი მთავრობათა საქართველოსათა არიან დასაწყისითგანვე, ვითარცა ვიუწყებთ: რაჟამს მისცა ჰაოს ძმათა თჳსთა წილნი ქუეყანათა, დაშემდგომად ქართლოსის ცოლმან ძეთა თჳსთა, და შემდგომად მცხეთოს, და კუალად ეგროს, ბარდოს, მოვაკან, ჱროს, ლეკოს და კავკასოს, ვითარ წარჩინებულნი მათნი მთავრად ისახელებოდნენ, რამეთუ ცხად არს ადგილითი ადგილთა განყოფილებითა და სახელთა მათთა, რომელნი იწოდნენვე მათ მიერ: და იწოდებოდნენ იგინი ესრეთ მთავრად, არამედ მცხეთას მყოფი უწარჩინებულეს მთავრად, და მამასახლისად, და მოურნედ მათ ყოველთა [15] ისახელებოდა. არამედ სარწმუნოება მათი იყო ერთისა დამბადებელისა ღმთისა თაყვანისცემა, და ფუცვიდიან ქართლოსის საფლავსა. ზნენი აქუნდათ პირმტკიცობა, მტერთა ზედა ერთობა, თავისუფლებისათჳს მჴნედ ბრძოლა, მაგრად დგომა მისთჳს, ციხე-სიმაგრეთა და ქალაქთა შენება, მაგრება ქუეყანისა, ერთისა ცოლისა ქრმობა, რამეთუ მოიყვანიან თჳს-თჳსთა თანასწორთა: მთავარნი მთავართა, აზნაურნი აზნაურთა და უმცირესნი უმცირესთა; და ამის მიერ არა იყო მრავალცოლობა, ვითარცა ვიხილავთ ქართლოსისასა და სხუათაცა. არამედ, გარნა თუ მრავალ მთავარ იყვნენ და ოდესმე განდგიან თჳს-თჳსად, გარნა მარადის გარე მტერთა თჳსთა ზედა ერთობდენ და მორჩილებდნენ მცხეთელ მამასახლისსა და, შეერთბამებულნი, თჳსთა ქუეყანისათჳს მჴნედ იბრძოდიან. და იყვნენ მრავალთა წელთა წესთა ამათ ზედა. ხოლო შემდგომად დაივიწყეს ღმერთი დამბადებელი თჳსი და თაყვანის სცემდნენ მზესა, მთოვარესა, ვარსკულავთა და ნივთიერთა და პირუტყუთა, და შემოერიათ გარეგანნი წარმართნი: სპარსნი, თურქნი, ასურნი და ბერძენნი, და შემდგომად ურიანი, და იტყოდიან ესეოდენითა ენითა; და უმეტეს დაივიწყეს დამბადებელი თჳსი და წესნი და ჩუეულებანი თჳსნი, და იქმნენ ყოველთა წარმართთა უწარმართესნი და უუსჯულოესნი, რამეთუ არღარა უწყოდნენ ნათესაობანი და შერეულ იყვნენ შეყოფითა, ვიდრე წარწერადცა უცხოთა. და კუალად შესძინეს ამას ზედა, რამეთუ, რა მოკუდის ვინმე კაცი ანუ ბრძოლასა, - მეორე ივასხის და შესჭამდიან, ხოლო უკეთუ არა, თჳთ შესჭამდიან, ვითარცა იტყჳს: "კარსნელთა მართებს კოდმანელთა ხუთი მკუდარი დღედმდე". კუალად სჭამდიან ყოველსა ცხოველსა სულიერსა არაწმიდასა. გარნა იყვნენ მცხეთელ მამასახლისის მორჩილებასა ქუეშე და ერთობდენ მტერთა თჳსთა ზედა მრავალსა წელსა.

[16] ხოლო შემდგომად შემოვიდა ალექსანდრე მაკედონელი. ამან მოსრნა შემოსრულნი წარმართნი სრულიად, თჳნიერ ქართლოსიანთა და ურიათა გუართა, არამედ ურჩნი თჳსნი ქართლოსიანნიცა, ვითარცა ფარნაოზის მამა, ბიძა და სხუანიცა, და განწმიდა საქართველო ესევითართა უკეთურებათაგან, რამეთუ გვაცნობებენ სარკინოზით ლტოლვილნი დიდონი, რომელნი აწამდე წესსა მას ზედა დგანან, თჳნიერ კაცის ჭამისა. ხოლო ალექსანდრემ დაუდვა რჯული საქართველოთა ერთისა დამბადებელისა ღმთისა თაყვანისცემა, და მზისა, და მთოვარისა, და ვარსკულავთა პატივი.

კერპთათჳს

არამედ შემდგომად ალექსანდრესა დაუტევა რჯული იგი ერისთავმან მისმან აზონ და აღმართნა კერპნი გაც და გაიმა, და ათაყვანა სრულიად საქართველოსანი, და ასწავებდა ზნესა და ჩუეულებასა თჳსსა.

ხოლო მოიკლა აზონ ფარნაოზისაგან, და გამეფდა ფარნაოზ. ამან საშუალსა გაც და გაიმისა ამართა სახელისა თჳსისა კერპი არმაზ მთასა ზედა და ჴევსა შინა, ქართლოსის საფლავსა ზედა, რვალისა, დიდი, ცმული ოქროს ჯავშნითა, რომელსა სხდნენ თუალნი ქვათა ძვირფასთა მნათობელთა და გჳრგჳნი თავსა მისსა ეგრეთვე მნათობელთა ქვათა, და ათაყვანა მას საქართველოსანი და დაუდვა დღესასწაული მისი, რომელი ქუემორე ითქმის, ხოლო შემდგომთა მეფეთა შესძინნეს კერპნი ზადენ, და აფროდიტე, და სხუანი. არამედ ესე არმაზ უდიდესი იყო ყოველთა ღმერთთა. ხოლო მეფისა განწესებისა შემდგომად აქუნდათ სარწმუნოდ ღმერთნი ესენი, და მტკიცედ [17] დგნენ სარწმუნოებასა სიყუარულსა ზედა, და არა თაყვანისსციან სხუათა ვიეთთამე ღმერთთა (რომლისათჳს გვაუწყებს მაიჟან სპასპეტი, და მეფე მირიან, ოდეს ეზრახვის დიდებულთა თჳსთა წმიდის ნინოს შეურაცხებისათჳს).

მეფეთათჳს

ხოლო ჩუეულება აქუნდათ ერთისა მეფისა მორჩილება და სარწმუნოდ მის მიმართ ყოფა, და ჩამომავალთა და გუართა მეფეთათა შემდგომად მისა გამეფებად, რამეთუ შემდგომად მამისა ძე და არა სხუა გუარი, არცაღა თუ გამორჩევით; არავისა მონებდნენ თჳნიერ მათთა ანუ წულთაგან ანუ ასულთაგან, უკეთუ არა დაეტევის წული (ვითარცა იტყჳს იგივე მაიჟან სპასპეტი, და იხილვების მატიანესა ჩუენსა).

წესთათჳს

ხოლო წესნი აქუნდათ: რამეთუ კერპთა მღუდელთა პატივნი და რიგნი იყვნენ ცალკერძად, ვითარცა სულიერთა. ხოლო სოფლიერნი: პირველი ერისთავნი, მთავარნი, აზნაურნი, ვაჭარნი, მსახურნი, მუშაკნი-გლეხნი.

წესი ერისთავთა იყო მეფისა მიერ განწესება ქუეყანათა იმართ და მის მიერ მოურნეობა. სამართალი და ლაშკარნი მის ქუეყნისანი მის ქუეშევე იყვნენ, და იგინი მოჰკრეფდნენ ხარკთა სამეფოთა. ხოლო ესე ერისთავნი დაიდგინებოდნენ მთავარნი და წარჩინებულნი, და ძენი მათნი შეცვალებით.

ხოლო წესი მთავართა იყო გუარი და შთამომავლობა, ქართლოსიანობა და პატივი მისი. ხოლო უკეთუ მეფისა წესსა შინა იყო იგი, უმეტეს პატივ-იცემოდა. არამედ მთავრისა ჯერ იყო, რათა აქუნდეს ჩამომავლობა და გუარი იგი და ამის მიმართ ციხე-ქალაქი, სიმაგრე და ჴეობანი, და თჳნიერ ამისა არა ისახელებოდა მთავრად.

ხოლო აზნაურსა აქუნდა გუარი და ჩამომავლობა, და სიმაგრე რაჲმე მთათა ანუ ბართა, და დაბნებნი, და ძალ-ედვას გამოსლვა [18] მარქაფითა, კარავითა და მათითა გაწყობილებითა, და თჳნიერ ამისა არა იწოდებოდა აზნაურად.

ხოლო ვაჭართა პატივი იყო აზნაურისა ქუემორე და ვიეთთამე სწორი.

და შემდგომად პატივი მსახურთა მეფისათა, გლეხთა ძეთა, და მერმე ჩინებულთა მათთა წესისა მიერ პატივი მსახურთა მათთა.

და შემდგომად ამათთა - მუშაკთა-გლეხთა. რამეთუ სისხლნიცა ეგრეთ სდიოდათ ჩინებისა მათისა მიერ: ზეიდამ ქუეით ნახევრად ანუ ქუეიდამ ზევით ერთორად.

ლაშკართათჳს

ხოლო ლაშქართა წესნი აქუნდათ: მეფეთა ჰყვა როქითა, რაოდენი ძალ-ედვა სპანი მცველად თჳსად, ვითარცა იტყჳს მირიანისასა და აღმაშენებელისასა ათასსა მარადის მცველად მისად, და დავითთასა, არღარა განიყოფოდა საჭურჭლე სპათა ზედა, და პატივი ამათი იყო სხუა. ხოლო სხუანი სპანი იყვნენ ქუეყანათაგან და ერისთავთა ქუეშე დაწესებულნი, რომელთა მოუწოდიან ჟამად.

საჭურველთათჳს

ხოლო საომარნი საჭურველნი აქუნდათ: ჯავშანი, ხვაფთანი, პოლოტიკნი, საბარკულნი, მუზარადნი, ჩაბალახნი, ჴმალნი, ხანჯალნი, ლახტნი, ჩუგლუგნი, გურზნი, ოროლნი, შუბნი, ხიშტნი და მშჳლდისარნი. არამედ ისარი ბოძალი დიდთა ნადირთათჳს, ქეიბური მჴეცთათჳს, სარჩა და ქიბორჯი წვრილთა ნადირთათჳს, და სამუდამოდ აქუნდათ; ხოლო კაპარჭის ისარი, რომელ არს საყალნო, ომსა-ბრძოლასა შინა.

სამართლისათჳ

ხოლო წესნი სამართლისა და შერისხვისათჳს აქუნდათ: სისხლი, ჴრმალი, შანთი, მდუღარე და ფიცი.

[19] სისხლს უწოდებდენ ოდეს სწორმან მოკლის ვინ ვინმე სწორი. მეფისაგან შერისხვა იყო ანუ სიკუდილი, ანუ გუემა და პატიმრობა, ხოლო მკულელისა მის თანამდებ იყო, რათა დაეურვა თეთრითა და საქონლითა პატივისა და წესისა მისისა სისხლი. ხოლო უკეთუ უმაღლესმან მოკლის უმცირესი, დაუურვის სისხლი, ხოლო უმდაბლესმან თუ მოკლის უმაღლესი, დაუურვის სისხლი და განიძის მამულისაგან რაოდენსამე წელსა; ეგრეთვე დაწინდულთა ქალთა წართმისა ანუ დატევებისათჳს ჩინებისა მიერვე დაუურვის სისხლი. ხოლო სულიერთაგან ამის მოქმედთა ზედა სხუა იყო შერისხვანი.

ხოლო ჴმალი მეფეთა ღალატისა შეწამებისა ანუ კერპთა ანუ, შემდგომად, ეკლესიისა მკრეხელთათჳს, შემწამებელს და შეწამებულს ალოცვიდიან მ̃ დღე, შემდგომად შესჭურვიდიან ყოვლითა საჭურველითა და შესხმიან ცხენთა ზედა და მისცემდიან თჳთოსა ცხენოსანსა უსაჭურველოთა, თჳნიერ მათრაჴისა, რომელთა უწოდნენ მემათრაჴეთ, ჩაგზავნიდიან ასპარეზსა შინა, და იწყიან ბრძოლად შემწამებელმან და შეწამებულმან, და მემათრაჴენი იგინი მოაჴსენებდენ თჳსთა ჟამთა შინა ბრძოლასა და საჭურველისა ჴმარებათა, და რომელი ჩამოვარდის, განმტყუნდისცა. ხოლო რისხვა მისი: მოკუეთა თავისა და იავარი მამულით და სახლით, არამედ შეწყალებისათჳს აღმოჴდა თუალთა.

ხოლო შანთი ქურდთა განმართლებისათჳს: გააჴურვიან საჴნისი, ვითარცა ნაკუერცხალი, და დასდვიან მაღალთა ზედა, რათა მალიად შეედვას ჴელნი ქუეშე მისსა, და დასდვიან შეწამებულს ტილო ანუ ქაღალდი ჴელთა ზედა; იგი მივიდის და აღიღის საჴნისი, და წარდგის სამი ბიჯი, და გარდააგდის. მასვე წამს შეუხვივიან ჴელნი სამ დღემდე და შემდგომად სამისა დღისა გაუჴსნიან და, უკეთუ დაუწვავ არს, განმართლდის, უკეთუ დამწვარი, მტყუარ.

ხოლო მდუღარეცა ეგრეთვე მისთჳს: გაადუღიან წყალი ქუაბსა შინა, შთააგდიან მცირე რკინა მას შინა, მოვიდის შეწამებული შიშულითა მკლავითა და აღმოიღის რკინა იგი, და წამს შეუხვივიან, ვითარცა შანთისასა, ეგრეთვე ამისიცა მართალი და მტყუანი.

[20] ხოლო ფიცი მამულის ცილებისათჳს, მცირე ქურდობისათჳს და სხუათათჳსცა. დააფიციან მოწმითა რაოდენნი შეხუდის, ხოლო ქურდსა, ავაზაკსა და მძარცველსა ერთისა წილ შჳდი მიაცემინიან და, უკეთუ ვინ მესამედ ჰყო, აღმოჴდიან თუალთა და მცირედისათჳს მოჰკუეთიან ფერჴნი. კუალად, უკეთუ ვინ იჴადის მახჳლი ბჭესა მეფისასა ანუ ერისთავსა ზედა და წარჩინებულთა, მოჰკუეთიან ჴელნი, და სხუანიცა მრავალნი იყვნენ.

ჴელისუფალნი

ხოლო ჴელისუფალნი იყვნენ მეფისანი ესენი კარსა ზედა: სპასალარი ანუ სპასპეტი, და ამისი ჴელისანი იყვნენ ყოველთა სავაზიროთა თათბირთა პირველობა და ყოველთა ერისთავთა უხუცესობა.

სპასალარისათჳს

ესევე შეჰკრებდა ლაშკართა და ხარკსა სამეფოსა ერისთავთა მიერ ყოველთა საბრძანებელთა.

სალთხუცესისათჳს

აბრამადი ანუ სალთხუცესი, და ამისი ჴელისა იყო სამეფო შემოსავალი და გასავალი. ამან უწყოდა წესნი და რიგნი სახლისა მეფისანი და თათბირობა სამეფოსი, და სახასონი მეფისანი. და ამას ქუეითნი ჴელისუფალნი ამისი დასახედნი იყვნენ, არამედ უმეტეს ეჯიბს ქუემორენი.

მსახურთუხუცესისათჳს

მსახურთუხუცესის ჴელისა იყვნენ: სალაშქრო საჭურველისა და იარაღისა მსახურნი მეფისანი და ციხე-ქალაქთა მცველნი სპანი [21] მეფისანი.

მონათუხუცესისათჳს

მონათუხუცესისა ჴელისა იყვნენ ყოველნი მეფის როქის სპანი, თჳნიერ ციხე-ქალაქთა.

მანდატურთუხუცესისათჳს

მანდატურთუხუცესის ჴელისა იყო: მანდატურნი, ბოქოულთხუცესნი, ბოქოულნი, მანდატურნი მებჭენი, მეკრენი, ქონდაქარნი, სარანგანი და ნადიმობის წესი, და წინძღოლა მეფისა, მოჴსენება ნადიმსა და ამჴედრებულისა ამის მიერ იყო მეფისა.

მეჭურჭლეთუხუცესისათჳს

მეჭურჭლეთუხუცესი, ამისი ჴელისა იყო ყოველნი საჭურჭლენი და საუნჯენი მეფისანი, და მას შინა დაწესებულნი.

მსაჯულთუხუცესისათჳს

ამისი ჴელისა იყვნენ ყოველნი მსაჯულნი, ბჭენი და ჴევისბერნი, ჴევის-თავნი, და ესევე სჯიდა საბრძანოს მეფისასა.

მეჯინიბეთუხუცესისათჳს

მეჯინიბეთუხუცესი შემდგომად იწოდა ამილახორი. ამის ჴელისანი იყვნენ: ყოველნი მეჯინიბენი, შიკრიკნი, პაიჭნი, ჯინიბნი, ჰუნენი, ჯოგნი, რემანი მეფისანი.

[22] ბაზიერთუხუცესისათჳს

ბაზიერთუხუცესი, ამისი ჴელისა იყო: სრულიად ბაზნი, ბაზიერნი, მეძაღლენი, ძაღლნი, ტყეთა და ველთა მცველნი, სანადიროთა მეფისათა.

ეჯიბისათჳს

ეჯიბი, ამისი ჴელისა იყვნენ ყოველნი ტაძრეულნი მეფისანი, და ნადიმსა იგივე მიუგებდა მეფისა წილ, და მას ეტყოდნენ დარბაზის ერნი რაჲ ენებათ მეფისა მოჴსენებად, და თავისწინაობასა შინა ვერვინ შევიდის მეფისა, თჳნიერ მისსა.

ეზოსმოძღურისათჳს

ეზოსმოძღუარი, ამისი ჴელისა იყო: ყოველნი საგანგიონი, მეფისა ხარჯნი და წარსაგებელნი, წესნი და რიგნი დარბაზისა, მეფის ტაბლისა და სანოვაგისა, ანუ სხუათა.

ჩუნჩერახისათჳს

ჩუნჩერახი, ამის ჴელისა იყო: მზარეულთუხუცესნი, მეტაბლენი, მზარეულნი, მეპურენი, მერწყულნი, მგოსანნი, მემწყობრენი, ბუკტაბლაკთა და სხუათა მცემელნი.

მეღჳნეთუხუცესისათჳს

მეღჳნეთუხუცესი, ამისი ჴელისა იყო: მეწდენი და მესასმისენი მეფისა და ღჳნის მნენი.

მოლარეთუხუცესისათჳს

მოლარეთუხუცესი ამისი ჴელისა იყო: რაჲცა მეფის თეთრნი ანუ ლარნი თჳსთა საკუთართა ზედა ანუ ქუელის საქმისად უჴმდა, და მის ქუეშე დაწესებულნი მოლარენი.

[23] მესტუმრეთუხუცესისათჳს

მესტუმრეთუხუცესი, ამისი ჴელისა იყო: მესტუმრენი. ესენი მოაწვევდნენ დარბაზის ერთა, ესენი მოურნეობდენ სტუმართა.

ჯუარისმტჳრთველისათჳს

ჯუარისმტჳრთველი, ესე მოაწვევდა კათალიკოზთა და ეპისკოპოზთა, და შერისხვაცა ამის მიერ იყო მეფისაგან.

მდივანთათჳს

მდივანნი, ესენი იყვნენ წესითა უმაღლესნი და უმდაბლესნი: მეფის-თანანი პატივითა უმაღლესნი (ვითარცა იტყჳს: "მდივანსა ჩუენსა ჩოლაყაშვილს არა რაჲ ეკადროს, თჳნიერ დიდისა შეცოდებისათჳს მეფისა მარჯუენა ცერი მოეჭრას, ამისგან კიდე არა რაჲ"), სპასალარისა თანასა სხუა, სალთხუცისა თანასა სხუა, მონათუხუცესისა, მსახურთუხუცესისა, მსაჯულთუხუცესისა, მეჭურჭლეთუხუცესისა, და ეზოსმოძღურისა თანათა სხუა. ესენი სწერდენ: უსტარსა, იერლაყსა, პიტაკსა, ენდალმასა, პატრუცაგსა, როარტაგსა, გუჯართა, სიგელთა, ბრძანებათა, განაჩენთა და სხუათა.

ფარეშთუხუცესისათჳს

ფარეშთუხუცესი, ამისი ჴელისა იყო: ფარეშნი, ნოხნი, კარავნი, ოთახნი, მნათენი და ყოველნი საგებელნი, დალიჭნი, სკამნი სავარძელნი, სრა-ფარდაგნი, ფარდანი და მნენი მისნი, და მერწყულნი.

ხუროთმოძღურისათჳს

ხუროთმოძღუარი, ამისი ჴელისა იყო სრულიად ჴელოსანნი და შენობა-სასახლეთა და ეკლესიათა, ჴიდთა, ფუნდუკთა.

მწერალთათჳს

მწერალნი იყვნენ, რომელნი სწერდნენ შემოსავალსა და წარსაგებელსა ყოველსავე, და ტომართა, და სხუათა.

[24] ჩუეულებისათჳს

ხოლო წესნი ესენი და ჩუეულებანი აქუნდათ, რომელნი ვთქვით, და განუხეთქელობისათჳს სამეფოსა მცდელობდნენ და, უკეთუ მიუღიან საზღვარნი თჳსნი, ყოველნი მწუხარებდენ და იჭირეოდნენ კუალად-გებასაეე, და მეფეთა თჳსთა მიუდრეკელბდ ერთგულებდენ, გარნა თუ სძლიან ვინმე მძლავრთაგანმან, არა დაემორჩილონ, არამედ კუალად იპყრიან თჳსნივე წესნი, და არა დაუტევიან ღმერთნი, და მეფე, და ჩუეულებანი თჳსნი. ტაბლასა ზედა სჭამდიან და ნადიმობდნენ, სკამთა ზედა სხდიან, ბოდიშობდიან ქუდის მოჴდით, ვითარცა აწ მთის კაცნიცა, სმიდიან ღჳნოსა, სჭამდენ ჴორცთა პირუტყუთა და ნადირთათა, ნადიმობდნენ მეფისა თანა და ურთიერთთა თანა. მეფეთა გამეფებათა ზედა გარდააყრიდიან დიდნი და მცირენი სრულიად ოქროსა და ვეცხლისა ტაბაკთა, ვის რა ძალ-ედვა. ცოლნი თჳსთა თანასწორთა ერთი და არა სხუათაებრ მრავალნი. ამისთჳს უწყოდენ მოყუსობა, ნათესაობა, ურთიერთთა მტერობა და მოყურობა, ლხინთა ლხინობა და ჭირთა ჭირობა, არამედ ქორწილის ჟამსაცა გარდააყრიდიან, ვითარცა მეფესა, ოქროსა და ვეცხლსა ყოველნი მოწვეულნი და მწვეველნი, ვის რა ძალ-ედვა, და არა სიძერძლისა იყო იგინი, არამედ მეწდისა მათისა. მკუდარსა დაჰფლვიდიან ყოვლითა შესამოსლითა, და საჭურველითა, და სამკაულითა თჳსითა (ამის გამო არს აწ ნიშანი ეპისკოპოზთა), ტიროდიან და საბნელოსა სხდიან დღე, აღიპარსიან თავნი, წუერ-ულვაშნი, წარბნი, წამწამნი, და ჩაიჴდიდიან წელამდე სამოსელთა მამრნი და მდედრნი, იცემდიან, ვიდრე სისხლდინებისადმდე, არა სჭამდიან ჴორცსა და ცხოელსა წლამდე, გარნა მაშინც იძულებითა დიდითა; შთაიცვიან ძაძაფლასნი და დაიბურიან თავსა თხისურნი ჩაჩნი; განჰყვიან საფლავამდე ცოლნი ქმარსა და ქმარნი ცოლთა, და სხუათა ახლოს მოყუასთაცა, ჯინსა შინა მსხდომარენი ბნელსა, ძაძითა მოკრულითა, იმღერდიან მწუხარისა ჴმითა ტყებისა ჟამსა არა ჭირისუფალნი, არამედ სხუანი მუნმყოფნი (ხოლო წესნი ესენი მოშალა ჟა მეფემან გიორგიმ, რაჟამს მოვიდა მისა პატრიაქი იერუსალიმისა, მის გამო, თჳნიერ შავის ჩაცმისა, ჴორცის უჭმელობისა და ტყება-ტირილისა).

[25] კერპთა დღესასწაულთათჳს

კუალად უწყოდიან დღესასწაული კერპთა ღმერთთა თჳსთა: განვიდის თჳთ მეფე და დიდებულნი და მცირებულნი ბუჰ-დაბდაბითა და ყოვლითა ძნობითა და სახიობითა; შესწირვიდიან ძროხათა, ჴართა, ცხოვართა და ნადირთა. თაყვანისცემდნენ არმაზს, შემდგომად ზადენს და მერმე სხუათა ღმერთთა. არამედ უმეტეს დიდი იყო დღესასწაული არმაზისა, და შემდგომად თაყვანისცემისა ჰყვიან ნადიმნი და განცხრომანი დიდითა ჭამითა და ღჳნის სმითა, როკვითა ფერჴისითა, პირობითა, სახიობითა და ძნობითა სამ დღე და მოიქციან თჳს-თჳსად სახიდ. არამედ ოდითგან დაატევებინა ალექსანდრემ ჭამა მკუდართა, მიერ ჟამითგან შესწირვიდნენ კერპთა ძეთა და ასულთა თჳსთა, და იყო ესე ბოროტება მრავალსა წელსა; არამედ შემდგომად დააყენა დაკლვა ძეთა და ასულთა შეწირვად კერპთა მეფემან რევ და უბრძანა კუალად პირუტყუთა შეწირვად (ხოლო ჟამსა ქრისტეანობისასა ნაკერპავთა მათ მთათა მაღალთა და ბორცუთა ზედა ესევითარივე იყო განცხრომა-როკვანი;` ამისთჳს აღაშენეს მათ ზედა ეკლესიანი და ჯუარებობდიან მუნ, ვითარცა აწ ფერჴისა სიმღერითა გაათენიან). და ესენი ესრეთ.

შემდგომად კერპთა

ხოლო შემუსრა ძალითა ზეგარდამოთა წმიდამან ნინომ არმაზ, უდიდესი ღმერთი ქართველთა, და გაც და გაიმა, და იქმნა მეფე მირიან წმიდის ნინოს მიერ ქრისტეანე, და აღიარეს სრულიად საქართველოსათა ძედ ღვთისად მარიამ ქალწულისაგან განჴორციელებული, უფალი ჩუენი იესო ქრისტე. და შემუსრნა შემდგომად მირიან ყოველნი კერპნი საბრძანებელსა თჳსსა და მათ წილ აღმართნა ცხოველსმყოფელნი ჯუარნი ქრისტეს მეუფისა დასამჴობელად მტერთა.

ეპისკოპოზ-მღუდელთათჳს

გარნა აქუნდათ წესნი და ჩუეულებანი ესენივე წინათქმულნი, არამედ კერპთა მღუდელთა წილ დასუა მირიან მცხეთას, ზემო ეკლესიასა [26] შინა, მთავარ-ეფისკოპოზი, და ქალაქთა და დაბნებთა - მღუდელნი ჭეშმარიტნი ქრისტეს სარწმუნოებისანი, რომელთა აქუნდათ პატივი - ეპისკოპოზსა მეფისა თანა, ხოლო მღუდელთა - მთავართა თანა.

მეფეთა კურთხევისათჳს

ესევე ეპისკოპოზი აკურთხევდა მეფესა და დაადგმიდა გჳრგჳნსა, ხოლო დადგინებისა კათალიკოზისა - კათალიკოზი. და ჟამსა ბაგრატიონთასა ვინაჲთგან ლიხთ-იმერთა იყო დადგმა გჳრგჳნისა: ქართლისა და აფხაზთა კათალიკოზნი აკურთხევდენ, არამედ გჳრგჳნსა დაადგმიდა ქუთათელი მეფეთა ქუთათისის ტახტისათჳს. ხოლო შემდგომად განყოფისა იმერეთს - კათალიკოზი იმერთა, ქართლს კათალიკოზი ქართლისა და კახეთს - ბოდბელი.

კათალიკოზისა, ეპისკოპოზისა, წინამძღურისათჳს

ხოლო ვახტანგ გორგასალ დასუა კათალიკოზი და ეპისკოპოზნი ყოველსა საქართველოსა შინა. ამათ მიეცა პატივი - კათალიკოზსა მეფისა თანა და ეპისკოპოზს - ერისთვისა თანა, ხოლო მღუდელთა - აზნაურთა თანა. ხოლო შემდგომად მოსლვისა იგ წმიდათა მამათა იქმნენ ამათ მიერ მონასტერნი და უდაბნონი, და ამათ მონასტერთა მამათა და წინამძღუართა მიეცათ პატივი მთავართა თანა.

შეძინებული წესი მთავართათჳს

ხოლო ამათ მთავრობისა წინათქმულს წესსა შეეძინა, რათა აქუნდეს მათ წესთა თანა სასაფლაოდ საეპისკოპოზო ანუ მონასტრის ეკლესია, კუალად საყდარი კარისა მღუდლითურთ. ეგრეთვე აზნაურსა სასაფლაოდ მონასტერი და ეკლესია სახლსა თჳსსა მღუდლით. ხოლო წინათქმულითა და ამით იწოდებოდნენ მთავარნი და აზნაურნი, და თჳნიერ ამათსა არა.

[27] ჭყონდიდელისათჳს

შემდგომად კუალად შესძინეს ჭყონდიდელი. და იყო ამისი ჴელისანი ქვრივ-ობოლნი, და დავრდომილნი, უსამართლო-ქმნილნი, შეწუხებულნი და შეჭირვებულნი. ესე აუწყებდა ამათთა ყოველსავე მეფესა. ესევე იყო მწიგნობართუხუცესი ყოველთა სამეფოთა მწერალთა ზეით თქმულთა. ესე მისცემდა მეფისაგან ბრძანებასა ეკლესია-მონასტერთა და ლაშკართა მოწუევად, და მათთა სამჭირნოთა მოჴსენებად მეფისა. ესევე იყო ლაშკრობისა ჟამსა პატიოსნისა ჯუარისა მძღუანებელი წინაშე სპათა და ბრძოლისა ჟამსა უკან მსვლელი ანუ ჩახთაული, და ახალ წელს მაკვლევი მეფისა.

ათაბაგისათჳს

კუალად შესძინეს ათაბაგობა, რამეთუ არღარა იწოდებოდა სპასალარი სპასალარად, არამედ ათაბაგად.

მეფეთა გუართათჳს

ხოლო გუარნი მეფეთანი იყვნენ: პირველი ქართლოსიანნი, და ნებროთიანნი, და არშაკუნიანნი, და მეფობდნენ ესენი ფჲვ წელთა, და მეფენი ისხდნენ კჱ. შემდგომად ამათთა იყო გუარი ხოსროვანთა, და მეფობდნენ ესენი უნდ წელთა, და მეფენი ისხდნენ იზ და მთავარნი . შემდგომად ამათთა ბაგრატიონნი, რომელნი გამეფდნენ ქრისტესსა ფოე წელთა და არიან აწამდე. არამედ სიტყუა იყო ივერიასა შინა მეფეთა ამათთჳს, რამეთუ იცნობის ქართლოსიან-ნებროთიან-არშაკუნიანნი გმირობითა, ხოლო ხოსროვანნი, გოლიათობითა, ახოვნებითა, შემმართებელობითა, ხოლო ბაგრატიონი მჴნეობითა სიბრძნე-ქუელობითა და ქუეყნისათჳს თავდადებულობითა.

მთავართა გუართათჳს

ხოლო გუარნი მთავართა მათ ძუელთანი ესენი არიან: ქობულისმე, დონაური, არელმანელი, ბაღუში, რომელი იყო ლიპარიტისძე, მარუშისძე, კახაბერისძე, ბაკურისძე, აბულელი, მჴარგრძელი, [28] ორბელიანი, ქაჩიბაძე, ვარდანისძე, გამრეკელი, მარუშისძე, ძაგანისძე, ასათისძე, კარიჭისძე, გაგელი, სამძივარი, ფარჯანიანი, ნერსიანი, ადარნასიანი, ჯუანშერიანი, კავკასიძე, ჯაყელი, ირუფაქისძე, ჩოლაყაშვილი, აბაზაძე, კორინთელი, მახატელი, ნასიძე, შარვაშიძე, ქუენაფლაველი, ჯავახისშვილი, ბურსელი და სხუანი მრავალნი, რომელნი ერისთობით იწერვიან და გუარნი არა წარიწერებიან ცხადად საცნობელად, ვითარცა იტყჳს ყუთლუღ-არსაღისას და ყუბასარისას და ქართლის ერისთავი გრიგოლ, და სურამელი რატი და გრიგოლი. კახეთს ხორნაბუჯის ერისთავი, მაჭის ერისთავი, პანკისის ერისთავი, და სამცხეს გუზანის და არტანუჯის ერისთავი, კალმახის ერისთავი, წუნის ერისთავი, ხოლო სომხითს მანკაბერ-სადუნი და არა გუარი მისი. ხოლო იმერეთს ბედიელი, დადიანი და სხუანი, და არა გუარნი მათნი წარწერილნი. არამედ დადიანობა არა არს გუარი, გარნა წესი ჴელობისა, არა იყო ესე ოდიშს, არამედ კარის მჴარესა ზედა დადიანობდა, ხოლო შემდგომად მეფის თამარისა იქმნა ოდიშს დადიანად, და იყვნენ ერისთავად, ვითარცა ცოტნე დადიანი, და არა გუარი მისი საჩინო არს. გარნა შემდგომნი დადიანნი ამ ცოტნესაგან ჩამომავლობენ, ვითარცა აღვსწერეთ.

ახალწლისათჳს

არამედ კუალად ქრისტეანობის ჟამსა შესძინეს წესნი ესენი: რამეთუ ახალწელს, ერთს იანვარს, უწინარეს ცისკრის ლოცვისა, უკულევდა მეფეს ჭყონდიდელი ჯუარსა და ხატსა, და სამკაულსა მეფესა და დედოფალსა, და სანუქარსა შაქრისასა, ხოლო შემდგომად წირვისა სრულიად ერისთავნი, ჴელისუფალნი და დარბაზის ერნი თჳსთჳსთა ბარებულთა, ესე იგი არს: ბაზიერთხუცესი - შავარდენ-ქორსა და თავსა ველურის ეშჳსასა მოოქროვილსა; მეჯინიბეთხუცესი ცხენსა აკაზმულსა ოქროთ-მოოჭვილითა, და სხუანი ოფიკალნი [29] თჳს-თჳსთა შესატყჳსთა. ხოლო ერისთავნი - ცხენთა არაკეთილთა, და კუალად ესენიცა და სხუანი სრულიად ისარსა, და შეაჩუენიან კრულვით ორგულსა მეფისასა მეტყუელნი: "მრავალჟამიერ ყოს ღმერთმან მეფობა თქუენი მრავალ წელს, და ისარი ესე გულსა შინა განერთხას მეფობისა თქუენისა ორგულსა". და შემდგომად სრულიად სპათა მოლოცვისა შექმნიან პურობა დიდი, განცხრობითა და სახიობითა. ხოლო ცხენთა მათ ერისთავთა მორთმეულთა განიყვანის ბაზიერთხუცესი, სადა იყო სანადირო მეფისა შემოღობილი ახლოს მეფის სამყოფისა, და დაჴოცნის ცხენნი იგინი მწუხრსა მას შემოღობილსა მას შინა, და მას ღამესა აღივსის შემოღობილი იგი მელითა, ტურითა, მგლითა, და დილასა მცველმან მისმან ჩამოხურნის კარნი და დაამწყვდივის მას შინა. ხოლო მეორესა დღესა შეჯდის მეფე წარჩინებულითა თჳსითა და მივიდის ადრიან მუნ, მაშინ გამოუშვიან მჴეცნი იგინი და დაუწყიან ისრითა სროლა და სიკუდილი მათი. ესრეთ იკულევდიან და შემოვიდიან მხიარულნი სანადიმოდ.

აღდგომისათჳს

ხოლო აღდგომის წესი იყო ადრე ნათლებისად წირვა და შემდგომად წირვისა მცირედითა სანოვაგითა ჴორცთათა აღიჴსნიდიან პირთა მეფე და დიდებულნი. შემდგომად გამოვიდის მეფე, და ყოველნი წარჩინებულნი და მცირებულნი ასპარეზსა ზედა, და დასვიან სამეფო თასი ოქროსი ანუ ვეცხლისა ყაბახსა ზედა, დაუწყონ სროლა მას თასსა ისარნი მოყმეთა და ჭაბუკთა და, რომელი ჩამოაგდის ისრითა, მას მისციან თასი იგი. შემდგომად ამისა შექმნიან ბურთობა და, რომელმან მჴარემან აჯობის, იყო მჴარე-თალარნი სამეფონი, და მისციან მათ თჳთოთა თჳთო (ეგრეთვე ქორწილისა, დიდგამომჩუენებისა [30] დღესა შინა ყვიან ესე ასპარეზსა ზედა), მერმე შემოვიდიან მეფისა თანა და შექმნიან ნადიმნი და პურობანი დიდნი მგოსან-სახიობითა. არამედ კათალიკოზნი და ეპისკოპოზნი ვიდრემდის იივნენ მუნ, არა იყო მწყობრთა ძალთა ცემანი, არამედ გალობანი. ხოლო შემდგომად წარსლვისა მათისა იყო მგოსანთა, მომღერალთა და ყოველთა სახიობათა ცემანი.

დროშისათჳს

ხოლო წესთა ამათთა იყო ყოველი ივერია ანუ გიორგია ოთხ სადროშოდ განყოფილი, რამეთუ წინამბრძოლნი იყვნენ თორელნი, ციხისჯუარელნი და ახალციხელნი, და მიმყოლნი მათნი სრულიად მესხნი და კლარჯნი, და სომხითისა, რომელნი ეპყრათ; ხოლო მემარჯუნე მიმსულელ-მცემელნი სრულიად ლიხთ-იქითი აფხაზ-ჯიქითურთ; მემარცხენეთ მიმსულელ-მცემელნი სრულიად ჰერ-კახნი; ხოლო მეფისა ალმის მპყრობელნი ქართველნი და რომელნი როქით სპანი ეპყრნეს მეფესა, გარნა ოდესმე სამად მიმსვლელად ანუ სხუარიგ მიიყვანდიან, ვითარ ამჯობინის მეფე ანუ სპასალარი.

შერეულთა წესთათჳს

არამედ წესნი ესენი რომელნიმე ფლობასა თათართა ყეენობისასა შეიშლებოდნენ, ვითარცა დაბლა ნოხთა ზედა სხდომანი, ეკლესიასა შინა მოუჴდელობა ქუდისა თუ არა ჟამად, რამეთუ საუფლოთა სიტყუათა ზედა მოიჴდიდიან, თჳნიერ მისსა არა, არცაღა ბოდიშობდიან ქუდის მოჴდით, და სხუანიცა უჯერონი მრავალნი, ვითარცა იტყჳს ორცოლიანობასა და სამცოლიანობასა, და მეფეთა წინააღმდგომობასა, და განდგომილებასა, ხოლო შემდგომად ბრწყინვალემან მეფემან გიორგი კუალად აგო წესსავე მას ძუელსა ზედა, და შემდგომთა მისთა მეფეთა, ვიდრე შიხთა მეფისა სპარსთათა გამოჩინებისამდე.

[31] შემდგომად განყოფილებისა სამეფოსათჳს

ხოლო შემდგომად განყოფილებისა და განხეთქილებისა სამეფოსათა ამისა აქუნდათ თჳს-თჳსად წესნი ესენივე, გარნა ერისთავთა ცვალებანი არღარა. გარნა მთავარნიცა არღარა იწოდებოდნენ მთავრად, არამედ თავადად, და არღაცა იყვნენ როქით სპანი მეფისანი, არამედ სახასონი აზნაურნი და მსახურნი გლეხნი ჴეობათაგან იყვნენ მცველნი მეფისანი, და უმეტეს მოჴევე-მთიულნი, ვიდრე დაიპყრობდნენ მას საერისთოდ. ხოლო იმერთა - რაჭა და სრულიად ლეჩხუმი, ხოლო კახთა - ქისიყი. ხოლო ლაშკრობისა ჟამსა ერისთავთა და მთავართა მინაწერნი იყვნენ მოყვანებად, გარნა იყვნენ ოთხ სადროშოდვე კუალადცა, ვითარცა აღვსწერეთ ქართლი, იმერეთი და კახეთი. არამედ ესე ყვეს მეფეთა, ვინაჲთგან არღარა იყვნენ ეგოდენნი შემოსავალნი, რათამცა დაეპყრათ სპანი ეგდენნი, რათა ეპირისპირათ, ანუ გამაგრებოდენ მტერთა თჳსთა. ამისთჳს შეჰკუეთეს ერისთავთა, მთავართა და აზნაურთა - სრულიად რაოდენნი სახლსა შინა არიან - წარსლვად ლაშკარსა შინა, ხოლო გლეხთა მგზავსად შეწერილებისად. ხოლო როსტომისამდე ესენი ესრეთ იყვნენ.

აწინდელისა წესისათჳს

გარნა თუმცა სამცხეს და კახეთს შემოერიათ - მათ ურუმთაგან და ამათ ყიზილბაშთაგან, - წესნი რაჲმე მათნი, არამედ ქართველნი და იმერელნი ეგნენ ზნეთა მათ ზედავე. ხოლო აწინდელთა ჟამთა აქუნდათ წესნი იგინივე და შერეულნი ყიზილბაშთა ესენი, რამეთუ სხდიან ნოხთა უსკამოდ, ჴელითა სჭამდიან. სანოვაგე ქართველთა და კახთა უმეტეს ყიზილბაშთა რიგისა, ხოლო მესხთა ურუმთა და იმერთა - ურუმულთაგან შერეული; და სასახლეთა შენებანი მათივე რიგისა და არღარა ქართული, თჳნიერ დარბაზისა, და მესხთა ურუმთა რიგისა. და არღაცა იყო ერისთავთა ცვალებანი, არამედ მკჳდრადნი. რამეთუ ძუელითგანვე იყო წესი ესე: რაჟამს მოკუდის ერისთავი, ანუ მთავარი, ანუ ჴელისუფალნი, ანუ აზნაურნი [32] ჩინებულნი, მოართვიან მეფესა მის მომკუდრისა ჴრმალი, ცხენი და უხუცესი ძე მისი, ხოლო მეფე ჴელისუფლობისა და ერისთობისა წესსა, ვისიცა ენება, ღირსებისაებრ მიუბოძის და ოდესმე ძესაცა, უკეთუ ღირს იყო ანუ ძალ-ედვა მოურნეობა მისი. ხოლო ცხენი წარიყვანიან სამეფოთ, და ჴრმალსა მოარტყმიდა წინაშე მეფისა მსახურთუხუცესი ძესა მის მომკუდრისასა, და დააწესონ ტაძრეულად ანუ სხუათა სამეფოთა მსახურებათა შინა ღირსებისაებრ. ხოლო აწინდელსა ჟამსა ჴელისუფალნი ეგრეთვე ყვნიან, ვითარცა ზემო ითქუა, და ცხენიცა და ჴრმალიცა ეგრეთვე. არამედ ერისთობა და მთავრობა არღარა, და რომელნიმე სპასპეტნიცა, რამეთუ შვილთავე მისთა ანუ სახლისკაცთა მისთავე მიუბოძიან, ეგრეთვე მთავართაცა.

აწინდელთა ჴელისუფალთა შეცვლილთა სახელთათჳს

ხოლო როსტომ ჴელისუფალთა უწოდა: მსახურთუხუცესსა ყორჩიბაში, მონათუხუცესსა - ყულარაღასი, სპასპეტსა - სარდარი, მეჭურჭლეთუხუცესსა - მოლარეთხუცესი და მეჭურჭლეთუხუცესი არღარა, არცა იგი წინათი მოლარეთხუცესი; ჩუნჩერახსა სუფრაჩი, ჩაჩნაგირს - სუფრაქეში, მანდატურთუხუცესსა - ეშიყაღასი, მანდატურსა - სოჰბათიასაული, ბოქოულსა - ელიაღაჯი, მსაჯულთუხუცესსა - მდივანბეგი, ეზოს მოძღუარსა - ნაზირი, მესტუმრეთუხუცესსა - მეჰმანდარი, მწერალსა - მუშრიბი, ხუროთმოძღუარსა - სარაიდარი, და ეჯიბი არღარა, არამედ მგზავსი მისი მეითარი. ხოლო სხუანი ჴელისუფალნი იყვნენ ეგრეთვე. არამედ კუალად ყიზილბაშთა რიგის შესძინა ვეზირი, მუსტოფი და მუნში. კუალად მეკარესა - ყაფიჩი და ასისთავსა - უზბაში. და კახთაცა განაწესეს ეგრეთ; ხოლო იმერეთს მეფის ალექსანდრეს გიორგის ძისამდე იყვნენ წესნი ეგრეთვე და შემდგომად მისსა არღარა, არამედ [33] მთავარნი თჳს-თჳსითა სპითა შეკრბიან, და არღაცა ჴელისუფალნი მეფისანი არიანღა. ხოლო სამცხეს, ვითარცა ოსმანთა რიგნი, ეგრეთ იმყოფიან ჩუეულებათა და წესითა.

აწინდელთა მთავართა გუართათჳს

ხოლო აწინდელთა მთავართა და წარჩინებულთა გუარნი ესენი არიან: ბარათაშვილი, რომელთა უპყრავთ გაჩიანისა და გარდაბანისა საერისთონი ტფილისის სამჴრით, ვიდრე ლორე-ფანავრამდე, თჳნიერ მეფისა სახასოთა და შეწირულობათა ეკლესიათათა. ხოლო იტყჳან ესენი ჩამომავლობასა ქაჩიბაძისასა, რომელსა აცხადებს გუჯარნი და სიგელნი მათნი მეფეთაგან წყალობისანი. კუალად ყაფლანისშვილი და აბაშისშვილი სამთა ძმათა შვილობასა. არამედ ყაფლანისშვილი იტყჳს გუარობასა მათსა გინა ორბელიანობასა, გარნა იყო ორბელიანი სხუა და ქაჩიბაძე სხუა გუარი, არამედ ოდეს განიყვნენ ძმანი, ბარათასაგან არიან ბარათიანნი, რომლისა მიერ ეწოდა ადგილთა მათ საბარათიანოდ, ხოლო აბაშისაგან აბაშისშვილნი და ეგრეთვე სხუანი, რომელნი არიან ბარათიანთაგანნივე. გარნა საგონებელ არს ყაფლანიანთაცა მესამესა ძმასა ეწოდა ორბელი, და მის მიერ ორბელიანნი იწოდნენ, თვარე წინათქმულნი არა განმართლდებიან. ხოლო ბარათანთ გუჯარსა შინა, რომელ არს ბეთენიას, წერილ არს: მეფემან ალექსანდრემ, ძემან გიორგი მეფისამან, გაჰყარნა სამნი ძმანი - აბაში, გუგუნა და დავით. აბაშისაგან აბაშიშვილნი, გუგუნასაგან ბარათიანნი და დავითისაგან ყაფლანიშვილნი არიან. ხოლო სომხითის მელიქი არა არს გუარი, არამედ სომეხსა ვისმე პატივსცა შააბაზ გამოჰმადიანებისათჳს. არღუთაშვილი აწ აზნაური, გარნა [34] მჴარგრძელნი არიან. ხოლო ზურაბისშვილს, იარალისშვილს და სოლაღაშვილს იტყჳან არა ბარათიანობასა, არამედ მამულნი და სასაფლაონი მათნი აჩენენ მასვე ყოფასა. კუალად დოლენჯისშვილი აწ ჩამოსულნი მესხიდამ. ყარაბუდაღისშვილი მოვიდა მარიამ-ჯუარის კახეთიდამ. ხოლო მცხეთის დასავლით და მტკურის სამჴრით ციციშვილი, რომელი ძუელადვე მოვიდა ფანასკეთიდამ, ჯავახისშვილი; ხოლო მოურავისშვილი არს სააკაძე და მეფისაგან გამთავრებული; როჭიკაშვილი არს შალიკაშვილი, მოვიდა სამცხიდან. ხოლო შიდა ქართლს ამილახორი, არამედ არა არს გუარი, გარნა წესი მეჯინიბეთხუცობისა, ვითარცა უწოდებენ სპარსნი, ხოლო გუარი ზედგინიძე არს და პატივცემული მეფეთაგან მთავრობით, ვითარცა აჩენს გუჯარნი მათნი. აბაშიძე, ფალავანდიშვილი და ამირეჯიბი. ამათ ერთობასა შინა აქუნდათ მამულნი იმერეთს და ქართლსა შინა, და შემდგომად განყოფისა სამეფოსა, ერთი ძმა იქით და ერთი აქათ დაშთნენ, ვითარცა აჩენს მამულნი და სიგელნი მათნი. ავალისშვილი, რა დაშთა ჴეობა მეფესა ქართლისასა, ეგრეთვე ერთი ძმა დაშთა აქ და მეორე სამცხეს. მაჩაბელი იტყჳს ანჩაფიძეობას, აფხაზეთიდამ მოსლვას, გარნა ახალი არს. ხერხეულისძე იყო სამცხეს და იტყვს ოსობას, არამედ არს მოსლვა მისი შემდგომად გაყრილებისა. ფავლენისშვილი იტყჳს მჴარგრძელობასა. ხოლო კუალად მესხი ამილახორისშვილი, დიასამიძე, შალიკაშვილი და თაქთაქისშვილი შემდგომად თათრობისა ჩამოვიდნენ სამცხიდამ; ჩხეიძე მოვიდა იმერეთიდამ. ხოლო რამაზისშვილი და დავითისშვილი არიან ავგიორგის ძმის დიმიტრისაგან, რომელი არჩინა მეფემან, და არიან მიერითგან აქა. ხოლო იალბუზის კალთათა ქსნის ერისთავი და არა ქვენაფლაველისაგან, არამედ იტყჳს ბიბილურობასა. ხოლო არაგჳს ერისთავი - და აღვსწერეთცა, ვითარცა არიან, არამედ გუარს სიდამონობას იტყჳს. ხოლო მუხრანის ბატონი და გოჩაშვილი, აწ მთავარნი, არამედ გუარი მეფეთა ბაგრატიონთა არიან, ვითარცა აღწერილნი არიან.

[35] წარჩინებულთათჳს

გარნა ამათ მთავართა შორის აწინდელთა ჟამთა უწარჩინებულესნი და შემძლებელნი ესენი იყვნენ და გაუყრელნი სახლნი აქუნდათ: პირველი მუხრანის ბატონი, არაგჳს ერისთავი, ქსნის ერისთავი, ამილახორი და ყაფლანიშვილი, ზემო ციცისშვილი, ოდეს გაუყრელი იყო, და სომხითის მელიქი. ხოლო აზნაურნი მრავალნი არიან, სიგრძისათჳს დავიდუმო ვიეთნი ძუელის გუარისანი, ვითარცა აბაზაძე, კორინთელი, მახატელი, არღუთაშვილი, გოგიბაშვილი, ნასიძე, ღაზნელი. გააზნაურშვილებულნი: ვითარცა რატისშვილი, ქსნის ერისთვის განაყოფი, ვით იხილვების მამულითა, ხოლო აწ დამცირებულნი. ხოლო ზედგინიძე, სააკაძე, ელიოზიშვილი, ამათგან გამთავრებულნი ესრეთ, რომელნიმე ამაღლებულან და რომელნიმე დამდაბლებულან ჟამთა ცვლილებითა ანუ გაყრითა ძმათათა.

კახთათჳს

ხოლო კახეთს ჩოლაყაშვილი და მაყასშვილი იტყჳან ირუფაქიძობას; ენდრონიკასშვილი იტყჳს ანდრონიკესაგან, რომელი მოვიდა პირველვე კეისართა გუარისა. ჯორჯაძე, ჭავჭავაძე, ვაჩნაძე, ვახვახისშვილი, რუსისშვილი, ჯანდიერისშვილი, ავალისშვილი და ჩერქეზი. ეს ორნი მოსულნი არიან გაყრილების შემდგომად. გურამისშვილი და ტუსისშვილი - ზედგინიძენი, რომელთა გამოაჩენს სასაფლაო მათი დღესეც მღჳმეს, და აზნაურნი უფროს მცირედ.

სამცხისათჳს

ხოლო სამცხეს: ჯაყელი, ესე არს აწ ათაბაგი და ფაშა ახალციხისა; შალიკაშვილი, თადგირიძე, დიასამიძე, ქობულისძე, გოგიბაშვილი, ამილახორი, ავალისშვილი, სუმბატისშვილი, გოგორისშვილი, [36] თუხარელი, ღაღანიძე და სხუანი, არღარა იწოდებიან გუარითა, არამედ ფაშად, ბეგად და სანჯახად, და აზნაურნიცა ეგრეთვე მრავალ, გარნა დავიდუმეთ.

იმერეთისათჳს

ხოლო იმერეთს: არგუეთსა შინა აბაშიძე, ფხეიძე, წერეთელი და ჩხეიძე [ამავე ჩხეიძის გუარი არს აწინდელი რაჭის ერისთავი და სპასპეტი რაჭისა], ლორთქიფანიძე, ნიჟარაძე და ღოღობერიძე, აზნაურნი და მთავრობით პატივცემულნი მეფეთაგან. ხოლო რაჭას წულუკიძე, იაშვილი, ჯაფარიძე, ინასარიძე, ლაშხისშვილი. ხოლო სუანეთს გელოვანი, და არღარა ეგოდენისა ძალისა და უფლებისა მქონე სუანთა ზედა.

კუალად ვაკესა შინა ჭილაძე და მიქელაძე და ჩიჯავაძე, ხოლო აზნაურნი მრავალნი და კეთილნი ყოვლითა ზნითა აზნაურთათა [ვითარცა ძუელად სიტყუა იყო ივერიასა შინა: დარბაისლად მესხნი, თავადი ქართლისა, აზნაური იმერეთისა და ვაჭარი კახეთისა], არამედ სიგრძისათჳს არღარა აღვსწერეთ. გარნა უწარჩინებულესი და შემძლებელი იყო აწისა ჟამსა შინა რაჭის ერისთავი და აბაშიძე.

ოდიშისათჳს

ხოლო ოდიშს დადიანი და თავადი თჳთ-თჳსად მფლობელი ოდიშისა შემდგომად გაყრილებისა. არამედ აწ არს ჩიქოვანი, რომელმან მოწყჳდნა დადიანნი და მთავარნი ოდიშისანი, და მცირე აზნაურობისაგან იქმნა დადიანად აღწერილებისაებრ. არამედ კუალადცა არიან მთავარნი ესენი: გოშაძე, ფაღავა, ჯაიანი, ჩიჩუა და სხუანიცა, და აზნაურნიცა მრავალნი.

აფხაზეთისათჳს

ხოლო აფხაზეთს იგივე შარვაშიძე, მფლობელი აფხაზთა თჳთ, და უმდაბლესი ანჩფაძე.

[37] გურიისათჳს

ხოლო გურიას გურიელი, იგიცა თჳთ ჰფლობს და იტყჳს ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქუეშენი არიან ესენი: თადგირიძე და ამილახორი ჩავიდნენ სამცხიდამ, შარვაშისძე მოვიდა აფსაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე და სხუანი, ეგრეთვე აზნაურნიცა.

მეფეთა წერილისათჳს

ხოლო მეფენი ამათ ყოველთა ზედა იწერებოდნენ ესრეთ: "ჩუენი ბრძანება არს, მესტუმრეთ თუ მანდატურთ, ესრეთ უამბე", და შემდგომად რაჲ ჯერ იყო. ხოლო სიგელსა და გუჯარსა შინა: "ჩუენ, მეფეთ-მეფემან, ღვთით წყალობით ცხებულმან, თჳთმპყრობელმან და თჳთჴელმწიფემან, იესიან, დავითიან, სოლომონიან, ბაგრატიონმან, შჳდთავე სამეფოთა მპყრობელმან [სახელი] გიწყალობეთ". ხოლო აწინდელთა ჟამთა: "მესტუმრეო, ჩუენ მაგიერად ჩუენს დიდს იმედს დარბას-ბატონს [სახელი] ასრე უანბეთ". და მდაბალთა ზედა: "ჩუენი ბძანება არს", ხოლო გუჯართა და სიგელთა: "ჩუენ, მეფემან ღვთივ-ცხებით გჳრგჳნოსანმან, იესიან, დავითიან, სოლომონიან, ბაგრატიონმან [სახელი] გიწყალობეთ"! ესრეთვე იმერნი და კახნი, არამედ მეფე ქართლისა კუალადცა მეფეთ-მეფობით სწერდა წინავეთავე ჩუეულებითა.

ეპისკოპოზთა ლაშკრად წასლვისათჳს

არამედ ეპისკოპოზთა სლვა ლაშკართა, ნადირობათა და ბრძოლათა შინა ამის მიერ ჩუეულება იქმნა: რაჟამს უწყეს მოჰმადიანთა შემდგომად დავით მეფისა დაუცხრომელი ბრძოლა და კირთება, და იხილეს ღაფლობა-უღონოება ქუეყნისა ერთა ეპისკოპოზთა, [38] მაშინ ეტყოდიან ეპისკოპოზნი: "ნუ მოღაფლდებით და ნუ მოუღონოვდებით ბრძოლად მათდა, და ნუ დაუტევებთ სარწმუნოებასა, რჯულსა და ჩუეულებასა თქუენსა, და ჩუენ ვიქმნებით წინამბრძოლნი თქუენნი" და ჰყოფდენცა ეგრეთ [ვითარცა მარაბდის ომსა ზედა მროველმან ავალიშვილმან, რა მოიღო ზიარება, ეტყოდენ: "უკეთუ დღეს აღიღებ მახჳლსა ბრძოლად, უბრძანე, რათა გვაზიაროს სხუამან, და უქეთუ არა, უმჯობეს არს შენ მიერ". ხოლო იგი იტყოდა: "დღეს ბრძოლა არს სარწმუნოებისა და ქრისტეს მცნებისა და არა მხოლოდ ჩემ ზედა; ამისთჳს არა ვყო, უკეთუ უწინარეს თქუენსა არა დავსთხიო სისხლი ჩემი მახჳლის ამღებმან"]. ხოლო მეორე მიზეზი: ვინაჲთგან შეწერით იყო ლაშკარნი, და ჰყვათ ეპისკოპოზთა აზნაურნი, და მსახურნი, და შეწერილნი გლეხნი წარსლვად ბრძოლასა შინა, ამისთჳს მათთა მოშურნეთა თანამდებ იყვნენ წარსლვად, და არს მიერ ჟამითგან ეგრეთ აწამდე. ხოლო სხუათა თჳნიერ ამისა აჩენს ცხორება ანუ მატიანე ქუემთრე აღწერილი ყოველსავე ამას ქარტასა შინა. და იმყოფოდა ესენი ესრეთ აწისამდე, ხოლო წაღმართი უწყის ღმერთმან და, ვითარცა ნებავს, იყავნ.

მკითხველთათჳს სიტყუა რაჲსათჳს არს შრომა ესე ვახუშტი ბატონიშვილი - "აღწერა სამეფოსა საქართველოსა"
ავტორი: ვახუშტი ბატონიშვილი
საქართველო - ივერია -გიორგია