თბილისს
Appearance
თბილისს ავტორი: ტერენტი გრანელი |
ქარია, ეს ხე ბაღთან თავს იხრის
და ღამის ჩრდილმა დღის შუქი მოსპო.
ვშორდები თბილისს, მგონი, დიდი ხნით,
ვშორდები თბილისს, მივდივარ მოსკოვს.
რა ვქნა, ყოველთვის მაკლია ძილი,
თუმცა ოცნებით ზეცას ვაკვდები.
მივალ, ხვალიდან ვშორდები თბილისს
და ქრება ღამე უკანასკნელი.
განთიადია, მივსდევ გზას ნელა,
განთიადია და ფიქრს ვუნდები.
დღეს ვუმზერ თბილისს უკანასკნელად,
მივალ, ცოცხალი არ დავბრუნდები.
ქარია, ეს ხე ბაღთან თავს იხრის
და ღამის ჩრდილმა დღის შუქი მოსპო.
ვშორდები თბილისს, მგონი, დიდი ხნით,
ვშორდები თბილისს, მივდივარ მოსკოვს.