Jump to content

თბილისური გაზაფხული

From Wikisource
თბილისური გაზაფხული
ავტორი: გიორგი ლეონიძე


მერცხლის ფრთების მოიმედეს
გაზაფხული მომივიდა,
ვუცქერ ნუშებს, ატმის ყვავილს
და მზეს ― ლომის თავივითა.

ცისარტყელა!
ჩქარა, ბოძი ―
ცისარტყელის დასარჭობლად!
მოერიდე, ნუ შეხედავ
მახათის მთას ნასახრჩობლარს.

მაგრამ მე თავს არ დავიხჩობ,―
გინდაც იდგეს სახრჩობელა,
რადგან მთები და ბაღჩები
ჩახჩახებენ მზეში ― ყველა,

რადგან ვაშლის ყვავილები
ირმის რძეზე თეთრი არის
და თბილისის ძველ ქუჩებში
დატკბილდება ხეტიალი.

რადგან ჩემი სიჭაბუკე
აქ ყოველწლივ მეორდება
და ლამაზი, მთვარისპირა,
ხეივანში მელოდება...

რესურსები ინტერნეტში

[edit]