თუ წავიდა გაზაფხული
Appearance
თუ წავიდა გაზაფხული ავტორი: გიორგი ლეონიძე |
გაზაფხულის ცის ნაცრემლმა,
წაიარა წვრილმა წვიმამ;
თითქოს ათას ციცნათელამ
იცელქა და იყმაწვილა!
სიყმაწვილის ფერი ედო
ყველაფერს და ყოველივეს;
გაზაფხულის ოქრომკედო,
მაისის მზევ, მოლივლივევ!
სიჭაბუკევ, ისევ მოდი.
ფრინველების გესმის ტაში?
მოიწოდე ნუშის ტოტი,
ხელი სტაცე ჩანჩქერს ფრთაში!
თუ წავიდა გაზაფხული,
მშვენიერი, მზის დამფრქვევი, ―
გზა არ დასთმო ზამბახური,
არ მოეშვე, თან წაჰყევი!