კალმასობა (დღე მეცხრე)
მადლობელი იოანე ამილახვრიანთი წარვიდა მუხრანისაკენ. რა ოკმისა მინდორს მივიდა, იხილა რაოდენიმე ცხენოსანი მომავალი. რა ახლოს მიიწივა, იცნა იონემ გიორგი ერისთვისშვილი. ენება იოანეს გზის აქცევა. გარნა გიორგის ადრევე ეცნო იოანეს შემთხვეულნი საქმენი და თვით მოვიდა იოანესთან და ჰრქვა: - დიაკვანო იოანე, ჩემგან რათ ივლტვი? მე არა რას შემცოდე ვარ. ი ო ა ნ ე: არა, უფალო, გარნა მეშინის, თქენც მათი ძმა ბრძანდებით! გ ი ო რ გ ი: გლეხური ანდაზაა: ერთის ხისა ბარიც გამოვა და ნიჩაბიცაო. ი ო ა ნ ე: რუსთაველი სწერს: „კოკასა შინა რაცა დგას, იგივე წარმოდინდება“. გ ი ო რ გ ი: ბერო, რა შენი საქმეა საარშიყო წიგნების სწავლა, ნუთუ თქვენმან წინამძღვარმან გასწავათ? ი ო ა ნ ე: არა, „ვეფხისტყაოსანი“ სწორედ ზნეთსწავლულება არს და ვინც როგორ იხმარებს, იმ ნაყოფს გამოიღებს, როგორც თქვენ ხმარობთ საერისთოს. გ ი ო რ გ ი: არ მოგწონს ჩვენი მართებლობა? ი ო ა ნ ე: ეგ ასეთი მართებლობა არს, თუ ხანი გაგრძელდა, სამართებლო მაგდენი არღარა დაშთება რა. გ ი ო რ გ ი: მაშ როგორ უნდა მოვიქცეთ, ის იმგვარი ხალხია, თუ ისე არ უყო კაცმან, ძალა არ უჩვენა, არ დამორჩილდებიან. ი ო ა ნ ე: ბატონისშვილი იოანე როგორ იმორჩილებდა? გ ი ო რ გ ი: ის მეფის შვილია და შეეძლო. ი ო ა ნ ე: თქვენ მეფის ძე ხართ და თქვენც შეიძლეთ. გ ი ო რ გ ი: ვითარ, მასწავლე! ი ო ა ნ ე: მოგახსენებ. გ ი ო რ გ ი: თქვი! ი ო ა ნ ე: თქვენი ერისთობა დაცემული იყო, მაგრამ იოანე ბატონისშვილის თანხმობით დავით მეფემ, მემკვიდრემ, მოგცათ ერისთობა, გარნა თვისსა ძმასა უბძანა სჯულდება, თუ ვითარ უნდა მოქცეოდით თქვენ ხელქვეშეთთა და საკუთართა ყმებთა. გ ი ო რ გ ი: ჩვენ ბატონისშვილის მადლობელნი ვართ, ბრძანება და დარიგება იმისი აღგვისრულებია. ი ო ა ნ ე: მაშ აზნაურნი რად გიჩივიან? გ ი ო რ გ ი: თქვენი არქიმანდრიტი გვრევს. ი ო ა ნ ე: ვითარ? გ ი ო რ გ ი: მოგახსენებ. ი ო ა ნ ე: მიბრძანე. გ ი ო რ გ ი: თავისის ძმების ჩვენი ყმობა სათაკილოდ სჩანს. ი ო ა ნ ე: უი ჩემს თავს! ბერს ეგ ამპარტავნება ვითარ ექნება? გ ი ო რ გ ი: ეგ თქვენ განსაჯეთ! ი ო ა ნ ე: სხვანი აზნაურნი რაღად გიჩივიან? გ ი ო რ გ ი: აზნაურნი გლეხკაცებს უსამართლოდ ექცოდნენ, ჩვენ ნება არ მივეცით, ამისთვის გვიჩივიან. ი ო ა ნ ე: მაშ წინამძღვარს რად აბრალებთ? გ ი ო რ გ ი: მეც მაგას ვამბობ, დოსითეოზმა გააბედვინა სხვათა აზნაურთაც თორემ აზნაურნი ვერ გაბედავდნენ საჩივარს. ი ო ა ნ ე: თუ უსამართლოს უზამდით, გიჩივლებდენ. გ ი ო რ გ ი: გლეხკაცნი, ჩვენი ყმანი, არ ავაკლებინეთ და ეს რა უსამართლოება არის? ი ო ა ნ ე: მაშ საჩივარში არიან? გ ი ო რ გ ი: დიახ, არიან ზოგნი, რომელნიც დოსითეოზმა აიყოლია. ი ო ა ნ ე: ჯერ გარდაწყდა საქმე, თუ ისევ სამარმალში არიან? გ ი ო რ გ ი: ჯერ არ გადაწყვეტილა, თქვენი წინამძღვარი ცდილობს, რომ დაგვიანდეს საქმე. შემინდე, გრძლად ვეღარ მოვიცდი. მადლობელი ვარ ბატონისშვილისა, რომ კეთილი ნებავს ჩვენთვის, და აგრეთვე შენიც. აჩუქა რამდენიმე ოქრო და გაიყარნენ. ი ო ა ნ ე: ზურაბ! აი გიორგი სვინდისიანი კაცი ყოფილა. მეცნიერებამ ეს იცის! ზ უ რ ა ბ ა: რასაკვირველია აქებ, ქიზიყელი არა ხარ? თავიც რომ მოეჭრათ, ორის ოქროსათვის არას ინაღვლიდი. ი ო ა ნ ე: შე გიჟო! ოქროები რაღას მარგებდა, თუკი მომკლავდენ? ზ უ რ ა ბ ა: თავის მოჭრაზედ უარესია, რომ თქვენის დიაკვნობის და მონაზონების პატივი ორ ოქროზედ განყიდეთ. ი ო ა ნ ე: უი ჩემს თავს! არა გსმენია - მიუტევეთ და მოგეტევნენო? ზ უ რ ა ბ ა: თუ ოქროები არ გენახა, მე ვიცი, რასაც მიუტევებდი. მაშინ იოანე განრისხდა და აღმოიღო ოქროები იგი და ენება გარდაყრა, გარნა რა დახედა, ვეღარ გაბედა. და მსწრაფლ ზურაბმა დაუძახა: - რასა იქმ, მართლა ძალიან საშოვრით გამოგისტუმრეს და ეგეც დააბნიე? მუხრანში ბევრს იშოვნიო! ი ო ა ნ ე: ვითარ? სტუმართმოყვარენი არ არიან მუნებელნი თუ? ზ უ რ ა ბ ა: მცხეთელების სულს გალოცვინებენო! ი ო ა ნ ე: მართალ არს სიტყვა შენი? ზ უ რ ა ბ ა: აჰა, მიბძანდებით და ნახამთო! და ამ უბნობით მივიდნენ მუხრანს. მრავალს სახლს მივიდნენ, მაგრამ არვინ შეიწყნარა. უკანასკნელ ენება იოანეს წარსვლა მუნიდან და ამ ჟამში ერმია შეხვდა, მუხრან-ბატონისშვილი, იცნო ზურაბა და ჰრქვა: - ვინ არის ეგ ბერი? ზ უ რ ა ბ ა: ქვაბთისხეველი. ერმიამ მიიწვია თვისთანა სადილად ბაღსა შინა. იოანე კურთხევით მოიკითხა და მანცა მადლობა უთხრა. და მცირე რომ იუბნეს, მერე მოიღეს სადილი. პირველად, რადგან სამღვდელოთ წესი იყო, ერმიამ იოანეს უთავაზა საჭმელ-სასმელი, გარნა იოანემ არა ხელჰყო და უყურებდა ერმიას. ე რ მ ი ა: რად არ მიირთმევ, დიაკვანო? ი ო ა ნ ე: პირველად თქვენგან არის რიგი, აზიელთ ჩვეულებით. ე რ მ ი ა: მიხვდა და უთხრა: შენ არც ჩემი ბატონი ხარ და არც მე შენი ყმაო. და ეგ აზიელთა მებატონეთ იციან, რომ პირველ თვისსა მოხელეს ანუ მსახურს აჭმევს და ასმევს ეჭვის გულისათვის. ი ო ა ნ ე: თქვენვე აღიარეთ. ე რ მ ი ა: შენ ჩემი ბატონი არ ბძანდები, არც სახლის კაცი. ი ო ა ნ ე: სიკვდილი თანასწორეა მებატონისაცა და ყმისათვისცა. ე რ მ ი ა: რას იჭვნეულობ? ი ო ა ნ ე: კავკასიელნი ასე უბნობენ. ე რ მ ი ა: ეგ ერისთვიანთგან გამოხდა. ი ო ა ნ ე: მაშა მართებს კაცსა, რომ ასეთი ურიგო საქმე არა ქმნას, რომ თვისსა ოჯახსა საკიცხევარი საქმე დაუგდოს. ე რ მ ი ა მ ჰრქვა: საღმრთო პირი ბრძანებს: უკეთუ სასიკვდინე რაიმე სვათ, არარაი გევნოსთო! ი ო ა ნ ე: დია, ჭეშმარიტია, ვინც ქრისტესთვის მიიღებს ჭეშმარიტის გულით, და მე რა მგამა შენის გულისთვის შევსო უწინ? მაშინ ერმია განრისხდა და ჰრქვა: - შენ ვითარ კადნიერებ, არ იცი, პოლკოვნიკი ვარ? ი ო ა ნ ე: პოლკოვნიკი რასა ნიშნავს? ე რ მ ი ა: ათასის თავი ანუ მინბაში. ი ო ა ნ ე: სადაური პოლკოვნიკი ხართ? ე რ მ ი ა: აქაური. ი ო ა ნ ე: მუხრანში ერთი პოლკი კაცი ვერ გამოვა. ე რ მ ი ა: ორი პოლკიც გამოვა. პოლკი რამდენის კაცით უნდა შედგეს, და ან მოხელენი და სხვა სამსახურის კაცნი და ანუ სხვა სახმარობანი რა უნდა აქვდეს? ი ო ა ნ ე: თუკი არ იცით, ვერც პოლკოვნიკობასა იქმთ. ე რ მ ი ა: მაშ თქვენ განმიმარტეთ... ი ო ა ნ ე: უნდა პირველად ისწავლო სამსახური, ყოფაქცევა და მერე შეხვიდე საქმეში. ე რ მ ი ა: არცარა ჩვენთ წინაპართა იცოდნენ რამე. ი ო ა ნ ე: ამ ქვეყანას რაც გაეწყობოდა, ისინივე გვჯობდნენ ჩვენ საქმითაც და ვაჟკაცობითაც. ე რ მ ი ა: ვითარ? ი ო ა ნ ე: მე გეტყვი. გარდაცვალებული მამათქვენი, სვიმონ ნასახჩიბაში, დია ნამსახური იყო მათის სიმაღლის მეფის ირაკლისა. ოდეს ასპინძას ბრძანდებოდა ბატონი ჯარით, მაშინ მამაშენი, ბორჩალუს აღალარი და სახელოვანი ვაჟიკაცი სუდია, და სხვანი ოცდაათამდინ კაცნი წავიდნენ დაუთალაბად. ასპიძის მტკვარზედ ხიდი ჩაუქციეს ოსმალოს ჯარს, სასიკვდილოს ადგილს მისცეს თავი და ჩვენი ჯარი იმ განსაცდელისაგან დაიხსნეს, რომ გაღმიდან დიდი ჯარი ოსმალისა ვერღა გამოუვიდა მტკვარს და გამოღმა რაც ჯარი დაშთა, ეკვეთა მეფე ირაკლი, სძლო, და, რა ხიდისა მოიმედენთა მიმართეს განსარინებლად, სულ წყალსა შინა მოიშთვნენ, რომელ ვერცა თუ ერთი განერა ხელთაგან ჩვენთა მხედრობათასა. და ესრეთ სახელი მიიწერა მამამშენმა. შენც ასე უნდა იყო მომჭირნე მამულისა და შენის მებატონისა და მონათესავესათვის. ე რ მ ი ა: გმადლობ მაგა მცნებაებისა მოცემისათვის. და იოანე მოიმადრიელა და გაიყარნენ ამ სახით. იოანე გამოესალმა და წარვიდა მცხეთისაკენ. რა მიიწივნენ მუნ, იოანემ ჰკითხა ერთსა გლეხთაგანსა: - ძმაო, ვინ არის აქა უფროსად? გ ლ ე ხ ი: ძუნგძლი. ი ო ა ნ ე: უი ჩემს თავს! ძაღლი გყოლიათ მოურავად! გ ლ ე ხ ი: არა, ბატონო, გედევანიშვილი ბეცია. ი ო ა ნ ე: და რასთვის გამალანძღვინე პატიოსანი კაცი? გ ლ ე ხ ი: ჩემი დანაშაული არ არის, ხალხნი ასე ეძახიან. ი ო ა ნ ე: ბერად ხომ არ შემდგარა, რომ სახელი გამოუცვლია? გ ლ ე ხ ი: თქვენც ბერი ბრძანდებით და რა დაგარქვეს? ი ო ა ნ ე: უი ჩემს თავს! აკი გამლანძღა ამ კაცმა! გ ლ ე ხ ი: არა, ბატონო, სიტყვამ მოიტანა. ი ო ა ნ ე: ზურაბ, აქაური ხალხი განათლებული ყოფილა. ზ უ რ ა ბ ა: რასაკვირველია, ძველი ნაქალაქევია ეს ადგილი. ი ო ა ნ ე: ჰგავს, რომ ძველად დარჩომიათ აქ ზნეობა! და იოანე წარვიდა გალავნისაკენ. რა კარებთან მივიდა, იხილა რაოდენიმე კაცნი და მათ შორის იცნა ბეცია. გარდახდა იოანე ცხენიდამ, მივიდა ბეციასთან და ჰრქვა: - მშვიდობა შენდა, მოურავთ მოურაო! ბ ე ც ი ა: და სულისაცა შენისა თანა, წინამძღვართ წინამძღვარო! ი ო ა ნ ე: მე ჯერეთ იპოდიაკვანი ვარ და რად მკიცხავთ? ბ ე ც ი ა: მაშ როგორათაც თქვენ არა ხართ წინამძღვარი, არც მე მოურავთ მოურავი ვარ და შენ რად გამკიცხე? ი ო ა ნ ე: რადგან ეს მცხეთა პირველი დედაქალაქი იყო უწინდელსა დროსა შინა, ამა ქალაქის მოურავნი სხვათა მოურავებთა ზედან უფროსნი იყვნენ, და მე იმავე ტიტლით მოგიკითხეთ და არა კიცხვით. ბ ე ც ი ა: გმადლობ, მაგრამ ახლა ერთი სოფლის ამხანაგიც ძლივღა არის ეს ადგილი. ი ო ა ნ ე: მაგას თავისი პატივი მაინც არ მიეხდება. ბ ე ც ი ა: ვითარ? ი ო ა ნ ე: რადგან ეს წმინდა ეკლესია სვეტიცხოველისა, წმინდა პეტრეს მოციქულის და პავლეს მოციქულის სახელზედ აღშენებული, აქა დგას, იმას ეს პატივი აქვს, რომ ვერც მეფე საქართველოსა სხვას ეკლესიაში ეკურთხება და ვერცა მღვდელთმთავარნი, რომ ამით უმეტეს პატივცემულია ეკლესია ძველადვე და აგრეთვე სასაფლაოც მეფეთა და კათალიკოსთა არს, ამისთვის სხვა სოფლებს არ შეესწორება. ბ ე ც ი ა: რად არის ეს ეკლესია სხვათა ზედან უმეტეს პატივცემული? ი ო ა ნ ე: ამისთვის, რომელ პირველად აქ მიიღო მირიან მეფემან ქრისტიანობა წმინდის ნინოსაგან, და ეკლესიაც აქ აღშენდა უწინარეს სხვათა ზედა, გარდა მანგლისისა. აქედან მიეფინა ყოველთა მართლმადიდებლობა საქართველოს ერთა და აქ გამოჩნდა კვართი იესო ქრისტესი, ისევ თქვენის გვართაგან მოტანილი, წმინდა სვეტი აქ აღიმართა საღმრთო განგებითა და წმინდა მირონი აქ აღმოცენდა და სასწაულნი და ნიშნი აქ იქმნეს პირველ. ბ ე ც ი ა: დია კარგად მაცნობე, და მითხარ: ეს სვეტი ცხოველი რომლისა ხისა იყო?