კალმასობა (დღე ოცდამეოთხე)
ხვალისა დღე წირვის დროს მივიდა სიონში. გარდიხადეს მუნ დღესასწაულობა და მერეთ წარმოვიდნენ მეფესთან. ჯერ სამღვდელოთ მიულოცეს, და მერე დიდებულთა, თავადთა და აზნაურთა, და მერე მოქალაქეთა. ხოლო შემდგომად ამისა წარდგა იოანე, თავი დაუკრა მეფესა. რა ბატონმან იოანე იხილა, იცნო, ვინადგან ბატონს თელავის სკოლაში მიებარებინა ალექსისშვილის დავით რეკტორისათვის. უბრძანა: - ჩემო ფილოსოფოსო, რაჲ გნბავს? იოანემ თავი მძიმედ დაუკრა, წინ წარდგა და მოახსენა: - ამ ბედნიერების ხვედრისათვის თქვენს უმაღლესობას მსურს შესხმა მოვახსენო, თუ ღირსმყოფს თქმად უმაღლესობაჲ თქვენი. მ ე ფ ე მ ა ნ: მმადლობელი ვიქნები. მაშინ იოანე წარდგა და იწყო თქმად შემდგომისა ამის ხატითა ესრეთ: - უმაღლესო და უმოწყალესო ხელმწიფევ და მეფევ ქართლისა-კახეთისავ, მქონებელო ერევნისა-განჯისა, და მპყრობელო ყაზახ-ბორჩალოს, ფამბაკ-შამშადლისავ და სხვათა... შემდგომად დასრულებისა ამის შესხმისა მივიდა იოანე, ბატონს ხელს აკოცა. ბატონმა მადლობა უბრძანა და რაოდენიმე ოქრო უბოძა და უბძანა: - დღეს სადილს კარგად შეექეც და საღამოს აქ მოდი, მინდა ზოგი რამ გკითხო, რომ ღამე ისე გავატარო. იოანე მდაბლად მადლობელი და მხიარული წამოვიდა სახლსა შინა. კარგად ისადილა და შესო ღვინო სადღეგრძელო მეფისა. შემდგომად მწუხრისა ჟამსა მოემზადა იოანე და ფიქრობდა, თუ რასა ჰკითხავს ბატონი. და მერე დანიშნულს დროს ეახლა ბატონს. იოანეს მისვლა მოახსენეს, ინება ბატონმან, და ქრისტესია მღვდელი კეჟერაშვილიც იქ ახლდა. შემდგომად ვახშმისა ბატონმან უბრძანა ქრისტესიას: - რადგან შენ გივლია ბაბილოვნსა, ეგვიპტეს, როდოს, იერუსალიმს, ეფესოს და სხვათა ადგილთა შინა მუნ მხრისათა, ანუ ვითარ გენახოს და ან როგორ გსმენოდეს, ჰკითხე იოანე დიაკვანს შვიდნი სოფლისა შინა ღირსნი სახსოვარნი. - ბატონის შიგნით საწოლში შებრძანდა მოსასვენებლად და ესენი გარეთ სახლში დასხდენ და იწყეს უბნობად, ხოლო მეფე შიგნიდამ ისმენდა ამათსა უბნობასა. ქ რ ი ს ტ ე ს ი ა: რასა გულისხმა-ჰყოფთ შვიდთა მათ სოფლისა ღირსთა სახსოვრებთათვის? ი ო ა ნ ე: სახელითა ამით იწოდებიან ესეგვარნი უკვე შენებულებანი ანუ სახსოვარნი ძეგლნი, რომელნიცა ყოველთა საუკუნეთა შინა იყვნენ კაცთათვის საკვირველი სახილველი სიდიდისა და დიდშვენიერებისა გამო თვისისა. ქ რ ი ს ტ ე ს ი ა: აღმირიცხეთ მე თვითეულად სახელდობ შვიდნი ღირსნი სახსოვარნი ძველისა საუკუნოჲსა სოფლისანი. ი ო ა ნ ე: სახელდობა შვიდნი ესე ღირსი ხსოვნისანი არიან შემდგომნი ესე: პირველი, მავზოლეი. მეორე, ტაძარი იერუსალიმისა. მესამე, ტაძარი დიანასი ეფესოსა შინა. მეოთხე, ზღუდენი ბაბილოვნისანი. მეხუთე, ძეგლი ანუ კერპი ოუპიტერისა ოლიმპიისათა. მეექვსე, კოლოსი როდოსისა. მეშვიდე, პირამიდნი ანუ ძეგლი ეგვიპტისანი. ხოლო რომელნიმე ნაცვლად იერუსალიმის ტაძრისა რაცხვენ კრიტისა ლაბირინტსა რიცხვთა შორის შვიდთა ღირსთა სახსოვართა სოფლისათა. ქ რ ი ს ტ ე ს ი ა: რასა გულისხმაჰყოფ თქვენ სახელსა ქვეშე მავზოლეისასა და ანუ რაჲსა გამო ირიცხების იგი საკვირველ სახილველად სოფელსა შინა? ი ო ა ნ ე: მავზოლეი იყო მეფეჲ კარიისა, იგი ნარნარად უყვარდა მეუღლესა თვისსა არტემიზიას, რომელმანცა შემდგომად სიკვდილისა მისისა აღუშენა მას დიდშვენიერი საფლავი სატახტოსა ქალაქსა შინა მის ადგილისასა ალიკარონას შორის მენეის სასახლისა და ტაძრისაცა მახლობელ ვენერისათა. და მაშინ ძეგლი ესე წოდებულ იყო მავზოლეად, რომელ არს საფლავი მავზოლეისა. და ამის გამო დღესაცა ყოველი სხვათა მდიდარი საფლავი იწოდებიან მავზოლეიად... ...და ესრეთ დასრულდა უბნობა, და დიდად მოეწონა ბატონსა. ქრისტესიამაც აქო იოანე და მოახსენა: როგორც საბერძნეთში გამიგონია, ყოველივე ისე მოგახსენათ ამ იოანემაო. მაშინ ზურაბამ კარებიდამ მოახსენა ბატონს: - ამ დიაკვანს ჩემი წისქვილი კი დარჩა განუმარტებლად და იმისი რატომ არღარა მოგახსენათ რა? ბატონმან ბევრი იცისა და შეიტყო მიზეზი მისიც და უბრძანა: დავით მემკვიდრეს უბრძანებ, გიხსნას სატანისაგანაო! და მერე წამოვიდა იოანე მხიარული შინა. ხოლო მეორე დღე გათენდა კვირა და წარვიდა იოანე წირვაზედ სიონსა შინა, გარნა ეგეოდენი ხალხი მისული იყო, რომელ იოანემ ვერღა შეიძლო შესვლად და დადგა კარიბჭესა შინა. იხილა მუნ იოანემ: ერთს კუთხესა შინა ოთხნი კაცნი უყურებენ ქაღალდსა და ერთმანერთს ელაპარაკებიან. იოანე მივიდა უკანით მათსა და შთახედა, რომელ სათამაშოს ქაღალდებს სჩხრედენ და თამაშობდენ. იოანემ დაბლად სთქო: - დიდი ვნება არ არის, რომ წირვის მოსმენაც ვერ მოუთმენიათ და აქ ყომარბაზობენ, შინ კი არ ეყოფათ ოცდაოთხი საათი საყომარბაზოზედ? რა ესე გაიგონა დიმიტრი თუმანისშვილმან, უკუმოიხედა და იცნა იოანე, აგრეთვე იოანემან იცნა იგი, და უთხრა იოანეს: - ჩვენ ყომარზედ არ ვთამაშობთ, ამა ჩემთა ამხანაგთა წიგნი არ იციან და ამას ზედა ლოცვას ვასწავლიო. ი ო ა ნ ე: ვინ არის ეგენი, რომ წიგნი არ იციანო? დ ი მ ი ტ რ ი: ჯღერიაშვილიო, მკერვალიო სულეიმან და ფეიქარა დავითა. ი ო ა ნ ე: განმიმარტეთ მე, თუ ვითარ ასწავებთ მათ ქაღალდით ლოცვასა. დ ი მ ი ტ რ ი: წირვას უკან ჩემთან მობრძანდით და მე მოგახსენებ, როგორადაც ვასწავლი ლოცვას. რა წირვა დასრულდა, წარვიდენ დიმიტრის სადგომს, დასხდენ და მოიღო დიმიტრიმ სათამაშო ქაღალდი... ი ო ა ნ ე: მართლა კარგად დაღალულხარ ყომარბაზობაშია! დიმიტრიმ გაიცინა და უთხრა: - თუ გნებავს, ყოველს გვარს გაჩვენებ, როგორ უნდა თამაშობა. იოანეს იამა და მოიღეს ქაღალდი, გაუჭრეს. იოანეს რა აჩვენეს და უთხრეს: - ფული ამოიღე, რომ ისე ანგარიში გაჩვენოთ. იოანემ ერთი ბაჯაღლუს ოქრო ამოიღო უბიდამ და დადო მუნ. მათ ფასის გვარი აჩვენეს და სხვათა ყოველთა სათამაშოთა და შარადისათა, გაუადვილებს იოანეს თითო ბისტობით. უკანასკნელ აღურიცხეს - იოანეს წაეგო ბაჯაღლუ. მაშინ ჯღერიაშვილმან აიღო ოქრო იგი და წავიდა. იოანე იქნა მწუხარე. მცირესა ხანის შემდგომად მოვიდა ჯღერიაშვილი, მოიტანა ერთი დიდის ტიკჭორით ღვინო, ხორცი, პური, თევზი და ესევითარნი, და სთქო: - ღმერთმან ააშენოს იოანე, დღეს კარგად გვიმასპინძლა. ი ო ა ნ ე: ვუი ჩეს თავს! მე არა ვარ მასპინძელი და არც მიყვარს ამგვარი მასპინძლობა! ჯ ღ ე რ ი ა შ ვ ი ლ ი: ჩვენ ასე დავიხვედრიებთ, ვისაც ქაღალდის თამაშობას ვასწავლით. გაუშალა სუფრა, დასხდნენ და იწყეს ლხინი, იოანეც იძულებით გაამხიარულეს. და უკანასკნელ დასრულდა სადილი. დიმიტრიმ რომ შეატყო დიაკვანს მწუხარება ოქროსთვის, მოიტანა და ერთი საბერო შალის საჩოხე აჩუქა, რომ - ეს ჩოხად შეაკერვინე, მონასტერში კარგა გამოგადგება სამუშაოდო. სულეიმან მკერვალმან უთხრა: მე შეგიკერავ უხელფასოდო, დავით ფეიქარმან - მე საპერანგე ხამს მოგიქსოვო, ჯღერიაშვილმან - მე კი იქ მოგიტან, სადაც დგეხარო. იოანემ იანგარიშა და სთქო: - კარგია, ერთ ბაჯაღლუთ ძლივ მომივიდოდა! მადლობა უთხრა და წამოვიდა შინა. ამჟამად გამარჯვებულნი მხედარნი და ბატონისშვილიც მოვიდნენ ქალაქს, ბატონს მიულოცეს და მერე მოქალაქეთა ყოველთა იმ ღამეს გაუკეთეს ჩირაღდანი და ვახშამიც პატივისთვის ჯარისა. რა შუადღიდამ მეცხრე საათი შეიქმნა, აანთეს მაშინ სანთელნი ყოველმან, ფანოსნი, ვითარცა რიგი ჩირაღდნისა, და ყოველი ხალხი წარვიდა შესაქცევად და სანახავად. იოანეც წარმოვიდა, იხილა გზასა ზედა მიმავალი ჩირაღდნის სახილველად ოდიშელი ბერი მწირი ვინმე, ახალი მოსრული, უთხრა: - ვინ ბრძანდებით და ან სად მიხვალთ? მან უთხრა: - ოდიშის მთით მონასტრით, სათხოვნელად წამოსული ბერი ვარ, მწირი, რომელსაცა მეწოდების ფუჟურო. ი ო ა ნ ე: რა ბერის სახელია? ბ ე რ მ ა ნ: ეს დამარქვეს, თორემ სერაფიმ მერქვა. ი ო ა ნ ე: ისევ ეგ უწოდე შენს თავს სახელად! მერე უთხრა მან ბ ე რ მ ა ნ: თქვენ რაღა გეწოდებათ? დ ი ა კ ვ ა ნ მ ა ნ: იოანე! მერე ჰრქვა ბერმან: - შვილო იოანე, მე ამ ქალაქის საქმის არა ვიცი რა და, თუ ინებებთ, მე თან გიახლებით, ერთად ვიაროთ და გამაშინჯეთ, რაღა ჩირაღდანია. იოანეს იამა დიაღ და წარვიდნენ ერთად. მივიდნენ, პირველად დაიწყეს მეიდნიდამ წასვლა, შევიდნენ ხარასხანის ბაზარში, იხილეს მუნ ოქროსმჭედლები, მსხდომარენი დუქნებში, მრავალი ვერცხლის იარაღი, ეგრეთვე ოქროს დაწყობილი და სხვა სამკაული. სთქვა ბერმან: -ამ ცოლშვილმკვდართ ამდენი ოქრო და ვერცხლი ჰქონებიათო! დია გაუკვირდა. მერე მივიდნენ მექოშეებთან, იხილეს ყოველი დუქანი სავსე ქოშით და მაშიით. თქვა ამ ბერმან: - ბატონო, ამდენი ქოში რად უნდათ? ჰგავს, უქოშო ხალხს მოელიან საიდამე! რა წაიარეს მცირე, იხილეს სარაჯები, რომელ სავსე აქვნდათ დუქნები ცხენის იარაღებით მზად. რა იხილა ბერმან, სთქვა: - ბატონო, ბარე ყოველს კაცს გვაქვს თითო ბაჩის იარაღი. და ამდენი რათ უნდათ? ჰგავს, უბელო ცხენიანს ხალხს მოელიან საიდმე! მემე იხილეს ყაზაზები და თქვა ამ ბერმან: - ბატონო ამდენი ძაფი და ზონარი რათ უნდათ? რა უნდა შეკერონ ამდენი? რა გაიარა, იხილა ყაჯარდუზები და განკვირდა ყაჯრებზედ, თქვა: - ნეტამც ერთს მაჩუქებდენო! მერე მივიდა მედუქნეებში, ოხილა გაღმა-გამოღმა მრვალი ქუდი შეკერილი, დაკიდებული, მიიხედ-მოიხედა ამ ბერმან და თქვა: ბატონო, ბარე ყოველს კაცს თითო ქუდი ხურავს, ამდენი ქუდი რაღად უნდა, მგონია, თავშიშველა კაცებს მოელიან საიდმე! მერე მივიდა ბაზაზებთან, იხილა მრავალი ფარჩები სხვადასხვაგვარი და თქვა: - ნეტამც ესენი ფილონებად მომცაო! ზურაბამ უთხრა: სად მეერეოდი ამდენს ფილონსო? ბ ე რ ი: ასე უზურგულებდი, როგორც რომ ყურძნის გოდორსაო! რა გაიარეს, იხილა მრავალი მაუდი და სხვა ფარჩები და თქვა: - ბარე აუკლიათ ქვეყანა, ამდენი სკალატი და ჩითი, ან ლეინი სად უშოვიათ? მივიდნენ, იხილეს მკერველები, განუკვირდა ბერს: - ჰგავს, რომ შიშველთ კაცთ მოელიან საიდმე და ამდონი ტანისამოსი მისთვის შეუკერავთო! უკანასკნელ მივიდნენ ბაყლებთან, მეთევზეებთან. იხილა ბაყლები, ნახა, რომე, გარეშემო სულ სხვადასხვა ხილი უწყვიათ: თევზი, ხიზილალა, წელა, ბრინჯი, ერბო და სხვა წვრილმალი. უყურა ამ ბერმან, ეგონა ხილს მითავაზებენო და, რომ ხმა არავინ გასცა, თქვა: - ბატონო, ეს რა ცუდი მასპინძელნი ყოფილან, არცა არა თვითონ სჭამენ, არც სხვას აჭმევენო, ნეტამც ეს თებზი, ხიზილალა და წელა მომცა ჩვენის მონასტრისთვის, რომ ჩვენი ბერები გავაძღო ამითაო. იოანემ იცინა ბევრი. და მერე იხილეს ყასბები და მრავალი ხორცი დაკიდებული ჩანგლებზედ. და თქო ამ ბერმან: - ბატონო, რა დაუშავებიათ ამათ, რომ რკინის ჩანგლებზედ დაუკიდიათ ეს კაცის ხორცებიო? ზურაბამ უთხრა: - არა, ბატონო, ეს გასასყიდელი ხორცია ცხვრისა და ძროხისა. ბერმან თქვა: - ღმერთმან მაშოროს, რომ მე ჩანგალზედ დაკიდებული ხორცი ვჭამო. ბარე ასე გამიგონია, რომ თათრის ქვეყანაში ჩანგალზედ ჩამოჰკიდებენ კაცსაო! გამოიარა, იხილა მეჩონგურები და საკრავის მკეთებლები, დუქნები ნახა სავსე ჩონგურით და დაირითა, თქვა: - ბარე ეს ქალაქი ზედმოსაკრავე ყოფილა, თორე ჩვენში ან ორს აქვს და ან სამს, რა არის ამდენი სავრავიო?! იქიდგან მოვიდნენ ალაფეფშია, სადაც პურს ჰყიდდენ და აცხობდენ. - ბარემ ამდენი პური რად უნდათ? ჰგავს მშიერს ხალხს მოელიან საითმე! მორე მოვიდა მეჭურჭლებთან, იხილა ესეოდენი ჭურჭელი, თქვა: - ბატონო, ამდენი ჯამი, თეფში რად უნდათ, ყოველ კაცს აქვს თავის სახში ჭურჭელი. ჰგავს, რომ უჭურჭლო ხალხს მოელიან საითმე! იხილა მერე ნალბანდები, განკვირდა და თქო: - ბარე ამდენი ლურსმანი და ნალი სად მოუჭრიათ? ჰგავს, რომ ბევრ ცხენს ელიან საიდმე ფეხშიშველაებს! მოვიდა მერე, იხილა სირაჯხანა დიდროანის რუმბებით და ტიკებით, ღვინოები და არაყი, იკითხა: - ამდენი კოლოტი რათ უნდათო? უთხრეს: - ესე სულ ღვინოებით არის სავსე. თქვა. - ბარე ყოველ კაცს აქვს მარანი, ჰგავს, რომ ღვინო ვისაც არ მოსდის, მისთვის მოუგროვებიათ ესე ღვინოები! მოვიდა მექვაბეებში, იხილა მრავალი ქვაბი და სპილენძის ჭურჭელი, და თქვა: - ბარემ ყოველს კაცს თითო და ოროლი ქვაბი აქვს და, ჰგავს ხალხს მოელიან საითმე! დაბრუნდნენ მუნით, იხილეს ბარდანეებით ბამბები, თქვა: - ყოველს კაცს თითო ზუბუნი აქვს და ბამბა უძევს, აგრეთვე საბნები, რათ უნდათ ამდენი ბამბა? ჰგავს, რომ უზუბუნოს და უსაბნოს ხალხს მოელიან საითმე. მოვიდა მერე ჩილინდრებშო, იხილა კლიტეები და გასაღებნი მრავალი და თქვა: - ბარე ამდენი კლიტე რათ უნდათ, სად იშოვნიან ამდენ ზანდუკს, რომ დაჰკეტონ? აგრეთვე სხვა საწვრილმანო გაუკვირდა. მერე მოვიდა ხარაზებთან, ნახა მრავალი წაღა, ჩექმა და სხვა ფეხთსაცმელი და თქვა: - ბარე ყოველ კაცს აქვს წაღები, ჰგავს, რომ უწაღო კაცებს მოელიან სითმე! მერე მოვიდა, იხილა ქურქჩები, ბეწვეული და თქო: - ამ ცოლშვილდახოცილთ რამდენი მელი, მგელი, დათვი, კვერნა, ტური უნადირნიათ. ბარე ამათთანა მონადირე ოდიშშიაც არვინ მინახავს! მაშინ ზ უ რ ა ბ ა მ: თქვენ ნუ მომიკვდები, ეს შარიმან და მელქუა ქურჩი მოფრინვალე ფრინეველსაც არ დააცილებენ თოფს! ბ ე რ მ ა ნ: ნეტამც ოდიშში იყვნენ ესენი, რომ ტურა ბევრი იცის და სულ გავაწყვეტინებდით! იცინეს და გაიარეს. მოვიდნენ, ნახეს ლილახანა დიდროანის ქვევრებით სავსე, თქვა ამ ბერმან: - ბატონო, აი კარგი მარანი ღვნისა ეს არის! ზ უ რ ა ბ ა მ: ისემც კარგა ხარო! ბ ე რ მ ა ნ: რა ვარ? ზ უ რ ა ბ ა მ: ეს სულ ლილა არის. განკვირდა ბერი და უთხრა: - ბარე ჩვენში წამლათაც ძლივ ვიშოვით, ეს როგორ იქნებაო? მერეთ აჩვენეს, და განუკვირდა და თქვა: - ბარე მთლად შეღებავს ამ ქალაქსაო! წავიდნენ მუნიდგან, მივიდნენ ისევ მოედანზედ, იხილეს მუნ მეჩახმახეები, მეთოფეები და ხლმის მკეთებელნი, განკვირდა ბერი ესე და თქვა: - ყოველს კაცს უკრავს თითო ჩახმახი თოფზედ და ყოველს არტყია ლეკური და აქვს თოფები. ჰგავს, რომ მოელიან საითმე უთოფოს და უხლმოს კაცებს! მოვიდნენ მერე შუაბაზარში მეწვრიმალებთან. იხილა ამ ბერმან საწვრომალო, დია განკვირა იმ განწყობილობას და თქვა: - ამ ცოლშვილმკვდართ სად მოუგროებიათ ამდენი დანა, მაკრატელი, ნემსი, სარკე, ჭიქები, ამდენი სურნელი და სხვა ნამგლები და ესდენი შაქარი? იოანემ უთხრა: - ასეა რიგი, რომ ქალაქში ყოველივე სავსებით უნდა იყოს, რომ, ერთი, ქალაქის დიდება არის, და, მეორე, ქვეყანა გამდიდრდება ვაჭრობით. ვისაც არა ექნება სახლში და ფული ექნება, იყიდის ყოველს და თავის სახლს გაიწყობს. ბ ე რ მ ა: ნეტამც ამ რიგს ჩვენს ქვეყანაშიაც მისცემდეს ვირმე! მერე დაპატიჟა ვახშმად იოანემ და წარვიდენ იოანეს სადგომს. მოიღეს ვახშამი, და რა მცირედ შეექცნენ, იმუსაიბეს. ბ ე რ ი: ბატონო იოანე, მიბძანეთ, ეს ჩირაღოვანი ვისგან არი შემოღებული? ი ო ა ნ ე: ესე ჩირაღოვანი, თათრულად ჩირაღდანი, ესე იგი მთებარე, ხოლო ბერძნებ - ზისორენ, ლათინურად - ლუმენაცია, რომელიც ნიშნავს ნათელბრწყინვალეს. ქართველნი ძველად ეძახდნენ ლამპარმნათთა, ახლა ჩირაღდანს ხმარობენ... შემდგომად მისა მოიღეს ფლავი, მიართვეს იოანეს და ამ ბერსაც. რა იანემ ხელი მიჰყო და დაუწყო ჭამა, ამ ბ ე რ მ ა ნ: - ბატონო, რასა იქმთ მაგას? ჭინჭევლის კვერცხს ვითარ სჭამთ, დათვის ხომ არა ხართ? ეს რა ვნახე! რა სცოდნიათ ქართველთ? ი ო ა ნ ე: არა, მამაო, ეს ბრინჯი არის, ფლავს ვეძახით, დია კაი საჭმელია! ბ ე რ ი: მართალს უბნობთ? ნუთუ ბრინჯია ასე გაკეთებული? ი ო ა ნ ე: მერწმუნეთ. უთხრა: - მცირე ნახეთ გემოთ! ი ო ა ნ ე: ბატონო, არ გამხეთქოს ამ ჭინჭვლის კვერცხმან! ი ო ა ნ ე: მერწმუნე, არ მოგატყუებ! მაშინ ბერმან აიღო სამიოდ მარცვალი და ცერცვივით შეიყარა პირში და უთხრა: - ბატონო, მართლა გავღეჭო? ზ უ რ ა ბ ა: არ ქნა, ბერო გატყუებს, ამ გაგხეთქოს! ბ ე რ ი: ვაი ჩემს თავს! გამოფურთხა. ბევრს ეცადნენ და ვერღა აჭამეს, უთხრა მან ბერმან: - ბარე დათვებივით დაჩვეული ყოფილხარ ჭინჭვლის კვერცხის ჭამას და თქვენ მისთვის სჭამთ, თორგმ ქრისტიანე კაცისაგან ვითარ იჭმება ეგე? ესრეთ სიცილით დაასრულეს ვახშამი. იმ ღამეს იქ დააძინა ის ბერი იოანემ. ხვალისა დღე დილით წავიდა იოანე აბანოში და ეს ბერიც წაიყვანა. რა აბანოსა შინა მივიდნენ, განიხადეს ტანთ და ამ ბერსაც გახადეს, და შევიდნენ შიგნით აუზებთან. რა ამ ბერმან იხილა აუზნი სავსენი ცხელის წყლით და ოხშივარნი აღმავალნი, სთქვა: - ჩვეში თუმც იციან მცირე ქვაბებით მდუღარე, რომ შეწამებულს კაცს ხელს ჩააყოფინებენ იდაყვამდინ და იქიდამ ჯვარს ამოაღებინებენ ჩადებულს მას შინა რკინისას და თუ არ დაეწო მკლავი, მართალი იქნება და, თუ დაეწო, მტყუანი, აქ ბარე საკვირველად დიდი ქვაბები სცოდნიათ, ამაში მგონია კაციც მოიხარშოს. ი ო ა ნ ე მ უთხრა: მაგ ერთს აუზში თქვენ ჩადით და მაგაში იბანეთ! ბ ე რ ი: ბატონო! რავარ ჩავიდე ამ მდუღარეში, რის დანაშაულისათვის? „აშოროს“ გეტყვი, რომ არა მომეპაროს რა! ი ო ა ნ ე: არა, მამაო, ისე მოგახსენებ. ჩაბრძანდით მაგ აუზში! ბ ე რ ი: შენ ნუ მომიკვდე, რომ არ ჩავიდე და „აშორამცა“ არის ღმერთი, რომ სიავკაცე არა მიქნია რა და რისთვის მაგდებთ ამ აუზში? თუ არ დაიშლით, ბარე ჩვენებური ქვაბის ოდენ ქვაბი მოატანინეთ და იმაში ჩადევით ეს ჩემი სპილენძის ჯვარი და ეს მდუღარე წყალი იმაში ჩაასხით და ამოვიღებ ჩემის გულის სიმართლით და მაშინ სცნობთ ჩემს ჭეშმაროტებას. იმა ლაპარაკსა შინა რომ იყვნენ, მოეპარა ზურგიდან ზურაბა, ჰკრა ხელი ამ ბერს და ამა აუზსა შინა შთააგდო. ერთი დაიყურყუმალავა ამ ბერმა და მერე ფეხზე დადგა და უთხრა: - ასემც შენი ცოლ-შვილი დაიწოს, რავარც მე გამფუფქეო, - და ამოვიდა აუზიდამ. ნახა, რომ არა ვნებოდა რა; რა კარგა თავისი სიმართლე გამოსცნო, სთქვა მერეთ: - აკი მოგახსენე ბატონო, რომ მართალი კაცი ვარ, და ნახეთ, თუ რავარ მთლად ამოველ, ახლა მაინც დაიჯერეთ! რა იოანემ იხილა მისი ამგვარი სიმარტივე, უთხრა: - დაბძანდი ამ ტახტზედ, ტანი დაგბანონ. მისცა საპონი. მოვიდა დალაქი მეაბანოვე. იოანემ უთხრა: - ქისა წაუსვი მაგ საბრალო ბერს და კარგათ აბანეთ! მაშინ მიჰყო დალაქმა ხელი და, რა ქისის სმა დაუწყო ამ ბერს, სთქვა ამა ბერმან: - ბატონო იოანე! ეს ცოლშვილმკვდარი დალაქი რას მიქამანჩებს ამდენს, ბარე, შენ ნუ მომიკვდები, ტყავი გუდასავით გამაძროს! იცინა იოანემ და უთხრა: - აჰა, მიყურე, მეც მაგგვარ მაბანებენ. და უკანასკნელ იოანეც რომ ჩავიდა აუზში და მთლად ამოვიდა, ამ ბერმა უთხრა: - ბატონო, თქვენც მართალი კაცი ყოფილხართო, რომ მაგ მდუღარემ არ დაგწოთო! ი ო ა ნ ე მ უთხრა: არა, ძმაო, ეს წყალი არ დასწომს კაცს, ეს საბანებელი წყალია! ბ ე რ ი: ბატონო, ამსიდიდე ქვაბებს სიდგან უკიდია ცეცხლი, და ან რავარ ათბობენ ამდენს წყალს, ვინ მისცათ ამდენი შეშა? ი ო ა ნ ე მ უთხრა: ესენი არ არის ქვაბები, ეს ქვით და კირით აშენებული აუზებია, ეს წყალიც თვითონ ბუნებით თბილი წყალია! ბ ე რ ი: მართლა უბნობთ, ბატონო? რავარ თბება თავის თავად ეს წყალი? იქნება ჯოჯოხეთში ეშმაკები ათბობდნენ ამ წყალს და იქიდამ მომდინარეობდეს? ზ უ რ ა ბ ა: ეშმაკები კი არ ათბობენ ამ წყალს, ეგ წყალი ეშმაკების შარდია! რა ესე მოისმინა ბერმან, თქვა: - კი, შენ ნუ მომიკვდები, სუნიც სწორედ ფსელს უგავს! - და ადგა და თქვა: - წავალ, ჯვარს გავავლებ მტკვრის წყალში და ხელახლა მოვინათლებიო. - და წასვლა დააპირა. ი ო ა ნ ე მ უთხრა: უი ჩემს თავს! რასა იქ, ბერო, გატყუებს ეგ კაცი, სად იქნება ან ჯოჯოხეთის წყალი და ან ეშმაკების შარდი? მე გეტყვი, როგორც არს, შინ რომ მივალთ! და მერე რის ყოფით დიბანეს ტანთ და გამოვიდნენ, შთაიცვეს ტანსა და წარვიდნენ სადგურს თვისსა. ხოლო ხვალისა დღე აღკაზმეს ცხენები და წარვიდნენ ზურაბა და იოანე სომხითში; რა გასცილდნენ სეიდაბადის ბაღებს, იხილეს მუნ მიმავალი ერთი ცხენოსანი კაცი და რა მოუახლოვდენ, იოანემ და ამა კაცმან ერთმანერთს ცქერა დაუწყეს და კარგახან შინჯეს ერთმანერთი. მაშინ იოანემ უთხრა: - მამაო, მეცნობით, ამ სამის წელიწადის წინ გიხილეთ თელავს და ვეღარ მოვიგონე სახელი და გვარი თქვენი! მან კაცმან უთხრა: - ბერო, მე შანშიაშვილი ვარ გვარით, მამა ჩემი ბატონის მოლარე არის, გოგია, მე იმისი შვილი ვარ, იარალი, და თქვენ ვინა ბძანდებით? ბ ე რ მ ა ნ: მე ხელაშვილი ვარ იოანე, ბერი, თელავს დავით რეკტორს ვებარე. ი ა რ ა ლ ი: დიაღ... გარდაეხვია და აკოცა, მოიკითხა და მერე ჰკითხა: - საით აპირებთ მგზავრობას? ი ო ა ნ ე მ: სომხითს და მის გარშემო ადგილთა შინა. ი ა რ ა ლ ი: მართლა კარგს დროს აპირებ სიარულს, ბატონისშვილი დავით ამ ორს-სამს დღეში ბორჩალოს მიბძანდება და ალექსანდრე ბატონისშვილი - შულავერს, ფარნაოზ ბატონისშვილი - დემურჩასალაში. უთუოდ კარგად იშოვნი. მეც ბოლნისს მივდივარ და, თუ მე გამომყვებით, სადილად მარაბდას მივიდეთ. ზაალ მდივანბეგი, საამისშვილი იქ არის და ვახშმად ჩემსას მოდი და მერე იქიდამ შულავერს მიდი. იოანეს დიაღ იამა, მადლობა უთხრა და წარვიდნენ ერთად. რა ბოლნისს მივიდნენ, იქ იარალიმ იოანე მიიყვანა და იქაურის გზირის სახლში ჩამოახდინა. თითონ წავიდა სანახავად თავისი ბაღის და ძროხების და გუთნეულის. და ვახშამი მოამზადებინა. იოანეც დაბინავდა. რა ვახშმის დრო შეიქმნა, იარალი მოვიდა, ვახშამი მოაღებინა და დაიწყეს ვახშამი. სხვადასხვა ჭაშნიკები აჩვენა. იოანეს დია მოეწონა და თქვა: - კარგი ღვინო სცოდნია ამ ქვეყანას! ი ა რ ა ლ ი: ძველად ამდენი ღვინო ყოფილა აქ, რომ თითქმის სომხითში აქიდამ ყიდულობდენ. ასე გასინჯეთ, რომ შვიდასი საპალნე ღვინო ჩვენს ზვარს თურმე გამოუვიდოდა და ახლა ათი საპალნეც არ მომდის მტრის გამო. იმ ლაპარაკში რომ იყვნენ, მთის ყარაული მოვიდა იარალისთან და უთხრა: - ბედენს მოვიდა ლეკის ჯარი ახალციხიდამ. ბინდი იყო, კარგა ვერ გავშინჯე, მაგრამ დიდ ჯარს ჰგავს, და გავფთხილდეთ, აქ არ მოგვიხდეს. სხვაგანაც გავგზავნე ჩემი ამხანაგები და შევატყობინე! იარალიმ დაუმადლა იმა კაცს, დასო ისიც ვახშმად და სოფელი გააფრთხილა. მაშინ გზირმან თქვა: - ნიკოლაოზ ყაფლანისშვილი სარდალი ემ ვაზელოში დგას და ვისი გვეშინიან? ი ო ა ნ ე მ უთხრა: გზირი, ჯარი ჰყავს თუ არა ნიკოლაოზს? გ ზ ი რ ი: თავისი ამალა ჰყავსო. ი ო ა ნ ე: მაშ, შვილო, მაგას ნუ მიენდობი, ამაღამ ფრთხილად ვიყვნეთ! რა ვახშმისაგან მოიცალეს, ყველანი თავ-თავის ბინაზედ წავიდნენ. იარალი და იოანე იმავე სახლში დარჩნენ და მერე დაიძინეს. რა შუაღამე გარდავიდა, ამა სოფელში ერთი კიჟინა და ხრიალის ხმა მოესმათ, და მერე შეიქმნა ყვირილი: „არიქა, ლეკი მოვიდა“. ამასობაში წამოხტა იოანე, აღიღო თოფი ზურაბისი და იარაღი და კარებს მოუჯდა, იარალის უთხრა: - შენ ბანს უყურე, მაგ ბოგას მოეფარე და თოფი მარჯვედ იქონიე! იმ გზირსაც უთხრა იარალიმ: - თოფი აიღეო! იმ გზირმან თავის ცოლს დაუძახა: - დედაკაცო, თოფი მომიტანეო! დ ე დ ა კ ა ც მ ა ნ: სად დააყუდე შენ თოფიო! გ ზ ი რ მ ა ნ: ქათმებს უძევს თაროდ, ჩამოიღეო! იოანე გაუჯავრდა: - ჩუმად იყავ, რას ანბობ? ლეკებმან არ გაიგონონო! ამ ჟამად მოუხდენ კარებს, იოანემ ესროლა თოფი და გააბრუნა, სამჯერ იერიში მოიტანეს და სამჯერვე უკან აქცივა. და, ამ სახლს ვეღარ მობედეს ლეკთა. სხვა ირიჟრაჟა და გავიდნენ სოფლიდამ. იოანეს ენება კარი გაეღო. გზირი ეხვეწება: ნუ გააღებ, სახლში არ შემოგვიცვივდენო! ი ო ა ნ ე: რას ამბობ, ლეკები არღა არიან ამ სოფელში. და მერე გააღო, გავიდა თოფით იოანე. ნახა - სოფლიდამ ჯარი გასულა და ნელ-ნელა მიდიან. ამჟამად ნიკოლაოზ ყაფლანისშვილი მოაჭენებს ცხენს, და რამდენიმე კაცი მოსდევს თან და იძახიან მდევარს: პეპან, საფაკოფ, არუთინ, გასპარ, გამოდით! მდევარის სარდალი რომ მოვიდა, მაშინ იოანემ უთხრა: - ჰეი, სარდალო ნიკოლაოზ, უბძანეთ, ნუ ეძახიან ამ სომხის სახელებს, თუ გაიგონეს ლეკებმან, უთოდ გამობრუნდებიან და, რაც გარდარჩათ, იმასაც წაიყვანენ. ასე დააძახეთ: „ბაიდრელნო, ბორჩალოელნო, დემურჩასანელნო, გამოდით“, რომ შეშინდნენ მდევრისაგან, თორემ პოღოსასაგან და ნიკოლოსისგან ვინ შეშინდება? - ვაჟო, ეს ვიღაც არის, სწორეს ანბობს, - და ჩამოხდა ნიკოლაოზ ცხენიდამ. იოანეც მოვიდა ახლოს ნიკოლაოზთან. - ვაჟო, შენ ბერსა გევხარ და აქ რასა იქ? ამჟამად იარალი მოვიდა და უთხრა ნიკოლაოზს: - ღმერთმან დაუმადლოს, ამ ბერმან მოარჩინა ეს სოფელიც და მეც, თორემ, თუ არ დაგვსწოებოდა, სულ დავიღუპებოდით. ნ ო კ ო ლ ა ო ზ: მართლა შენ კი გეტყობა შეშინება! ი ა რ ა ლ ი: ბატონო, აღამამათხანის დროს გამოვცადე, ტყვეობას თუ არა აქვს! ნ ო კ ო ლ ა ო ზ: ვინ არის ეგ ბერი? ი ა რ ა ლ ი: ქიზიყელი გელაშვილი, და ახლა კავთისხევს მცხოვრები. ნ ო კ ო ლ ა ო ზ: მაშ, ეჭვი აღარ უნდა, კარგი ვაჟკაცი უნდა იყოს. და მერე მოიკითხა იოანე და მადლი უთხრა. წირვის დრომდინ ძლივ მოუგროვდა ასი კაცი ამ ნიკოლაოზს და შესხდნენ ცხენს და ამ ლეკებს გაუდგნენ. იოანეც თან გაჰყვათ, რა საბოსკუროს სოფელს მივიდნენ, გარდახდა ნიკოლაოზ ცხენადამ და თქვა: - აბა, უნდა ჩვენი ჯარი დავთვალოთ, და შერე შევებათ ლეკებს. ზ უ რ ა ბ ა: ბატონო სარდალო, მართალია, რიცხვს ვერ აუხვალ ამ შენის სასარდლოს ჯარისას! რა დათვლა უნდა, ასი კაცი ძლივ არის და ან ამით როგორ იქნება რამდენიმე ათასის ლეკისა შებმა? ნ ო კ ო ლ ა ო ზ: არა, შენ გიჟო ღამბარაშვილო, შენ უნდა მასწავლიდე სარდლობას? ზ უ რ ა ბ ა: მე მაგას არ მოგახსენებ, მაგრამ მეც ბევრჯერ გხლებივარ ამილახვართან მდევარში. ნ ი კ ო ლ ა ო ზ: მაშ დაგეჯერება, რადგან გორელი ხარ! და არღა შეებნენ მტერს.