კალმასობა (დღე შემდგომი)
წარსული იოანე რა მივიდა ალაზნის პირსა, წყალის სიდიდისა გამო ალაზნისა, ვინადგან ავდარსა განედიდებინა, ვერღა განხდა წყალსა მას. და დაბრუნდენ და მივიდენ ახმეტასა, სახლსა სალთხუცისახა. ჩოლაყაშვილმან ქაიხოსრო კარგად მიიღო ბერი იგი, და მისგან სადგური. რა მცირე განისვენა იოანემ, ვახშმად მიიპატიჟა სალთხუცესმან. და რა ხელჰყვეს ვახშამს, მაშინ სალთხუცესმან ჰრქვა იოანეს: - დღეს შენ ძლევა შეიმოსეო. ი ო ა ნ ე: ვითარ? ს ა ლ თ უ ხ უ ც ე ს ი: დიდი ხანუმი და დიდი მოძღვარი ორივ იძლივნენ შენის ჭეშმარიტის მხილებითო. ზ უ რ ა ბ ა: რასაკვირველია, ეს მოერეოდა იმათ, რასელა ნალბანდთან გაზრდილიაო. ი ო ა ნ ე: უი, შე გიჟო! ხომ არ შევჭიდებულვართ? ზ უ რ ა ბ ა: ელევთერმაც კარგად იცის ლინგის გდება, თუკი ხელში ჩაგიგდო, ბევრი შენისთანა დაუყენებია ყირაზედო. მაშინ ყოველთა გაიცინეს, და სალთხუცესმან ჰკითხა იოანეს: - ასე არა სჯობდა, რომ აქ მოხველ, აქედან მატანს მიხვალ და იქიდამ ლალისყურს. ი ო ა ნ ე: თუშთ მოურავმან მიბრძანა და იმის გულისათვის იქით წაველ, მაგრამ ვერც ის და ვერც მე გავედით წყალსა სიდიდის გამო. ს ა ლ თ უ ხ უ ც ე ს ი: რატომ ანაფორა არ გაფინე წყალზედ და იმით არ გახველ? ი ო ა ნ ე: ჯერ ჩემს ილიას თავისი ხალენი არ მოუციაო. ს ა ლ თ უ ხ უ ც ე ს ი: ჯერ არც ცეცხლის ეტლით ამაღლებულაო ის თქვენი ილია. ზ უ რ ა ბ ა: ამაღლება მეტი იქნება? ბრუდსაბძელს ასცილდა და სხვათა კავკასიის მთებს თავს მოექცაო. ს ა ლ თ უ ხ უ ც ე ს ი: ვაჲ თუ იქიდამ გადმოხტესო! ზ უ რ ა ბ ა: იმის ჭკუისაგან ნუ გიკვირს, მინდორსაც იშოვნის, რომ თავი იქ შეიმაგროსო.
დღე შემდგომი
ხოლო ხვთალისა დღეს განემართნენ მატანისაკენ. და მისრულმან მუნ იოანემ გაგზავნა ჯიმშერისშვილთან ზურაბა და შეუთვალა ლოცვა-კურთხევა. მან მაშინვე მიიწვია. რა იოანე მივიდა, იცნო იოანე ჯიმშერისშვილმან და მოიკითხა იოანე. და იოანემაც მადლობა ჰკადრა. და მერეთ იოანეს გამოჰკითხა მგზავრობის მიზეზი. ყოველივე ცხადუყო იოანემ. და ჰრქვა ჯიმშერისშვილმან: - ღვინოს კი ვერ შეგაწევ, წლეულ დავისეტყვენით, და სხვებ გემსახურებით. მაშინ ზ უ რ ა ბ მ ა ნ: რასაც გვიბოძებ, ჩვენ კალთას მოგიშვერთ. გაიცინა იოანემ და მერე მოიღეს სადილი. და მცირედ შეექცნენ: შემდგომად აღიღეს სადილი. იოანე გამოეთხოვა და მუნიდამაც კმაყოფილი წარვიდა ლალისყურისაყენ. მიმავალსა შინა იხილა ორნი ფშაველნი, მიმავალნი ბახტრიონისაკენ. და მათ იცნეს იოანე, რომელიც ენახათ ალავერდს, და მოვიდნენ იოანესთან და შენდობა მოითხოვეს. მაშინ ე რ თ მ ა ნ მათგანმა უთხრა იოანეს: მე შენისთანა ალავერდელი არა მიხილავსო, უცხოდ აამე გულსა ჩემსა და ჩვენი დედოფალი კარგად აქეო. მე ასე არ ვიცოდი, თუ ამდენის სატანჯველით იმ წყეულმან შაჰბასმან სტანჯა ჩვენი დედოფალიო. ის დედოფალი ლაშარის ჯვრის მოსავიც იყო თუ არაო, მითხარიო! ი ო ა ნ ე: ლაშარის ჯვრის მოსავი იქმნებოდა, რასაკვირველია, რომ ლაშა-გიორგის ქალობა ეთქმოდათ, და იმან მოგაქცივათ თქვენ, რომელიც ახლა იქ ფშავში მარხია, და თავის უნჯ ყმად გამოგელოდათ. ეს დედოფალიც ქეთევან თქვენის გულისათვის ეწამა და სისხლი დააქცია. წყეულმან შააბას რომ კახეთი მოაოხრა, მერეთ თქვენზედ გამოგზავნა ჯარი. პირველად ბაჩალაზედ წამოვიდნენ და თქვენ იმ ფშავის გადასავალში დახვდით და გამოაბრუნეთო. და მერე გაჯავრებულმან კიდევ ფშავის არაგვის წყალზედ ასი ათასი კაცი გამოგზავნა თქვენ წასახდენად. და ის ჯარი მოვიდნენ, შუაფხორს ქვევით რომ წყალის პირზე დიდი კლდის ქვაბია, იქამდის მოაწივა იმათმან მხედრობამან და თქვენ, წმინდის ლაშარის ჯვრის და წმინდის ქეთევან დედოფლის მადლით, სძლიეთ და გააქციეთ იქიდამ ის მტერი, და ესოდენი კაცი გაწყვიტეთ, რომელ მთლად ის წყალი სულ სისხლმან ასე შეღება, რომ აღარ დაილეოდა, და სულ ხოცით მიჰყევით ჟინვალის ხიდამდისინა. და მას აქეთ თქვენთვის ვეღარავის შემოუბედნიაო. ეს სულ იმათის მადლით არის და უნდა ძლიერ გიყვარდეთ ბაგრატიონები, რომ თქვენთვის ყოველთვის ასე თავდადებით ყოფილანო და თქვენ ჰყვარებიხართო. მაშინ უთხრა მან ფშაველმან: - მეც მათი დასმული მოქადაგე ვარ ფშავში, ყაყიდა მეწოდება, მეც ყოველთვის ვამწყალობლებ ბაგრატიონთ თავის მოწამეზედ და ლაშარის ჯვარზედ, და ყოველ წლივ ვიდღესასწაულებთ ლაშარის ჯვრობას. ი ო ა ნ ე: ვიცნ, ლომისობის სწორზედ მოვა იმისი დღეობა, და ასე უნჯი ყმანი ხართ, რომ იმის მწევრების გულისათვის საკლავსაც დაჰკლავთო ყოველ წლივ“. ყ ა ყ ი დ ა: და შენ უფრო შეგვიყვარდი სხვა ბერებზედ, რომ, როგორც ჩვენ წინაპართ უანბიათ ეგ ანბავი, შენც ისე გვიამბეო. შენ ხომ არ ყოფილხარ ჩვენში და ასე წვრილად სად შეიტყეო ყოველი ჩვენი წესიო? შენ სადა ცხოვრებ, გვითხარ, გემსახურებით ერბოთი და ყველითაო. ი ო ა ნ ე: მე ქვაბთახევს ვცხოვრობ და იქამდინ აქ ღვინის საშოვნელად წამოველი. ყ ა ყ ი დ ა: კარგი, ჩვენ ვიცით ის ადგილი და იქ მოგართმევთ ორ ჯორს აკიდებულს ერბოსა და ყველსა. იოანემ დალოცა და გაიყარნენ. იოანე წარვიდა ალვანისაკენ. რა ალვანს მიუახლოვდა, ნახა მრავალნი თუშნი მუნ და მრავალნი ცხვარნი. და, რა თუშებთან მივიდა, იცნო ცისკარიშვილმან და სხვათა თუშთა იოანე, მიიპატიჟეს, სიყვარულით მოიკითხეს და უთხრეს: - შენ ის ბერი არა ხარ, რომელმაც ალავერდს იქადაგეო? ი ო ა ნ ე: მე ვარო. თ უ შ ე ბ მ ა ნ: უთხრეს: ნეტამც შენ იყო ჩვენი ხარჭაშნელიო, ჩვენს გულს დია აამე იმ კარგის ლაპარაკითო. მაშინ ზ უ რ ა ბ ა მ უთხრა: ღმერთმანი, უარს გეტყვით მაგისასაო. თ უ შ ე ბ მ ა ნ: ჭეშმარიტად - ბატონს ვსთხოვთ ამის თავსაო. ი ო ა ნ ე: არა, ბატონო, მე რასა ღირს ვარ, თუ რომ სამსახური შემიძლიან, ისე გემსახურებით, მეც ქიზიყელი კაცი ვარო. ეს უფრო იამათ თუშებსა, რომ სცნეს მისი კახელობა, და სთხოეს: სამხარი აქ მიირთვი და გვიანბე წმინდის დედოფლის ქეთევანის ანბავიო. იოანე დაჯდა მათთან და ყოველივე წვრილად უანბო მათ ქეთევან დედოფლისა ცხოვრება. და მერე ჰკითხეს: შააბაზმან რომ ეს კახეთი წაახდინა, სად მორჩა ხალხიო? ი ო ა ნ ე: რაოდენიც დაეტეოდნენ, კალაურის მთაში დაიხიზნენ, სხვანი პანკისის ხეობაში და ლოპოაში და აგრეთვე მთებში, და ამ ადგილებში ყველგან ბრძო შააბაზმან. და პანკისშიაც რომ თორღოს ციხემდინ მოვიდა იმათი ჯარი და თქვენ და კახთა დაამარცხეთ და ამ ალვანამდინ ხოცით მოჰყევითო, და ეს სულ წმინდის ქეთევან დედოფლის მეოხებით ჰქმენით და ღმერთი შეგეწიათო. თ უ შ თ ა: მერე რა დაემართა იმ წყეულს შააბაზსაო? ი ო ა ნ ე: რა იმ წყეულმან წმინდა დედოფალი აწამა და ესეოდენი ქრისტიანენი შეაწუხაო, ღმერთმან ასეთი რისხვა მიუვლინა იმ შააბაზს, რომ ხუთს წლამდინ სნეულობით იტანჯებოდა, და მერე მუცლის სენი დაემართა, და ნაწლავები უკან განსავალიდამ დაჰყარა და ისე ამოხდა ის მყრალო სული. და სამოცი წელიწადი ვერღა იხელმწიფა იმისმან სახლმან. მარტო ოთხმოცი ვაჟი კაცი იყო იმათი გვარისა, ქალებს გარდა, და ასე გაწყვიტეს ერთმანეთი და სხვათაცა, რომ იმათი გვარისა ერთი აღარავინ მოიპოება. და ნახეთ, ღმერთი ასე სწყალობს ბაგრატიონთა ოჯახს, რომ ამათ გვარში ხუთი თუ ექვსი მოწამეა, ისე, რაც მტერს შეხოციათ, იმას გარდა და თქვენც იმისთვის უნჯ ყმას გეძახიან: როცა გასჭირებიათ ამათ ოჯახს, თქვენ შეგინახავთ და შესწევიხართ ყოველთვის გაჭირვებისა დღეს. თუშებს დიაღ იამა ეს იოანეს უბნობა და უთხრეს: ესე კარგად ჩვენთვის არავის უანბია, როგორადაც თქვენ გვაცნობეთო. მეფე ერეკლესაც ბევრი ჭირნახული აქვს ჩვენ ზედაო და თითქმის სულ იმან დაგვაქრისტიანაო. ი ო ა ნ ე: ბარაქალათ, რომ გახსოვთ და მაგრე ერდგული უნდა იყვნეთო! მერე ცისკარაშვილმან ერთი თავისი შვილი წამოაყენა: აი, ესეც ბატონმან გამიზრდევინა სამღვდელოდ და კიდევ სწავლობსო, მითხარ, ეს როგორი რამ მღვდელი გამოვაო? იოანემ ზოგი რამ ჰკითხა, მან ყმაწვილმან კარგა მიუგო პასუხი. და უთხრა იოანემ: - კარგად უსწავლია, რაც რიგი ეჭირებაო. მან, ც ი ს კ ა რ ი შ ვ ი ლ მ ა ნ: მაინც მიბრძანე, როგორიო რამ გამოვაო? ი ო ა ნ ე: ცოდნა კარგი აქვს, მაგრამ მე ასე ვატყობ სახეზედ, რომ ეს მღვდლად არ ეკურთხება და არც თქვენში ენდომება ცხოვრება, და ვერც თქვენსავით ერთგული იქნება ბაგრატიონთი. მაშინ თ უ შ ე ბ მ ა ნ: ეს ბერი ანგელოზი ყოფილა, ყველას სწორეს გვეუბნება, მეტადრე ჩვენში გული არ უდგების და არც მღვდლობა ეხალისების. მოვიდნენ და იოანეს ხელსა და ფეხზედ მთხვევნა დაიწყეს. ი ო ა ნ ე: უი ჩემს თავის! რასა იქთ? მე ერთი გლახაკი მწირი ბერი ვარო! მერეთ ასამხრეს იოანეს, აჩუქეს თეთრი რამოდენიმე. იოანემ მადლობა უთხრა მათ, გამოესალმა და განემართა ლალისყურს. რა ლალისყურს მივიდა იოანე, მოურავს ადრევე განემზადებინა მისთვის სახლი და მიიყვანეს მუნ. იოანემ მცირე ხანს განისვენა და მერე წავიდა ლოცვაზედ ეკკლესიასა შინა. იხილა მუნ მოურავმან, მოიკითხა, და იწყეს მწუხრისა ლოცვა. მაშინ მუნ ერთი დიაკვანთაგანი, რომელიც „ჟამს“ ანბობდა, დია ხლტებოდა და ბევრს უშვებდა სიტყვებსა, მცირე მოითმინა იოანემ და მერე უთხრა: - უფალო დიაკვანო, ღვთის ქურდი რად გინდა იყო და ღმერთს ჰპარავდეო? დიაკვანმან ვერა გამოსცნო რა და მერე მღვდელი მოჰყვა ჟამნობას. და, რა დაასრულა ლოცვა, მოურავმან თვის თანა წამოიყვანა იოანე. და მცირესა ხანს უკან მოიღეს ვახშამი. რა მცირე ხანი გამოხდა, მოურავმან უთხრა იოანეს: - ის დიაკვანი ჩემი შვილია, რომელსაც ვაზდევინებ ბერად, და ის რა უთხარი, როგორ იქნება ღვთის ქურდი? ი ო ა ნ ე: უკაცრავად ვერ ვიცან თქვენ შვილად, და ღვთის ქურდს ძველად ქართველნი სამღვდელონი ეძახიან ესგვარ „ჟამნისა“ და საღმრთო წიგნის მკითხველთა, ვინცა რომ სიტყვებს დააგდებდენ და სრულებით არ წაიკითხამდენ, იმას უწოდდენ ღვთის ქურდად, რადგან საღმრთოს ლოცვაში დაავალებდენ სიტყვებს. მ ო უ რ ა ვ ი: გაიგონე, შვილო ფლორე, მეც ბევრჯერ დაგიშალე და არ დაიჯერე. აი როგორ განმარტა მამა იოანემ, ახლა მაინც გახსოვდეს. ი ო ა ნ ე: უფალო ფლორე! რადგან ბერობის სახე შეგიმოსავს, მორჩილება სხვათაც თანაგაძს, არათუ მამისა შენისა. ფ ლ ო რ ე: ქართული მასალაა: ძალად გამღერებენ „ჭალას ვარდანაო“. ი ო ა ნ ე: უი ჩემს თავს! სჩანს, რომ ბერობა არ გინდა. ფ ლ ო რ ე: მე ცოლი მირჩევნია რომ შევირთო. მამას არ უქნია ბერობა და პაპასაო, რად მინდა წიგნი ვისწავლო და მეცნიერებაო? ი ო ა ნ ე: უი ჩემს თავს! თუ გინდა ბერიც არ იყო, ცოდნა რას გაწყენს თავადისშვილსა? ფ ლ ო რ ე: აჰა, ჩვენი ცოდნა ეს არისო. და აავსო ერთი დიდი ჯიხვის ყანწი ღვინით, დალია და მიართო ბერსა. იოანე შეწუხდა და არ ენება გამორთმევა. ფ ლ ო რ ე: თუ არ დალევ, მერწმუნე, კისერში ჩაგასხამო! მაშინ მ ო უ რ ა ვ მ ა ნ უთხრა: ღვინოში ცოტა ჭირვეულია ეგ ჩემი შვილი, ჩხუბიც უყვარს, და ჩამოართვი ეგ ყარწი! იძულებულმან გამოართო და რის ყოფით დალივა ის ღვინო. და მაშინ ზ უ რ ა ბ ა მ უთხრა: ბატონო მოურავო, ამისთან მემარხულე უნდა ბერებიო! მ ო უ რ ა ვ ი: ოღონდაც! ი ო ა ნ ე: ბატონო მოურაო! თავისთავის დასაცველად იძულებით ბევრს რასმე იქმს კაცი. და მერე დასრულდა ვახშამი და ყოველნი წარვიდნენ თვის-თვისად. რა გათენდა, მოურავმან მიუწოდა იოანეს თავისთან და აჩვენა თვისგან გაკეთებული სახლები, და სარაჲდარიც (ხუროთმოძღვარი), რომელსაც აეშენებინა ის სახლები ზედამდეგობითა თვისითა. რა იოანემან კარგად გაშინჯა, იხილა ეს სახლები, რომე ქვეშე ხის ბოძები ედგა ერთის კაცის სიმაღლედ, და თავხეები გაწყობით, და ზედ ქვითკირის შენობა. დია ეუცხოვა იოანეს და სთქო: - მე ამგვარი საფუძველი სახლისა არ მინახავსო, ესე ახალი ხუროთმოძღვრება არის. მ ო უ რ ა ვ ი: ეგ იკონომისიისათვის ვქმენით, რომ ბევრი ქვა და კირი არღა მოუნდებოდა. ი ო ა ნ ე: ბატონო მოურაო! დია კარგი, მაგრამ მტერმან რომ ეს ბოძები მოგიჭრას, ხო სულ ძირს დაეცემა ეს სახლი და კიდეც დაიქცევა, და თქვენც ვნებას მოგცემთ. მაშინ ზ უ რ ა ბ ა მ: ეს სასახლე სასწაულით დგას ჰაერში, ვის შეუძლიან ვნება მისცეს რამეჲ? მაშინ ყოველთა გაიცინეს. მ ო უ რ ა ვ ი: სარაჲდარმან ასე მირჩივა. ი ო ა ნ ე: კარგად რომ სცოდნია ხუროთმოძღვრება, იმისთვის დაუდვია კარგი ფუნდამეტი (საფუძველი). ამჟამად მოვიდა გიორგი ავალისშვილი სანიორედამ, მოურავი და სხვანი წინ მოეგებნენ, პატივით მიიღეს. იოანე მოიკითხა და ჰრქვა: რას სინჯამ ამ სახლებსაო? ი ო ა ნ ე: ამ სახლის ხუროთმოძღვრებასაო. გ ი ო რ გ ი: ვიცი, ბოძები არ მოგეწონებოდათ. ი ო ა ნ ე: სწორედ მიხვდით. მაშინ ზ უ რ ა ბ ა მ მოახსენა გიორგის: ბატონო ავალისშვილო, თუ მაგ ბერს ავყევით, სულ უსახლოდ დავრჩებით ქართლი, კახეთი. სად უნდა ისწავლონ, რაც მაგან ილაპარაკა? მაშინ ყოველთა გაიცინეს. და მოიღეს სადილი, კარგად შეექცნენ. რა აიღეს სადილი, იოანე გამოეთხოვა მოურავს, მოურავმან აჩუქა კარგად ღვინო. გიორგისაც გამოესალმა და უთხრა იოანემ: - მინდა გწვეოდი და აქ გნახეთო. მანცა აღუთქვა საჩუქარი. და მერედ დაიბარა მოურავის ქალმან სოფიომ იოანე. მოურავმან მიიყვანა სოფიოსთან. სოფიო მოიკითხა ლოცვით იოანემ და სოფიომ უთხრა: - ბეჩავ, რაზედ შეაწუხე ალავერდს ქალები და ან ელევთერ? ი ო ა ნ ე: ბატონავ, ქადაგებაში ბევრი რამ ითქმის და რად უნდა შეწუხდენ? და თუ სვინიდისით იქმონენ, დია კეთილია. ს ო ფ ი ო: ნუ დამემდურები, აჰა, ერთი წყვილი წინდა და პაჭიჭი მომირთმევია, ისე მიიღეთ, ვითარცა მწვლილი. ი ო ა ნ ე: თქვენ იმისთანა ქვრივი არ ბრძანდებით, უფრო მდიდარი ხართ. სოფიომ თეთრიც აჩუქა. ი ო ა ნ ე: ღმერთმან გაცხონოთ, მადლობელი ვარ. ს ო ფ ი ო: თქვენმა მზემ, არ გახლავარ ბებერი. ი ო ა ნ ე: ცხონება ყმაწვილისა და ბებრისათვის დია სანატრელია. ს ო ფ ი ო: ბერო, ასე იცოდე, რომ მინდოდეს, დია მალე გავთხოვდები. ი ო ა ნ ე: უი, მდომა გქონიათ! მაშინ მოურავმან გაიცინა და უთხრა: - ბერო, კარგად შეატყეო. ი ო ა ნ ე: არა ბატონო, დიაღ, პატიოსანად ნაცნობია ხალხში, მეტადრე სხვათა ქვრიებთა ზედა. და ამა უბნობით გაიყარნენ. რა იოანე ამხედრდა, გიორგიმ უთხრა: - გახსოვდე, ბერო, ლოცვაში! ი ო ა ნ ე: სარწმუნოებისა შენისამებრ მეხსოვნები. გ ი ო რ გ ი: ვითარ? ი ო ა ნ ე: ვითარცა ელიაზარ. და გააჭენა ცხენი და წარვიდა ენისელისაკენ.
დღე შემდგომი
[edit]რა ენისელს მიუახლოვდენ, იოანემ უთხრა ზურაბას: წადი და სახლი იშოვე სადმე სადგური! ზურაბა მივიდა მოურავთან, იოანეს მაგიერ ლოცვა-კურთხევა ჰკადრა და სთხოვა სადგური. მოურავმანც მისცა. და ოდეს იოანე მივიდა, აჩვენეს თვისი სადგომი. იოანემ განისვენა მცირედ და მერე წარვიდა მოურავთან. რა დიმიტრი მოურავი იხილა, იოანეს დია ეუცხოვა იმისი სახე, ყოფა-ქცევა და დაკვლაჭნულება, რომელიც სვლაში ხლათევდა ფეხებს. და თქვა მამასახლისისადმი: - ესე არს თქვენი მოურავი და გაღმა მხრის სარდალი? მ ა მ ა ს ა ხ ლ ი ს ი: დიაღ. ი ო ა ნ ე: ეს რომ თითონ ყოფილა მოსავლელი, ამან ვის უნდა მოუაროს, რომ მოურაობა მეურნეობას ანუ მომლელს ნიშნავს? მ ა მ ა ს ა ხ ლ ი ს ი: რადგან შთამომავლობით ყოფილა მოურავი ამათი გვარი, ბატონმან არც ამას გამოართო. ი ო ა ნ ე: დია კარგი, მაგრამ რატომ ამის შვილს არ მისცეს, რომელიც დია კარგი ვაჟკაცია, ერთგულია თვისის მებატონისა და მამულისა? მ ა მ ა ს ა ხ ლ ი ს ი: უფროსი-ერთს ისი მართავს საქმეს. მერეთ დიმიტრიმ მიიღო იოანე კარგად და უბრძანა მამასახლისს, რომ - კარგად დახვდიო, მე სხვაგან მივალ. და აღუთქვა ღვინოც საჩუქრად იოანეს. და წარმოიყვანა მამასახლისმან. მაშინ ზაქარია მღვდელმან ლალისხანისშვილმან სცნო იოანეს მუნ ყოფა და წარმოვიდა იოანესთან. რა ურთიერთი იხილეს, მიესალმნენ და სიყვარულით მოიკითხეს ურთიერთი. და ზაქარიამ გამოჰკითხა იოანეს თვისი ვითარება. იოანემაც უანბო თვისი მგზავრობოს მიზეზი, და მერე დასხდენ ვახშმად. რა კარგად შეექცნენ, ზაქარიამ უთხრა იოანეს: - მე ვაპირებ სკოლის გამართვას დუშეთს და, თუ შენც განწესდები, ხალიფობას მოგცემ შეგირდებისას და ჯამაგირსაც გაგიჩენ. ი ო ა ნ ე: ვაჲ თუ ეგ სკოლის გაკეთება ჰგავდეს მამლის და ძაღლისაგან აშენებულს სოფელსა. ზ ა ქ ა რ ი ა: რასათვის შეურაცხმყოფ, მე არაგვის ერისთავის შვილი ვარ და როგორ ვერ შევიძლებ? ი ო ა ნ ე: ვჰგონებ, გაგეგონოთ ქართული მასალა: სტუმარს სახლში არ უშვებდენო და იძახდა, ხმალ-ფარი თაროსთან დამიკიდეთო. ზ ა ქ ა რ ი ა: ვის შეუძლიან ეგე ქმნასო? ი ო ა ნ ე: სწორედ არაგვის ერისთვებს. ზ ა ქ ა რ ი ა: მე ბრუდედ ვარ ნაშობი? ი ო ა ნ ე: ასე სწერს მოციქული! „არა დაიმკვიდროს შვილმან მხევლისამან ძისა თანა აზნაურისა“. მაშინ განრისხდა ზაქარია და თქვა: - ნახეთ, ეს ქიზიყელი მუტრუკი როგორ გაამპარტავნდა, სხვანიც რამდენი შეურაცხჰყო და მეც ძაღლად და ბუშად გამხადა! მივარდა იოანეს, სტაცა წვერში ხელი და დაუწყო თმასა და წვერსა გლეჯა. იოანეც გამწოვდა და ამანაც მიჰყო ხელი და ერთმანეთი დაქოჩლეს. მაშინ მამასახლისი და სხვანი მუნებურნი მღვდელნი შთაუცვივდნენ შუაში და რის ყოფით გააშველეს. მაშინ ზ უ რ ა ბ ა მ: ახ, დიაღ მალე წაიკიდენით მოძღვარ-ხალიფა, და ამ ყოფით სკოლა არ გაიმართებაო. ზაქარია განრისხებული წავიდა შინა და იოანემაც ის ღამე მწუხარებით გაატარა. ხოლო ხვალისა დღე ადგა ადრიან და წავიდა ნოდარიანთან საბუეს.
დღე შემდგომი
[edit]რა მივიდა სახლსა სალთხუცისისა ნოდარისშვილთან, სადილს აპირებდენ, და იოანეს გულისათვის უბრძანა თვისსა მსახურსა ფლავისა მოხარშვა, და იოანე წაიყვანა მარანსა შინა. მცირეს ხანს იმუსაიფეს და მერე მოვიდნენ სხვანიცა სახლის კაცნი მათნი, დასხდენ და მოიღეს სადილი. ოდეს ფლავის მოტანის დრო შეიქმნა, მოიღეს ფლავიცა და ჩამოარიგეს, მაგრამ ძლიერად მძაღე და მყრალი ერბო მოსლოდათ, რომ იოანემ ვერ უძლო ჭამად. გარდა სალთხუცესი თავდაღუნული სჭამდა ფლავსა მას ესრეთ, რომელ მთლად მიიღო იგი თეფში სამსე, ხოლო სხვათა ვერცა თუ ერთი ლუკმა მიიღეს. ოდეს დაასრულა ფლავის ჭამა სალთხუცესმან, იხილა: იოანეს ისევ სავსე უდგას თეფში და სხვათაცა. იოანეს უთხრა სალთხუცესმან: რატომ არ მიირთმევთო? ი ო ა ნ ე: სიმძაღემ ყელი ჩამხახა და სუნმან საყნოსელი შემხუთა. ს ა ლ თ ხ უ ც ე ს ი: მძაღე და მყრალი ხომ არ იყო ერბოო? ი ო ა ნ ე: დია, ბატონო. ს ა ლ თ ხ უ ც ე ს ი: ვაჟო, როგორი ბერი ხარ, არ შემატყობინე, თუ მძაღე ერბო ჰქონდა, რომ მეც არ მეჭამა! ი ო ა ნ ე: არ ვიცოდი, თუ გემება არა გქონდათ. მაშინ ზ უ რ ა ბ ა მ: ბატონო სახლთხუცესო, დიდოს მოურავი ბრძანდებით და იქ იქნებით დაჩვეული დუმისა, ქონისა, ხინკალის ჭამას, და თქვენ ამისთვის ვერ გამოსცანით. მაგრამ ჯარიმაში ერთი ურემი ღვინო უნდა გვაჩუქოთ. მაშინ ყოველთა იცინეს და აღუთქვეს ღვინო იოანეს. რა დასრულდა სადილი, იოანე გამოეთხოვა და მადლობელი წარვიდა შილდისაკენ. მისრული იოანე მივალს ყოვლადსამღვდელოს ნეკრესელის ზაქარიას სადგურსა და გარდახდების ცხენიდამ და შევალს გალავანის ბჭესა შინა. იხილავს მუნ ერთსა დიაკვანთაგანსა და ეტყვის: - ყოვლადსამღვდელო აქ ბრძანდება? დ ი ა კ ვ ა ნ ი: აქა. იოანემ სთხოვა დიაკვანს და ცხადუყო ვითარებაცა თვისი და უთხრა: - მივედ ყოვლადსამღვდელოს ჩემს მიერ ანბორება მოახსენე და სადგურიცა გვითხოე! დიაკვანი მივალს და ყოველსავე მოახსენებს არქიერს. და მანცა ინება და მისცეს სადგომი იოანეს. და რა მცირე განისვენა, საგზაო ტანისამოსი გამოიცვალა და ანაფორით მოსილი ელოდა მიწოდებასა თვისსა. ამა ჟამსა შინა მოვიდა იგივე დიაკვანი და მიუწოდა იოანეს. რა მივალს იოანე და იხილავს არქიერს, იქმს მეტანიასა და ეანბორება მარჯვენეს. არქიერი მოიკითხავს და მერეთ დასომს იოანეს და ეტყვის: - საიდამ მოგიძღვის უფალი? ი ო ა ნ ე: ქვაბთახევის მონასტრით. ა რ ქ ი ე რ ი: ღვინოს სათხოვრად? ი ო ა ნ ე: სულმან გაცნობათ. ა რ ქ ი ე რ ი: ბოროტმან თუ კეთილმან? ი ო ა ნ ე: სულმა წმინდამან. არქიერს იამა იოანეს ლაპარაკი და უბრძანა: - შეისრულე სწავლა? ი ო ა ნ ე: ჰე, მადლითა თქვენითა. არქიერი: ვინემდის ვახშამი დამზადდებოდეს, მცირე რამ ვიუბნოთ კატიღორიისათვის. ი ო ა ნ ე: იყავნ ნება თქვენი!
[ამას მოჰყვება ტრაქტატი დიალიკტიკისა ანუ კატიღორიისათვის].
მაშინ ზ უ რ ა ბ ა მ: ყოვლადსამღვდელოო! აჰა მამალმან იყივლა, ოთხშაბათი გვითენდება, ხარჯი წაგიხდებათ ვახშმისა. ა რ ქ ი ე რ ი: კიდევ მუცელღმერთობას არ იშლი, ზურაბ? ზ უ რ ა ბ ა: ამ ბერთან მაგის მეტს რას ვისწავლიდი, სულ საჭმელისა და სასმელისათვის არ დარბის ეს ბერი?! არქიერმან გაიცინა და ბრძანა მოღება ვახშმისა. მოიღეს და, რა კარგათ შეექცნენ, არქიერმან უბრძანა იოანეს: - ვერ იცნობ კიკოს? იოანე დაყოყმდა. და კვალად განუახლა იოანეს: - ჩემს კიკოს გკითხავთ. ი ო ა ნ ე: კიკო კენტსა ნიშნავს, და რომელს კიკოს მკითხავთ? ა რ ქ ი ე რ ი: სწორედ კენტს კიკოს გკითხავ. ი ო ა ნ ე: ბანქოს კიკოს თუ სხვა კიკოს? ა რ ქ ი ე რ ი: არა, ჩემს კიკოს. და იოანე გაშტერდა. მაშინ ზ უ რ ა ბ ამ: ყოვლადსამღვდელოო! ცხრაწვენას? ა რ ქ ი ე რ ი: სწორედ ჭეშმარიტად, ცხრაწვენას! მაშინ ი ო ა ნ ე: ყოვლადსამღვდელო, ცხრაწვენას ვეძახით, - ცხრა გვარს სამარხოს აურევთ ერთად და შეჭამადად შევაგბობთ მონასტრებში შობისა და ნათლისღებისა წინადღეს, და იმას მივიღებთ. ა რ ქ ი ე რ ი: მაგას არა გკითხავ, ჩემს ცხრაწვენას გკითხავ. იოანე დარჩა კიდევ უთქმელი, მაშინ ზურაბამ უთხრა იოანეს: - ცისა და ქვეყნისას ყოველსა ტყობულობ და ამას კი ვერ მიხვდი? ყოვლადსამღვდელო თავის შვილიშვილს კიკოს გკითხავს. ი ო ა ნ ე: უი ჩემს თავს! ეგ რა სახელია? ზ უ რ ა ბ ა: ცხრა გვარი გამოიცვალა და ამისთვის დაარქვეს ცხრაწვენა. ი ო ა ნ ე: ყოველი სოფელში მყოფი კაცი უნდა მეცადინეობდეს თავის გვარის განდიდებასა და რა საწუნელია? ა რ ქ ი ე რ ი: არა, ყოველივე ზომიერებით უნდა, მაგრამ ახლანდელი შვილნი არ არიან მორჩილ თვისთა მშობელთა. ი ო ა ნ ე: ეგე ჭეშმარიტია, მაგრამ უკანასკნელი ჟამია, მოციქულიც ასე ბრძანებს უკანასკნელთა ჟამთა ურჩობასა შვილთაგან თვისდა მშობელთასა. და ამა უბნობით დაასრულეს ვახშამი. მერე აღდგა იოანეცა, ეანბორა არქიერს და წარვიდა სადგურსა თვისსა.
დღე შემდგომი
[edit]ხოლო ხვალისა დღე იოანე იახლა არქიერს, გამოესალმა და კმაყოფილი წარვიდა ყვარელისაკენ. რა ყვარელსა შინა მივიდა, ელევთერმან სცნო მისი მუნ მისვლა, მყის კაცი გაგზავნა და თვისთან მიაყვანინა. რა იოანემ იხილა ელევთერ, არ იყო, რომ არ შეშინდა და თქვა გულსა შიგა თვისსა: „ვაჲ თუ ამანაც გამლახოს!“ და მსწრაფლ მივიდა, უყო მეტანია და სთხოვა ხელი. ელევთერმან მსწრაფლ აღადგინა და უთხრა: - ნუ გეშინიან, მე არას გერჩი, გარნა გკითხავ მიზეზმა ყვედრებისათვის. უბრძანა იოანეს დაჯდომა. დაჯდა იოანე, მოიკითხა ელევთერმან და მიმოსვლის მიზეზიც ჰკითხა. იოანემ ყოველივე აცნობა. და მერე უთხრა ელევთერმან: შენ და ეშკააღაში რად დამდურდითო? ი ო ა ნ ე: ჭეშმარიტებისათვის. ე ლ ე ვ თ ე რ ი: ვითარ? ი ო ა ნ ე: აი, ეს საბრალო ზურაბა, ერთის წისქვილის მქონებელი, უსამართლოდ ისჯება და ერთმევა, რომლითაც თავისი ცოლ-შვილი უნდა გამოზარდოს. მდივანს სულხანს აქვს მეფეთაგან ჯამაგირი სამდივნო ათის თავი, სოფელი. და ამ საბრალოს კი ეუსამართლოება. და ამისთვის ვაწყენინე ალექსანდრეს, რომ მდივნის მხარე ეჭირა, და რაც მკითხა, ის განუმარტე და ამისთვის გამიწყრა. ე ლ ე ვ თ ე რი: ასე იქნება მოხელეების საქმე, ზოგი ერთს კერძოდ იქნება და ზოგი - მეორეს კერძოდ და ჯერ ხომ არ გადაწყვეტილა საქმე? ი ო ა ნ ე: მართალია ეგე, მაგრამ თუ მოხელე თავის სულს გარდუდგება შემძლებელი ყოველთვის განმართლდება, თუგინდ ტყუოდეს, და ამაში თავის მებატონესაც დაუმძიმებს და უსამართლობაში შეიყვანს, თორემ მე კი პატიმისმცემელი ვარ ჩემ კერძო ეშკააღაშისა. ე ლ ე ვ თ ე რ ი: ჩემი ისე იმ სახით შემოსვლა ეკკლესიაში რად იუცხოე და ან რად აპირებდი ქადაგებაში ჩემს შეურაცხებას, და ან კნეინას რად ამხილე თავდაუბურველობა? ი ო ა ნ ე: რადგან მონოზონების სახე გმოსიათ, მეუცხოვა თქვენი ამ სახით შემოსვლა ეკკლესიასა შინა, რომელ მეფეთათვისცა მაღალი საქმე იყო, კნეინასიც თავშიშველობა და მარაოს ქნევა ეკკლესიაში. პირველი ნახვა იყო, რომ ქართველთ დედანი დია კრძალულნი არიან ლოცვა-წირვაზედ, რომ ჩადრით იბურვენ სახეთა და სულ მეტანიით და გულში ცემით დაასრულებენ თვისსა ლოცვასა. და ამისთვის ვიკადნიერე, რომე სხვანიც არ შეუდგნენ იმ კვალსა და არ განუგრილდეთ გული ლოცვა-წირვისათვის. ხოლო თქვენ მერწმუნეთ, რომ მე მინდოდა წმინდა ჯვარზედა სიტყვის თქმა და შევედრება ხალხისა, და თქვენ დაგვაბრკოლეთ და თვისად მიიღეთ აზრი მხილებისა რისამე. და ეგეც კარგი სვინდისია, თუ გამხილებდათ რასმე. ე ლ ე ვ თ ე რ ი: ახლა მჯერა და მე გეტყვი ჩემს ასე ქცევის მიზეზსა. თუ ასე არ მოვიქეც, რადგან მეფესთან მიჩვეული ვარ და ხალხში წილი მიძევს სახელოსი, ზედ არავინ შემომხედავს, ამისთვის, რომ საზოგადოდ აზიელთზედ არს თქმული, რომელ თვალში აქვთ ჭკუა და არა თავშიო. ი ო ა ნ ე: დია მართალია, მაგრამ მცირე რამ განყოფილება მაინც უნდა ჰქონდეს ბერსა და ერსა ყოფაქცევაში! ე ლ ე ვ თ ე რ ი: მე ჯერ არც ჩოხა მაქვს ნაკურთხიო. მაშინ ზ უ რ ა ბ ა: ბატონო, კუნკული ხომ გხურამთ, სხვა რა გინდაო? და გაეცინათ ყოველთა . რა სადილისაგან აღდგნენ, იოანე გამოეთხოვა ელევთერს, ელევთერმან კმაყოფილ ყო იოანე და მშვიდობით გაიყარნენ. იოანე წარვიდა ციხისაკენ და თან გაჰყვა ალავერდის სალთხუცესი. რა ციხესთან მივიდა იოანე, იხილა მეორე სხვა გალავანი შემორტყმული და გალავანს გარე არხი. იოანეს დია მოეწონა ეს სიმაგრე და ჰკითხა სალთხუცესს: - ეს სიმაგრე ვინ გაგიკეთაო? მან უთხრა: იოანე ბატონისშვილმან, რომ მეფე ირაკლიმ აქ უბრძანა ყოფნაო, ოდეს ომარხან მოვიდოდა ოცდახუთი ათასის კაცით ამ ყვარელზედ, მაშინ ეს სიმაგრე გაგვიკეთა ბატონისშვილმან, შიგნით გალავანში დედაკაცნი და ყმაწვილნი დააყენა და ბურჯებში თოფაჩნი და მეთოფენი და თვითონ ჯარით და ჩვენ აქ ვიდექით. და ესრედ მაგრად ვიყავით, რომ მოვიდნენ მტრის ჯარნი, ბურსას ვერღა გასცილდნენ, და ორჯელ აქ დაგვესწრო ჩვენს გაჭირების დღეს, და ღმერთს გარდა იმან დაგვიხსნა იმ მტერთ ტყვეობისაგან. და ახლა ქიზიყს ბრძანდება კიდევ ომარხანის პირდაპირ. ი ო ა ნ ე: ღმერთმან აკურთხოს, დია კარგად ცდილა და კარგი სამკვიდრო თქვენთვის სიმაგრე გაუკეთებია. - ესე თქვა, გასინჯა ციხე და განემართა ფაშაანისაკენ, დავით ჯიმშერისშვილთან. რა მცირე იარა, საღამოს დრო იყო, თითქმის ბინდმან მოაწივა. იოანემ უთხრა ზურაბს: - დავით ჯიმშერისშვილთან რომ მივიდეთ, ასე უთხრათ: ღვთის სტუმარი შეგვიწყნარეთ და სახლი გვიბოძეთო! თორემ უღვთო კაცს ამბობენ და უწყალოს, ვაჲ თუ არ დაგვაყენოს! ზურაბამაც მოუწონა. რა მივიდნენ დავითის სახლის ახლო, გარდახდენ ცხენიდამ, დიაღ ციოდა, მივიდნენ და ფანჯრიდამ შესძახეს: - მდივანბეგო, დღეგრძელდი, ღვთის სტუმარი შეგვიწყნარეთ, სახლი გვიბოძეთ, სიცივემ დია ძალა გვიყო! დავითმან ფანჯრიდამ გამოსძხა: - მე თქვენი დალოცვა არ მინდა, მე დიაღ დღეგრძელი ვარ, სამოცდახუთის წლისა ვარ, და, აჰა, იანგარიშეთ - რამდენის დღისა ვიქნები. და სახლს კი მოგცემთ! მაშინ თავის მსახურს უბრძანა ჩუმად: - წაიყვანე და ამ სოფლის ბოლოს დაქცეული საყდარი რომ არის, იქ მიიყვანე და ასე უთხარ: რადგან ღვთის სტუმარი ხართ, აჰა, ღვთის სახლი, და შენ კი წამოდიო. რა იოანემ ესე ხარაბა საყდარი იხილა, დია შეწუხდა და სთქვა: - უი, იმ უწყალომ რა გვიყო ასე? რა მსახური გამობრუნდა, დაუძახა იოანემ:
- მდივანბეგს ასე მოახსენე: ოხერს საყდარს ეშმაკი უნდა ეპატრონებოდეს, და თქვენ უფრო გფერობდათ აქ დგომაო!
მოვიდა ყულუხჩი და ყოველივე მოახსენა დავითს. მდივანბეგმან ბევრი იცინა და გაგზაგნა მაშინვე კაცი, სახლი მიაცემინა და ვახშმად თვისთან დაიბარა იოანე. ვახშმის დროს წარვიდა იოანე და შევიდა მდივანბეგთან. მოახსენა იოანემ: - მშვიდობა თქვენდა, ბრწყინვალეო თავადო! მ დ ი ვ ა ნ ბ ე გ ი: და სულისაცა შენისა თანა, უფალო ტირაცუვ! ი ო ა ნ ე: უი ჩემს თავს, სომეხი ხომ არ ვარ? მ დ ი ვ ა ნ ბ ე გ ი: მაგ ზურაბას ამხანაგი რომ ხარ, მაშ სომეხი არ იქნები? ი ო ა ნ ე: ესეცა ახლა ჩვენი სარწმუნოებისა არის. მ დ ი ვ ა ნ ბ ე გ ი: თქვენი მასპინძელი როგორ დაგვხვდათ? ი ო ა ნ ე: რომელს ბრძანებთ? დ ა ვ ი თ ი: რადგან ღვთის სტუმარი იყავით. ი ო ა ნ ე: იყოველივე იმის მოწყალება არს, ასე რომ ომან მოაქცია ჩვენ ზედა თქვენი გული და თქვენგან მივიღებთ კმაყოფილებასა. დ ა ვ ი თ ი: შემინდეთ, გამოგცადე, რადგან ბერობა მიგიღია, როგორი მოთმინება გექნებოდათ, და ახლა ვხედავ, კარგი მონოზონი იქნები. და ბრძანა ვახშმის მოღება. მოიღეს ვახშამი. ამჟამად ერთი ღვდელი შემოვიდა, უთხრა მდივანბეგმან დაჯდომა, გააცნო იოანეს და უთხრა: - ეს ჩემი მოძღვარყოფილი არს. იოანე მიეამბორა, მოიკითხეს ერთმანეთი. და მერეთ იოანემ ჰკითხა მდივანბეგს: - თუ თქვენი მოძღვარი იყო უწინ, ახლა რად გამოგიცვლიათ? დ ა ვ ი თ ი: მე ამას აღსარებაში უთხარ ერთი ცოდვა, და ასე მითხრა, რომ მაგ ცოდვის პატრონი შუა ჯოჯოხეთში ხართო! მე ვსთხოე: საკანონო დამდევით, ეგების განვთავისუფლდეო! და შორს დამიჭირა. მერეთ უთხარ: მოდი ერთს კიდევ ვიქმ იმ ცოდვასა, ეგება, ნაპირზედ გამომაგდოსო. და ამჟამად გამიწყრა და არღა მათქმევინა აღსარება. ი ო ა ნ ე: დიაღ რიგიან უქნია, რადგან თქვენ გარეწარად შეგირაცხავთ, და ამასაც ავად უქნია, რომ სასოწარკვეთილებაში მიუციხართ. ახლა ვინა გყავთ მოძღვარი? დ ა ვ ი თ ი: ეფთვიმე წინამძღვარი. ი ო ა ნ ე: ის უფრო შორს დაგიჭერს მაგგვარ ცოდვებს და, ვგონებ, მალე გაუშოთ ერთმანერთი. დ ა ვ ი თ ი: არა, როდის ვეტყვი! მე ჩემს თავს დია მართალ კაცად ვაჩვენებ, რომ ბატონისა კარგი ყმა არს და ჩემსას კარგს მოახსენებს, და დაუჯერებენ, რადგან ჩემი მოძღვარია. ი ო ა ნ ე: უი ჩემს თავს! და ეგ რა აღსარება არს, ეს არა სჯობს, რომ სულ ყოველთვის კარგად იქცეოდეთ და არ ვერაგობდეთ და არც იმ საბრალო ბერს ატყუებდეთ? დ ა ვ ი თ ი: ხანდისხან სადიამბეგოს წილსაც დაუდებ ხოლმე და ამითაც ავიღებ შენდობას. ი ო ა ნ ე: სწორე სამარმლისას თუ მრუდისას? დ ა ვ ი თ ი: ქართლში სად არის სწორე სამართალი? როგორც იყოს უნდა გავაჩანჩალოთ საქმე. ი ო ა ნ ე: და რადგან ამგვარი მოსამართლობაც დაგიწყვიათ და იმ ცოდვაშიაც ბრძანდებით, რაღა ხორცით ახვალთ სასუფეველში? დ ა ვ ი თ ი: ბერო, მე ცხონება და წაწყმედა არა მწამს. ი ო ა ნ ე: მაშ პირუტყვი ყოფილხართ. დ ა ვ ი თ ი: პირუტყვთანაც აქვს კაცს ზიარება. ი ო ა ნ ე: სხვასთან ვიღასთან? ისიც ბრძანეთ! დ ა ვ ი თ ი: ანგელოზთან და ორძილთანაც. ი ო ა ნ ე: კარგი, ანგელოზნი ხომ სულნი არიან უკვდავნი და სიტყვიერნი? დ ა ვ ი თ ი: დიაღ, და აჰა, მითხარ, ვითარის სახით ვართ მასთან ზიარნი? ი ო ა ნ ე: ანგელოზთან სულის უკვდავებით და სიტყვიერებით და გონებით ვართ ზიარნი, პირუტყვთან მშვინვიერობით, ხორცით, სმით, ჭამით, ძილით და სხვებ. ორძილთა მოზარდობით ზიარნი, რომელ ხეც იზრდება და ბალახიცა და, თუ გინდა, საღმრთო წერილთაგანაც დაგიმტკიცებ. დ ა ვ ი თ ი: მე შენი ქადაგებით არ მოვიქცევი, მე მეტოლოღია მისწავლია. და მე გამოგცდი, თუ კარგად განმიმარტავ, მერე სხვა მოძღვრებასაც შემოგიდგები. ი ო ა ნ ე: მიბრძანეთ! რა დავით ენება კითხვა მეტოლოღიაზედ, ამჟამად ერთი იასაული შემოვიდა, მდივანბეგს სალამი მიართო და ერთი წიგნიც. დავითმან მოიკითხა ის იასაული. წიგნი გახსნა და წაიკითხა, რომ გარსევან ეშკააღაში სწერდა ბატონის, ბრძანებასა, რომ ქალაქს უნდა ორნივ წასულიყვნენ საჩქაროდ. და ესეც მოეწერა: ხვალე ველისციხეს მოვალ სადილად და თქვენც იქ დამხვდითო! დავითმან უთხრა იოანეს: თუ ხვალე ჩემთან წამოხვალ, გზაზედ ვიუბნოთო, ამაღამ კი უნდა მოვემზადო საქალაქოდ. იოანეს დია იამა და აღუთქვა თანხლება. ვახშამი აღიღეს და სახვალიოდ მზადება იწყეს. იოანეც მოვიდა თავის სადგურსა, მცირე განისვენა და ესეცა განემზადა წასასვლელად. ხოლო ხვალისა დღეს იოანე მივიდა მდივანბეგთან, მოიკითხეს ერთმანეთი. მდივანბეგმან აჩუქა იოანეს რაოდენიმე ოქრო. და ამხედრდნენ ცხენსა და წარვიდნენ ველისციხისაკენ. ამა მიმავლობასა შინა უთხრა დავითმან: - აწ ვიუბნოთ მეტოლოღიისათვის და გზა იმა უბნობით, შევამოკლოთ.
[მოთხრობა მითოლოგიისათვის]
მაშინ დავითმან აქო იოანე და უთხრა: - ახლა კი ვირწმუნებ ქადაგებასა შენსა, თუ ჩემი მოძღვარი დასტურს მომცემს. ი ო ა ნ ე: რომელს მოძღვარს ბრძანებთ - ეფვთიმეს თუ სხვაცა გყავთ ვინმე? დ ა ვ ი თ ი: არსენი თბილელი. ი ო ა ნ ე: უი ჩემს თავს! რამდენი მოძღვარი გყოლიათ? დ ა ვ ი თ ი: მე რადგან ბევრის ცოდვის მოქმედი ვარ, სამი მოძღვარი მყავს: ერთი მღვდელი, მეორე არქიმანდრიტი, მესამე ეპისკოპოსი. რომ ეს სამნი ძლივ მოერევიან ჩემ ცოდვას, რომ ზიდონ. და მეოთხე შენ იქნები, როდესაც მთავარდიაკვნად ეკურთხები, და დანაშთენს ცოდვას შენ აგკიდებ. მაშინ ზურაბამ მოახსენა: - ბატონო დივანბეგო, მართლა კარგი სახედარი იშოვეთ, თქვენს ბარგს, თუ არ ესე, ვერავინ ატარებს. დ ა ვ ი თ ი: თუ ჯერ გახედნილია, მართლად შეიძლებს. ზ უ რ ა ბ ა: გაუხედნელი რად იქნება რეკტორის ხელში გაზრდილი და ახლა ფიცხელაურს ბერთან მყოფი? ვგონებ, ზურგიც ჰქონდეს წამხდარი. დ ა ვ ი თ ი: უეჭველად განსწავლილი იქნება. ზ უ რ ა ბ ა: მაგისთვის ეჭვი არღა უნდა. მაშინ ი ო ა ნ ე: უი შე უკეთურო, რას ამბობ, ზურაბ! და ამ ხუმრობით მიიწივნენ ველისციხეს. მდივანბეგი მივიდა გარსევანთან, გარდახდა და ესენიცა ჩამოხდენ ერთის გლეხისას. რა გარსევანმან მდივანბეგი იხილა, უთავაზა, ერთმანერთი მოიკითხეს, და სადილობის დროც იყო. გარსემანმა უთხრა მდივანბეგს: - სადილი მოვიღოთ და მერე განვემართოთ ქალაქისაკენ. რა სადილი მოიღეს, დავითმან იოანე დიაკვანი მოიკითხა და უთხრა ეშკააღაშს: - თუ ინებებთ, ქთაბთახევის მონასტრის დიაკვანი თან მომყვა, და მოუწოდეთ მასცა სადილად? გ ა რ ს ე ვ ა ნ: მოქადაგე დიაკვანია თუ სხვა ვინმე? დ ა ვ ი თ ი: მოქადაგე. მაშინ გარსევანმან უბრძანა თვისსა მსახურსა და მოუწოდეს იოანეს ზურაბითურთ. ი ო ა ნ ე: მოსრული გარსევანთან ეტყვის: შვიდობა თქვენდა, პასლენიკ-მოურავ-ეშკააღაშო! გ ა რ ს ე ვ ა ნ: სულისაცა შენისა თანა, ალავერდელ-ბოდბელ-ნეკრესელო! ი ო ა ნ ე: გმადლობ მაგ ტიტლოების ბოძებისათვის. გ ა რ ს ე ვ ა ნ: თქვენ გშვენით ეს ტიტლოები, რადგან ყოველთა დედა-ეკკლესიებთა შინა, ვითარცა გნებავს, ქადაგებით. ი ო ა ნ ე: ცუდი ხომ არ მითქვამს რა? გ ა რ ს ე ვ ა ნ: მეტი რაღა უნდა სთქო, მდედრი აღარ გაუშვი და მამრნი გაულანძღველნი! ი ო ა ნ ე: ვითარ აღმოაჩენთ? გ ა რ ს ე ვ ა ნ: კანეინობით. ი ო ა ნ ე: მაგით არ დავისჯები, მე ჯერ რუსული ენა არ ვიცი და, სიტყვა რომ გამრუდდეს თქმაში, რადგან სხვანიცა კანეინობით ეძახდენ მას. გ ა რ ს ე ვ ა ნ: კანეინა კაენის ცოლს ნიშნავს და კნეინა თავადის ცოლსა. ი ო ა ნ ე: მაშა ცუდად არ მიწოდებია სახელი. გ ა რ ს ე ვ ა ნ: როგორ ცუდად არ გიწოდებია? ძმისმკვლელის ცოლად აღმოაჩინეთ, და მე ძმა სულ არა მყოლია. ი ო ა ნ ე: ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი ერთმანერთის ძმანი ვართ. და კაენს რამდენი ძმა ჰყვანდა? გ ა რ ს ე ვ ა ნ: ერთი, რომელსაც ეწოდა აბელ. ი ო ა ნ ე: კაენმან ერთი ძმა მოჰკლა და თქვენ - ათასი. მაშინ განრისხდა გარსევან და ენება გალახვა ამა დიაკვანისა, გარნა ჯიმშერისშვილმან არ უტევა გასალახავად. და უთხრა გარსევანმან: - უნდა დამიმტკიცო, თუ ვითარის სახით დავხოცენ ესეოდენნი ძმანი ჩემნი! ი ო ა ნ ე: მოთმინება იხმარეთ, მოგახსენებ. გ ა რ ს ე ვ ა ნ: თქვი! ი ო ა ნ ე: შენს პასლენიკობაში არ მოექეც იმ სახედ, რაგვარიდაც მეფეთაგან იყავ ინსტრუქციებით წარვლენილი, და მეტადრე ამა მეფის დროს. გ ა რ ს ე ვ ა ნ: შენ რა იცი, თუ რა ინსტრუქციები მქონდა რწმუნებული და ან ვინ შეგატყობინებდა? ი ო ა ნ ე: მე იქ ვიყავ, ოდესცა მეფემ სრულიად ქართველთ თავადნი შეკრიბნა და წარგიკითხათ თვისნი აზრები, რომელიც თვით თავადთაც მოიწონეს და დაამტკიცეს. მერე თქვენ სამნივ ძელს-ცხოველზედ დაგიფიცესთ და ისე იმ წერილით გაგისტუმრეს. ი ო ა ნ ე: ვინ შეგიშვებდა შენ იმ შეკრებულებაში? ი ო ა ნ ე: მერწმუნე, თუ მომისმენ, სულ ზეპირ გეტყვი, რაჲცა წერილი მოგცეს. გ ა რ ს ე ვ ა ნ: თქვი! ი ო ა ნ ე: მეფემან თავისი მამის დადებული ტრაკტატიც დაამტკიცა, რომელიც ესე ყოველთა უწყიან, და ესრეთვე თავისიც შესძინა რაოდენიმე პუნკტნი. გ ა რ ს ე ვ ა ნ: მითხარ, რომელი? ი ო ა ნ ე: პ ი რ ვ ე ლ ი: ესე მემკვიდრითი მემკვიდრე სახლისაგან სამეფოსა არ მოიშალოს, და იყოს მეფე და მორჩილ, ვითარცა სხვათა ხელმწიფეთა ქვეშევრდომ ყოფილან. მ ე ო რ ე: მეფის დენი იცვებდენ ისევ მამულთა თვისთა. მ ე ს ა მ ე: თავადთა, აზნაურთა, ვაჭართა და სამღვდელოთა ესეგარი პატივისცემა აქვნდეს, როგორადაც მათსა ქვეყანასა შინა არს. მ ე ო თ ხ ე: სამართალი და სჯული იყოს ისევე ქართველთა. მ ე ხ უ თ ე: რადგან სპარსეთის ხელმწიფე მიუღებს ერევანს და განჯას, ნაცვლად ამისა მიეცეს ოცდაოთხი ათასი სული გლეხი. მ ე ე ქ ვ ს ე: ათს წელიწადს სახელმწიფო ხარჯი არ ეთხოვებოდეს მეფისა და თავადთა ყმასა, რადგან ყეენების დროსაც აძლევდენ ხარჯსა იმ სახედ. მ ე შ ვ ი დ ე: ექვსი ათასი ჯარისკაცი ყოველთვის იყოფოდეს მეფესთან, რომ მტერნი მოიგერონ საქართველოსნი, ვინემ მეფეც გააწყობდეს საკუთარსა ჯარსა თვისსა. მ ე რ ვ ე: მადანნი ამუშაონ და მით ისარგებლონ და იქიდამ ათისთავი ეძლიოს მეფეს. მ ე ც ხ რ ე: ოცი ათასის თუმნით შეწევნა მისცენ მეფეს დაქცეულის ქალაქის ასაშენებლად. ესე იყო პირველი სათხოვარი, ხოლო სხვანი, რაჲცა სხვათა წვრილმანთა საქმეთა შეეხებოდა, იგი იყო მოსვენებულ. იხილე აწ, მცოდნია თუ არა! აჰა, მდივანბეგიც იქ იყო და ამანვე გარდათარგმნა. მაშინ მ დ ი ვ ა ნ ბ ე გ მ ა ნ: დია ჭეშმარიტია. ხოლო გარსევან სდუმნა. რა მცირედ შეექცნენ სადილს და საკმაოდ იხმიეს ღვინო, გარსევანმან უთხრა დიაკვანს: - შენ რომ ელჩობას მიწუნებ, ვის გაგზავნიდენ ჩემზედ უკეთეს ელჩს მეფენი? ი ო ა ნ ე: თუ ჩემთვის ეკითხათ ვისმე, მე იმისთანა ელჩს მოვნახავდი, როგორიც ბაბაში იყო. გ ა რ ს ე ვ ა ნ: რომელს ბაბაშს ანბობ? ი ო ა ნ ე: ვეზირის ძეს, თავადს ბაბაშს, რომელიც მოსრულ არს სპარსეთიდამ და სახლობდა ტფილისს კარისკაცად. გ ა რ ს ე ვ ა ნ: მე კარგად ვიცნობდი იმას, რა ქნა მაგისთანა საქმე, რომ გაუკვირვებიხარ? ი ო ა ნ ე: ოდეს სრულიად ადრიბეჟანის ხანებმან ქარემხანთან უჩივლეს მეფე ერეკლეს და ენება ქარემხანს ჯარის გამოსევა საქართველოზედ, მაშინ ვითარ გაისარჯა ბაბაში, იცი შენ ხომ? გ ა რ ს ე ვ ა ნ: აღარ მახსოვს, მითხარი, თუ რომელთა ხანებთა უჩივლეს. ი ო ა ნ ე: ისმინეთ: დარუბანდის ხანმან, სალიანის ხანმან, ბაქოს ხანმან, შამახიის ხანმან, ნუხის ხანმან, განჯის ხანმან, ყარაბაღის ხანმან, ყარადაღის ხანმან, ერევნის ხანმან, ნახჩევანის ხანმან, ხოის ხანმან, თავრიზის ხანმან, ურმიის ხანმან და მარაღის ხანმან, - ამა ყოველთა შეასმინეს მეფე ჩვენი. მცნობმან ამისმან მეფემან ირაკლი, გაგზაგნა ბაბაში ქარემხანის წინაშე თავისმართლების წერილებითა. გარნა ოდეს მივიდა ბაბაში, ამა ზემოხსენებულთა ხანებთა ელჩებსა სრულიად დაუყო პირი წინაშე საშინელისა მის ხელმწიფისა და ყოველნი თავის სჯულის კაცნი ცრუდ აღმოაჩინა ერდგულობისა გამო მეფისა, და საქართველოზედ მომავალი სპარსთა მხედრობა სამოცი ათასი კაცი, ადრიბეჟანელთ გარდა, უკუნაქცევინა. და აგრეთვე ჟამსა ამის ელჩობისაცა მოვიდა ხონთქრისა ელჩი წერილებითა, რომელსა შინა ეწერა ქარემხანთან, რომ შენი აშვებული ლომი დააბი და ნუ ახდენინებ მამულსა ჩემსა, თორე ბრძოლა იქმნების ურთიერთისა შორისო, რომელ მეფე ირაკლი ჩვენთა მეზობელთა ფაშებთა დაებეზღებინათ ხონთქართან. და ამა ელჩსაცა, პირი დაუყო და ყოველნი ჰაზრნი მათნი შთაშალნა, და ქარემხანიდან ჯილდოდ სამეფო ნიშნები, ფარვანი და სხვა საჩუქარნიც გაარიგნა. და ესრეთ წყალობიანის ელჩით მეფესთან პირნათლად უკმობრუნდა, და ესე ყოველნი მოართო და აღუსრულნა. ნახე მისი პატიოსნება! მითომ იგი თათარი იყო, და თქვენ, სამნი დესპანნი ქრისტიანენი, თუ ვითარ მოიქეცით მართლმადიდებელს კარზედა, ესეცა ცხადია. მაშინ ამისი მსმენელი გარსევან წამოხტა და თავისის ჩიბუხითა ენება გალახვა და უთხრა: - ნახე ამ ქიზიყელსა, რომ თათრის ამხანაგადაც არღა მაგდებს! მაგრამ კიდე დიანბეგმან დაამშვიდა გარსევან. მაშინ იოანეს უთხრა გ ა რ ს ე ვ ა ნ: მე ჩემს უამხანაგოდ, საქმე არა დამიჭერიაო. ი ო ა ნ ე: რომელს ამხანაგებთან? გ ა რ ს ე ვ ა ნ: გიორგი ავალიშვილთან და ელიაზარ ფალავანდიშვილთან. ი ო ა ნ ე: სხვა თქვენი წინამძღოლი ვიღა იყოო? გ ა რ ს ე ვ ა ნ: ლაშქაროვი, სერგი ლაზარიჩი. ი ო ა ნ ე: ოფრეთელი სომხის გვარი, შულავრელი გლეხი? გ ა რ ს ე ვ ა ნ: დია. ი ო ა ნ ე: მან თარგმნა წიგნები? გ ა რ ს ე ვ ა ნ: ჰე. ი ო ა ნ ე: რაღა თარგმანი ეჭირებოდა ამ დივანბეგის ნათარგმნსა, რომ ორივე ენა უკეთ იცის: ქართულიც და რუსულიც, და თვით მემკვიდრემ და სხვათაც მოიწონეს ის თარგმნული? გ ა რ ს ე ვ ა ნ: ლაშქაროვმან არ იყაბულა. ი ო ა ნ ე: ქრთამი არა მიეცით რა თარგმნისა? გ ა რ ს ე ვ ა ნ: არა. ი ო ა ნ ე: მაშ ის სწორედ თარგმნიდა! გ ა რ ს ე ვ ა ნ: ეგ კი არ ვიცი. ი ო ა ნ ე: პასლენიკმან ყველა უნდა იცოდეს მარტოკა თეთრის გროება არ ეყოფა. რომ აბითერაბასაც არა ჰკითხე რა? გ ა რ ს ე ვ ა ნ: ლაშქაროვმან არ გარია საქმეში, რადგან მეფე ერეკლესაგან გაზრდილი იყო. ი ო ა ნ ე: მაშ, ჰგავს, მეფის პურ-მარილი ხსოვნებია. და რატომ შენ არ გარიე საქმეში? გ ა რ ს ე ვ ა ნ: მე რასაც ლაშქაროვი მეტყოდა, ის უნდა მექნა. ი ო ა ნ ე: მაშ, ჰგავს, რომ იმის სიტყვით დაივიწყეთ მეფის პურ-მარილი. გ ა რ ს ე ვ ა ნ: მემკვიდრის ბრალია. ი ო ა ნ ე: ვითარ? გ ა რ ს ე ვ ა ნ: ჩემი და არ შეირთო ცოლად და სხვაში გამცვალა. ი ო ა ნ ე: ევროპიაში გაზრდილი ხარ, ხომ იცი ცოლქმრობა ერთმანეთის ნებაზედ არის დამოკიდებული! გ ა რ ს ე ვ ა ნ: დიაღ, ხომ წარგიკითხავს „ქართლის ცხოვრება“, თუ გიორგი სააკაძემ რა უყო ლუარსაბ მეფეს თავის ქალის გაშვებაზედ? ი ო ა ნ ე: რა კარგად ქნა ან იმან? მაგრამ ჯვარდაწერილის და ისე ნალაპარაკევის ცოლქმრობაში დია განყოფილება არს. გ ა რ ს ე ვ ა ნ: ვიცი, მაგრამ არ მოვინდომებ, კეთილს დავითისა და ალექსანდრესთვის. ი ო ა ნ ე: ჰგავს, ალექსანდრეს ყაზახის და დავითს მოყვრობის გულისთვის დევნი. გ ა რ ს ე ვ ა ნ: დია მართალს ანბობ. ი ო ა ნ ე: შენ ყაზახის მოურავი ხარ და ალექსანდრე მათი ბატონიშვილი, და თუ თქვენ და ენდრონიკესშვილები დაზავდით, რომ პაპაშენს ერთის საბალახის ღორის წაგვრის გულისთვის მარჯვენე მხარე ამოსჭრეს ბეჭიანად, ამ შენის ბატონისშვილებს როგორ ვერ დაზავდი მცირეს წყინებისათვის? გ ა რ ს ე ვ ა ნ: ენდრონიკაანთ სისხლი მომცეს. ი ო ა ნ ე: რა მოგცეს სისხლში? გ ა რ ს ე ვ ა ნ: ერთი სავენახე ადგილი და ოთხი კომლი კაცი. ი ო ა ნ ე: მეფე ირაკლიმ და მეფე გიორგიმ კახეთში ორი პირველი სოფელი გიბოძეს - ნაფარეული და მუღალნო, რომ ორასი კომლი კაციც იქმნება, და მეტი რა გინდოდა? გ ა რ ს ე ვ ა ნ: მე მთის კაცი ვარ და რა კაცის მტრობა ჩავა ჩემს გულში, არღა ამოვა. ი ო ა ნ ე: რაღა მოწამენი გვიმხ, თქვენის პირით აღიარეთ, და ამისთვის მოგახსენე, რომ ბაბაში უფრო სარწმუნო კაცი ყოფილა თქვენზედ. გამგონე ამისი გარსევან განრისხდა, წამოხტა და თავის გრძელი ჩიბუხი დაჰკრა თავში, კუნკული გააგდებინა, ანაფორა ჩამოახიეს და პაღურით კარში გამოაგდეს, და უთხრა: - შე ქიზიყელ ჩოჩინავ, შენგან ვის ეკადრება ესდენი შეურაცხებაო? ხოლო იოანე თავშიშველი მოვიდა თავის ცხენებთან და შემოეხვივნენ სოფლელები და ჰკითხვიდენ შემთხვევასა ამას. იოანემ სხვაჲ არა რა უთხრა მათ, მხოლოდ ესე, რომელ - ჭეშმარიტებისთვის ვიდევნებიო. და ამჟამად ზურაბიც მოვიდა, დახურა კუნკული, ანაფორა გამოუცვალა, და განემართნენ ქიზიყისაკენ. ხოლო გარსევან და დიამბეგი წარვიდნენ ქალაქისაკენ.
- * *
იოანე საღამოხანს მივიდა გურჯაანს და ერთსა მუნებურსა კაცსა ჰკითხა: ქიზიყის მოურავის შვილები არიან ვინმე აქაო? მან უთხრა: მოურავი ზაქარიაც აქ არის და სხვანიცა მისი სახლის კაცნი. იოანეს დია იამა და უთხრა ზურაბას: მიდი, მოურავს ჩემ მაგიერ ლოცვა-კურთხევა მოახსენე და სახლი მითხოვე. ზურაბა იახლა მოურავს და იოანეს მაგიერ თაყვანისცემა ჰკადრა და სახლი სთხოვა. მოურავმან უბოძა სახლი და შეუთვალა - ვახშმად ჩვენთან ისერეთო. იოანე დაბინავდა და მოემზადა ვახშმის დროს მოურავთან წასასვლელად. რა ვახშმის დრო მოუვიდა იოანეს და წაიყვანეს. იოანე, მისრული მოურავთან, თავს დაუკრავს და ეტყვის: მშვიდობა თქვენდა, ბრწყინვალეო მოურაო ჩვენო. ზ ა ქ ა რ ი ა: სულისაცა შენისა თანა, ჭავჭავაძის მოძღვარო! ი ო ა ნ ე: ღმერთმან მაშოროს იმისთანა მოწაფე! ზ ა ქ ა რ ი ა: რა დასაწუნარია იმისთანა მოწაფე? ი ო ა ნ ე: ღმერთმანი, გვიან გამცემს და, რასაკვირველია, გულით მოვინდომებ იმის მოწაფობას. ზ ა ქ ა რ ი ა: რადგან საღმრთო კაცი ხარ, მაინც უნდა კიდე ასწავლო და მცნება მისცე. მამინ ზ უ რ ა ბ ა: ბატონო მოურაო, თუ ეს თქვენი სახელო კაცი მოძღვრებას არ დაიშლის, ვგონებ აღარც წელი შერჩეს ცემით და აღარც წვერი გლეჯით. ზ ა ქ ა რ ი ა: რადგან ბერობა შეუმოსავს, ყოველივე უნდა მოითმინოს ჭეშმარიტებისათვის. ზ უ რ ა ბ ა: ახლანდელს ჭეშმარიტებაზე ახლანდელი ტყუილი უმჯობესია. ზ ა ქ ა რ ი ა: ვითარ? ზ უ რ ა ბ ა: ამისთანა დრო არის, თუ ამ ბერს ჭავჭავაძის საქმე მოეწონება, ერთს ურემს ღვინოს იშოვნიდა, მაგრამ ჭეშმარიტის თქმისათვის წელი მოსტეხა ცემით. ზ ა ქ ა რ ი ა: სჭირთ რომელთამე, რომელ ხალხში მხილებას იწყენენ, თუ უნდა ჭეშმარიტი იყოს და უნდა გვამისამებრ მოექცეს კაცსა. ზ უ რ ა ბ ა: ჭეშმარიტი ბრძანება არს, გარნა თუგინდც ამას დაედუმებინა, ქვანიც ღაღადებენ. ზ ა ქ ა რ ი ა: არცარავინ სხვანი არიან მდუმარედ. მე ვმადლობ ამ ჩემს სახელო კაცს, როგორც ქიზიყელს შვენის, ისე მოქცეულა. ღვინოს ჩვენც გიშოვნით საჩუქრად, ნურაზედ შეწუხდებით... და უბრძანა დასხდომა, და მერეთ მოიკითხა იოანე და გამოჰკითხა მგზავრობის მიზეზი. დიაკვანმან ყოველივე მოახსენა. და მერეთ მოიღეს ვახშამი და სხვანიც მოვიდნენ ენდრონიკესშვილები მოურავთან და ყოველივე აცნობა იოანეს. ამათაც მოიკითხეს იოანე და ამანაც მადლობა მოახსენა, და მიჰყვეს ხელი საჭმელს. რა კარგა შეექცნენ, ზაქარიამ უთხრა იოანეს: - შენ და ჯიმშერისშვილმა როგორის შექცევით იმოგზაურეთ ველისციხემდი? ი ო ა ნ ე: ბატონო მოურაო, საღმრთო სიტყვა არ მიიკარა რა ჩვენგან, მხოლოდ მისი კითხვა იყო ძველთა ღმერთებთა ზედა, მეტოლოღიურის წერილთაგან. ზ ა ქ ა რ ი ა: ჩვენში ძვირად იცის ვინმე მეტოლოღია, და მე დიდად მიამა, რომ გისწავლია ისიც. დია სახმარია წერასა შინა მოლექსეობისა და ისტორიისასა და სხვათაცა შინა მაგალითად მოსაღებელად. მითხარ, ტროადის ანბავიც უანბე თუ არა? ი ო ა ნ ე: არღა დაგვცალდა მაგაზედ უბნობა. ზ ა ქ ა რ ი ა: დია დაგიმადლებ, თუ მიამბობ ბრძოლასა ტროადისასა. ი ო ა ნ ე: ვიცი, გიამებათ ტროადის ანბავი, რადგან კეისრის გვარისა ხართ, ბერძენთა ომი. ზ ა ქ ა რ ი ა: ეგ თუმცა დიდი ხნის ანბავია, მაგრამ კაცს კიდე იამება თავის ქვეყნის ანბავი, ბუნება ისე აწევს. ი ო ა ნ ე: დია ჭეშმარიტია, და ახლა მოგახსენებ, თუ რა მიზეზით შექმნა ბერძენთ მეფემან ბრძოლა ტროადელთა მიმართ... შემდგომად ამა დასრულებისა ანბისა იოანემ აღიღო თასი და შესვა ღვინო სადღეგრძელო მოურავისა და რქვა: - დღეგრძელდი, მოურაო, და მესმას მე ხმა გამარჯვებისა თქვენის მეფის, ძითურთ თქვენით, ომარხანსა ზედა, ვითარცა თქვენ მოგახსენეთ აწ ტროადისა ამბავი. მოურავმან მადლი უთხრა, და აჩუქეს ერთი ურემი ღვინო. დიაკვანი მხიარული აღდგა მადლობელი, და გამოეთხოვა მოურავს სადგურად თვისა. მოურავიც გამოესალმა და უთხრა იოანეს: - მე ხვალე უკანა მხარს წავალ, მცირე რამ საქმე მაქვს, და შენ ჩემ კერძო ბატონისშვილს იოანეს მოკითხვა მოახსენე, და მეც ვიახლები ორ დღეს უკან ქიზიყს. და ამ სახით გაიყარნენ ესენი.