კახური განთიადები
კახური განთიადები ავტორი: გიორგი ლეონიძე |
ლირიკული პოემა
1
მინდა ლექსით მოვირთველო
საქართველოს ყველა კუთხე...
რომ ამაოდ არ დავთელო,
ვაჟავ, სიტყვა შენ მიკურთხე!
პოეტი ვარ შენი ზნისვე,
მასვე ვიტყვი, რაც შენ გსურდა...
ვხედავ, ვხედავ ალაზნის ველს,
ჩემს მკლავებში შემოცურდა!
მინდა სიტყვა მოვირთველო,
ისიც, ვიცი, იალმასებს;
რომ ვახარო საქართველოს
მე კახეთის სილამაზე...
სიჭაბუკის საჯინიბო
გამიღეთ და გამიხსენით,
რომ ავუშვა საჯირითოდ
მონავარდე ლურჯა ცხენი!
მობრიალდი, შენ, არწივო,
დამარწიე ლეგა ფრთებზე,
მინდა ლექსი დავამძივო
ცივგომბორის მწვანე მთებზე.
ჩემი ყრმობა გომბორზეა,
იქ დამრჩა და იქ იპოვეთ!
იქ მზე რომ დგას, ჩემი მზეა,
მისი სხივი ზრდიდა პოეტს...
მე გუნება ამ ლურჯ მთების
ყრმობიდან გულს ჩამდებია!
თუ ვარ ქართლის თანამდები, ―
ეს მთა მისი თავდებია...
2
შორს წალურჯო ნისლი მოჩანს,
შეთვალებულ ყურძნის ფერი...
ვიღაც ნელ-ნელ ასწევს დროშას,
სარდალი თუ ხევისბერი.
გამჭვირვალი ილტვის ნისლი
განთიადის წინა ბჭეზე,
აქეთ-იქით ვიღაც ისვრის,
თამარ-მეფის საყურ-ბეჭედს.
ხოხბისფერი, ვარდისფერი
ეფინება კრთომით ციაგს,
ღიმნაცისკრევს,
უცისკროვნესს,
გამოწურულ ვერცხლის ციალს,
და ჩაწურულ ვერცხლის ბრწყენას,
მარჯნის რღვნას
და მარწყვის წარღვნას, ―
სილამაზის უკვდავ კერას
ვერ მოვწყვიტე ჩემი ცქერა...
მზე ამოდის მოერთბაშე,
აბრიალდა გზა და შარა...
თითქოს ქალმა მოკაშკაშემ
კოშკიდან თმა გადმოშალა...
მზე ამოდის...
ეფინება, ―
ზეთავს,
ზეგარდს,
ზესთა-ზენას...
კახეთია!
ჩქარა კათხა,
ჩქარა ლექსი, აღმაფრენა!
ჩემი ლექსი,
ჩემი სიტყვა,
ჩემი კოცნა,
ვის და რომელს? ―
დაუჩოქეთ და ემთხვიეთ,
სილამაზე ― შეუზომელს,
თვალმზე კახეთს,
ტკბილ დასახედს,
მბრძოლელს, მშრომელს,
დაუდგრომელს...
სხივნაყარი ფოთოლნარის,
ატყდა ტაში ―
შუამთაში.
ოქროს ვარაყს,
ატლას-ნარინჯს,
ნაბდღვრიალებს, გაღმა მხარში,
ჩემი გულის ნაცეცხლავის
მიემატა კიდევ ფერი...
და ღადღადებს წითლოსანი,
ბროწეული ცათა სფერით.
აქ ერთ წამში იწყებს ძგერას
გულის ყველა საწადელი;
აქ სიცოცხლის დიდ სიმღერას
დაიძახებს საწნახელი!
აქ რა უნდა გულნამცეცას,
მიუწვდება არსად ხელი...
3
მზის რთველია, განა ვაზის?
ბადაგია?
ჰაერია?
თითქო მზეში მუშკ ავაზის
სურნელება გაერია.
ვინ ჩაადნო ლალში ბროლი,
ან ალმასი ვინ ათალა?
ან ოცნება ცათასწორი
ვინ აქცია წინანდალად?
ან ამ ზეცას სად ჰყავს ცალი,
ან მიწა ვინ ახავერდა,
ანუ აზრი საოცარი
ვინ ასტყორცნა ალავერდად?
ან ეს მთები ვინ მიბნიდა,
რომ დამდგარან თავჩენილად;
გაუვლია სილამაზეს
და მუდმივ აქ დარჩენილა!
ჩარჩენილა ყოველ ყლორტში,
მღერის ყველა საწნახელში;
ელვარებით, მდუღარებით,
განიერი თვალის ეშხით.
ბედის ქარტა დახეული
აქ მოდით და შეაწებეთ;
ვის გაქვთ გული დამსხვრეული,
განკურნება აქ ეძებეთ!
4
ალაზნის ველს,
ალაზნის ველს,
რა სჯობია სათვალმჩენოდ?
შევხედავ და მინდა მყისვე
უკვდავება დავიჩემო!
როს გომბორზე გული მრჩება,
უკვდავებას აღარ ვრჩეობ;
საქართველოვ, საჩუქარო,
სილამაზის გადამრჩენო!
წინანდალში
ჭავჭავაძის
ქალების დგას
წამწამთ ჩერო.
არჩევანი,
არადანი,
რომელ მათგანს ავარჩევო?
მწარედ ოხრავს გაგმირული,
სასიკვდილოდ დავიჭერო,
ალავერდის გედს შეხედავ,
აჰა, თითქოს დავიჭერო!
ბულბულს ხმაზე გამოვები,
შენს საძებრად გავიჭერო!
შარიშური, ბუდეშური,
შუქურთვალა ლექსში ვაქოთ;
სიჭაბუკეს დავეშუროთ,
სიყვარულზე გარდავაგოთ.
ღაწვს აინთებს ელვაქალი,
შეებმევა ზეცას მთვარედ,
მრავალს ვხედავ შენაჯგუფარს,
დარეჯანის მეჯუფთარედ, ―
მზის თანაბარს, ზედმონაჭერს
თუნდაც მთვარეს ცისკრიანად;
ჰეი, ყველა შემომხედავს,
შემიყვარებს, ის კი არა!
წამწამთაგან მონაქროლ ქარს
მოერიდე, არ გაცივდე...
ირმის რძეში მაბანავეთ,
ეგებ, ცოტას მოვჯობინდე!
შარიშური, აბრეშუმი,
სიყვარული ვაქოთ, ვაქოთ,
აშლავარდი, აბეშურა,
შუქურთვალას გარდავაგოთ!
წავალ, წავალ, ― არ დავდგები, ―
ალაზანზე სათევზაოდ,
მაგრამ ბინას სად ვიშოვნი,
გოგოვ, ღამის სათევსაო?
წამწამებში შემიხიზნე,
იტყვი, სად ის, სად ესაო?
მომეხვიე, როგორც ვაზი,
რომ არასდროს გაეყარო;
მოდი, გავხდე წარბის ფერფლი,
რომ წამწამზე დაგეყარო!
რად მინდოდი? მზედ მინდოდი!
გულს რა თხრიდა? შენი გული!
მაშ, ალაზნის ველი არ ხარ,
მხოლოდ ოდნავ შენიღბული?
მაისი დგას ჩვენს გულთშუა,
მისთვის გვმართებს, ლხინს ვიხდიდეთ;
ვერცხლით შენი ღიმილისა
რა უეცრად მომისყიდე!
მომე გულის ან ნაწილი,
ანუ მისი წანათალი,
თორემ ნინას განაწირი
გაგიწყრება წინანდალი!
ვაი, ნატა დამწვარია,
თვითონ იყო სხვის დამწველი...
რა ძნელია, რა მწარეა,
ნახვა გვსურს და ვერ კი ველით...
5
ყვარელსა თუ იყალთოში
სიბრძნის შუქი ბრწყინავს მარად;
ბახტრიონში ზეზვაის ხმალს
დუმით პოხვენ საომარად;
უჯარმიდან გორგასალი
მომაწოდებს შავ მუზარას;
გარეჯაში ფრესკა ტირის,
მისი კვნესა გულს მიზარავს...
― ნინოწმინდა?
წინანდალი?
სიყვარული, მაშ, გაქვს ვისი?
― ორ ღმერთშუა რად ჩამაგდე,
შე უღმერთო, გაქვს სინდისი?
ორი ერთად გულისძვრაა,
სიყვარულის ძველი დაღი...
ალაზანი ― სიმღერაა
და იორი ― ლექსის ბაღი...
გული დუღს და პოეტი ვარ,
ცეცხლად ვივლი, ნიავ-ქარად,
ქართულ სიტყვის კაპოეტი
ვაჟამ მაშ ვის მიაბარა?
ავაჟღერებ სულის ნაშრეტს
და გულმა რაც მოაზღვავა,
და რა ცრემლიც სხივით ვაშრე,
დავდგამ ლექსის წითელ ხვავად.
თუ ჩემს აკვანს გადარწეულს,
ფერფლი ფარავს ნუშის, ვაშლის,―
ნეტარება პატარძეულს, ―
ყველა ვარდსაც ზედ მივაშლი!
ჩემი მიწა საყვარელი,
სანატრელი ჩემთვის ეგზომ, ―
იქ მაქვს ძველი ნაყანევი,
ძველი სახლი, ძველი ეზო.
ფშატის ჩრდილი დღესაც ფარავს
და იისფერ ღრუბლის ფარა...
ოცნებაო, სიყვარულო,
ოცნებათა დამძირველო,
ფათალოში მიფარულო,
გულის დიდო სამწირველო!
6
ნუთუ ამ მზეს დაღლის ბინდი,
ან სიკვდილი სადმე არი?
არა, არა, ნუ შეშინდი,
ძირს, სიკვდილის სატევარი!
ცას შევხედე მინანქარობს,
გული ჩქარობს... დამეწმინდა...
ერთ სიცოცხლეს არა ვკმარობ
მე კახეთში, ასი მინდა!
ასი მინდა, ასჯერ ყოფა,
ლალო მდნარო, მარჯნის ქაფო,
ერთი ვარდი რას მეყოფა?
რომ ზამთრის გზა გავიკაფო!
მე ბალახიც მიყვარს ლორთქი,
გულმა მოლზე შეირბინა;
ვაზის ლერწი, ვარდის ყლორტი,
ყანის ფრთაა ჩემი ბინა.
მე სად ვცოცხლობ? ― ლეღვის ტოტში,
ბროწეულის ტიტიბოში;
ჯიხვის რქაში, წყაროს ჩქროში,
იწილოში-ბიწილოში!
7
გრძელჩოხიან მედუდუკეს
მე ყურს ვუგდებ: დაუკარი!
ნუთუ უკვე სიჭაბუკე
ხელთ მიჭკნება სანუკვარი?
მედუდუკე დაღლილ თითებს
ვეღარ ხმარობს, როგორც წინათ;
მზე ჩავიდა... კახეთის მთებს
შაქარსავით ჩაეძინათ...
მზე ხვალ ისევ აჟღერდება,
დააძახებს ოქროს ბუკებს;
ჩვენ კი, რა ვქნათ... აძგერდება
კიდევ გული, მედუდუკევ?
― დავჩუმდებით? არასგზითა,
მზე დაგვყვება ყველგან გზებში;
― ხოხბის ყივილს ალაზნიდან
ყურს დავუგდებ ჩემს ლექსებში!
8
― არა, არა, არსად წავალ,
აქ დავრჩები, მეგობარო, ―
მინდა არსენ იყალთოელს
სასწავლებლად მივებარო;
ფიროსმანის რთველში ვჩანდე,
მის შავ მტევნებს მივეფარო;
სულხანიშვილს, სარაჯიშვილს,
მარჯანიშვილს მივედარო!
მათგან შობით,
მოჯიშობით,
ლექსნაკრავმა ვინეტარო!
ისევ ჰყვავის გრემის ბაღი,
თუმცა ჭვარტლით შეიმურა,
მაჯამების ბაირაღით
დადის მეფე თეიმურაზ.
წყალი ნარწყულს!
წყალი ნარწყულს!
გული ისევ ალაგს არის!
ისევ ოხრავს კვიპაროსი,
ალექსანდრეს ნალექსარი!
და ვინმე ყრმა საყვარელი
ახლაც ყვარლის მთებს უმღერის,
იმ სიმღერით იბადება
ახლად გმირი, წარბუხრელი.
არა, არა, არსად წავალ
მე აქედან უსაცილოდ;
ბულბულს ოქროს ბუმბულიანს
აქ დავიჭერ უნაწილოდ;
აქ მოვიმწყვდევ ოქროს ირემს,
თვალს-შემსჭვალულს, შენამზირებს,...
9
ალაზნის ველს,
ივრის კიდეს
რა სჯობია სათვალმჩენოდ?
გული დუღს და ლამის არი
პოეტობა დავიჩემო!
ჯერანი ვინ დააჯერა,
გარდევლება თავზე შირაქს,
რომ ვერ ვგევარ ლექსში ჯერანს, ―
ფიქრმა სევდა დამიხშირა.
ალაზანი ხოხბის ფრთაა
და იორი ― იის წვენი;
ჰხედავ ― მაღლა ცივის მთაა,
იქ ირემი ლექსს იწველის.
10
მოდის, მოდის ალაზანი ―
პირუჩუმრად, განა ზარით?
მოდის, მოდის ყურე-ყურედ,
ის ჩემს სევდას არ უყურებს...
რას მღერიან ოლოლები,
შუაღამით, შავბნელ ტყეში?
ეს არ ვიცი, მაგრამ ზოგჯერ
გვიმღერია ჩვენც შავ დღეში.
11
ისარტყლება ცისარტყელა...
და ღრუბლები ვეფხვის ბწკლებით...
მოკამკამე წყაროს წყლები,
მარგალიტის ნაწინწკლები...
კლდიან კლდეზე ნაკადულებს
ვერცხლის კაბააკვალთულებს
გაუწეწავთ წუწუბები...
გამოსწოვენ სპეროზას წვენს,
გაევსებათ ძუძუები.
ბორბალოა ― სათაური
ლურჯად მჩქერვალ მდინარეთა,
სამშობლოსთვის საზრდო მოაქვთ
ღალა-ღალად მცინარეთა...
მათს ემბაზში მოვინათლე,
გადვიწურავ თავზე შხეფებს,
ჩემს სტრიქონში ჩანჩქარებენ
ბულბულივით ყეფენ, ყეფენ...
― ახ, ბროლურავ,
― ახ, ბროლურავ,
არასდროს თვალს არ მოლულავ,
მოთქრიალებ ხმა წანწკარით
და იხსნება შენი წკარით
ყველა ჩემი ლექსის ბწკარი...
ტირის ბროლი,
მღერის ბროლი...
კლდის ნაკვთებზე მონაქროლი...
აყოლებენ ხმას კლდის ქვები;
და მღერიან უსუნთქებლივ.
მეც მშობლიურ მიწის სუნთქვას
ხომ ყოველდღე ვეტყვი ტყე-ველს,
მეც ამ მთებმა, ამ თვალებმა,
ამ ვარდებმა დამატყვევეს!
ბროლჩქერებო, ჩანჩქერებო,
იქნება, რომ არ გახსოვდეთ?
ნეტამც ქართლის სამსახურში,
არც მე დავშრე არასოდეს!
სულ მოჩქეფდეს ჩემი სიტყვა,
მარად მირონმომდინარე...
მწყურის, თქვენებრ გრიალებდეს,
მაგ სიწმინდით, შინ და გარე...
12
მაჭრის შხაპი მაჯის სისხო
ქვევრის თავზე მღერის ტკბილად;
― დრო წავიდა, სამესისხლო,
მერთვლეს გული აღარ სტკივა!
ყველა მტერი და ჯაშუში,
თვისივ ცოდვით ამოიწვა,
წყეულ იყოს, ვინც წარსულში,
მოაცრემლა ჩვენი მიწა!
ასე მღერის მაჭრის ტალღა
საწნახელის ჩამოდაღმა...
13
ქარიშხალმა დიდი ტაძრის
მხოლოდ სტოვა დაგვიტოვა,
დრო წავიდა რა სიმკაცრის,
(წასულა და აღარ მოვა)!
როცა მიწა იყო ნაცრად,
ცეცხლი დუღდა ქვეშიდანა,
შაჰ-აბასის ხანჯლის ნაცვლად ―
გაიელვებს რთველში დანა...
მიწა ტირის დილის ნამზე,
სიყვარულით, სიხარულით,
და კახეთი დგება სავსე,
პურით, ღვინით, ჭირნახულით.
რა დააშრობს ქართულ მირონს,
შიოს მარანს დაუშრობელს?
ასწი ჯამი, ჯაფის გმირო,
სადღეგრძელო უთხარ მშობელს,
სავსე ძუძუს, სავსე მინდორს,
რძე რომ წასდის, ქონის ღვარი...
უთხარ თვით მეც არ შემინდოს,
თუ ვერა ვსთქვი სანუკვარი!
თუ ლექსი არ დაგიმარჯნო,
თუ პირკოცნით არ უთხარი: ―
შენ ამ ჯამზე გაგიმარჯოს!
მაგრამ ბევრნი მიხვდებიან, ―
მტევნის ცრემლი დილა ადრე, ―
ჩემი ლექსის სიტყვებია,
მას ეძღვნება, თუ იკადრებს!