Jump to content

ლოცვა ტრფიალისა

From Wikisource
ლოცვა ტრფიალისა
ავტორი: დავით მაჩაბელი
1853; ჟურნალი ცისკარი #4


ღმერთო, გეაჯ ფერნამკრთალი,
გამიქრე სურვილის ალი;
რადგან ამ ცეცხლს ვხედავ წმიდად,
წვად არს ჩემდა ნაპერწკალი.

შენ ლოცვას არ მისმენ ვგონებ!
რომ ფიცხელს ჯაჭვს არ მიფონებ;
სხვა არ მაქვს საშუალობა,
მივეახლო მასვე მონებ.

სახე მისი სასოდ ჩემად,
კრთოლავს, მაგზნობს, მიჩნს ედემად;
როს განვიცდი განმანათლებს,
ღელვაში გულს ვიგებ გემად.

მან არ იცის, მე თუ მისი,
სახე მივის ვით მაისი;
ვით ბულბული ვარდს დავხარი;
ვით ზამთარი მზრავს მე ისი.