Jump to content

მაშინ

From Wikisource
მაშინ
ავტორი: გიორგი ლეონიძე


მაშინ ავწიოთ გოზაურები,
აზარფეშაზე ვიყოთ მინდობით,
როს მენავენი, მოგზაურები
დაბრუნდებიან უკან მშვიდობით.
შენი ნადიმი მაშინ მაჩვენე
და მაშინ ვიყვნეთ კოცნითაც მტკბარი, ―
როდესაც ქვეყნად გაიმარჯვებენ
ძმობა, ოცნება, ლაჟვარდი, ქარი...

რესურსები ინტერნეტში

[edit]