მეტეხის თავზე
Appearance
მეტეხის თავზე ავტორი: გიორგი ლეონიძე |
მეტეხის თავზე თამაშობს ქარი,
წარსულის ლოდებს ეალერსება...
სადაც შენა ხარ, გულიც იქ არი,
შენი ნათელით გული მევსება!
მეტეხის თავზე გრიალებს ქარი,
ძირს კლდეში მტკვარი მიიტყორცნება,
აქ ხომ ოდესღაც იჯდა თამარი,
ძველ საქართველოს დიდი ოცნება.
ქარი გუგუნებს... განა ქარია,
თამარს ეძახის რუსთველის გული;
პოეტის გული არ იფერფლება,
მაგრამ საფლავშიც ატყვია წყლული.
გავღვიძებულვარ მეც სიყვარულით,
მეც მარხევს მისი ქარი მქუხარი,
ვარდით ივსება ჩემთვის ქვეყანა,
როცა ჩემთან ხარ სახემშუქარი,
მე მხოლოდ შენი შუქი მეყოფა,
განა რად მინდა სხვა საჩუქარი?!
გიყურებ უხმოდ და აღარ ვიცი,
რომელი სიტყვა გამოვიტანო,
გარს წმინდანები შემოგხვევია,
შენ, ჩემი გულის დიდო წმინდანო,
მათ ვეხვეწები, რომ სიყვარულმა
ან გამინათოს, ან გამიტანოს!