მე ვკითხულობდი „ქართლის ცხოვრებას“
Appearance
მე ვკითხულობდი „ქართლის ცხოვრებას“ ავტორი: გიორგი ლეონიძე |
1929 წელი |
მე ვკითხულობდი „ქართლის ცხოვრებას“,
წუხელის დიდხანს, გათენებამდი,
როგორ გლეწავდენ, ჩემო ქალაქო,
სისხლით მოედნებს როგორ ღებავდი!
გამოვვარდები, ხარ თუ აღარა,
კიდევ გაისმის ქუჩებში ჩეხა?
ვხედავ შენს სახლებს, ვხედავ შენს აბრებს
და მიხარიან, რომ ისევ დგეხარ!
შევხარი დილის ორთქლიან პურებს,
ახალ სართულთა წითელ აგურებს,
ვარდის საპალნეს ტაბახმელიდან
და მას, ― ამ ვარდებს ვისაც არგუნებ!