მიყვარს მშუქარი ვაზის ყვავილი
Appearance
მიყვარს მშუქარი ვაზის ყვავილი ავტორი: გიორგი ლეონიძე |
მიყვარს, ყანაში როცა მიდიხარ,
მიყვარს ვენახში თუთის დარხევა,
როცა გაისმის ქართლში გვრიტის ხმა
და გაზაფხული გაიჩარხება.
მიყვარს მთებიდან ნათქრიალები
ბარში ნიაღვრის ღვართა გალობა,
როცა სიმღერით ხეებს ქალები
შეესევიან ახალბალობას...
მიყვარს მშუქარი ვაზის ყვავილი,
ხეს რო ფოთოლი დაეწმინდება,
როცა ოცნებით ყანას გავივლი,
ყანის სიწმინდე როს მომინდება.
მომელანდება სხვა სიხარული,
დაუღალავი მისი მშვენება,
და ლურჯი ზეცა მტრედისმხარული
გულზე ნათელით დამესვენება.