მყვირალობა
Appearance
მყვირალობა ავტორი: გიორგი ლეონიძე |
ჩამაჭრდა კახეთს ჰაერი,
ტყეები გადიყირმიზა,
ენკენისთვეში მთებიდან
ისმის ყვირილი ირმისა.
― რასა ჰყვირიან ირმები
ყორან-მთას, ყარაიასა?
სახუნდარიდან მარეკი
გულში გაარტყავს ტყვიასა...
ხარი ირემი ფურს ეძებს,
მთაში ნასუქი ღიჭითა;
ქაფსა ჰყრის გადაკაწრული
ეკლებითა და ხიჭვითა.
თავი ანება ცალისთვის
იალაღების მწვანესა,
მოამტვრევს რქების ლაწანით
ჩალას, ტყეს, ლერწმოვანებსა.
დაშტერებული ჯოგები
მორბიან თავდაყირანი...
ხარი ფურს ეძებს ღრიალით,
მე - სიყვარულსა მყვირალი!
გახელებული ხარი ვარ,
გეშს ვიღებ ნიავქარზედა,
მაჩვენეთ ჩემი ოცნება,
რქა ზედ მივაფშვნა რქაზედა!
სულ მივამტვრიო, მივლეწო,
გულში რაც გადაირაზა,
შევყვირებ,
როგორც ირმები
ჰყვირიან ყარაიასა!