Jump to content

ნიკოლოზ ტიხონოვს

From Wikisource
ნიკოლოზ ტიხონოვს
ავტორი: გიორგი ლეონიძე


გომბორის თავზე მთვარესთან ვდაობ,
ამ ლექსს რომ გიწერ, კიდეც თენდება;
მაჭრის ჯამივით ელვარე, ძმაო,
შენი ჭახჭახი მომაგონდება.

ისევ აქა ხარ და ძმობას სთაფლავ,
ვაზის ფოთლებით შუბლდაბურული,
ჰა, იცრიცება წყვდიადის აფრა,
თრთის შუაღამე უდაბურული.

ცა აივერცხლა...
           ალაზნის ველი
ბრწყინავს, ვით ფარჩა ხოხბის თვლიანი,
შენ მაგონდები... ლექსები მწველი
აქ რომ სიუხვით მოირთვლიანე!

ჩვენ ― ერთი ძმობის გვაცვია კვართი,
ვართ, როგორც ვაზი სავსე სიტკბოთი,
შენ ხალხის გულში მოსწყვიტე ვარდი
და მისი შუქით სიტყვას ითბობდი...

თუ სიყვარულის იდექ ორწყალში,
ტვირთი ძმობისა განა გიმძიმდა? ―
ძმურ ლექსთ-ზვირთების ქაფშეტყორცნაში
შენ მარგალიტი გამოგიმწიფდა...

არა დამწვარი მხოლოდ ოცნებით,
არც ავთანდილი სტუმრად მოსული, ―
განგმირული ხარ დიდ სიყვარულით
და მისი ცეცხლით გარემოცული.

ჟამია, ძმაო, გამოხმობისა,
ვერა, ჭაღარა ვერ დაგვამუნჯებს;
ვთქვათ ჩვენ სიმღერა დიდი ძმობისა
და ჩვენი დროის დავდოთ საუნჯედ.

ცა აივერცხლა.. დილა მოვარდა,
დილა შენსავით გახარებული,
არ გაგვიჭრია გული ორადა,
ერთი გული გვაქვს, შეყვარებული...

რესურსები ინტერნეტში

[edit]