ნუშნარა
ნუშნარა ავტორი: გიორგი ლეონიძე |
1
ჰყვავის, ჰყვავის ნუშნარა,
საქართველოს ნუშნარა,
რარიგ მოასურნელა
სამშობლოს გზა თუ შარა,
თუმც ზამთარმა უშარა,
თუმცა ყინვამ უშალა, ―
ელვათა ნაშოლტარი,
ჰყვავის ქვეყნის მშუქარად,
ვაშა, ნუშის კოკორო,
გაგიმარჯოს, ნუშნარა!
შენში მაქვს დანახული,
რაც ოცნებას სჩვევია;
სამშობლოს გაზაფხული
შენში თავნაჩენია.
ჩემი ქვეყნის დიდება
შენზე ჰყვავის, ნუშნარა,
ფასი არ დაიდება
შენი შუქის ― ნუშნარა!
შენ ხარ ჩემი ყვავილი
და იმედის კარავი,
მზეში გამოყვანილი,
მზეში ნაწანწკარევი.
შენით ვიგებ გაზაფხულს,
სიცოცხლესაც შენითა,
ავადმყოფს თუ დაზაფრულს
არჩენ ფერთა ფენითა.
2
დილა ვერცხლის ფრთიანი,
ოქროს ძაფზე ასხმული,
შენ გზრდის იმედიანი,
მარგალიტით ნასხური.
მრავალი გყავს მსურველი,
ბევრსაც ნდომით არ სძინავს,
ფერების და სურნელის,
ელვარების ხაზინავ!
გინდ თავიც არ მასურვო,
ვერ შეგხედავ გულმშრალად,
ატლასურო, ალმასურო,
ბადახშურო ნუშნარა!
მომიქუჩე, მაჩუქე,
ღიმილი შემაშუქე,
შენს ფერფლს წინ დამაჩოქე,
სალოცავად, ნუშნარა!
ოი, სახელგემრიელო,
სახემტკბარო ნუშნარა,
ჩემო ოქროს დიელო,
მეგობარო, ნუშნარა!
შენ ხარ ჩემი მნათობი,
საკუთარი უფალი,
ცათა გამონაკრთობი
და ქვეყნის სატურფალი.
მინდა შენი ფესვი ვნახო,
მოგიჩხრიკო, ნუშნარა,
რა იაგუნდს, რა მარგალიტს,
რა ზურმუხტს სწოვ, ნუშნარა!
3
იქნებ მიცვლილ ქალწულის
მკერდზე სდგეხარ, ნუშნარა,
მშვენება ― მოქანცულის,
ეშხს ისუნთქავ, ნუშნარა?
იქნებ ჩამპალ დროშაზე,
სისხლით დამბალ დროშაზე
აბრიალდი, ნუშნარა,
ის სისხლი შეიწოვე?
მისთვის ღვივი, ნუშნარა?
იქნებ ზამთარს არ ელი,
ფრთა თითონ ღმერთს შეახე,
იქნებ ძმა საყვარელი
აღსდექი და დღეს გნახე!
იქნებ ხარ ელვის ქალი,
ცეცხლის ალის ასული,
თამარის ნაშუქალი,
მზეტანი, მზეჩაცმული,
იქნებ შეყვარებული ხარ,
ეგებ სულაც არ იცი,
იქნებ სიყვარული ხარ,
ეგებ სულაც არ იწვი!
იქნებ ისიც არ იცი,
გულია თუ ალიზი?
მაგრამ შენ ხარ სიწმინდე,
მზეთამზის ელვათანი!
და შენს ფესვს ვერ შეარყევს
ზღვათა ლევიათანი!
4
თუ გავიგებ ყორნის ყეფას,
მაშინ მინდა არ მოგცილდე,
ცოტა წვიმამ წამოშხეფა,
მეშინიან, არ გაცივდე!
თუ ბორიო წაეჩარა,
შემოგაყრის ნისლის ბელტებს,
მთვარეს ნისლი მოეჯარა,
მეშინიან არ დაბნელდე.
მე ამდენი შიში მეყო,
არ გამოგკრას ვინმემ სარმა, ―
ან ცის რისხვამ არ დაგმეხოს,
არ ჩაგრეგვოს სეტყვის ქარმა!
გაოფლილ ცხენს მოვაჭენებ,
გინახულო, მანდავ დგეხარ?
როცა მცინარ პირს მაჩვენებ
და არ გევხარ დანამეხარს.
მიხარია, “არნანინოს”
ვმღერი როგორც მაჭრის ჩქერა,
მე თვალს შენსკენ ვარონინებ,
მიყვარს შენი შემოცქერა.
შენს შუქზე დგას ყოველივე
იძვრისი და იქცევისი,
ალმას ძოწით მოლივლივე,
თუ არ ჩვენი, მაშ ხარ ვისი?
იცოცხლე და იალმასე,
ფერფლის ფინფლი დაგემარჯნოს,
შენ უკვდავო სილამაზევ,
ჩვენს მიწაზე გაგიმარჯოს! ―
ხეო თავისუფლებისა,
ხეო სიყვარულისა,
ეშხო ქალაქ-სოფლებისა,
ხალხის ნაზო გულისთქმავ!
5
სიყვარული რას მარგებს,
თუ მან გული მიბნიდა,
სიყვარული დავკარგე,
ხიდზე გადამიფრინდა!
ამ პატარა აბზინდას
არ სცოდნია დანდობა,
მერცხალივით გაფრინდა
ჩემი ახალგაზრდობა!
იალქნიან ნავივით
სიჭაბუკე გაცურდა,
და ჭაღარის ყვავილი
თმაში დამიფაცურდა,
ახლა შენ შემივრდომე,
რომ ამშვენებ მინდორ-ველს,
მშვენიერო, მინდომე,
შემიხვიე ნუშნარა!
მინდა შენ ქვეშ ვიცოცხლო
სულ მიუკუნისამდე,
რომ ვთბებოდე იმ ცეცხლით,
რომ არასდროს ნისლავდეს!
გვეყო, რაც გვიონავრა
თურქმა, სპარსმა, ასურმა,
ყურთამგლეჯელ წარსულმა!
შემიტკბე, შემიფერე,
სიჭაბუკის ნათელო,
შენ ერთმა დამიფარე,
სხივშესხმულო ფანტელო!
ჩემს გულის ძარღვს გეები
გულთა ნათლისმდებელო,
ჩემი ყრმობის დღეების
უხვად გამნათებელო!
6
შეგავედრებ ყრმობის აკვანს,
სიჭაბუკის მზის დასაქანს,
დღევანდელ დღეს, ხვალის დღესაც,
შენ, უბრალო ნუშის ხესა!
დღე ცისმარი გთხოვ უსუსურს,
წამახურე კალთა წმინდა,
შენთან თანამკვიდრობა მსურს,
გულთეთრობა შენთან მინდა!
გეხვეწები გეთაყვანე,
გამისხივე ნაცარ-ბურში,
მიწინამძღვრე, მიმიყვანე
საუკუნის ნავთსადგურში.
7
... და მიწა, ხე
დამიძახებს,
მეც მახსენებს, ნუშნარა!
თუ ვიმღერე
შენით მშვენი,
არა სხვა რამ, უშნო რამ.
თუ შენს ფესვებს დავეფუძნე,
მაშინ არა უშავს რა,
თუ შენს სხივში გადავადნე
ჩემი სიტყვის ნუჟარა, ―
მიმადრიან ქართლის მადნებს,
ლეონიძეს ― ნუშნარას...
გვეთვალნოს დღე მრავალი,
ვით აქამდე გვეთვალა,
სავსე ოქროს თასივით,
ანთებულ ატლასივით,
სულ იდექი მზეთვალავ,
ეგრე დაუფუშარად...
უფასურო, ფასუთქმელო,
სულისმდგმელო ნუშნარა!..