რუს პოეტს
Appearance
რუს პოეტს ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
ნიაღვარივით მოსკდა ზღაპარი
შორეულ ქალის, მომაკვდავ გედის.
ჩვენ სივრცეებში ვართ თანაბარი,
პალადინები ერთი იმედის.
თითქო ერთგვარად ხედავდა თვალი,
დაბინდებული ნისლით და ყინვით,
და ერთნაირად ვიყავით მთვრალი:
შენ - შენი თოვლით, მე - ჩემი ღვინით.
მივმართავ ბალმონტს, მივმართავ შელის,
რომ არ გვაშორებს მხოლოდ სართული,
უდაბურება კალუგის ველის
და მწუხარება ჩვენი, ქართული.