სამშობლოს გმირებს
სამშობლოს გმირებს ავტორი: გიორგი ლეონიძე |
„არა არს წესი ჩვენ ქართველთა, რათა ვიხილოთ მტერი ჩვენკერძ მომავალი, შეუბმელად
ზურგი შემოვაქციოთ, დაღათუ იყოს სიკვდილი“. ქართველი სარდლის ნათქვამი ბრძოლაში XIII საუკ.
„ქართლის ცხოვრება“
გამოჩნდებოდა ბუქი და მტვერი,
კორიანტელი ამტყდარი ცამდე,
მტვრევით მოჰქროდა სეტყვასებრ მტერი
და ქართლს ურდონი თვალებით ნთქავდნენ!
წინ ვინ დაუდგეს წარღვნათ ნიაღვარს,
ქარიშხლის შეხლას, ცეცხლის კვეთებას,
თქვენ დაუდექით და თქვენი თქმული
დღესაც ანდერძად გულს დაგვედება!
— არა, არ არის წესი, ქართველმა
მტერს შეუბმელად ზურგი უჩვენოს,
მტერი კი არა, თუ გინდ სიკვდილმა
სამშობლოს საზღვრებს შემოუჭენოს!
თქვენი შეხედვა ქარიშხალს ჰგვანდა,
როცა მიჰქროდით სამშობლოს მცველად,
როგორც ხანძარი განძვივნებული
გამხმარი თივის გადასაწველად!
—არცა ვის ვეყმოთ არცა ვმსახუროთ!—
თქვენს ხმალს თქვენივე სისხლით ეწერა,
და გულზე მჯდარი მტერი წყეული
არ დაგრჩენიათ დაულეწელად!
დღეს თქვენს საფლავებს გადაჰფენია
გადაფოთლილი ვაზის ჩრდილები,
ცოცხალი არი თქვენი გენია,
და ჩვენს მოდგმაში თქვენ არ ილევით!
ვხედავთ ერეკლეს კრწანისის ველზე,
მარაბდას —ცხრა ძმას ხერხეულიძეს,
მაგრამ ცხრა ძმაზე მრავალჯერ მეტი
დღეს სამშობლოსთვის განგმირული წევს!
ვეღარ დაჰხედონ მტკვარსა და რიონს
და ვეღარც ვაზებს გადუსვან ხელი,
მაგრამ სამშობლოს უკვდავ დიდებას
შეეხნენ გმირნი გმირულ სახელით!
მრავალ ცხრა ძმაზე მეტი ვაჟკაცი
მიიბრძვის ხელში შიშველი ხმალით,
რომ შეანათონ სამშობლო მხარე
საქმით, გმირობით, სიმაგრის ძალით!
მკერდით გაჰკვეთეს გრიგალთა ბური,
ცეცხლის ელღვარი ამტყდარი ცამდე,
და საქართველო, ჩვენი ხელთქმნილი,
სცოცხლობს, იცოცხლებს უკუნისამდე!