Jump to content

სანდრო შანშიაშვილს

From Wikisource
სანდრო შანშიაშვილს
ავტორი: გიორგი ლეონიძე


შენ ― ალაზანის ბერმუხავ,
ბერო და მაინც მაგარო,
ლექსის მეზვრეო, მერთვლეო,
ნაღვაწო, ნაამაგარო!

ძველი მუხების ნერგი ხარ,
გომბორის ტევრში ჩარგული,
შენ გზრდიდა ილიას ჩანგი,
ვაჟას ჩარგლური ჩანგური.

ხმანამწარევი წარსული,
წინაპარ გმირთა რიალი,
შენ სალამურით მოხველი,
ვაზის და ყანის შრიალით.

კახურ ყამირის ყვავილნი
დაასხდნენ შენს წიგნში ლექსებად,
ლექსით დაკოცნე სამშობლო,
დღეს რომ შენ გეალერსება!

ადიდე ქართლი, კოლხეთი,
ალაზანი და რიონი,
ხალხი და დიდი ბელადი,
დღეების სანატრიონი!

ქართაბუდეში გაზრდილმა,
მოსჭერ ჩუქურთმა ქართული
ნათელი სიმი ჩვენი მზის,
გულში გაქვს ამოხლართული!

შენს ძმობას გულში ვაძველებ,
დღეს ვხვდებით თაიგულითა,
ძმაო, სულ ჟღერდეს სიტკბოთი,
რაც ამოირხა გულიდან!

გამფრთხალან ყრმობის ირმები,
შენც მოგეპარა ჭაღარა,
მაგრამ პირიმზე გიყვავის,
გულში გუგუნებს ნაღარა!

ისევ გვასმინე ჰანგები,
ტკბილი და ომახიანი!
სულ მხრებზე გეჯდეს სიმღერით
ბულბული ოქროს ხმიანი,

ისევ იმღერე ხალხურად,
ყამირის ხმაო ძლიერო!
გკოცნი, გილოცავ,
სამშობლომ,
დე, ლექსი გიბედნიეროს!

რესურსები ინტერნეტში

[edit]