Jump to content

საქართველოს კანონი საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ

From Wikisource
საქართველოს კანონი საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ (2004)
322504საქართველოს კანონი საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ2004

საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ


მუხლი 1

1. ეს კანონი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის თანახმად ადგენს საქართველოს სახელმწიფო დროშის, როგორც სახელმწიფო სიმბოლოს, აღწერილობას, მისი გამოყენებისა და დაცვის წესს.

2. ამ კანონით დადგენილი საქართველოს სახელმწიფო დროშა არის საქართველოს სახელმწიფო დროშის ერთადერთი ვარიანტი. აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო დროშად სხვა დროშის გამოყენება.

3. საქართველოს სახელმწიფო დროშის ორიგინალი ინახება საქართველოს პარლამენტის მიერ დადგენილ ადგილას.

საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის ორგანული კანონი №1068 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

მუხლი 2

1. საქართველოს სახელმწიფო დროშა არის მართკუთხა თეთრი ფერის ქსოვილი, რომლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია დროშის ოთხივე გვერდთან დაკავშირებული სწორკუთხა წითელი ფერის დიდი ჯვარი; ჯვრის ვერტიკალურ-ჰორიზონტალური მკლავებით გამოყოფილ ოთხკუთხედებში გამოსახულია ოთხი იმავე ფერის, ბოლნურ-კაცხური ჯვარი.

2. საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტული ზომები და ზუსტი გამოსახულება განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით. საქართველოს სახელმწიფო დროშის ზომების შეცვლა შესაძლებელია საქართველოს პარლამენტის იმავე დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი პროპორციების დაცვით.

3. საქართველოს სახელმწიფო დროშის დამზადების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით.

საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის ორგანული კანონი №1068 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

მუხლი 3

1. საქართველოს სახელმწიფო დროშა მუდმივად აღიმართება:

ა) საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის შენობაზე;

ბ) საქართველოს პარლამენტის შენობაზე;

გ) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების შენობაზე;

დ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაზე;

ე) საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობაზე;

ვ) საქართველოს ეროვნული ბანკის შენობაზე;

ზ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შენობაზე;

თ) საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შენობაზე;

ი) საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობაზე;

კ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაზე;

ლ) სხვა ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე;

მ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების შენობებზე, აგრეთვე იმ შენობებზე, სადაც ტარდება ამ ორგანოთა სესიები – სესიების მთელ პერიოდში;

ნ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების შენობებზე;

ო) საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შენობებზე, აგრეთვე იმ შენობებზე, სადაც ტარდება ამ ორგანოთა სხდომები – სხდომების მთელ პერიოდში;

პ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე ;

ჟ) საზღვაო გემებსა და საზღვაო მიმოსვლის სხვა საშუალებებზე, რომელთა მიწერის ადგილი საქართველოს ტერიტორიაა.

2. საქართველოს სახელმწიფო დროშა გამოიფინება:

ა) სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ემსახურება საზღვარგარეთ არსებულ საქართველოს წარმომადგენლობებს;

ბ) საქართველოში მიმდინარე ოფიციალურ საერთაშორისო ღონისძიებებზე;

გ) საზღვაო და შიგა მიმოსვლის გემებსა და მიმოსვლის სხვა საშუალებებზე, რომლებზედაც, როგორც ოფიციალური პირები, იმყოფებიან საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ან სხვა პირები, რომლებიც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, წარმოადგენენ საქართველოს სახელმწიფოს, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელები.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებათა ხელმძღვანელები განსაზღვრავენ თავიანთ დაწესებულებებში საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოყენებისა და დაცვის სხვა შემთხვევებს.

საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის ორგანული კანონი №464 - სსმ I, №30, 07.11.2008 წ., მუხ.179

საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის ორგანული კანონი №6441 - ვებგვერდი, 22.06.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №6551 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის ორგანული კანონი №1068 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.


მუხლი 4

1. საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის აღმართვის შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო დროშა უნდა იყოს მასზე დიდი ზომის და აღმართული უფრო მაღლა.

2. საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად სხვა ქვეყნის დროშის აღმართვის შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო დროშა არ უნდა იყოს მასზე მცირე ზომის.

მუხლი 5

1. საქართველოს სახელმწიფო დროშის დაცვას უზრუნველყოფენ შესაბამისი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.

2. აკრძალულია დაზიანებული, გაუფერულებული ან სხვაგვარად შელახული საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოყენება.

3. საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოყენების დადგენილი წესის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის ორგანული კანონი №464 - სსმ I, №30, 07.11.2008 წ., მუხ.179

მუხლი 6

ამ კანონის მიღების დღე ცხადდება საქართველოს სახელმწიფო დროშის დღედ.

მუხლი 7

1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს 1990 წლის 14 ნოემბრის საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ და 1990 წლის 28 დეკემბრის საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.

2. ამ კანონით გათვალისწინებულმა შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა ერთი კვირის ვადაში უზრუნველყონ თავის ადგილსამყოფელზე ამ კანონით განსაზღვრული საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვა.

3. საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის დადგენილების მიღება.

4. ამ კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ინარჩუნებს იურიდიულ ძალას საქართველოს პარლამენტის შესაბამისი დადგენილების ამოქმედებამდე.

საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის ორგანული კანონი №1068 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

მუხლი 8

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი

ნინო ბურჯანაძე

თბილისი,

2004 წლის 14 იანვარი

№3233-რს



Public domain in U.S.
Public domain in U.S.
This work is in the public domain in the U.S. because it is an edict of a government, local or foreign. See § 313.6(C)(2) of the Compendium of U.S. Copyright Office Practices, 3rd ed. 2014 (Compendium (Third)) . Such documents include "legislative enactments, judicial decisions, administrative rulings, public ordinances, or similar types of official legal materials."

These do not include works first published by the United Nations or any of its specialized agencies, or by the Organization of American States. See Compendium (Third) § 313.6(C)(2) and 17 U.S.C. § 104(b)(5).


A non-American governmental edict may still be copyrighted outside the U.S. Similarly, the above U.S. Copyright Office Practice does not prevent U.S. states or localities from holding copyright abroad, depending on foreign copyright laws and regulations.

English | español | français | italiano | 日本語 | +/−