სიმღერა თარზე
Appearance
სიმღერა თარზე ავტორი: გიორგი ლეონიძე |
არავის ნახვა არ მინდა,
მე მხოლოდ შენთან მოველი...
მზევ, გულზე მოშუქებულო,
შენს სანახავად მოველი;
გულით, ფიქრით და ოცნებით.
ძვირფასო, შენთან მოველი...
ასე ბრუნდება ზღვებიდან
ქარში ნაწეწი ხომალდი.
ვით მთას არწივი ესწრაფის,
მეც ისე შენკენ ვქროლავდი.
ვით მოგზაური შინისკენ,
მე შენკენ მოვისწრაფოდი;
მე შენს სიყვარულს გამოვყე,
როგორც მთის ჩანჩქერს ნაფოტი...
იქნებ არ არი საჭირო,
რომ დღესაც შენთან მოველი?
იქნება ზღვაში ხის დარგვას,
და აყვავებას მოველი?
ვით ბაღში მაისის წვიმა,
ძვირფასო, ჩუმად მოველი!