სიყვარული მაშ გაქვს ვისი
სიყვარული მაშ გაქვს ვისი ავტორი: გიორგი ლეონიძე |
― თუ კაცი ხარ და ვაჟკაცი,
და თუ გინდა იქართველო,
ქართლი გიყვარს? იმერეთი?
კახეთი თუ სამეგრელო?
― სიყვარული მაშ გაქვს ვისი?
ვისთან მიხვალ სადღეგრძელოს?
მესხეთს ეტყვი თუ გურიას,
კახაბერის მიმბაძველო!
აფხაზეთს თუ სვანეთს, ლეჩხუმს...
უდარაჯებ, საზღვრის მცველო,
რაჭის, ხევის თუ აჭარის
ტრფობა გულში დაიძველო?
― ამ სიყვარულს ვით გავუძლო?
ათჯერ, ასჯერ აკი გითხარ
მიყვარს, მიყვარს, იცი, მიყვარს,
შე უღმერთო, რაღათ მკითხავ?
ჭანეთს, კლარჯეთს, ცრემლი სცვივა,
ვიცი, არ გსურს დაიცილო;
შეუმღერებ ფშავ-ხევსურეთს,
თუშეთსა და საინგილოს!
― ერთ სუნთქვას და ერთ სიცოცხლეს
ჩემი კოცნა, ყველას, ყველას!
ერთგულს, ერთად მობრიალე
საქართველოს ცისარტყელას!
უიმისოდ მზეც წავიდეს,
შეჩერდეს და შეწყდეს სუნთქვაც,
ყველას, ყველას, ― ერთ დიდ კერას
მე სიყვარულს გამოვუთქვამ!
სამშობლოს მზის ყოველ სხივმა
გადამისხა ცეცხლი გულში;
ერთად, ერთხმად დავიძახოთ:
გამარჯვება ჩვენს მამულში!
გაძლიერდეს დიდ ძმობაში,
რომ ვერავინ გადათელოს,
აღმდგარი და მხარგაშლილი,
მზისთანდარი საქართეელო!