სიშორით შენით
Appearance
სიშორით შენით ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
სიშორის შენის სიახლოვე, მარადის მძაფრი,
აბრუებს ყნოსვას, ვარდო ტყიურო!
მესმის ბილიკთა სიხარულით გადანაზაფრი
უვერტიურა.
და სიახლოვის სიშორეში, კვლავ უფრო შორი
მისვლა ყელამდე, მიწვდომა ყელის...
არის ნანატრი ედემები, სიკვდილის სწორი -
მზე, მთა და ველის.
ო, იგი წამი, მშვენიერო, ო, იგი ბაგე!
ო, ეს წყეული სისხლის დუღილი.
ძეგლთა სიმაღლით, სივრცეებში! მე იქ აღვაგე
სულის წუხილი!